კობა სუბელიანს დევნილთა გასახლებისადმი ლტოლვა დაუდგინდა
18:08 21.01.2011
[გვანცა გიორგობიანი]
დევნილთა გამოსახლების პროცესი დღეს დილაადრიანად განახლდა. ყიფშიძის ქუჩაზე სამხატვრო აკადემიის ფილიალის შენობიდან 29 დევნილი ოჯახი გამოასახლეს. გამოსახლების პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო დევნილების ნერვების ხარჯზე ხორციელდებოდა. 85 წლის ქალბატონი, რომელიც ბოლო 9 თვეა მწოლიარე ავადმყოფია და მძიმე მდგომარეობაშია, 033-ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საკაცით გამოიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. დევნილების ცნობით, ისინი საცხოვრებლად რუსთავში გადაჰყავთ.
გამოსახლების პროცესი დილით, 8 საათზე დაიწყო ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე აღსრულების ბიუროს ყოფილ შენობაში, სადაც კოდორის ხეობიდან დევნილი 22 ოჯახი ცხოვრობდა. დევნილთა ნაწილი ნათესავებთან, ნაწილი ქირით ცხოვრებას აპირებს, ხოლო დანარჩენები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს დათანხმდნენ.
შენობის პერიმეტრი დილიდანვე გარშემორტყმული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით. ისინი შემოსაზღვრული პერიმეტრის შიგნით არავის უშვებენ, მათ შორის - ევროკავშირის დამკვირვებლებსაც. შენობაში არ შეუშვეს დევნილების ადვოკატი ირმა ჭკადუაც.
ირმა ჭკადუას თქმით ხელისუფლებას ამ ოჯახებისთვის 10 000-დოლარიანი კომპენსაცია არ შეუთავაზებია. „დევნილებმა მოითხოვეს ეს კომპენსაცია, თუმცა კობა სუბელიანი უწყებაში განუცხადეს, რომ თანხა აღარ არის და კომპენსაციას ვერ გასცემენ“,- აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება ალტერნატიულ საცხოვრებელს, ირმა ჭკადუას განცხადებით, საცხოვრებელი ფართი მხოლოდ ორ ოჯახს, წინწყაროში შესთავაზეს. ჭკადუა გამოსახლების პროცესს უკანონოს უწოდებს, რადგან დევნილები გამოსახლებაზე 10 დღით ადრე უნდა გაეფრთხილებინათ, რაც განსახლების სამინისტროს არ გაუკეთებია.
„როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს, საქართველოს ხელისუფლება ისე ექცევა დევნილებს“, – ასე შეაფასა ჭკადუა შექმნილ ვითარებას.
გამოსახლება შეეხოთ ყიფშიძეზე მცხოვრებ კოდორის ხეობიდან დევნილ ოჯახებსაც. გამოსახლების მომენტის დაწყებიდან პერიმეტრს 100-მდე პოლიციელი აკონტროლებდა, რომელთაც შენობასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტეს და ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ უშუალოდ დევნილებს გასაუბრებოდნენ. მოგვიანებით კი, ტერიტორია რამდენიმე სატვირთო მაქნანამ დატოვა, რომლებიც დევნილთა ავეჯით და პირადი ნივთებით იყო დატვირთული.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოსახლების პროცესი ყაზბეგის გამზირზე მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დევნილები ამბობდნენ, რომ საერთო საცხოვრებლიდან სულ 78 ოჯახს უპირებენ გამოასახლებას, რომელთა ძირითადი ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ნაწილი კი, აფხაზეთიდან დევნილი.
როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შენობასთან მობილიზებული იყო რამდენიმე სატვირთო ავტმობილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დევნილთა გამოსახლების პროცესს თვალყურს ადევნებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და უშუალოდ გამოსახლებულებისგან იღებდნენ ინფორმაციას. დევნილთა ნაწილი ჩიოდა, რომ მათ ამ წუთისთვის არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ.
გამოსახლების ობიექტებთან მივიდნენ „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“, „კონსერვატიული პარტიის“ და „ხალხის პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებდნენ შექმნილ ვითარებას.
თუმცა, დევნილების გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ჯერ კიდევ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა პირველი კომენტარი:
„ამ დროისთვის იმ დევნილებს ვასახლებთ, რომლებიც კომპენსაციით დავაკმაყოფილეთ, ვისაც კომპენსაციები აღებული არ აქვთ, მათ ფართებს შევთავაზებთ. კომპენსცია პლუს ფართი. ეს არის ის, რასაც დევნილები სახელმწიფოსგან იღებენ“, – აღნიშნა სუბელიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის კომპენსაციაზე იყო საუბარი.
ხელისუფლების ბარბაროსობამ ოპოზიციას ერთიანობისკენ უბიძგა და თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა შეუერთდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას.
„ხალხის პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, დევნილების გუშინდელმა დაწიოკებამ დევნილთა ნაწილში შიში გამოიწვია, მაგრამ ნაწილში საპროტესტო მუხტი გაზარდა.
„ჩვენ შესაძლოა, ბევრით ვერაფერს ვშველით დევნილებს, მაგრამ ერთ ადამიანზეც რომ იყოს საუბარი, აუცილებელია პროტესტი დავაფიქსიროთ იმის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაშიც ძალიან გვეხმარება ვიქტორ დოლიძე. ჩვენს გვერდით დგანან თინა ხიდაშელი, ლაშა ჩხარტიშვილი, კახა კუკავა და უამრავი ადამიანი. ეს არის ბრძოლა დევნილების უფლებებისთვის და ეს ფაქტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სოლიდარობის განცდამ კიდევ ერთად შეკრა დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი. ყველაზე მთავარი კი ამ ბრძოლაში ისაა, რომ ჩვენ მას იმ კონდენციამდე მივიყვანთ, რომ მომავალში დევნილებმა თავად შეძლონ საკუთარი თავის დაცვა და ეს იქნება ჩვენი მთავარი გამარჯვება,“– პრესაგე.ტვ–თან საუბარში აღნიშნა ალექსანდრე შალამბერიძემ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს დევნილების გამოსახლება და ამაში სოლიდარობას მათ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც სოლიდარობას უცხადებს.
„ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ შეთქმულებას ახორციელებს. ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს ყველა, როცა აცხადებს, რომ ეს გამოსახლების პროცესი თვითონ დევნილებმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა იცოდნენ. ეს პროცესი ხდება სრულიად უკანონოდ და ის ფართები, რომლებიც ხელისუფლებამ გამოყო ფოცხოსა და ეწერში, არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს. ეს სოფლები ადმინისტრაციული ცენტრიდან 6 კილომეტითაა დაშორებული, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის. აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს პროცესი და ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ხალხის დევნა,“ - განაცხადა ლორქიფანიძემ.
http://www.presage.tv/?m=society&AID=2941
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?