აბა მოსკოველი ბიზნესმენი ფიფიაო?
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...iradi&Itemid=19შორენა ბეგაშვილის საიდუმლო გახსნილია
FRIDAY, 01 OCTOBER 2010 08:18 დეა თავბერიძე
მოსკოველი მილიონერი შორენას „პრაიმტამით“ ცოლობას სთხოვს
შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ქართველი დივა თხოვდება. მისი რჩეული მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მამუკა ფიფიაა, რომელსაც რუსეთში მიხეილ პიპოვის სახელით იცნობენ. ფიფიამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად გაუმხილა შორენას საიდუმლო და ჩვენი გაზეთის მეშვეობით ცოლობაც კი სთხოვა. ახლა ჯერი შორენაზეა, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსახიობმა ეს შეთავაზება არ მიიღოს, რადგან პირველად ამბობს, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა და, რომ მამუკა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა. ფიფიას და ბეგაშვილის სასიყვარულო რომანი 8 თვის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც მთელი თბილისი შორენას ინკოგნიტო მილიონერის შესახებ ალაპარაკდა. სულ ახლახანს მამუკა ფიფიამ საყვარელ მსახიობს თბილისში პირადი დაცვაც აუყვანა. ორ კვირაში ფიფია თბილისში ჩამოდის, მანამდე კი შორენას ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან სიყვარულს უხსნის:
მამუკა ფიფია
- მეგობრებმა მითხრეს, რომ ძალიან აქტიურად მუშაობთ თურმე ჩემს საკითხზე, რაშია საქმე?
- ჩვენი გაზეთი მუშაობს სტატიაზე, რომელიც შორენასა და თქვენს ურთიერთობას ეხება. როგორც გავიგეთ, შეგყვარებიათ ერთმანეთი.
- მერე, დანაშაულია სიყვარული?
- პირიქით... სად და როგორ გაიცანით შორენა?
-- არ მინდა რამე დამახინჯებულად დაწეროთ. მინდა, ყველაფერი პოზიტიურად იყოს, როგორც არის, ისე... ერთმანეთი თბილისში, 8 თვის წინ გავიცანით. მე ბიზნესმენი ვარ. ინვესტიციებს ძირითადად კინოში ვდებ. ახლა მოსკოვში ახალი ფილმის გადაღებას ვაპირებთ. ფილმისთვის კარგ პერსონაჟს ვეძებდით. ეს ჩემს თბილისელ მეგობრებთანაც ვთქვი. შორენა მირჩიეს. თბილისში ჩამოვედი, გავიცანი, ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით და... როგორც ხდება ხოლმე. ახლა მოსკოვში ვეპატიჟები.
- დანახვისთანავე შეგიყვარდათ?
- კი, ეგრევე მოვიხიბლე და შემიყვარდა. ყველაფრით მომხიბლა. შარმით, აზროვნებით, ქალურობით.
- ფილმის გადაღებები სად იქნება?
- ფილმი უნდა გადავიღოთ რუსეთში, სოჩაში და საფრანგეთში (კანში და მონტეკარლოში). შორენა ამ ეტაპზე მთავარ როლზე არ იქნება დაკავებული, მაგრამ სოლიდური როლია. მთავარ როლზე ვინც არის, იმის მეგობარს ითამაშებს.
- ადრე შორენა თუ გყავდათ ტელევიზორში ნანახი. ან მისი გადაცემისთვის თუ გიყურებიათ?
- არა, არ მყავდა ნანახი. საქმეებით იმდენად ვარ დაკავებული, რომ სამწუხაროდ ტელევიზორს ხშირად ვერ ვუყურებ, მაგრამ მითხრეს, რომ შორენა არის ვარსკვლავი. ჩავთვალე, რომ აუცილებლად უნდა გამეცნო.
- როგორც გავიგე, დაცვაც აგიყვანიათ შორენასთვის, რატომ? რისი შეგეშინდათ?
- რუსეთში ყველა ცნობილ მსახიობს ჰყავს თავისი დაცვა. როდესაც ცნობილი ხარ, ირგვლივ მყოფნი აგრესიულებიც არიან ხშირად. არამარტივი მდგომარეობაა. რაღაც რომ არ მოხდეს, საჭიროდ ჩავთვალე, რომ დაცვა ამეყვანა.
- ე.ი. როგორც გავიგე, შორენას მოსკოვში ჩაყვანა გაქვთ გადაწყვეტილი, მერე იქორწინებთ კიდეც?
- დიახ, რა თქმა უნდა. თუ შორენა მიიღებს ჩემს წინადადებას და გადაწყვეტს, აუცილებლად. მე არ მინდა, რომ მისი შემოქმედებითი ცხოვრება შეიზღუდოს. მარტივი არ არის ოჯახი და შემოქმედება ერთად. მინდა, რომ შორენა პროფესიონალურად კიდევ განვითარდეს. საქართველოს პატარა ბაზარი აქვს. შორენას კი სერიოზული პოტენციალი გააჩნია, რომ უფრო დიდ ბაზარზე გავიდეს. აქამდე ძირითადად რუსულ ფილმებს ვაფინანსებდი. ახლა ძალიან ვარ დაინტერესებული ქართული ბაზრით და მალე, ალბათ, საქართველოშიც, ქართულ ფილმებშიც მივიღებთ მონაწილეობას.
- რამდენად ხშირად ნახულობთ შორენას?
- ხან თვეში ერთხელ, ხან ორ თვეში ერთხელ. ჯერ მოსკოვში არ ყოფილა. ვიზების პრობლემაა. ახლა ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით და რუსეთის საელჩო მგონი დადებითად გადაწყვეტს ამას. სანამ შორენას გავიცნობდი, საქართველოში დიდი ხანი არ ვყოფილვარ. ჩვენ, მოსკოვში მყოფ ქართველებს მაინც ქართველი გოგო გვინდა ცოლად.
- გავიგეთ, რომ გყავდათ ცოლი და შვილებიც?
- არა, ეს სისულელეა. თქვენ ახლა მე მცდარ ინფორმაციაზე მესაუბრებით. ვინ გითხრათ ასეთი ტყუილი? არასოდეს მყოლია ცოლი და შვილები.
- ჯვარს საქართველოში დაიწერთ თუ რუსეთში?
- შორენა თუ გადაწყვეტს, ჯვარს საქართველოში დავიწერთ. მე მაქსიმალურად ვცდილობ მას ყველაფერი შევუსრულო. ჩემი მიზანია, რომ შორენა ბედნიერი იყოს.
მამუკა ფიფია 35 წლისაა, მან საქართველო ძალიან პატარამ 20 წლის წინ დატოვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის შოუბიზნესში დიდი ხნის წინ ჩაერთო და რუსეთში მოღვაწე ქართველებთანაც მეგობრობს, იოსიფ კაბზონის გარემოცვაშია და რუსულ ბომონდს ძალიან უყვარს. ხშირი და საპატიო სტუმარია „სოჰორუმისა“, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ პრესტიჟულ და სოლიდურ გასართობ ცენტრად ითვლება. როგორც შორენამ გვითხრა, მისი რჩეული ავტორბოლის მოყვარული და ფერარის ფანია. ფიფიას, იგივე მიხეილ პიპოვს, ახლო მეგობრობა აკავშირებს ქეთა თოფურიასთან და მის საქმროსთან, ლიოვა გეიხმანთან. შორენამ თავიდან არ ისურვა მის პირადზე საუბარი, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მამუკამ ინტერვიუ მოგვცა, მსახიობიც ალაპარაკდა:
შორენა ბეგაშვილი:
- ალბათ დაცვა დიდი ხნის წინ უნდა მყოლოდა. როცა ადამიანს უყვარხარ, ზრუნავს შენზე. გასაკვირი არ უნდა იყოს დაცვა.
- დიდი ხანია უყვარხარ? სად გაიცანით ერთმანეთი და ფიქრობ, რომ ეს არის ის სიყვარული, რომელსაც ელოდი?
- ვფიქრობ კი არა, ეს არის... კლუბში გავიცანი. შობის მერე ვიცნობთ ერთმანეთს
- ე.ი. შენს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, შენ კი არ გინდა, რომ დავწეროთ?
- ძლივს ერთხელ ბედნიერი ვარ და გეხვეწებით, ნუ დაწერთ ცუდად ნურაფერს. ვიქნები ასე რაა... ვიქნები რა ბედნიერი...
- ქორწილი სად გექნებათ?
- ქორწილის დეტალებსაც არჩევთ უკვე? არ ვიცი, მართლა არ ვიცი...
- ჯვარი თუ გქონდა პირველ ქმართან დაწერილი?
- კი მქონდა, მაგრამ არ ჩაითვალა, იმიტომ, რომ ის მონათლული არ იყო.
- ვიღაც მანიაკი დასდევდა და იმიტომ აუყვანა დაცვაო, მართალია?
- არა, არავინ დამდევდა. უბრალოდ, თქვენც იცით, როგორი გადამეტებული ყურადღებაა ჩემს მიმართ, ამიტომაც.
- ისიც თქვეს, რომ დაცვის აყვანის შემთხვევაში პირობა ასეთი იყო, ფიზიკურად უშნო უნდა ყოფილიყო, რომ შორენას ზედმეტად ყურადღება არ მიექციაო.
- არა. ის ძალიან მენდობა მე. ამიტომ დაცვა ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო. უბრალოდ, ეძებდა გამოცდილ და ნორმალურ ადამიანს.
- ისე, როგორია დაცვა რომ გყავს გვერდით? ირგვლივ ყურადღებას არ იქცევ?
- ჩვეულებრივი, როგორი უნდა იყოს? ბევრს არსად არ დავდივარ.
- სიყვარულმა სახლში გამოგკეტა?
- არა. ბევრს არც მანამდე დავდიოდი, როცა აუცილებელი იყო, სახლიდან მაშინ გავდიოდი. იცით, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ... მაცადეთ, მეც ხომ შეიძლება ეს განვიცადო?
როგორც უკვე გითხარით, მამუკა ფიფია ახალგაზრდა ბიზნესმენია, რომელიც მოსკოვში 20 წლის წინ წავიდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ის აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა, მისი მამა მოსკოვში კარგად ცნობილი კანონიერი ქურდი, თამაზ ფიფიაა, რომელიც 1999 წელს სისხლიან გარჩევებში ფიგურირებდა. როგორც მაშინდელი გაზეთი „კომერსანტი“ წერს, აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტის, თამაზ ფიფიას მშენებარე სასახლე „პადმასკოვიეში“, სოფელ შმელინკშია განთავსებული, სადაც ძირითადად ავტორიტეტები და ე.წ. ახალი რუსები ცხოვრობენ. ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ თამაზ ფიფიასა და მისი 24 წლის შვილის, მამუკას სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლ და ცივ იარაღთან ერთად, ფარშევანგების ფერმა აღმოაჩინეს. აი, რას ამბობდა მაშინ სამართალდამცავებთან სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტი, მამუკა ფიფია: „მე მომავალი ფერმერი ვარ, რომ არა აფხაზეთის ომი, მე არასდროს ჩამოვიდოდი აქ, რადგან აფხაზეთში ჩვენ გვქონდა დიდი მეურნეობა, სადაც სეზონზე 20 ტონა მანდარინი მოგვყავდა და მე შემეძლო ყოველ წელს ახალი მერსედესი მეყიდა“ – სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ აღმოჩენილი იარაღი თამაზ ფიფიას ეკუთვნოდა, მაგრამ მამუკა ფიფიამ ის თავის თავზე აიღო, თუმცა, როგორც „კომერსანტი“ წერს, მისი დაკავება არ მოხდა და ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა სახლიდან მხოლოდ იარაღი ამოიღეს.