ეს თემა მუდმივად მუსირებს-ხოლმე ამ ფორუმზეც და საზოგადოებაშიც.
ფორუმზე არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, სანამ რომელიმე სტატიაში არ ავხსნიდი, მაგრამ ვხედავ, რომ მომიწევს...
თორემ დრო გადის და გაუგებრობა ამის თაობაზე სულ მატულობს და მატულობს.
და ვინ იცის, რა უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანს...
ახლა მომისმინე.
შენ, გატყობ, გორში მიშას "მიწაზე ხოხვის" კადრები პირდაპირ ეთერში არ გინახავს... ჰო, რა თქმა უნდა, საქართველოში არ იყავი და ამიტომ. მერე ნახე, როცა დაბრუნდი. და ნახე უკვე შეკრეჭილი ფირი, სადაც მარტო ის ჩანს, მიშა შეშინებული როგორ იყურება და რაღაცას იძახის. მაგრამ რას იძახის, ისიც აღარ ისმის.
ხომ ასეა?
მე კი პირდაპირ ეთერში ვუყურებდი დაუმონტაჟებელ რეალობას. სურათი კი ასეთი იყო:
მიშას გორში ჩაყვანილი ყავდა საქართველოში საგანგებო ვიზიტად მყოფი
ბერნარ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ამას ყოველი შემთხვევისათვის ვხსნი. არა მგონია, ვინმემ ამ განყოფილებაში არ იცოდეს ბერნარ კუშნერის ვინაობა, მაგრამ რა იცი, იქნებ ვინმე შემთხვევითმა ადამიანმა შემოიხედოს ოდესმე და ვერ გაიგოს, ვისზეა ლაპარაკი).
მიშას დაყავდა კუშნერი გორის ქუჩებში და რუსების მიერ დაბომბილ საცხოვრებელ სახლებს აჩვენებდა.
ამ დროს გაისმა რუსული ბომბდამშენის ხმა.
მიშას დაცვის ალბათ 7-8 ბიჭი, - ეს ლამის ორმეტრიანი მოთხლეშილი ბიჭები, - დააცვივდა ზემოდან. ცნობილი ამბავია -პირადი დაცვა საკუთარი სხეულით იფარავს თავისი დაცვის ობიექტს. მიწას გააკრავს და ზემოდან აწვება, რომ დაიფაროს. ასე მოხდა გორშიც.
მიშა ცოტას გაუძალიანდათ, შეშინებული იქეთკენ იყურებოდა, სადაც კუშნერი ეგულებოდა:"კუშნერი, კუშნერი სადააო", - გაიძახოდა. გული გაუსკდა, კუშნერს რამე არ დამართნოდა. ცასაც ახედა, საიდანაც ბომბდამშენის ხმა მოდიოდა.
ეგ კადრია ზუსტად, მერე დამონტაჟებულად სულ რომ ატრიალებენ: თმააწეწილი მიშა შეშინებული რომ იყურება.
იქეთ კუშნერსაც ზუსტად ისევე დააცვივდა დაცვის ხალხი.
პირდაპირ ეთერში ეს გამოჩნდა. კამერამ წამიერად დააფიქსირა. ოღონდ მონტაჟში ეს ამოიღეს.
მერე მიშა უკვე დაცვამ აღარ დატოვა გორში და თბილისისკენ გამოაქანა.
ვერც მიშა, ვერც კუშნერი და ვერც სხვა ვინმე ასეთი ვითარების დროს დაცვის ნებას წინ ვერ აღუდგებოდა: საფრთხე მართლაც რეალური იყო.
აი, ჩემო კარგებო, ეს მოხდა გორში. თუ სიმართლე გინდათ, იცოდეთ.
მაგრამ "რუსთავი-2"-მა ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ისე დაამონტაჟა, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. კაცი, რომელიც თავის დროზე წინ აღუდგა მკვლელსა და ტირანს (გადაჭარბებისა და პათეტიკის გარეშე ვამბობ!), მერე დიდი პიროვნული რისკის ფასად ჩამოგვაშორა "კანონიერი ქურდები" - ასევე მკვლელები და თავზე ხელაღებული ხალხი, - ფირის ერთი დამონტაჟებით მხდალი და ლაჩარი გამოიყვანა.
სხვათა შორის, მათი დამონტაჟებული ეს ფირი აიტაცეს მერე რუსულმა არხებმა და დღესაც მაგ ფირს გვიფრიალებენ ცხვირწინ (ამ მოვლენის გაანალიზებას ახლა არ მოვყვები, - თქვენთვის მომინდვია).
ეეეეჰ!