კოლეგებო,
გთავაზობთ თემატურ ამონარიდს მაკა ჯაიანის ბლოგიდან:
http://makajaiani.blogspot.com/2010/04/blo...ml#comment-formპროფესიული დაავადებები: ერთი ამბავი და შემაშფოთებელი სტატისტიკა
გზას სახლიდან სამსახურამდე 40 წუთი მიაქვს. 6 კილომეტრს, სოფელ ითხვისიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატამდე, 55 წლის მერაბ იაკობიძე ფეხით გადის. საერთო შესასვლელიდან მის უშუალო სამუშაო ადგილამდე კიდევ დიდი მანძილია. კლდეში ჰორიზონტალურად გაჭრილი გვირაბი 5-6 კილომეტრი სიღრმისაა და გვირაბგამყვანთა ბრიგადები იქამდე სპეციალური ვაგონებით მიჰყვათ. “იქიდანაც ვაგონებმა უნდა წამოგვიყვანოს, მაგრამ ხანდახან ისე აგვიანებს, აღარც ველოდებით, ფეხით გამოვდივართ ბოლომდე”, - ამბობს. 27 წელია აქ მუშაობს, ჭიათურის პატარიძის სახელობის მაღაროს გვირაბგამყვანია.
პატარიძის სახელობის მაღაროში 385 გვირაბგამყვანია. საერთოდ, ჭიათურის ბასეინში 7 მაღაროა და, მთლიანობაში, იქ 3500-მდე ადამიანია დასაქმებული. მუშაობა სამ ცვლაში მიმდინარეობს: პირველი დილის 9 საათზე იწყება და დღის 4 საათამდე გრძელდება, მეორე – 4-დან – 12 საათამდე, მესამე – 12-დან – დილის 7 საათამდე. “შვიდი, შვისაათნახევარი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ 8 საათი და მეტი ხანიც ვრჩებით ხანდახან”, – ამბობს მერაბ იაკობიძე, – “დღიურ განაკვეთს 100 პროცენტით თუ არ შევასრულებთ, ხელფასზე დაგვაკლდება. ისედაც ცოტას ვიღებთ და იმასაც რომ მოაკლდეს...”
ცოტა ხელფასი, ხელზე, 280, საუკეთესო შემთხვევაში 300 ლარია. ამისთვის ორმა გვირაბგამყვანმა ცვლაში 30 ტონა ქანი უნდა ააფეთქოს, მოანგრიოს, გაწმინდოს და გვირაბი გაამაგროს. სამუშაო მძიმეა. ხშირად, მუხლამდე ტალახში, დაგლეჯილი რეზინის ჩექმებითაც უწევთ მუშაობა.
მაღაროში მუშაობა მძიმეა იმის გამოც, რომ მანგანუმის წარმოება შრომის მავნე პირობებით, პროფესიული რისკის მაღალი ჯგუფებით ხასიათდება. “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშები სამუშაო დროის 51,2-79,2% განმავლობაში მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ატარებენ. ასეთ დასკვნას ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აკეთებს.
ინსტიტუტი 2007 წლიდან ახორციელებს სახელმწიფო პროექტს - “პროფესიული დაავადებების პრევენცია და მონიტორინგი”, რომლის ფარგლებშიც ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდა ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, კასპის ცემენტის ქარხანასა და “საქართველოს თამბაქოს” წარმოებაში. სპეციალური კითხვარების საშუალებით, შესწავლილ იქნა საწარმოთა ჰიგიენური მდგომარეობა, დასაქმებულების ჯანმრთელობა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქიმიური უსაფრთხოება.
“ამ სამ საწარმოში ჩატარებულმა კვლევამ ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა,” - ამბობს ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნანა ჩხაიძე, - “მიღებული შედეგის განზოგადება მთელ წარმოებებზე არ მოგვცემს სწორ სურათს, თუმცა, იმის თქმა შეიძლება, რომ, მაგალითად, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში, სადაც ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა, გამოკვლეულთა შორის გამოკვეთილია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, კანის, სასუნთქი გზების პრობლემები, პნევმონია, სმენის ნევრიტი და ა.შ. ავადობის ყველაზე მეტი შემთხვევა აქ 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღმოჩნდა, ადამიანებში, ვისი შრომითი სტაჟი 21 წელი და მეტია.”
