http://www.ambebi.ge/samartali/29432-khorn...s-ithkhovs.html"იმ დღეს ბიჭები ხორნაბუჯში სამუშაოდ წავიდნენ ნაკვეთებში, საღამოს კი სოფელში სამი ცხედარი მოასვენეს. თურმე ბიჭებმა საღამოს მეგობართან გამოიარეს, ცოტა იქეიფეს და შინ დაბრუნებას აპირებდნენ, როცა ქარიმოვი ავტოგასამართ სადგურში მისულა და ბენზინი მოუთხოვია. ბიჭები მხოლოდ და მხოლოდ გამოესარჩლნენ მეგობარს.
ქარიმოვს 50 მეტრი გაუვლია, ავტომანქანასთან მისულა, ავტომატი აუღია, მობრუნებულა და იქვე ჩაუხოცავს ბიჭები", - მიამბო დაღუპულების თანასოფლელმა. გაბოროტებული სოფელი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
ამ ტრაგედიას უფრო შორს მიმავალი ფესვები აქვს და, ვფიქრობთ, უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს.
ზემომაჩხაანელებს სახნავ-სათესი და ვენახები ხორნაბუჯში აქვთ. სოფელ ზემო მაჩხაანიდან ხორნაბუჯამდე 8 კილომეტრია. ბევრი სიშორის გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს, უპატრონოდ დარჩენილ მიწებს კი, იქაურების თქმით, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ეპატრონება: "გამწარებული ვართ მთელი სოფელი. 50 კაცი დედოფლისწყაროში ჩავედით, ლინჩის წესით ვითხოვდით გასამართლებას. პოლიციის უფროსმა კიდე, თქვენა ჭკუით იყავით, თორემ იქით დაგიჭერთ სუყველასაო.
კანონიც ჩვენა ვართ და სამართალიც, დამნაშავე დაკავებული გვყავს და რა გინდათ, რისთვის მოხვედით აქაო? ეს კი გვესმის კარგათა, XXI საუკუნეში ლინჩის წესი რა დროსია, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია. ქართველ კაცს თავის მიწაზე ხმა ვეღარ ამოუღია. ჩვენს სოფელს მიწები ხორნაბუჯში აქვს. ამ ბოლო დროს იქ აზერბაიჯანელები მომრავლდნენ.
დაუჩემებიათ, ჩვენ აქა საძოვრები გვაქვსო. მე შენ გეტყვი და იმუშავებ და მოსავალს აიღებ! ან მოგპარავენ, ან რასაც ვერ მოიპარავენ, ღობეს გაარღვევენ, საქონელს შეუსევენ და აოხრებინებენ იქაურობას. რამდენჯერ მივმართეთ გამგეობას, პოლიციას, მაგრამ რად გინდა.
თუ არ მოგვხედეს, აქ კიდე დატრიალდება ტრაგედია, ისეთი, მარნეულში რო მოხდა. ხომ გახსოვთ, სვანმა კაცმა რომ ცემით ორი აზერბაიჯანელი მოკლა ნაკვეთში. ერთ დღესაც გადავიდა კაცი ჭკუიდანა, რამდენჯერ მივიდა, იმდენჯერ გაჩანაგებული დახვდა მოსავალი. ასეთი უბედურება ატყდება აქაც. ამოუვა ერთ დღესაც მოსახლეობას ეს ყველაფერი ყელში. ხალხი 8 კილომეტრს გადის, მიწა რომ დაამუშაოს, წვალობს, წელებზე ფეხს იდგამს, მერე კიდე, მოსავალს რომ მოიყვან და იმასაც ისე გაგიჩანაგებენ, რომ პასუხის მომთხოვნი არ იქნება არავინ, რა უნდა ქნას ადამიანმა?
ოჯახი არ მოიძებნება აზერბაიჯანულ სოფელში, რომ ავტომატი და ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდეს სახლში. სუყველამ იცის ეგა.
ეს ტრაგედია რო დატრიალდა, პოლიციას ვუთხარით, რატო არ შედიხართ და არ ამოიღებთ ამ იარაღს-მეთქი. აქეთ შემოგვიტიეს, რომ არ აღმოაჩნდეთ იარაღი, თქვენ დაგიჭერთ ცილისწამებისთვისაო, მაშ, ცილისწამება არა?