გაჩეჩილაძის სკანდალი - "ეს არ არის პოლიტიკა, ეს ანტიპოლიტიკაა". დავით უსუფაშვილი: "ვინც ამას კომპრომატებად ინახავს, თუკი საერთოდ ვინმე ინახავს, მას პოლიტიკაში არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს
http://www.kvirispalitra.ge/military/5958-...igegmeboda.html"რაღა დროს გაჩეჩილაძის სკანდალია. იმის მერე სამი წელიწადი გავიდა და თუ ვინმესთვის საინტერესო თემაა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესებშია. ეს დავიწყებული ამბავია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაშინ, როცა ეს ამბავი ხდებოდა, ეს აქტუალური იყო და როცა ხელისუფლების მხრიდან ამ ჭორების გავრცელება ხდებოდა, შემიძლია დავადასტურო, რომ მას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზანი - მაშინ ინაუგურაცია სააკაშვილისთვის იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე და ინაუგურაცია არ უნდა ჩაშლოდა ხელისუფლებას, ამიტომაც ისინი ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ის შეხვედრა, რომელიც გაჩეჩილაძისა და სააკაშვილს შორის ხდებოდა, იყო ანგარებითი, მერკანტილური მოსაზრებით გახჯერებული", - აცხადებს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლება რომ დავამარცხოთ, სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ / ნაციონალი გოგო-ბიჭები ფუფუნებით ცხოვრებას მიეჩვივნენ.
"დღეს, როცა ეს თემები იწევა, ეს ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირ კმაყოფილებას გრძნობენ ამ ჭორების ისევ ქექვითა და გახსენებით. ვფიქრობ, ამისი არც დროა ახლა და არც აუცილებლობა, რომ ჩვენ გავიხსენოთ, გაჩეჩილაძე და სააკაშვილი სამი წლის წინ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და რის შესახებ ილაპარაკეს. ამის შემდეგ ლევან გაჩეჩილეძე მრავალათასიან მიტინგებში მონაწილეობდა და ძმები გაჩეჩილაძეების პროგრამით მახსოვს საკნების ქალაქი გაიმართა. ამ საკნების ქალაქის მათგან იდეაც მოდიოდა და იყო ცნობილი პროექტი "საკანი #5", სადაც გია გაჩეჩილაძე საკმაოდ სერიოზულად და აქტიურად ოპოზიციური საქმიანობით იყო რამდენიმე თვის განმავლობაში დაკავებული. ეს ჭორები მაგ პერიოდის თანამდევიც იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საზოგადოებისთვის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიეღო აქციაში მონაწილეობა. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული და არ ვფიქრობ, რომ ამ თემებზე საუბარი დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს", - ამბობს ზვიად ძიძიგური და დასძენს:
"უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საუბრი იმაზე, გუშინ რატომ ვერ გავიმარჯვეთ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავიმარჯვოთ დღეს და ხვალ. ეს არის, ჩემი აზრით, ჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და გაუთავებლად ძახილი, რომ იპოდრომზე იყო 300 ათასი კაცი და ჩვენ 300 ათასი კაცით ვერ მოვახერხეთ ხელისუფლების შეცვლა"."ასგზის დამარხული "შავნაბადას შეხვედრის" თემა ასმეერთედ აღდგა და ახლა საქმეს ახალი დეტალები თუ ქაღალდები დაემატა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრაზე არ ყოფილა, მას ოთხი ადამიანი ესწრებოდა - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის კანდიდატები სააკაშვილი და გაჩეჩილაძე და რესპუბლიკური პარტიი ლიდერი დავით უსუფაშვილიო", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ბურჯანაძემ სააკაშვილი ერთი-ორჯერ შეაჩერა, ნამეტანს ხომ არ შვრები, ოპოზიციას ზედმეტებს რომ ჰპირდებიო?!" / რას დაჰპირდა პრეზიდენტი ოპოზიციას და რატომ გაახსენდა გაჩეჩილაძეს შავნაბადას შეხვედრაზე საკუთარი ოცნებები?
