ფაშისტური რუსეთიღა გვაკლდა.... სრული ბედნიერებისთვის...
რუსეთში მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი ფაშისტურ-ნაციონალისტური მომავალია
09:51 10-02-2011
რუსეთის მოდერნიზაციის პერსპექტივებსა და იმაზე, როგორ შეიძლება აისახოს "მოდერნიზებულ-ტრანსფორმირებული" რუსეთის პოლიტიკა საქართველოზე, "ინტერპრესნიუსი" რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრს, პოლიტოლოგ დიმიტრი ორეშკინს ესაუბრა.
_ ბატონო დიმიტრი, რუსეთის ხელისუფლება ხშირად საუბრობს ქვეყნის მოდერნიზაციასა და ტრანსფორმირებაზე. თქვენი აზრით, რეალურად არსებობს თუ არა რუსეთის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაცია-ტრასნფორმირების პერსპექტივა, რაზეც ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებშიც ამყარებენ იმედებს?
_ რუსეთის მოდერნიზაცია-ტრანსფორმაციის, თუ გნებავთ ოპტიმიზაციის აუცილებლობა რეალურად არსებობს. ამ საკითხში გარე სამყაროს მოლოდინები მეორეხარისხოვანია, ვინაიდან რუსეთის მოდერნიზაციის შინაგანი მოთხოვნილებაც და აუცილებლობაც მართლაც არსებობს. ყველას ესმის, რომ რეალური მოდერნიზაციის გარეშე რუსეთი ვერ შექმნის კონკურენტუნარიან და პერსპექტიულ ეკონომიკას.
მოდერნიზაციის აუცილებლობას ყველა აღიარებს, მაგრამ რუსეთი ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა, ბევრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოდერნიზაციის გადადება უკეთესი დროისთვის უმჯობესია - შესაძლებელია ნავთობის გაყიდვით მოსახლეობის შენახვა და ისე ცხოვრება, როგორც ეს საბჭოთა კავშირში 70-80-იან წლებში იყო. საბჭოთა კავშირი ნავთობიდან შემოსული ფულით ყიდულობდა სარეცხ ფხვნილებს, კბილის პასტებს, ფეხსაცმელებსა თუ ტანსაცმელს. ასე იყო, ვიდრე ნავთობზე ფასი არ დაეცა. კრემლში იციან, რომ ასე ცხოვრება გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია და არ არსებობს მექანიზმი, რომელმაც შეიძლება მმართველ ელიტას მოდერნიზაციისკენ უბიძგოს.
მოდერნიზაცია მმართველი ელიტისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. მოდერნიზაციის შემთხვევაში ელიტა შემოსავლებს დაკარგავს. ისინი არსებულ ვითარებაშიც კარგად გრძნობენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ბევრი საშინაო პრობლემა აქვს, რუსეთში ფიქრობენ მოდერნიზაციაზე, მაგრამ მოდერნიზაციის პროცესის დაწყებას არავინ ჩქარობს. ასეთ ვითარებას ისიც განაპირობებს, რომ რუსეთი ფედერაციული და მრავალეროვანი ქვეყანაა. ქვეყანაში მცხოვრები ყველა ხალხი როდია კმაყოფილი იმით, რომ რუსეთის ფედერაციაში შედიან. პუტინის მმართველობითი სისტემა მათი ინტერესების დათრგუნვით არის დაკავებული. ამგვარი პოლიტიკის გატარებას კი, ნედლეულის გაყიდვით შემოსული თანხები უზრუნველყოფს. კრემლი ფედერაციის სუბიექტების მიმართ ასეთ პოლიტიკას ატარებს _ არაუშავს, რომ ეს ხალხები არაფერს აწარმოებენ და მომავალსაც ვერ ხედავენ. სანაცვლოდ ცენტრი მათ ნავთობიდან შემოსული თანხებიდან ფინანსებით უზრუნველყოფს და, ავად თუ კარგად, მათში უკმაყოფილების ჩახშობას უმკლავდება. მაგრამ, ფაქტია, რომ ასე მუდმივად ვერ იქნება. რეგიონების სეპარატიზმი ელიტის თავის ტკივილია. ჯერჯერობით ადმინისტრაციული და ძალისმიერი ზეწოლით ცენტრი სეპარატიზმთან გამკლავებას ახერხებს, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება, გაუგებარია.
