გამატარეთ
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 894
წევრი No.: 122091
რეგისტრ.: 5-October 10
|
#23529662 · 18 Jan 2011, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთხელ მე და პაპაჩემი ერთს ადგილს შევიყარენით; ჯერ, როგორც მოგეხსენებათ, მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარი: – პაპაჩემო! უწინდელი რამ გვაუწყეთ: რით ვიდიდეთ თავი ჩვენი, სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა მიიწურა ქართლის ბედი, როცა მოგვიკვდა ერეკლე, ის ჩვენის ქვეყნის იმედი, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – შენი მტერი!.. პირღიადა დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი დაჯდა შერყეულსა ტახტზედ, შინ თვისტომნი აუჯანყდნენ, წამოასხდნენ მტრადა თავზედ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით მეფეს საქმე გავუჭირეთ და ქვეყანას ერთგულობა ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – რუსეთისკენ სახვეწნელად გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ დაგვიყენა ლეკნი მცველად, - თვის ქონება სრულად დასდვა ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – მადლიერნი მუთაქაზედ ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე, აიშალნენ მეფეთ ძენი და ერთმანეთის შურითა სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – ჩვენც ლამაზად სულ ყველასა თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო, ქართვლის ბედი ბურთსავითა სათამაშოდ წინ გაიგდო, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა ყოფნა უცხო ხალხის ხელში, როს საშველად მოწვეულმა წაგვიჭირა თოკი ყელში, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – მაშინ მივხვდით, რომ ყველანი ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ დღენი ჩვენი მოგვაწბილა; ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ, სინიდისმაც გაგვამხილა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – შერცხვენილნი და დამწვარნი აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს, როცა ცხვრისა ფარასავით მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – ფერმიხდილნი ბეზღობაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით ზოგმა თავი გადვირჩინეთ, ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – მოვყევით და სიხარულით ყოველდღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბეთოვლადობით საქმე ხელთ არ მოდიოდა, რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ, არარა შემოგვდიოდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – ერთმანეთს უსინიდისოდ მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ, ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც ჩვენი სახლი აღარ ვარგდა, როცა დიდი და პატარა გაღარიბდა, გაღატაკდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – თვით შევსხედით მაღლა თაროს, დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ და ცხოვრების ჩვენის წყარო მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ… ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით ყმები აღარ დაგვიბრუნდა და ყმებისა მოშორების გულს ტკივილი დაგივყუჩდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – რაღაც ბანკი მოვიგონეთ და მასზედ ვლაზღანდარობით.
მერე, როს საშვილიშვილოს ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა: ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო, არ მომცაო შვილი ღმერთმა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? – „Наплечо“-ბა გვასწავლეო, მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე, როცა… – კიდევ როცა!.. - აქ გამიწყრა პაპაჩვენი: – შემაწუხე ამდენ კითხვით, „პოჟოლუსტა“, დამეხსენი! რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით უსაქმოდ ვეხეტებოდით.
24 აგვისტო, 1871 წ.
|