როგორც ფეიბუქის კედელზე, აქაც ბუმერანგების სეტყვა დამტეხია, მაგრამ დიახ, ბებრის, სიბერის აუტანელი სუნი და რაშიც დაგროვილი წლები და ადამინის ხორცის რეალური სუნი არ მიგულისხმია , როგორც ზოგიერთმა გაიგო და შეიძლება ასაკით ახალგაზრდა ბებრისგანაც კი გეცეს, ხელჩაქნევის, გაბზარვის, დამარცხების მძაფრი, მძიმე, გაუსაძლისი სუნი და წლებით ხანადაზმულს კი ახლოსაც არ მიეკაროს არასოდეს.
და სად ოტია და სად მწერალი ოთარ ჭილაძე? მაგრამ შევადარებ ამ შემთხვევაში რომ გაგაგებინოთ .
ბოლო წლებში ბატონი ოთარი ისე შეწუხებული იყო სნეულებით, უბრალო სრულფასოვანი ჩასუნთქვა -ამოსუნთქვაც კი პრობლემად გახდომოდა, მაგრამ მის ერთ დაძაბუნებულ, იმედგატეხილ, შურიან, სიძულვილითა და ზიზღით გაცოფებულ სიტყვას მაგალითად მოიყვანს ვინმე?
გასაოცარად უბერებელი იყო.
სრულიად გამორიცხული იყო მორეოდა ოდესმე სიბერე და მწერალი ამას ჰქვია.
"არც ღარიბი ვარ და არც მდიდარი, მაგრამ ყველაზე ბევრს ვცხოვრობო მაინც". სრულიად უფულო იყო, რასაკვირველია. 5 ლარიანს მჩუქნიდა ხოლმე, როცა ჭილაძეების ოჯახში გვიანობამდე შევრჩებოდი, რომ მანქანით წამოვსულიყავი. მაინც არ წავალ ტაქსით- მეთქი! -პროტესტს გამოვთქვამდი .
-"მინდა ვიცოდე, რომ გახვალ გაქვს მანქანის ფულიო".
მილიონად ვუთვლიდი! რადგან სწორედ ამ ფარგლებში იყო მისი ფინანსური მაქსიმუმი და მწერლის სამუშაო ოთახშიც ზამთრობით საკმაოდ ციოდა. - თქვენ რომ მაგალითად ინგლისელი მწერალი ყოფილიყავით, აუ, რამდენი ფული გექნებოდათ-მეთქი ...
-" მე ბედს არ ვუჩივი და ბედნიერი ვარ ქართველი მწერალი. როცა ჩემს ხალხს ფული არ აქვს მე საიდან ან რატომ უნდა მქონდესო ფული"?
ახლაც შეგიძლიათ გახსნათ მისი ნებისმიერი ლექსი ან პროზის თუ პუბლიცისტიკის ფრაგმენტი თუ უპოვით მის სულს ობის და ნიჰილიზმის უმნიშვნელო ნასახსაც კი და გინდ დაიჯერეთ გინდა არა, მიცვალებულსაც კი ფიზიკურადაც შენარჩუნებული ჰქონდა ცოცხლის სუფთა სუნი, როგორიც კლდეს ასდის...
თანაგრძნობა. გამხნევება, იმედი... ყველაზე უმძიმეს წუთებშიც...- ერთხელ ძმებ ჭილაძეებს პანაშვიდზე ვახლდი მწერალ ირაკლი სამსონაძის ოჯახში, ძმა რომ დაეღუპა, და მწუხარებისგან გამშრალმა ირაკლიმ,( რომელიც შვილივით უყვარდა), "უნდა გამაგრდეს" ფრაზაზე -"როდემდეო"?- როდესაც ოთარს საწყლად შემოსჩივლა, "რამდენჯერაც ცხოვრება მოგთხოვს, ზუსტად იმდენჯერო!"
ასე უპასუხს ბავშვობის უახლოესი ძმაკაცის შვილს.
" სანამ ხავსი არსებობს ყველაფერი არ არის დაკარგულიო"- ესეც მისი უმთავრესი პრინციპია და წიგნი მართლაც ადამიანს ხომ იმისთვის გჭირდება, რომ გადაგარჩინოს.
ის ბოლო ხელჩასავლები ხავსიც კი უნდა იყოს ზოგჯერ შენთვის და "ამდენი თუ იყო უნიჭო და უნამუსო, რას წარმოიდგენდა კაციო"- ამას მოეჭიდებით?
ამ სიძულვილით გატენილი ფრაზის ავტორმა თავადვე გადაუსვა ხაზი საკუთარ მწერლობას და ჩაძირა თავი.
პროვინცია ხალხის სამშობლოა . პროვინციალიზმი ბრბოსი და გლეხობაც სულიერი გაუტეხელობის სიმბოლოა და ნამდვილად კი არ მივიჩნევ სათაკილოდ, მაგრამ მწერალი გლეხუჭა და პროვინციალური აზროვნების ნამდვილად არ უნდა იყოს, ჩემი რწმენით.
მე ასეთი ვარ და არაფერი შემცვლის და ვისაც ნერვებს უშლის ჩემი ფიქრები გამოტოვოს ჩემი ტექსტები.
და ბოლოს ყველას, როგორც ჩემს მომხრეებს, ისევე ვინც ჩემი პოზიციით გაღიზიანდა და პლუს საკუთარ თავსაც წინასაახლწლოდ ვუსურვებ, რომ ასაკის მიუხედავად, არასდროს აგვივიდეს სიბერის და გულგატეხილობის სუნი, რაც თუმცა ზოგიერთს ვერაფრით დაუჯერებია, ნამდვილად არის შესაძლებელი.