07:17 / 10-02-2011
რა მოხდა გიგა ნასარიძესა და შალვა რამიშვილს შორის
ყველაფერი დიდი იუმორით დაიწყო, მაგრამ ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე წელიწადში გიგა ნასარიძემ უფრო სერიოზული სფერო აირჩია. ამჟამად "საზოგადოებრივი არხის" ბორდის წევრობის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მისი პოზიცია მთავრობისადმი ძალიან ლოიალურია და პრეზიდენტის გადამეტებულ სიყვარულშიც სდებენ ბრალს. ამიტომ გიგას გამონათქვამებიც ხშირად ხდება განხილვის საგანი.
- გიგა, საუბარი თქვენი საქმიანობით დავიწყოთ...
- ამ ეტაპზე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ, მე და ჩემმა მეგობრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ხედვა - საქართველო" დავაარსეთ და ჩვენი ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა.
- რაც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ითვლება.
- დიახ, პრობლემაა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეში ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა.
- რამდენად გამოგდით და ამ კუთხით რა ნაბიჯები გადაიდგა?
- ჩვენი ორგანიზაცია აგვისტოში ჩამოყალიბდა და მხოლოდ ერთი პატარა პროექტის გაკეთება მოვასწარით. გარდაბნის რაიონის ათამდე სკოლას ვესტუმრეთ და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებზე სემინარი ჩავატარეთ, შემდეგ ისინი თბილისში ჩამოვიყვანეთ. საერთოდ, გვინდა, ეს პროექტი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ სხვა რაიონებშიც გავაგრძელოთ.
- თქვენ გარდა ვინ უდგას სათავეში ამ ორგანიზაციას?
- ჩემი მეგობრები. ჩვენ ერთმანეთი ძირითადად ინტერნეტსივრცეში გავიცანით. ფორუმ.გე-ზე, "ფეისბუქზე"... ახლა ვაპირებთ, პოლიტიკურ პარტიებს სემინარი ჩავუტაროთ.
- ოპოზიციურ პარტიებსაც?
- არა მარტო მათ. თუ გამოგვეხმაურება, სახელისუფლებო პარტიასაც. ჩვენ ძირითად თოთხმეტ პარტიას შევეხმიანებით, რომლებიც დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობენ. მათ წარმომადგენლებს შევხვდებით და ექვსდღიან მასშტაბურ სემინარს ჩავატარებთ.
- დათანხმდებიან ეს პარტიები თქვენთან თანამშრომლობას?
- არა მგონია, უარი თქვან, რადგან ამით ისინი არაფერს დაკარგავენ. პირიქით, თუ არ შეიძენენ.
- კარგი, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადავიდეთ, ადრე აკრიტიკებდნენ მაინც, ახლა ხალხს თითქოს დაავიწყდა...
- არ დაჰვიწყებიათ, უბრალოდ, "საზოგადოებრივმა არხმა" ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ კრიტიკა შენელებულიყო. ამაზე თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მეტყველებს, რაც არჩევნების დროს მოვისმინეთ. ეს იყო ყველაზე ობიექტური ტელევიზია, რომელიც არჩევნებს აშუქებდა. უამრავი პროექტი იგეგმება. მართალია, ცოტა ნელა მიდის მუშაობა, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია, ახლა რესტრუქტურიზაციაც მიმდინარეობს.
- დღეს ორი სამსახური გაქვთ და იუმორს სამუდამოდ დაემშვიდობეთ?
- ასე გამოვიდა (იცინის). იმ საქმიანობას ჩამოვშორდი, რომლითაც თავიდან ასპარეზზე გამოვჩნდი. შეიძლება, თავისი როლი ასაკმაც ითამაშა ან იმიტომაც, რომ იუმორისტულ გადაცემებსა და შოუზე ისეთი ბუმი აღარ არის.
- სად უფრო კარგად გრძნობდით თავს?
- მაშინ იქ და ახლა აქ, ეს ალბათ ასაკიდან გამომდინარეც არის. ახლა აქ უფრო კომფორტულად ვარ, თორემ შემეძლო, შოუ გამეგრძელებინა.
- აღნიშნეთ, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის სემინარების ჩატარებას აპირებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერი ბრძანდებით, თუნდაც ამ მიზეზის გამო, წამოვლენ პარტიები თანამშრომლობაზე?
- კი, ბატონო, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაც შეეხება ტრენინგებსა და თანამშრომლობას, ჩვენ ამის გაკეთებას ნეიტრალურ თემებზე ვაპირებთ და არა იმაზე, რომელი პარტია უკეთესია და ვის უნდა მივცეთ ხმა. ამიტომ არ მგონია, მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა იყოს.