"შეხვედრა 2008 წლის არჩევნებიდან ორ-სამ დღეში გაიმართა. 7 ნოემბრის აქციების ფონზე, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ძალიან დიდი იყო. შეხვედრისას სულ ოთხი მთავარი მიზინი გვქონდა: 1. ორ კანდიდატს სისხლისღვრის თავიდან აცილებაზე უნდა ესაუბრა. 2. ხმების დათვლის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო. 3. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ე.წ. განმუხტვად უნდა გამოყენებულიყო. 4. დაისვა პოლიტმატიმრებისა და, კონკრეტულად, ირაკლი ბათიაშვილის განთავისუფლების საკითხი. ამ შეხვედრას მხოლოდ ოთხი ადამიანი ესწრებოდა. ოთახში სხვა არავინ ყოფილა და საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა... რაც შეეხება რაღაც ქაღალდების გადაცემა-გადმოცემას, იმ შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.
შეკითხვას - "მინდა 5 მილიონი ჩემი გარემოცვისთვის", "მინდა 10-12 მილიონი საადგილმამულო ბანკისთვის", "მინდა 6 თვით პრემიერ-მინისტრობა" - ეს ფრაზები თუ გახმიანდა ამ შეხვედრისას?" - დავით უსუფაშვილი პასუხობს:
"ვერ გეტყვით, ეს ფრაზები საიდან მოდის. იქ არანარი ციფრი არანაირ კონტექსტში დასახელებული არ ყოფილა, არც ერთი პირის მხრიდან, თუმცა ბანკთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად იყო. გასაგებია, რომ საადგილმამულო ბანკის თემა ამ საუბარში, ერთი შეხედვით, არაფერ შუაშია, თუმცა ეს სხვა კონტექსტში იყო ნახსენები. მიშა, შენ კარგად იცი, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ჩემი ცხოვრების ამოცანა არ არის, მე პარტიული კაცი არ ვარ, არც პარლამენტში ყოფნა მინდა, არც - პრემირობა, არც პრეზიდენტობა. ჩემი ცხოვრების ოცნება საადგილმამულო ბანკის გაკეთებაა, რითაც ჩვენი გლეხებისთვის ხელის გამართვას, სოფლის მეურნეობის დახმარებასა და ა.შ. შევძლებო".
გამოცემის კორესპონდენტის დამატებითი შეკითხვის პასუხად - "თქვენ ახლა ფაქტს მიდასტურებთ. გაჩეჩილაძე-სააკაშვილმა ბანკის თემაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ?" - რესპუბლიკური პარტიის ლიდერი განმარტავს:
"გიმეორებთ, ეს თემა სხვა კონტექსტში არ განხილულა და თანხებზე საუბარი არ ყოფილა. სააკაშვილმა უპასუხა, რა კარგი იდეაა, ასეთი ბანკი ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანასო და ა.შ. ეს თემა ამ შეხვედრის დროს არც გაგრძელებულა, არც ის თქმულა, მოდი, კონკრეტულად, ასე გავაკეთოთო... შემიძლია დავადასტურო ან უარვყო ფაქტები, რომლებსაც ვესწრებოდი. სხვა სპეკულაციებზე საუბარი არ შემიძლია... ქვეყანას არ სჭირდება იმ ტიპის პოლიტიკა და პოლიტიკოსები, ვინც ამ "გადაფარვებითა" და სკანდალების შეთხზვითაა დაკავებული. გინდ ხელისუფლებაში იყოს ეს პოლიტიკოსი და გინდ - ოპოზიციაში. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ანტიპოლიტიკაა. დავუშვათ, ეს ყველაფერი სიმართლეა. თუ ვინმეს ეს სიმართლე ხელთ ჰქონდა, ვინაა ის ქართველი, ვინც ამას სამ წელიწადს ინახავდა და ქვეყანას ამ დღეში ამყოფებდა?.. ვინც ამას კომპრომატებად ინახავს, თუკი საერთოდ ვინმე ინახავს, მაშინ ის თავის თავზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე და მას პოლიტიკაში არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს".