კოკა ფრუიძის დაკავებას სანდრო კვიტაშვილის "ფინანსურ მაქინაციებს" უკავშირებენ
15:10 17.11.2010
ჯანდაცვის მინიტრის ყოფილ მოადგილეს კოკა ფრუიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა გუშინ ამოეწურა. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის მოლოდინშია. თავად ფრუიძე ბრალეულობას ამ დრომდე არ აღიარებს. კულუარული ინფორმაციით კი, იგი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აწ უკვე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სანდრო კვიტაშვილის "ფინანსურ მაქინაციებს" შეეწირა.
როგორც "პირWელის" წყარო ამტკიცებს, ფრუიძეს თანამშრომლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ის ამ სფეროში ერთ-ერთ ძლიერ კადრად მოიაზრებოდა.
"ვერავინ იტყვის, რომ მისი პროტეჟირებით სამინისტროში რომელიმე კადრი დასაქმებულიყო. იყო შემთხვევა, როდესაც ფრუიძემ თავისუფალ ვაკანტურ ადგილზე ახალი კვალიფიციური კადრი სწორედ იმ მიზეზით არ აიყვანა, რომ ის მისი ახლობელი იყო. ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ მის წინააღმდეგ საქმე კვიტაშვილის "გამოსაძვრენად" შეთითხნეს, რომლის საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული დარღვევები არსებობს. კვიტაშვილი ყოფილი პრემიერის ლადო გურგენიძის ახლო მეგობარია, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კვიტაშვილი საპყრობილის ნაცვლად, თსუ-ის რექტორის სავარძელში, რაზეც, სხვათა შორის, ის უარს აცხადებდა, მაგრამ სამინისტროში არსებული სერიუზული ფინანსური დარღვევბის ამოყრის შემდეგ იძულებული გახდა, ყაბულს გამხდარიყო. მის ნაცვლად ფრიუძე გაიწირა და კვიტაშვილის უნივერსიტეტში გადაყვანიდან ორიოდ დღეში იგი აიყვანეს",- აცხადებს წყარო.
მისივე ინფორმაციით, ფრუიძე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს, დაცვის მხარე კი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
ფრუიძის ადვოკატები საქმესთან დაკავშირებით "კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე", კომენტარის გაკეთებას ერიდებიან, მაგრამ საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას გარკვეულწილად მაინც ადასტურებენ.
"ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, რომელსაც სასამართლოში პროცესების ჩანიშვნის შემდეგ დავაყენებთ. ამ ეტაპზე მტკიცებულებების გაცნობის ეტაპზე ვართ და მეტის თქმა არ შეგვიძლია. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, პროკურატურას შუამდგომლობით უკვე მივმართეთ, მაგრამ თანხმობა ჯერჯერობით არ მიგვიღია",- განაცხადა ფრუიძის უფლებების დამცველმა დავით ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კოკა ფრუიძე ბიუჯეტის კუთვნილი 700 000 ლარის მითვისების ბრალდებით 16 სექტემბერს აიყვანა. პროკურატურის ინფორმაციით, ფრუიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში საკუთარ თანაკლასელს და ახლო მეგობარს, კომპანია "ემ-ფარმა+"-ის დირექტორს ბესარიონ გოცირიძეს გაამარჯვებინა.
პროკურატურის მტკიცებით, ფრუიძის ქმედება ქრთამის აღებით იყო მოტივირებული.http://www.presa.ge/new/?m=bp&NID=2295