ინტერვიუ სოფოსთან, სმ-ს პროდიუსერთან და თაკოსთან
სკანდალი ევროვიზიის გარშემო
უცნაური ისტორიით მოცული კონკურსი და კონკურსანტები ერთმანეთს გადაემტერნენ, მაგრამ ვინ არის მათ შორის მთავარი ფიგურა? იქამდე კი გეტყვით, რომ მოარული ხმების ცნობით, ჯგუფს პროტეჟეობას სამთავრობო წრეებთან დაახლოებული მუსიკოსები უწევენ, კერძოდ კი, ჯგუფ "მწვანე ოთახის" ლიდერი აჩიკო გულედანი, თუმცა, სოლისტი, რომელმაც გაამარჯვებინა ჯგუფ "ელდრაინს" ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში – თაკო ვადაჭკორიას, შეცვლის ახალი სოლისტი – სოფო ტოროშელიძე, რომელიც, თავის მხრივ, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" "რუსთავი–2"–ის პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეც იყო და წინა ევროვიზიაზე სოფო ნიჟარაძის ბექვოკალშიც მღეროდა და კიდევ ერთი, 2009 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ჩავარდნილი პროექტის "პრინცესები" ვოკალის პედაგოგიც იყო. ამჟამად კი, სოფო ტოროშელიძე "ბასტი–ბუბუში" ვოკალის პედაგოგად მუშაობს.
– სოფო, როგორ აღმოჩნდით "ელდრაინის" სოლისტის, თაკო ვადაჭკორიას ადგილას?
– ჯგუფ "ელდრაინის" საპროდიუსერო ჯგუფი დამიკავშირდა და დამიბარეს "პირველ არხზე". არ ვიცოდი, რისთვის და რატომ მიბარებდნენ. როდესაც მივედი ტელევიზიაში, იქ გავიგე ინფორმაცია, რომ ჯგუფის სოლისტმა ხელი არ მოაწერა კონტრაქტს ანუ ვერ შეთანხმდნენ რაღაც პირობებზე და ჩემი თანხმობა იყო მხოლოდ საჭირო, რომ ჯგუფ "ელდრაინის" სოლისტი გავმხდარიყავი. ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ამ ჯგუფის სოლისტად და ჩემთვის ძალიან შოკისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი.
– ანუ გამოდის, რომ ჯგუფის წევრებმა შემოგთავაზეს სოლისტობა და მათთან ერთად ევროვიზიაზე წასვლაც?
– ჯგუფის წევრებმა და საპროდიუსერო ჯგუფმა. გადაწყვეტილება მიიღო თვითონ ჯგუფმა და სწორედ ამ ადამიანებმა ჩემი თავი შესთავაზეს ევროვიზიის პროდიუსერებს.
–
თაკოსთვის აღნიშნული კონტრაქტი და მასში აღბეჭდილი რამდენიმე პუნქტი მიუღებელი იყო. თქვენთვის რამდენად დამაკმაყოფილებელი კონტრაქტი აღმოჩნდა?
– ჩემთვის მისაღები იყო ყველანაირი პუნქტი, რადგან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ისეთი პუნქტი ვერ აღმოვაჩინე, ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი რომ ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი რა დეტალებზე ჰქონდათ თაკოსა და ჯგუფის წევრებს საუბარი, მაგრამ როგორც თაკომ ოფიციალურად განაცხადა, რაღაც თანხებზე იყო საუბარი, ანუ ის ითხოვდა რაღაც ანაზღაურებას, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ.
– რამდენწლიანი კონტრაქტი დაგიდეს?
– 3–თვიანი კონტრაქტი დამიდეს და თუ ევროვიზიის შემდეგ გავაგრძელე ჯგუფთან თანამშრომლობა, მაშინ უკვე ჩვენი კონტრაქტი გაგრძელდება.
– თქვენ ამბობთ, რომ 3–თვიან კონტრაქტს მიდებენო, მაშინ როცა თაკოს 2–წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.