_ თქვენ სტატიაში _ ПУТИН КАК ЗАГОГУЛИНА, ბრძანებთ, _ თუ ელცინის შემდეგ პუტინის გამოჩენა შეცდომა იყო, ეს შეცდომა კანონზომიერი და ნაციონალურად განპირობებული იყო. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
_ არის ისეთი რამ, რასაც ნაციონალური მენტალიტეტი და აზროვნების სტილი ჰქვია. რუსეთი ძალიან ძლიერად არის ორიენტირებული "დერჟავობაზე". ელცინი ცდილობდა დაეფარა, რომ ძალიან განიცდიდა სსრკ-ს დაშლას, რაზეც პასუხიმგებლობას საზოგადოება აკისრებდა. სსრკ-ს დაშლა ელცინზე მეტად განიცადა რუსულმა საზოგადოებამ. მაგრამ, მაშინ ეს იმდენად არ ჩანდა, რადგანაც ქვეყანა შიმშილის ზღვარზე იყო და საბჭოთა ეკონომიკა პრაქტიკულად ვერაფერს აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც საკვებიც გაჩნდა და ეკონომიკამ, ძირითადად, ისევ ნავთობის ექსპორტის ხარჯზე, ქვეყნის ეკონომიკური ვითარება გამოასწორა, საზოგადოებაში "დერჟავის" დაშლის გამო წყენის გრძნობამ გაიღვიძა. პრინციპში, რუსეთში არსებული ვითარება ძალიან ჰგავს იმას, რაც ვაიმარის გერმანიაში ხდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და გერმანული იმპერიის დაშლის შემდეგ გერმანიაც შიმშილის ზღვარზე იყო და ნაციონალიზმისთვის არავის ეცალა. მაგრამ, როცა 30-იანი წლებისთვის ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგა, უცებ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გერმანელ ერს გერმანიისთვის შეურაცხმყოფელი ვაიმარის სამშვიდობო ხელშეკრულება შეახსენეს. ამ ტალღაზე მოვიდა ჰიტლერი. რაღაც ამდაგვარი ხდება რუსეთშიც, მაგრამ აქ ეს სხვანაირი და "დავარცხნილი" ფორმით ხდება.
როგორც კი გაუმჯობესდა რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა, მაღაზიებში გაჩნდა საკვები პროდუქტი და ხალხს ჯიბეში ფული გაუჩნდა, აქტუალური გახდა დაკარგული "იმპერიული სიდიადის" პრობლემა. ელექტორატის მიმხრობის თვალსაზრისით, ამ იდეის გამოყენება ძალიან იოლია. სწორედ ამ ტალღაზე გამოჩნდა პუტინი. ის რომ არ გამოჩენილიყო, გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, რომელიც ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მოვიდოდა, მაგრამ იმავე ღირებულებების სისტემა ექნებოდა, როგორიც პუტინს აღმოაჩნდა. ამის კარგი მაგალითია ჟირინოვსკი, რომელმაც 1993 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 23% მიიღო. ჩემი აზრით, ეს კანონზომიერი მოვლენა იყო და მისი აცილება ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა.
_ თქვენ იმავე სტატიაში აღნიშნავთ, რომ რუსეთში გეოპოლიტიკურ აქსიომებად იქცა ანტიდასავლურობა, სახელმწიფოებრივი ინტერესები და ცივილიზაციური იდენტურობა. იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ბრძანეთ, გამოდის, რომ მოდერნიზირებული რუსეთის ნაცვლად მსოფლიომ შესაძლოა, რუსული ფაშიზმი მიიღოს?
_ ტერმინების ხშირად მოხმობა არ მიყვარს და არც მესმის ტერმინი "რუსული ფაშიზმი". მაგრამ, ცხადია, რომ რუსული ნაციონალიზმი არსებობს და ეს მიმართულება ძალიანაც პერსპექტიულია. ამ მიმართულებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰპოვოს საზოგადოებაში. ამის მიზეზი კი ისევ ის არის, რომ რუსეთი ფედერაციული და მრავალეროვნული სახელმწიფოა. მოსახლეობის უმრავლესობა აღფრთოვანებული სულაც არ არის იმით, რომ მოსკოვში კავკასიელები და შუა აზიის რესპუბლიკების მოქალაქეები ჩამოდიან. ეს ბუნებრივი რეაქციაა. ასეთივე რეაქცია აქვთ ჩამოსულების მიმართ ევროპელებს და ეს მაშინ ვლინდება, როცა ჩამოსულთა რაოდენობა მართლაც ძალიან ბევრია. მოსკოვში გრძნობებს ისიც ამძაფრებს, რომ კავკასიაში ომი პრაქტიკულად ახლახან იყო. ამ ვითარებაში ნაციონალიზმის სასარგებლოდ მხარდაჭერის მოპოვება და საკუთარი პოლიტიკური სტატუსის ამაღლება საკმაოდ იოლია.
_ თუ სწორად გავიგე, მოდერნიზებული რუსეთის ნაცვლად მსოფლიომ ნაციონალისტური რუსეთი შეიძლება მივიღოს?
