სიახლეები
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
29.09.2010
ჩვენ, სახალხო წარმომადგენლობითი კრების ინიციატორები და მხარდამჭერები,
საქართველოს მოსახლეობისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ,
გამომდინარე იქიდან, რომ
•დღევანდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობას წაართვა უმთავრესი უფლება - იყოს საკუთარი ბედის განმკარგველი; წაართვა უფლება და საშუალება განვითარების, თვითგამოხატვის, მომავლის შენებისა და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დაკავების;
•დღევანდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩააბარა საქართველოს ტერიტორიის 20% და დაარღვია ყველა ის დაპირება, რომელსაც 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ქვეყნის მოსახლეობას აძლევდა;
•ხელისუფლებამ საქართველო მიიყვანა სრულ ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფამდე. ქვეყნის მრავალმილიარდიანი ვალი, რომლის დაფარვა საქართველოს მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში მოუწევს, გამოყენებულ იქნა არა მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ რეჟიმის გახანგრძლივებისა და ფასადური ეფექტების მისაღწევად;
•ხელისუფლებამ უგულებელყო საქართველოს საზოგადოების არაერთი საფუძვლიანი მოთხოვნა და არ გამოავლინა პოლიტიკური ნება უზრუნველეყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარება;
•არსებულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს ერთადერთი უფლება დაუტოვა - უღირს და გაუსაძლის გარემოში იბრძოლოს ფიზიკური გადარჩენისთვის;
•სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოში უვადოდ დააკანონოს მისი და მისი რეჟიმის ბატონობა და სამუდამოდ გაახანგრძლივოს არსებული გაუსაძლისი ვითარება, რასაც ქვეყანა სრულ დაშლამდე და ეროვნულ კატასროფამდე მიჰყავს;
•სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივ საერთაშორისო იზოლაციას და ჩვენი მოსახლეობის გაწირვას გამოუვალი სიღატაკის პირობებში საცხოვრებლად; ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის დაკარგვას.
ამიტომ
ჩვენ, საქართველოს თითოეული მოქალაქე, დავდგეთ ერთად ქვეყნის გადასარჩენად გადამწყვეტ ბრძოლაში. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავალზე, რათა აღვკვეთოდ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა; მხარში ამოვუდგეთ დევნილებს, რომელთაც ხელმეორედ დევნიან საცხოვრებლიდან და ტოვებენ ლუკმა პურის გარეშე; დავიცვათ საქართველოს ჯარისკაცები, რომლებსაც ბრძოლის ველზე მხედართმთავარი ტოვებს, რუსეთის ჯაშუშობას აბრალებენ და ვაჟკაცობისა და სიმართლისთვის ასამართლებენ; სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკანონო, პოლიტიკურ და პირად პატიმრებს, რომლებსაც საპყრობილეებში არაადამიანურად ექცევიან; გამოვესარჩლოთ მეწარმეებს და ბიზნესმენებს, რომლებსაც მუდმივად ატერორებენ და ფულს სძალავენ; მხარში ამოვუდგეთ მედიას და დავიცვათ თითოეული მოქალაქის ყველა შელახული უფლება.
ამ მიზნის მისაღწევად ვიწვევთ სახალხო წარმომადგენლობითი კრებას, რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო და რომლის მთავარი მიზანია ხალხის ნების შემთხვევაში, მოახდინოს საზოგადოების ძალისხმევის ლეგიტიმაცია სააკაშვილის რეჟიმის დამღუპველ ქმედებათა აღსაკვეთად.
სახალხო კრება უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის რეალურ მონაწილეობას ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში; განსაზღვრავს სამოქალაქო წინააღმდეგობის იმ ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. განსაზღვრავს იმ ნორმებსა და ჩარჩოებს, რომლებიც სავალდებულო იქნება ყოველი პოლიტიკური ძალისთვის და აიძულებს ნებისმიერ მთავრობას ემსახუროს საკუთარ ხალხს და არა საკუთარ ინტერესებს. ამ ნორმებმა და ჩარჩოებმა უნდა განსაზღვრონ ან უზრუნველყონ:
•ქვეყნის განვითარების ეფექტიანი გზა; საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები;
•ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების მართებული განაწილების პრინციპები;
•კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრება და ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და დაუსჯელობის სინდრომის აღკვეთა;
•ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა;
•სამოქალაქო სოლიდარობისა და სამართლიანობის დამკვიდრება რევანშიზმისა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად;
•აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენა;
•საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ქმედითი და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა.
სახალხო წარმომადგენლობითი კრება გამოიყენებს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ქმედით ფორმას, რომელიც საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს მოემსახურება და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიაღწევს საქართველოში ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მიზნით აუცილებელია არა მხოლოდ სარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, არამედ პრეზიდენტის გადადგომა და არსებული რეჟიმის დემონტაჟი, კერძოდ:
•სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზირება;
•სასამართლო დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა;
•მედიის განთავისუფლება რეჟიმის მხრიდან ზეწოლისაგან;
•ბიზნესის განთავისუფლება ზეწოლისგან;
•საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა.
სახალხო კრების მოწვევის ორგანიზებისა და შემდგომი ეფექტური საქმიანობის მიზნით საინიციატივო ჯგუფი და `დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, რომელიც პირველივე დღიდან ჩართულია კრების მომზადების პროცესში ერთობლივად იმოქმედებენ, რათა უზრუნველყონ:
•სახალხო წამომადგენლობით კრების მოწვევა 2010 წლის 25 ნოემბერს;
•საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში საინიციატივო კომიტეტების ჩამოყალიბება და რეგიონული შეკრებების ჩატარება;
•პარალელურად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მათი კრების მოწვევის პროცესში ჩართვის მიზნით;
•სრულიად საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება სახალხო კრების მიზნებისა და ამოცანების თაობაზე და მათი აქტიური მონაწილეობა;
•კრების დელეგატთა და მომხრეთა მობილიზაციის, რეგისტრაციისა და წარმომადგენლობის ხელშეწყობა;
•14 ოქტომბერს რეგიონული შეკრების ჩატარება ბათუმში.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოსთვის და აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ძალა ხალხშია!!!
2010 წლის 29 სექტემბერი,
თბილისი
http://www.kreba.info/siakhleebi/57-d-e-k-l-a-r-a-c-i-a.htmlრუსოფილი ამხანაგების გონებრივი უბადრუკობა This post has been edited by licemer on 4 Oct 2010, 20:28