– თაკო იყო ჯგუფ "ელდრაინის" ოფიციალური წევრი და ალბათ, ამიტომ დამიდეს 3–თვიანი კონტრაქტი და თუ ევროვიზიის შემდეგ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, ალბათ კონტრაქტს გამიზრდიან. – სოფო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თურმე ჯგუფის წევრებს თავიდანვე თქვენ ჰყავდით ევროვიზიისთვის გათვლილი. სად იყავით თქვენ მაშინ, როცა ბესო და "ელდრაინის" სხვა წევრები ჯგუფისთვის სოლისტს ეძებდნენ? რატომ არ დაგიკავშირდნენ თქვენ და რატომ აღმოჩნდა მაგივრად ჯგუფის სოლისტად თაკო ვადაჭკორია? გამოდის, რომ ჯგუფის თითოეულმა წევრმა თაკო ვადაჭკორია გამოიყენეს.
– სიმართლე გითხრათ, რაღაცა შემოთავაზება იყო, მაგრამ უბრალოდ ზაფხულიდან მოყოლებული ვერ მოხერხდა ჩვენი თანამშრომლობა. თან ვსწავლობ, თან ვმუშაობ და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და, ასეთი რეჟიმის გამო, ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა და დალაპარაკება. ამასობაში, თაკო გაიცნეს და ის გახდა ჯგუფის სოლისტი. სხვა დანარჩენებზე კი, ნამდვილად, ვერაფერს გეტყვით.
– იგივე სიმღერა გაგაქვთ ევროვიზიაზე, რომელიც თაკომ შეასრულა?
– რა თქმა უნდა. იგივე სიმღერას ვასრულებ, რადგან ეს იყო "ელდრაინის" სიმღერა. ეს მუსიკა ვერანაირად შეიცვლება. ყველაფერი რჩება იგივე, იცვლება მხოლოდ სოლისტი, ისიც იმიტომ, რომ თაკო და ჯგუფის პროდიუსერები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტზე.
– "პირველმა არხმა" რა თქვა, როდესაც ჯგუფის წევრებმა თაკოს მაგივრად თქვენი კანდიდატურა შესთავაზეს? თუ ევროვიზიის ორგანიზატორებისთვის არ იყო ეს ყველაფერი მოულოდნელი?
– "პირველი არხი" ჩემს კანდიდატურას, ალბათ, იმიტომ დათანხმდა, რომ, ასე თუ ისე, ცოტა გამოცდილება მაქვს ამ კონკურსზე, რადგან წინა წელს ვიყავი საბავშვო "ევროვიზიაზე" და ასევე სოფო ნიჟარაძეს წავყევი ბექვოკალისტად. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ხელმძღვანელებში დიდი გავლენა მოახდინა და იმიტომაც შეაჩერეს ჩემზე არჩევანი.
– სოფო, როგორც ჩემთან ინტერვიუში თაკო აღნიშნავს, ის ჯგუფის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ გაქვთ რამე ინფორმაცია?
– მგონი, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ასეთი რაღაც არ გამიგია, პირველად გავიგე თქვენგან.
რამდენიმე წუთის შემდეგ, სოფო ისევ დაგვიკავშირდა და აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაგვაცნო: "როდესაც 3 თვე ვახსენე, ვიგულისხმე, რომ 3 თვით გავენთავისუფლე სამსახურს და ეს რიცხვი ამერია კონტრაქტში. სინამდვილეში კი, "ელდრაინმა" ჩვეულებრივად ერთწლიანი კონტრაქტი დამიდო", – გვითხრა საუბრის ბოლოს სოფო ტოროშელიძემ. (ლოლ, ეს უმნიშვნელო დეტალი გოგონას როგორ გამოეპარა, ალ გამიბლაძდენო ეტკობა იფიქლა. აქ საინტერესო ისღა რჩება მხოლოდ, სამსახურიდან მხოლოდ 3 თვიდ დათხოვნა რატომ მოთხოვეს

)
* * *
"გუმბათი" ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საერთაშორისო პროქტების პროდიუსერ ნათია უზნაძეს დაუკავშირდა.