_ დიახ, და ასეთ რუსეთს სწორედ მოდერნიზებული ქვეყანა ერქმევა. რუს ნაციონალისტებს ათვისებული აქვთ პროგრესული რიტორიკა. ასე იქცეოდნენ ჰიტლერი და მუსოლინი. რა თქმა უნდა, ისინი ისაუბრებენ იმაზე, რომ სწორედ ამ თარგზე მოდერნიზებული რუსული სისტემა არის ის, რაც რუს ადამიანს შთაგონებით ავსებს. ასეთი რუსეთის საფუძველი სწორედ რომ ფაშისტური და ნაციონალისტური იქნება და ეს სავსებით რეალურია. ფაშისტურ-ნაციონალისტური მომავალი რუსეთში მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარია.
_ თქვენი თქმით, იმისთვის რომ რუსეთში მოვლენები ზემოხსენებული სცენარით არ განვითარდეს, საჭიროა რუსულ დამყაყებულ ცნობიერებაზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა. რუსეთში მედიის მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია საზოგადოებაზე რეალური ზეგავლენის განხორციელება?
_ საკმაოდ რეალურია. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თავად საზოგადოებრივი აზრი სწევს წინააღმდეგობას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში პრესის თავისუფლება შეზღუდულია, არსებობს ცენზურა და ტელევიზიებში არსებობს იმ ადამიანთა სია, რომლებიც არ უნდა მიიწვიონ, მე არ ვიტყოდი, რომ რუსულ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. ამისათვის კარგი საშუალებაა ინტერნეტის შესაძლებლობები. ჩემი აზრით, თავად საზოგადოება არ არის მზად, მოისმინოს სახელისუფლებო აზრის ალტერნატიული აზრი. რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ბევრია სამუშაო, მაგრამ პრობლემა იმაშიც არის, რომ ამგვარი საქმიანობის წარმოებას ხელისუფლების პოზიცია ხელს არ უწყობს.
_ რუს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვსა და თბილისს ურთიერთგაგების მისაღწევად სტრატეგიული აზროვნება არ ეყოთ. ვითარებაში, როცა თბილისი ევროპისკენ მიისწრაფვის, ხოლო მოსკოვი საბჭოთა წარსულში დაბრუნებას ცდილობს, სტრატეგიული აზროვნება არაფერ შუაში უნდა იყოს...
_ ეს არის სწორედ სტრატეგიული აზროვნების უქონლობა. რუსეთის ხელისუფლებას ევროპისკენ სვლა რომ სურდეს, რუსეთსა და საქართველოს მეტი საერთო ექნებოდათ. რუსეთის ხელისუფლება წარსულში იყურება და, შესაბამისად, საზოგადოებას მმართველობის ავტორიტარულ-აზიურ სტილს სთავაზობს. ასე რომ, აზრი სწორია, მთავარია, რაც გულისხმობენ მხარეები სტრატეგიულ აზროვნებაში. მე, რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მმართველობის აზიური ტრენდი აირჩია და ცდილობს, რუსეთი უკეთეს შემთხვევაში ყაზახეთს, უარეს შემთხვევაში თურქმენეთს დაამსგავსოს. ასეთ ფონზე გასაგებია მოსკოვის თბილისისადმი დამოკიდებულებაც. როცა ასეთ არჩევანს აკეთებ, ცხადია, რომ საქართველოსთან მას სალაპარაკო არაფერი აქვს.
_ ბატონო დიმიტრი, როგორ შეიძლება აისახოს რუსეთში არსებული ვითარება კრემლის მიერ თბილისთან გასატარებელ პოლიტიკაზე?
_ როგორადაც მე ვხედავ, საქართველოს აქვს განვითარების პერსპექტივა. რუსულ ელიტას ესმის, რომ 2008 წლის აგვისტო რუსეთს რეპუტაციის თვალსაზრისით ძალიან ძვირი დაუჯდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რუსეთისგან აგრესიის სახით საფრთხე არ ემუქრება, საქართველო მშვიდობიანად განვითარებას გააგრძელებს. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება პრეზიდენტ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენაში ხელს უწყობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთმა პრაქტიკულად სააკაშვილს მოუხსნა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე. ყველას ესმის, რომ საქართველო ამ ტერიტორიებს ძალით ვერ დაიბრუნებს. ჩემი აზრით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არამეგობრული და, იმავდროულად, არც აგრესიული არ იქნება. მაგრამ თბილისის მიმართ მკაცრი რიტორიკა შენარჩუნდება. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობა მოსალოდნელი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო თავისი გზით განვითარებას და თანდათან ევროპისკენ სვლას ისევე გააგრძელებს, როგორც თავის დროზე ჩეხეთმა და ესტონეთმა გააკეთეს. მე ისღა დამრჩენია, საქართველოს ამ გზაზე წარმატებები ვუსურვო.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...-momavalia.html