20:15 02.11.2010
[პირველი]
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბათუმში დაკავებული რუსლან გალოგრე რუსეთის ფედერაციის საბაჟოს ენერგოპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტის ოლეგ გალოგრეს ძმაა.
ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთაგან სამის ვინაობის შესახებ გუშინ დაკავებულთა ახლობლებმა და ადვოკატებმა გაახმაურეს. ამ სამი პირიდან ორი ეროვნებით სომეხია და მათი გვარები საქართველოში თითქმის არავის არაფერს ეუბნება, ხოლო მესამეს - რუსლან გალოგრეს გვარი როგორც ქართველ, ისე რუს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ეცნობათ.
საქმე იმაშია, რომ რუსლან გალოგრე წარსულში ბათუმში მცხოვრები და მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლანის წარმომადგენელია, თუმცა თავად ყოველთვის ჩრდილში იყო.
"პირWელის" ინფორმაციით, ამ ოჯახის უფროსი - რუსლანის ძმა ოლეგ გალოგრე ბათუმშიც, თბილისშიც და, როგორც ირკვება, მოსკოვსა და ბაქოშიც კი დღესაც კარგად ახსოვთ. იგი არა მარტო კოსმიური ქონების მეპატრონე, არამედ მძლავრი კავშირების მქონე და, როგორც ამბობენ, პიროვნულადაც საკმაოდ საინტერესო ადამიანი იყო.
"პირWელის" მონაცემებით, სწორედ ოლეგ გალოგრემ მიაღწია ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში სარფის საბაჟოს გახსნას, რისთვისაც მან მოსკოვისგან ძნელად მოსაპოვებელი ნებართვა მიიღო. მაშინ სარფის საბაჟოს მთელი საბჭოთა კავშირიდან თურქეთში გასვლის მსურველი უამრავი მოქალაქე მიაწყდა. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რა ნიშნულებს მიაღწია საბაჟოს და მისი მესვეურების შემოსავლებმა იმ დროს, როდესაც მაღალჩინოსნების არაოფიციალური შემოსავლები არავის აკვირვებდა. ოლეგ გალოგრე იმ დროიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სარფის საბაჟოს ხელმძღვანელი იყო.
მოგვიანებით, ამ თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გალოგრეს აჭარის იმჟამინდელ მმართველ ასლან აბაშიძესთან ურთიერთობა აერია, რის გამოც მისმა ოჯახმა ბათუმი დატოვა. თავად ოლეგ გალოგრე მაშინ ბაქოში გადაბარგდა, სადაც ნავთობის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობაც ეკავა.
კიდევ მოგვიანებით გალოგრეებმა რუსეთში გადაინაცვლეს. მაღალი თანამდებობის გარეშე ოლეგ გალოგრე არც მოსკოვში დაუტოვებიათ: იგი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის საბაჟოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი - ენერგოპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა.
ოლეგ გალოგრე რამდენიმე წლის წინ კიბოთი დაავადდა და რუსეთში გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა: გიგა, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმეები ჩაიბარა, და ნატალია, რომელსაც ერთ დროს ლონდონში საქართველოს საკონსულოში კულტურის ატაშეს თანამდებობა ეკავა.
როგორც ვხედავთ, ოლეგის ძმის - რუსლანის როლი გალოგრეების ოჯახის საქმიანობაში არსად ჩანს. მას არც მაღალი თანამდებობა ჰქონია ოდესმე და არც დიდი ბიზნესი, ყოველ შემთხვევაში - ოფიციალურად.
რაც შეეხება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასთან მის რაიმე სახის კავშირს, ერთადერთი, რაც ამმხრივ შეიძლება, გავიხსენოთ, ისევ მის ძმას ოლეგს, კერძოდ, რუსეთში მის მძლავრ კონტაქტებს და იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ოლეგ გალოგრე სსრკ შსს-ს გენერალ-ლეიტენანტი იყო.
შეიძლება თუ არა, ეს ფაქტი რუსლან გალოგრეს შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობასთან რაიმე კავშირში იყოს და საერთოდ, ამმხრივ რაიმეზე მეტყველებდეს, უახლოეს ხანებში შევიტყობთ: საქართველოს ხელისუფლებას მორიგი ჯაშუშური საქმის დეტალების გახმაურება 5 ნოემბრისთვის - რუსეთის სამხედრო დაზვერვის პროფესიული დღესასწაულისთვის აქვს დაანონსებული.
ბათუმელები კი რუსლან გალოგრეს დაკავებას ხელისუფლების მიერ გალოგრეების ოჯახისთვის იმ სასტუმროს ჩამორთმევის სურვილს უკავშირებენ, რომელიც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ოლეგ გალოგრემ ააშენა.
სასტუმრო "გალოგრე", რომელიც ბათუმის ცენტრში მდებარეობს, განახლებული სახით შარშან გაზაფხულზე გაიხსნა. მაშინ საზეიმო ცერემონიალში პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. სწორედ "გალოგრეს" აივნიდან ბრძანა სააკაშვილმა მე-3 საჯარო სკოლის შენობის (მისი აზრით, სიმახინჯის) აღება და ამ ტერიტორიაზე ბათუმის ისტორიული უბნის გამშვენება. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა "პიაცას" იდეა, რომლის მშენებლობაც "გალოგრეს" გვერდით დღესაც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რუსლან გალოგრეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან ამ ოჯახისთვის სასტუმროს ჩამორთმევის შესახებ. რადგან "პიაცას" მოედანს ლამის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი აქვს, ხოლო ქონების ექსპროპრიაცია ჩვენ დროში უცხო არ არის, ბათუმში ვარაუდობენ, რომ დაპატიმრება ამას უკავშირდება, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
"პირWელის" ინფორმაციით კი, არცთუ დიდი ხნის წინ ბათუმში გალოგრეების კუთვნილი ღვინის ქარხნის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელსაც გადასახადების გადაუხდელობას ედავებოდნენ, თუმცა ოლეგ გალოგრეს ვაჟმა გიგამ, რომელიც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს გატაცებული იყო და ამ ფაქტის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას თავს არიდებს, დაკავებულ კომპანიონს რუსეთიდან ადვოკატი გამოუგზავნა, მოთხოვნილი თანხაც დაფარა და ქარხნის ხელმძღვანელი მალევე გაათავისუფლეს.
ასე, რომ, არც ისაა გამორიცხული, რუსლამ გალოგრეს დაკავება არა ჯაშუშების საქმეს, არამედ გალოგრეების ბიზნესს უკავშირდებოდეს და მისი საქმე მარტივად, მაგალითად, სასტუმროს ჩამორთმევით, ან აქაც დიდი თანხის გადახდით დასრულდეს.
რუსლან გალოგრე 62 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მიზეზი გაუგებარია. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, რუსლან გალოგრე ბიზნესსაქმიანობას აღარ ეწეოდა, ჰქონდა მხოლოდ ორი მაღაზია ზ. გამსახურდიას ქუჩაზე და სასტუმრო "გალოგრეში" ერთ-ერთ მენეჯერად მუშაობდა.
ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცველები მას ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ, რაც სრული აბსურდია. "რუსლანს არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი არც ბიზნესთან, არც თანამდებობის პირებთან და პოლიტიკასთან, მით უმეტეს - სამხედრო პირებთან. ასე, რომ, მომხდარის გამო გაოცებული ვარ",- აცხადებს დაკავებულის დეიდაშვილი ანზორ კუდბა.

---------------------------------
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?