"ქართული პარტია" ჯაბა ხუბუას ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოში უჩივის
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...hi-uchivis.html"ქართული პარტია" ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სტატიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს მიმართავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული პარტიიდან" აცნობეს. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ჯაბა ხუბუას არ გააჩნია ჟურნალისტური პასუხისმგებლობა და მისთვის მთავარია "სენსაციური" ინფორმაციის გავრცელება.
"იგი ახდენს ხელისუფლებისთვის სასურველი ჭორების, ცრუ, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას გადამოწმების გარეშე. ჯაბა ხუბუას არ ინტერესებს, შეესაბამება თუ არა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს და ლახავს თუ არა ეს დეზინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკოსის ღირსებას. ჯაბა ხუბუამ უხეშად დაარღვია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის პრინციპები. კერძოდ კი, ეთიკის ქარტიის ის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართულ პარტიაში" აღნიშნავენ, რომ მიმართვა ნაკარნახევია მათი სურვილით, რომ მორალის და ზნეობის პრინციპები, აგრეთვე მაღალი პროფესიული სტანდარტები დამკვიდრდეს არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ჟურნალისტიკაში.
"ქართული პარტიისა"" და მისი ცალკეული ლიდერების წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო ომში ხელისუფლება ხშირად ბინძურ მეთოდებს მიმართავს. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში, ნებით თუ უნებლიეთ, ჟურნალისტი ჯაბა ხუბუაც აღმოჩნდა ჩართული", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯაბა ხუბუა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ხელმომწერი არ არის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეთიკის საბჭოს თავმჯდომარემ ეთერ თურაძემ განუცხადა, თუ ჟურნალისტი ქარტიის ხელმომწერი არ არის, საკითხის განხილვა არ ხდება.
"არაწევრი ჟურნალისტის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში იკრიბება საბჭო და ისიც, იღებს მხოლოდ სარეკომენდაციო განცხადებას, თუ საქმე რეზონანსულია და მისი მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს", - აღნიშნა თურაძემ.