სტაჟისა და ავადობის კორელაცია შემაშფოთებელია რეპროდუქციული თვალსაზრისითაც. კვლევის მიხედვით, “კასპიცემენტსა“ და ჭიათურმანგანუმის საწარმოებში დასაქმებულ ქალებში დაფიქსირდა: მენსტრუალური ფუნქციის დაზიანება, სპონტანური აბორტები, მკვდრადშობადობა, თაობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა. ამასთან, “კასპიცემენტში“ 25 წელზე მეტი სტაჟის მქონეებში ყველაზე მაღალი მკვდრადშობადობის მაჩვენებელია, 10 წლამდე სტაჟის მქონეებს კი, ყველაზე ხშირად უჩნდებათ მცირეწონიანი ბავშვები. ჭიათურმანგანუმის საწარმოებში ყველაზე საგანგაშო მაჩვენებლები 5 წლამდე სტაჟის მქონე ქალებს აქვთ. მათთან ყველაზე მაღალია მკვდრადშობადობისა და სპონტანური აბორტების მაჩვენებელი.
დღეისთვის გაურკვეველია, როგორია დასაქმებულთა დაავადებების დინამიკა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტო სამთო და დამამუშავებელ მრეწველობაში 15509 სუბიექტია რეგისტრირებული; მრეწველობაში დასაქმებულთა მთლიანი რიცხვი კი 80531-ს აღწევს. თუმცა, შრომის მედიცინის სისტემა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაირღვა. ოთხი წელია, რაც ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის სამსახურიც გაუქმდა, შესაბამისად, აღარ მოქმედებს ბევრი სააღრიცხვო ფორმა, რომელიც დასაქმებულთა ჯანმრთელობის დარღვევების ანალიზის ინდიკატორი იყო.
სისტემის მოშლამდე, საწარმოებში გამართულად მუშაობდა სამედიცინო პუნქტები, ტარდებოდა დასაქმებულთა გეგმიური სამედიცინო შემოწმებები, სამუშაოზე აყვანიდან დაწყებული, მთელი მუშაობის განმავლობაში. საწარმოებში არსებულ მდგომარეობას პერიოდულად ამოწმებდა სანიტარიული და ეპიდზედამხედველობის სამსახური. საბოლოოდ, ანალიზდებოდა ამ შემოწმებების შედეგად დაგროვილი დოკუმენტაცია და მუშავდებოდა შესაბამისი რეკომენდაციები, აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად.
ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეს კვლევა საქართველოში შრომის მედიცინის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას უნდა დაედოს საფუძვლად.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტი შედარების გაკეთება შეუძლებელია, ნანა ჩხაიძე ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია ჩანს. “დასაქმებულების რაოდენობამ იკლო, საწარმოების ნაწილი დახურულია, ნაწილი ისეთი დატვირთვით არ მუშაობს, ბევრგან ახალგაზრდა თაობა დასაქმდა, მაგრამ ჭიათურაში, ჩვენდა გასაოცრად, სწორედ ახალგაზრდები იყვნენ მაღალი წნევის მატარებლები,” – ამბობს იგი, - “თუმცა, ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ავადობა სუბიექტური ჩივილებით და დოკუმენტაციით, ბევრად უფრო ნაკლები გამოვიდა, ვიდრე რეალურად გამოვიკვლიეთ. ადამიანები მალავენ, რომ ავად არიან. მათ ეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ და არ ამხელენ ამას. სიღრმისეულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ავადობა ორჯერ იმაზე მეტია, ვიდრე არსებული დოკუმენტაციით ფიქსირდება.”
მერაბ იაკობიძეს მარცხენა ფეხი პროტეზირებული აქვს. ოპერაცია რამდენიმე წლის წინათ, ქუთაისში გაუკეთეს. როგორც ამბობს, ფეხის პრობლემა “მაღაროში ასეთი ჯაფისგან შეექმნა“. “აქ ბევრი ფილტვების ანთებითაც დადის სამუშაოდ,“, - ყვება იგი, - “ბიულეტინს 30 დღეზე მეტს არ იძლევიან და სამსახურს ხომ არ დაანებებს კაცი თავს?“
ამ ადამიანების შიში გასაგებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2019.5 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი იყო, დასაქმებული, მათგან – 1690.5 ათასი, უმუშევარი კი – 329.0 ათასი. უმუშევრობის დონემ, პროცენტებში, 16.3-ს მიაღწია და, წინა კვარტალთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა. იმავე სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე სოფლად, 2008 წლის მონაცემებით, 492,3 ლარია. როგორ უნდა გაანაწილოს თანხები, ვთქვათ, მერაბ იაკობიძემ, თუკი მისი ორსულიანი ოჯახის ბიუჯეტს გვირაბგამყვანის მცირე ხელფასი და დედის პენისია შეადგენს? ერთხელ სცადა სამსახურის გამოცვლა, მაგრამ ჭიათურაში არჩევანი, ფაქტობრივად, არ არის. ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა მაღაროზეა მიბმული. ამას გარდა კი, ორი საავადმყოფო, რამდენიმე სკოლა, თსუ-სა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა) და სტუ-ს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების) ფილიალები, დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი და რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს.