- პრეზიდენტის მხარდაჭერა ვახსენეთ. ხშირად იმასაც ხუმრობენ, რომ ამის გამო არასათანადოდ ხართ დაფასებული...
- არ ვიცი, ვინ უნდა დამაფასოს. მე მგონია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ყველაფერს საკუთარი შრომით უნდა მიაღწიოს და არა ვინმემ დააფასოს, საჩუქარი გაუკეთოს ან შაჰის ხალათი მიიღოს.
- და მოგწონთ ის, რაც დღეს ქვეყანაში მთავრობის მიერ კეთდება?
- რაც კეთდება, რა თქმა უნდა, კარგია და რაც არ კეთდება - ცუდი.
- შეიძლება დაასახელოთ, რა არის ეს ცუდი?
- ცუდი რა არის? ჩემი აზრით, რეფორმების არასწორი ტემპი. უფრო მკვეთრი და სწრაფად მიმდინარე რეფორმები უნდა იყოს.
- უფრო მკაცრი ხელი გვჭირდება?
- დემოკრატიის პირობებში არ შეიძლება, მკაცრი ხელი არსებობდეს, ეს არ არის დიქტატურა, ეს არის ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება და მკაცრი ხელი მას არ მოეთხოვება (იცინის). მას მოეთხოვება, რომ კარგად დაალაგოს მენეჯმენტი და ასე თუ ისე ეს ხელისუფლება ამას ყველაზე კარგად ართმევს თავს. აქედან გამომდინარე, მხარს ვუჭერ და ვხედავ, რომ სწორი გზით მიდიან. შეიძლება, ამ სწორ გზაზე ხშირად ჩერდებიან, ხშირად უკანაც იხევენ, მაგრამ სწორი გზა აქვთ არჩეული და, ჩემი აზრით, ბოლომდე ასე მივლენ. თუ ამ გზას გადაუხვევენ, რა თქმა უნდა, მათი მხარდამჭერი აღარ ვიქნები და იმას დავუჭერ მხარს, ვინც ამ გზასთან ახლოს იქნება.
- პირადად თუ იცნობთ პრეზიდენტს?
- სამწუხაროდ, არასოდეს შევხვედრივარ.
- როგორ არ გაუჩნდა თქვენი გაცნობის სურვილი, როდესაც ასეთი მხარდამჭერი ხართ. ან თქვენ არ გქონიათ ამისი მცდელობა?
- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მექნება სურვილი, ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი, რომ შევხვდე. მაინტერესებს რას ფიქრობს, როგორია სინამდვილეში.
- თუმცა რომ მოგენდომებინათ, არ გაგიჭირდებოდათ...
- რა ვიცი, დიდად არ მიცდია. ალბათ ადამიანს, რომელიც საქმეს აკეთებს, რაღაც საქმისთვის უნდა შევხვდე. მე კი ჯერჯერობით საქმიანი წინადადების შეთავაზება არ შემიძლია. აქედან გამომდინარე, დიდად არც მიცდია. თუ სადმე შემთხვევით შემხვდება, სასიამოვნო იქნება მასთან საუბარი.
- ვისაუბრეთ, რომ მთავრობის ნებისმიერი ქმედება შეგიძლიათ გაამართლოთ. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც არ მოგწონებიათ და ამაზე ხმამაღლა გითქვამთ?
- სიმართლე გითხრათ, ხშირად ყოფილა. მე ჩემი გადაცემა "საღამოს შოუ სანდროსთან ერთად" მქონდა. რატომღაც ყოველთვის ავიწყდებათ, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომ ხშირად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებასაც. ამას ვერავინ უარყოფს, შეგიძლიათ, ჩანაწერებიც ნახოთ.
- თქვენი პოზიციის გამო, რომელზეც ხშირად ლაპარაკობთ ტელევიზიასა თუ ინტერნეტსივრცეში, არასოდეს დაგმუქრებიან?
- ამ კუთხით უფრო ინტერნეტმომხმარებელი აქტიურობს. რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან ინტერნეტი ადამიანებს ათამამებს. მოუწერიათ, სადმე დაგხვდებით, გცემთ, ამ ხელისუფლებას რომ ჩამოვაგდებთ, შენც პირველი უნდა ჩამოგაგდოთო. ერთხელ ქუჩაში ახალგაზრდა შემხვდა და მითხრა, ტელევიზით ასეთ რაღაცებს ნუ ლაპარაკობო. უბრალოდ, ავუხსენი, რომ რაც მინდოდა, იმას ვილაპარაკებდი და ასე დავშორდით.
