”რვა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს”. მიხვდით ალბათ, საქმე საარჩევნო კოდექსს ეხება. ამ ინფორმაციაში ყურს მოგჭრით სიტყვათშეთანხმება ”კიდევ ერთხელ”. სწორედ ეს არის აქ ყველაზე საინტერესო.
აბა, ნახეთ: ჯერ ოპოზიციამ გამოთქვა დიალოგისთვის მზადყოფნა, შემდეგ ხელისუფლება გამოვიდა და ჩვენც მზად ვართო, გამოაცხადა. მერე, ისევ რვა ოპოზიციურმა პარტიამ დაადასტურა მზადყოფნა. ამაზე ხელისუფლებამ უპასუხა, რა პრობლემაა, ჩვენც მზად ვართო. ოპოზიციურმა პარტიებმა, აბა, ჩვენ ორჯერ მეტად მზად ვართო. ხელისუფლებამ თქვენ სად იყავით, ჩვენ რომ მზად ვიყავით და საერთოდ, კოდექსზე ვმუშაობდითო. ოპოზიციამ, - თქვენ როდის იყავით მზად, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვიხარია, ჩვენს წინადადებას თუ დათანხმდით და მზად ხართ მოლაპარაკებისთვისო... ხელისუფლება გადაირია, - თქვენ კი არა, ჩვენ გვიხარია, თქვენი კონსტრუქციულ რელსებზე გადმოსვლაო.
ამ დროს, ეროვნულმა ფორუმმა არც აცივა და არც აცხელა, პირდაპირ გამოაცხადა, - თუ არ იქნებით მზად კოდექსზე სალაპარაკოდ, 4 ნოემბერს აქციებს მოგიწყობთო! - აბა, აბაო, ულტიმატუმებით ლაპარაკი არ იყოს, თორემ ყოველგვარი მზადყოფნის ხალისს დავკარგავთო, - თქვა ხელისუფლებამ. - აბა, სად ნახეთ ულტიმატუმიო? - გაიკვირვა ოპოზიცამ. - როგორ არა, ულტიმატუმებს გვიყენებთო... არ გიყენებთო... არა, გვიყენებთო...
გამოვიდა ბოლოს ”ფორუმი” და გადავხედავთ ჩვენს მუქარას, აქციებთან დაკავშირებითო. - ჰოო, თქვა მაშინ ხელისუფლებამ, ჩვენ ისევ მზად ვართო. გამოვიდა ისევ ოპოზიცა, - ჩვენ ხომ ორი თვეა უკვე მზად ვართ. წინადადებებიც შევიმუშავეთო. ხელისუფლებამ, - მოდით, ახლა ტექნიკურ საორგანიზაცო საკითხებზე მოვილაპარაკოთ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთო.
ჯერ ოპოზიციას ამ საკითხზე პასუხი არ გაუცია. სავარაუდოდ, ამ ამბების გარკვევას, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ოპოზიცა იტყვის, - რა სუფთა ფურცელი, ჩვენ წინადადებების მთელი პაკეტი გვაქვს შემუშავებულიო, შემდეგ ხელისუფლება იტყვის, - არა, სუფთა ფურცლიდანო. მერე ოპოზიცია გაჯიუტდება, - არა, ჩვენს პაკეტზე ვიმსჯელოთო... არა, სუფთა ფურცლიდანო და გავა კიდევ რამდენიმე თვე.
სხვა ოპოზიცური პარტიები კი ამ პროცესს გვერდიდან შეჰყურებენ და ხითხითებენ: ამათ თუ ჰგონიათ, ბეჭედში ნაკვეთურს რომ გააკეთებინებენ, ხელისუფლებას და ბიომეტრიულ პასპორტებს დააბეჭდინებენ, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან შემცდარანო...
ეჰ, მაგათ არ იციან, რომ აქ მთავარი პროცესია. უფრო სწორად ის, რომ პროცესი დაიწყო...
http://www.kvirispalitra.ge/specialurad-sa...leze-metia.html