– ნათია, საინტერესოა რატომ იღებს ევროვიზიის კონკურსზე მონაწილეობას მომღერალი, რომელსაც საერთოდ არ მიუღია შიდა შესარჩევ ტურში მონაწილეობა? ვინ გადაწყვიტა სოფო ტოროშელიძის გაშვება?
– ეს მე არ გადამიწყვეტია.
– მაშინ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ მარტო თქვენ არ ხართ ამ შემთხვევაში, მაგრამ პასუხი მაინც გექნებათ დამაკმაყოფილებელი. "პირველმა არხმა" რა პასუხი გასცა ჯგუფის წევრებს, როდესაც ახალ სოლისტად ისეთი მომღერალი მოჰყავთ, რომელსაც საერთოდ არ მიუღია ამ პროექტში მონაწილეობა?
– ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით. შიდა შესარჩევ კონკურსზე გაიმარჯვა ჯგუფმა "ელდრაინმა". "პირველი არხი" ჯგუფის პროდიუსერებთან აფორმებს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში მე ვერანაირად ჩავერევი იმ საპროდიუსერო კომპანიასთან, რომელსაც ეკუთვნის კონკრეტული მომღერალი და ვისი სახელითაც გამოდის ეს შემსრულებელი. ეს თვითონ საპროდიუსერო კომპანიამ გადაწყვიტა. ისინი, სამწუხაროდ, ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე, ამიტომ მეორე დღეს ჩამოდიოდა ჩვენი რეჟისორი და შესაბამისად, ჯგუფი მზად უნდა ყოფილიყო, რადგან მუშაობა დაეწყო სცენოგრაფიაზე, ამიტომ საპროდიუსერო კომპანიამ თავად შეარჩია ეს კანდიდატურა და არჩევანი გააკეთეს სოფოზე.
* * *
შესარჩევ კონკურსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე თავად თაკო ვადაჭკორიასგანაც.
– თაკო, ჯგუფ "ელდრაინში" როგორ მოხვდით?
– ეს ჯგუფი არსებობდა მე რომ მივედი. ერთი წელი ეძებდნენ ვოკალისტს და ჩემი მეგობრის, დავის შუამდგომლობით მოვხვდი ამ ჯგუფში. მივედი მოსმენაზე, ვიმღერე ბიონსეს "ლისენ" და წამოვედი. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმის იმედი, რომ შემეხმიანებოდნენ, მაგრამ, დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში, დამირეკეს და მიმიღეს. ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა, რომ ავწყობილიყავით, რადგან ყოველთვის ძნელია ჯგუფის შეკრება. ჯგუფში რომ მივედი, 3 თუ 4 სიმღერა დამხვდა გამზადებული, დანარჩენ სიმღერებში მონაწილეობა მაქვს მიღებული და საავტორო უფლებები მეც მეკუთვნის, რადგან სულ ერთობლივად ვმუშაობდით. გასვლითი კონცერტები გვქონდა ერევანში, რასაც სრული ფურორი მოჰყვა და საოცრად კარგად მიგვიღო მაყურებელმა.
– იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ იმ ყველაფრის შესახებ, რაც თქვენ გარშემო ტრიალებს?
– ევროვიზიაზე მისვლის პერიოდში, ჯგუფს ჩემ მიმართ რატომღაც პრეტენზიები გაუჩნდა, ყველა წევრს არ ეხება ეს. კონკრეტულად დიჯეი ბესოსა და პროდიუსერებს. ბესოსგან წამოვიდა პრეტენზიები, ვითომ მომცეს ერთი კვირის ვადა, რომ მე რაღაცა გამეკეთებინა ანუ გაუჩნდათ ამბიციები.
– რა ამბიციები გაუჩნდათ?