- ამ ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში თქვენი და შალვა რამიშვილის დებატებიც ვნახეთ და თითქოს, ხუმრობას გასცდა ეს ამბავი...
- არ ვიცი, მე რაც მახსენდება, ფორუმში იყო ერთი თემა გახსნილი.
- შალვას ფეისბუქზე სტატუსი ჰქონდა, "აგერ ნახეთ, გიგა ნასარიძე რამე თანამდებობაზე თუ არ დანიშნესო".
- სამწუხაროდ, შალვა მეგობრებში არ მყავს და არ მინახავს, ამის შესახებ მეგობრისგან გავიგე. მერე ფორუმ.გე-ზე ერთ თემაში შალვას რაღაცაში არ დავეთანხმე და რატომღაც მან ეს ძალიან მტკივნეულად აღიქვა. ეტყობა, ჰგონია, რომ თუ ვინმე მის საწინააღმდეგო აზრს დააფიქსირებს, ეს მის პიროვნებას აკნინებს. მე ასე არ მგონია, უბრალოდ, მისი საწინააღმდეგო აზრი მაქვს და შევეცადე, შევკამათებოდი. თუმცა მან ეს რატომღაც შეურაცხყოფად მიიღო და თემა დემონსტრაციულად დატოვა. მერე აღარ გვისაუბრია.
- ამ თემაში იმაზეც საუბრობდით, რომ "კავკასიაზე" მასთან დებატები წააგეთ...
- ეს გადაცემა ორი კვირის წინ გავიდა და პოლიციის კლიპს ეხებოდა, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ. შალვამ ცოტა დააგვიანა და აღშფოთებული შემოვარდა, როგორ შეიძლება ამ კლიპის გამართლებაო. რომ ვუთხარი, რა არის ამ კლიპში ცუდი, იქნებ, ამიხსნა-მეთქი, ვერ აგიხსნიო.
- ნამდვილად მოგეწონათ ეს კლიპი?
- მე არ მითქვამს, რომ ეს გადასარევია, ჩვეულებრივი კლიპია. სახალისო, მშვიდი, ბავშვების მონაწილეობით. შეხედავ, გახალისდები, ბავშვები პოლიციელობანას თამაშობენ, რასაც ცხოვრებაშიც ხშირად აკეთებენ. თუ ამას კლიპად გადაიტან, საშინელება და ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველი არაფერი არ არის.
- გიგა, დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, კონცერტებზე დახარჯულ უზარმაზარ თანხებზე. ამ დროს ქვეყანაში კრიზისია და საწვავსა და პროდუქტებზე ფასი ძალიან გაიზარდა...
- მსოფლიო ტენდენციაა და ვერაფერს ვიზამთ. რაც შეეხება მომღერლების ჩამოყვანას, ეს მხოლოდ სახელმწიფოში ჩადებული ინვესტიციაა. რაც უფრო დიდი ვარსკვლავი ჩამოვა, ტურისტისთვის ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ აქ ჩამოსვლა ღირს.
- თქვენ რამდენად ესწრებით ამ კონცერტებს? ბოჩელი, კარერასი, კრის დე ბურგი...
- სამწუხაროდ, ვერც ერთ ამ კონცერტზე წასვლა ვერ მოვახერხე (იცინის).
- თქვენ არ ესწრებით და უცხოელები ჩამოვლენ მათ მოსასმენად?
- რატომაც არ უნდა ჩამოვიდნენ, მე არ მქონდა დრო. და საერთოდ, უცხოელი ამის მოსასმენად კი არ უნდა ჩამოვიდეს, მან უნდა იფიქროს, რომ ეს არ არის ევროპის რომელიღაც კუთხეში მიკუნჭული ქვეყანა, რომელსაც სულ პრობლემები და დავიდარაბა აქვს. ეს არის პირველი, რაც შეიძლება ტურისტს ენიშნოს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი ტურიზმზე ავაგოთ, რაც არ არის ცუდი, მაშინ ინვესტიციაც უნდა ჩავდოთ. უნდა ავაშენოთ ბათუმი, გავაკეთოთ სათხილამურო გზა მესტიაში და უნდა ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ეს იქნება მომავალში ჩადებული ინვესტიცია.
- ფასების ზრდაზე ვსაუბრობდით.
- გასაგებია, ბოჩელი არ ჩამოვიყვანეთ და მისი კონცერტისთვის დახარჯული თანხით... კარგით, რამდენი შეიძლება დახარჯულიყო?
- მე არ ვიცი, ამბობენ, რომ 25 მილიონი დოლარი.
