"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ვეტერანების სოციალური დაცვის შესახებ ინიციატივებს შეიტანენ"თავისუფალი დემოკრატები" დღეს, პარლამენტში ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებს შეიტანენ.
როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინიციატივები გულისხმობს საქართველოს 5 კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებულ პირველი და მეორე ჯგუფის ვეტერანების სახელმწიფო პენსია გაუტოლდება 129 ლარს, ხოლო მესამე ჯგუფის ინვალიდებისთვის და მონაწილეობისთვის 80 ლარს.
მისივე თქმით, ინიციატივები ასევე ითვალისწინებს, რომ მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის თითოეულ დაკარგულ შვილზე დახმარება გაუტოლდეს 129 ლარს, ასევე ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრთა შვილების სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსებას და ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისა და მარჩენალდაკარგულთა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების განსაზღვრას. ინიციატივებში ასევე მითითებულია, რომ სამივე ჯგუფის ინვალიდებმა და ვეტერანებმა პენსია მიიღონ საბიუჯეტო სფეროში დასაქმების შემთხვევაშიც, ხოლო 2011 წლის მაისამდე გაეზარდოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიები.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს ომის ვეტერანების სამართლებრივ და სოციალურ დაცვას.
"ყველას კარგად გვახსოვს ვეტერანთა საპროტესტო აქციები და შეურაცხმყოფელი რეაქცია პრეზიდენტის მხრიდან. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წარმოვადგინოთ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პასუხს გასცემს ვეტარანთა პრობლემებს", - თქვა მან.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უკვე გაითვალისწინა "თავისუფალი დემორკატების" ინიციატივა სამხედრო ჰოსპიტალის დაფინანსების შესახებ და 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამისთვის 800 000 ლარი გამოყო.
"თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძრაობის ფონდი "მოლოდინი", არასამთავრობო ორგანიზაციათა და ფიზიკურ პირთა საერთაშორისო არარეგისტრირებული გაერთიანება "ქვეყნისა და ხალხისთვის" და "საქართველოს ლეგიონი".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-sheitanen.html