საქართველოს ხელისუფლებას ახალი წლის ღამეს ბათუმში გამართული გრანდიოზული კონცერტი სავარაუდოდ, 40 მილიონ ლარამდე დაუჯდა
19:40 06.01.2011
[პირველი]
საქართველოს ხელისუფლებას ახალი წლის ღამეს ბათუმში გამართული გრანდიოზული კონცერტი სავარაუდოდ, 40 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით ამდენი დაჯდა ბათუმში 31 დეკემბრის ღამით ცნობილი იტალიელი ტენორის ანდრეა ბოჩელისა და სხვა ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული ღონისძიება.
"პირWელი" შეეცადა, გაერკვია, რა დაუჯდა ქვეყანას საახალწლო ზეიმი, თუმცა არც ერთ სახელმწიფო უწყებაში ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ აღმოჩნდათ.
მეტიც, სახელისუფლებო უწყებები ბათუმსა და თბილისში გამართული გრანდიოზული კონცერტებისთვის დახარჯული ფინანსების ოდენობას ამ დრომდე არ ახმაურებენ.
ბათუმის კონცერტის ხარჯების გასარკვევად საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგვამისამართეს, ამ უკანასკნელმა კი - კვლავ კულტურის სამინისტროში.
ნიკა რურუას უწყებაში აცხადებენ, რომ ანდრეა ბოჩელის ჰონორარის ოდენობა კონფიდენციალურია, ზოგადად კონცერტის დაფინანსებაზე კი განცხადებას ბათუმის მერიაში გააკეთებენ.
ბათუმის მერია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ 31 დეკემბრის ღამის კონცერტი პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა და მერიამ მხოლოდ ადგილობრივების მონაწილეობით გამართული სხვადასხვა ღონისძიებები დააფინანსა.
რაც შეეხება თბილისში, თავისუფლების მოედანზე ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული კონცერტის ხარჯებს, "პირWელმა" დედაქალაქის მერიას ხარჯების დასადგენად წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა, თუმცა მიუხედავად იმ პირობისა, რომ წერილობითი პასუხი 10 სამუშაო დღის ვადაში იქნებოდა მზად, თბილისის მერიამ სააგენტოს მიმართვა უპასუხოდ დატოვა.
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?