- (იცინის) რაღაც არარეალურია, მასე არ მგონია, მაგრამ კარგი, ავიღოთ ეს ასტრონომიული და წარმოუდგენელი რიცხვი და 25 მილიონით როგორ უნდა შევაჩეროთ პროდუქტებზე ფასების ზრდა?
- ექსპერტების აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ბაზრის მონოპოლიზებაა...
- მონოპოლიზებური რომ იყოს, ეს 25 მილიონი მაგასაც ვერ უშველის. კონცერტი ცალკეა, ინფლაცია ცალკე, რომელიც მთელი მსოფლიოს სენი გახდა. აქ სულ სხვა რამ არის და სხვანაირი მიდგომა უნდა. მე ვუსმინე პრეზიდენტის გამოსვლის ნაწილს...
- ნაწილს ალბათ იმიტომ, რომ მაგ დროს "მაესტროს" ეთერში ბაკურ ბაკურაძეს ეპაექრებოდით.
- კი, ბატონო, რამდენად იყო პაექრობა, არ ვიცი. მან ჩათვალა, რომ უნდა ეპაექრა.
- ფაქტია, რომ თქვენი ოპონენტი გაანერვიულეთ.
- არ ვიცი, რატომღაც როდესაც მათ საწინააღმდეგო რამეს ვამბობ, ხალხი ნერვიულობს.
- დასასრულ, ორ ახალ კანონზე გკითხავთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესტორანში რუსული სიმღერა იკრძალება.
- არ ვიცი, ეს რამდენად მართალია. ჭორის სახით დადის, რომ ვიღაცები დაიბარეს და გააფრთხილეს. რადიოსა და ტელევიზიაში ადვილია, თუ გაგაღიზიანებს გადართავ, მაგრამ რაც შეეხება რესტორანს, მეც მგონია, რომ იმით არ უნდა ვერთობოდეთ, რითაც ჩვენი მტერი ერთობა.
- თქვენ აღარ უსმენთ რუსულ სიმღერებს?
- არც მანამდე ვუსმენდი. რესტორანი ცოტა უფრო სხვა დაწესებულებაა, ეს არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. კარგად გვახსოვს 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში რა ხდებოდა და ამ დროს ვიღაც მიდის და უკვეთავს "მაია მულატკა" იქნება ეს თუ "ძენ პაბედი" სულერთია, ეს უკვე შენი უფლებების შელახვაა.
- შეგიძლია, აღარ მიხვიდე იმ რესტორანში.
- გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა დავტოვო რესტორანი მეორე ადამიანის გემოვნების გამო.
- აი, წარმატებულად გაამართლეთ ეს ნაბიჯიც, კარგი იდეოლოგი იქნებოდით და ვფიქრობ, მართლა არასათანადოდ ხართ დაფასებული. მეორე კანონზეც გკითხავთ, ამ ბოლო დროს პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მანქანაში სექსუალური კონტაქტის დამყარების გამო წყვილი 400 ლარით ჯარიმდება.
- ეგ კანონი მართლა არსებობს? არ ვიცი (იცინის). ამაზე რა გითხართ, ნამდვილად არ ვიცი, რას ემსახურება და რისი პრევენციაა, ვერ გეტყვით.
- ზოგმა ისიც თქვა, სასტურმოების ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენო.
- შესაძლებელია (იცინის). უბრალოდ, საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილებზე წესრიგის დარღვევად აღიქმება. მე პირადად არ ვიქნებოდი იმის წინააღმდეგი, რომ ჩვეულებრივ, სადღაც მოფარებულში, წყვილები საკუთარ მანქანაში რასაც უნდა იმას აკეთებდნენ, ოღონდ კანონს არ არღვევდნენ.
- გიგა, იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტობისთვის გამზადებენ.-

ძალიან სასაცილოა, ოღონდ მართლა. არ ვიცი, ვინ მამზადებს, მაგრამ აშკარად მე არ მიმხელს. თუ ამ კითხვაზე სერიოზული პასუხი გნებავთ,
საქართველოში პრეზიდენტობას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი,
( ლიცემერი: Лукавит, ой, лукавит товарищ
) ზოგადად ქვეყნის მართვა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანაში ხომ ათმაგი პასუხისმგებლობა. მე მზად ნამდვილად არ ვარ ასეთი რამისთვის. უკაცრავად, რომ ასეთ სახალისო კითხვაზე ასე სერიოზულად გიპასუხეთ
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/masmedia/31938-ra-mok...l#ixzz1DXQg0acqლიცემერი :ვერაფერს გავიგე, მაგრამ გიგა რომ მიწიერი არსება არ არის, ეს კი კარგად ჩანს ამ ინტერვიუში
This post has been edited by licemer on 10 Feb 2011, 10:41
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.