New York Times - Facebook აჯანყებებში საკუთარ როლზე დუმს
12:26 19-02-2011
რატომ დუმს ცუკერბერგი? ამ კითხვას გაზეთი New York Times სვამს . ჯენიფერ პრესტონის სტატიაში საუბარია იმ როლზე, რომელიც Facebook-მა ტუნისსა და ეგვიპტეში ითამაშა. გამოცემა დაინტერესდა, რატომ არ ისარგებლა ცუკერბერგმა ამ ისტორიული მომენტით და საკუთარი ქსელი რატომ არ წარადგინა დემოკრატიული ცვლილებების ლოკომოტივად.
"Facebook" შიშობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა , ისეთი როგორიც მაგალითად სირიაა, სადაც კომპანიამ ახლახანს განიმტკიცა პოზიციები, მის გამოყენებაზე შეზღუდვებს დააწესებს. ამის შესახებ ქსელის ხელმძღვანელობა ანონიმურად საუბრობს. გარდა ამისა, ქსელს არ სურს მისი ურყევი პოლიტიკის შეცვლა, რომლის თანახმად, მომხმარებლები თავისი ნამდვილი სახელებით რეგისტრირდებიან~, - აღნიშნულია სტატიაში.
გასულ კვირას დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა Facebook-ს მოუწოდა მიიღოს სწრაფი ზომები იმ დემოკრატი აქტივისტებისა და უფლებადამცველების დასაცავად, რომლებიც ქსელის მომსახურებით სარგებლობენ. ცუკერბერგის სახელზე გაგზავნილ წერილში საუბარია ქსელის ხარვეზებზეც დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.
Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელიოტ შრეიჯმა უარი თქვა ესაუბრა მისი კომპანიის როლზე არეულობებში და იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კომპანიის საქმიანობაზე.
~ჩვენ იმის მოწმენი გავხდით, რომ ყველა ასაკის მამაკაცი გაერთიანდა საკუთარ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებებისთვის ბრძოლაში. ტექნოლოგიები მათი ძალისხმევის სერიოზული ინსტრუმენტი გახდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აქ მთავარი მათი სიმამაცე და სიმტკიცეა", - განაცხადა შრეიჯმა.
"ტუნისსა და ეგვიპტეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს Youtoobe-მ და Twitter-მა, მაგრამ ეგვიპტეში ყველაზე მეტად მაინც Facebook-ს იყენებდნენ. თავიდან სოციალურ ქსელში პოლიციის სისასტიკეზე ინფორმაციებს ცვლიდნენ, შემდეგ კი ონლაინ თანამეგობრობა შექმნეს, რომელმაც საპროტესტი გამოსვლების მობილიზაცია მოახდინა", - აღნიშნულია სტატიაში.
"ბოლო დღეებში Facebook-ში გაჩნდა გვერდები რომლებიც საპროტესტო მასების მობილიზებას ცდილობენ ალჟირში, ბაჰრეინში, მაროკოსა და სირიაში. ეს წარმოუდგენელი გამოწვევაა და ასევე უზარმაზარი შანსი Facebook-ისთვის, Twitter-ისა და Google-სთვის", - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი ეტან ცუკერმანი სტატიაში" "Facebook" აჯანყებებში საკუთარ როლზე დუმს~.
სტატიის ქართულ ვერსიას foreignpress.ge აქვეყნებს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/16...rolze-dums.html