მოქმედი კანონმდებლობით (შრომის კოდექსის 35-ე მუხლი), დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დასაქმებულის ჯანმრთელობის დასაცავად, თუმცა, მექანიზმი, რომელიც გაარკვევდა, რამდენად ასრულებს იგი ამ ვალდებულებას, საქართველოში არ არსებობს. 2007 წლიდან აღარ მოქმედებს პროფესიული დაავადებების გამო პენსიის დანიშვნის წესიც. ამ წესის მიხედვით, პროფესიულ უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს, პენსიის სახით, სრულად, 100%-ით ენიშნებოდა ხელფასი, რომელსაც იღებდა. იმ შემთხვევაში, როცა ფაქტი შრომითი ტრავმით მიღებულ ინვალიდობას ადასტურებდა, მაქსიმალური პენსია 120 ლარს შეადგენდა. თუკი, ორივე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულს ეძლეოდა უფლება, ამ ორიდან უფრო მაღალი პენსია აერჩია.
2007 წლამდე, ვიდრე ეს წესი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 მარტის ბრძანება #48) მოქმედებდა, ამ ტიპის პენსიას დაზარალებულს ქვეყნის ბიუჯეტი უხდიდა. ახლა წარმოებები კერძო მფლობელობაში გადავიდა და არც ერთი საკანომნმდებლო აქტი არ ამბობს, პროფესიული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ვინ უნდა იხადოს დაავადებულისთვის დანიშნული პენსია. შესაბამისად, ამ საკითხების წამოწევას დაზარალებულებისთვის აზრი ეკარგება.
ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვლევამ დაადგინა კორეალცია შრომით სტაჟსა და შრომის პირობებს შორის: ავადობა სტაჟისა და ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. გამოკვლეულ საწარმოებში, განსაკუთრებით ჭიათურის მაღაროთა სამმართველოსა და “კასპიცემენტში” (თამბაქოს წარმოებაში, შედარებით ახალი დანადგარებია და ვითარებაც უკეთესია), ავადობის მაღალი დონე აღინიშნა იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც, ჰიგიენური თვალსაზრისით, შრომის არადამაკმაყოფილებელი პირობებია. ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებები, მორალურად მოძველებული, ტექნიკურად გაცვეთილი, არაჰერმეტული მანქანა-დანადგარები, სამუშაო ადგილების არასწორი ორგანიზება, სავენტილაციო სისტემების არაეფექტური მუშაობა, ზოგან მათი არარსებობაც კი – ეს ის მიზეზებია, რომელიც სამუშაო გარემოს რისკის ფაქტორების დასაშვები ნორმებიდან გადახრას განაპირობებს.
ინსტიტუტში სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ საწარმოებმა გაითვალისწინეს კვლევის შედეგად მომზადებული რეკომენდაციები, – ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში ხორციელდება სამუშაო გარემოს მავნე ფაქტორების დონეთა კონტროლი, გამაგრდა და გაიწმინდა სავენტილაციო სისტემები; “კასპიცემენტში” დაიდგა ხმაურის სპეციალური მაყუჩები, დამონტაჟდა ახალი დანადგარები, გაუქმდა 10-მდე მავნე სამუშაო ადგილი; შემუშავების პროცესშია რეკომენდაციები თამბაქოს წარმოებისთვის. ყველაფერი ეს და ყველა სხვა ღონისძიება, რომელსაც ქართველი მეწარმეები დასაქმებულების ჯანმრთელობის დასაცავად გაატარებენ, შედეგს მომავლისთვის გამოიღებს. მათი აქტიურობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პროფესიული დაავადებებისა და საწარმოო ტრავმების შედეგად, ევროპაში, ყოველწლიურად, 327 ათასი ადამიანი იღუპება. ამავე მიზეზით, ყოველ წელს იკარგება მშპ-ის 2,4%.