– ყველამ ერთად გამოვიარეთ ეს გზა, სოლისტი თუ არ უვარგოდათ, არავინ არსად არ გაუშვებდა? ეს არის ლოგიკური. მე თუ იქამდე მივიყვანე ეს ჯგუფი, რომ ევროვიზიის შესარჩევ ტურში გავიდნენ, ესე იგი, რაღაცა შემიძლია, ჩემით გავიდნენ, სხვისით ხომ არა? უაზრო პრეტენზიები წამომიყენეს და მე ჩავთვალე, რომ თუ ერთი წელი გაკმაყოფილებდით, აქამდე მოგიყვანეთ და ახლა აღარ მოგწონთ ჩემი ნამღერი, კი ბატონო, კარგად იყავით–მეთქი და წამოვედი. მე წამოვედი ჯგუფიდან და პროდიუსერებისგან წამოვიდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხვეწნა–მუდარა, რომ ოღონდ შენ ახლა დაბრუნდი, ევროვიზიაზე მაინც გავიდეთ და მერე თუ გინდა გაწყვიტე ჩვენთან თანამშრომლობაო, შენ ხარ ჩვენი ყველაფერი, აქამდე მხოლოდ შენით მოვედითო და მთელი მუდარებით დამირეკეს. მე არ მქონდა იმის ამბიცია, რომ ჯგუფს გამოვყოფოდი, მაგრამ გინდა–არგინდა სოლისტი ყოველთვის ჩანს და ძალიან ბევრი რამეა სოლისტზე დამოკიდებული. ამ მუდარის შემდეგ, დავბრუნდი ჯგუფში, რადგან ბესოს გამო რა დააშავეს სხვა წევრებმა, ამიტომ ევროვიზიაზე გასვლა ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და ჯგუფისთვისაც.
– რაც შეეხება თქვენს უარს, რომელიც განაცხადეთ ჯგუფის მიერ დადებულ კონტრაქტზე. რას შეიცავდა ეს ხელშეკრულება?
– მომიტანეს კონტრაქტი, რომელშიც ძალიან ბევრი იურიდიულად არასწორი, არაგამართული, უშინაარსო პუნქტები იყო. თავიდანვე გავაფრთხილე ჩემი ჯგუფის წევრები და პროდიუსერები, რომ აღნიშნულ კონტრაქტს გადახედავდა ჯერ ჩემი იურისტი, რომ შემდეგ რაიმე ლაფსუსი არ მომსვლოდა. ჩემი იურისტი აქ არ იმყოფებოდა და როგორც კი ჩამოვიდა, გადაიკითხა და მითხრა იმ პუნქტების შესახებ, რომლებიც არასწორი იყო. 2–წლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, რაზეც თანახმა არ ვიყავი ანუ მინდოდა ერთწლიანი, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთს შევატყობდით როგორ ვთანამშრომლობთ, მე რა გამომივიდოდა, მათ რა გაუვიდოდათ და იმის მიხედვით გავაგრძელებდი უკვე კონტრაქტს. გარდა ამისა, მეკრძალებოდა ყველანაირი სამსახური, ჯგუფის გარეშე სიმღერა, ინდივიდუალურად მოღვაწეობა ანუ ყველანაირი ფინანსური წყარო შეწყვეტილი მქონდა ჯგუფის გარდა. იყო მხოლოდ მოთხოვნები და არა ის ვალდებულებები, თუ რა უნდა შეასრულოს პროდიუსერმა, იგივე კონცერტები, ალბომის ჩაწერა, გასტროლები და ბევრი სხვა... ევროვიზიაზე ჩემ მაგივრად სოფო ტოროშელიძე ჩასვეს, რომელიც ვიცი, რომ კარგი ვოკალისტი, ნიჭიერი გოგოა, მაგრამ არავის მოუსმენია სოფოს მიერ ნამღერი ეს სიმღერა, რომლის მისამღერიც ჩემი მოფიქრებულია. ჩემი ჯგუფი ნამდვილად არ იმსახურებს უჩემოდ ევროვიზიაზე გასვლას. მე ჩემი ჯგუფის გამო 38 მქონდა სიცხე, ლოგინში ვიწექი, ავდექი, ყველანაირი წამალი მივიღე, რაც კი არსებობდა, რადგან საშინლად მქონდა ყელი, მივედი, ვიმღერე და გავიმარჯვეთ.
– სოფოსთან თუ გქონდათ საუბარი?
– არ მქონია საუბარი და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი. არანაირი უფლება არა აქვს, რომ გამოიყენოს ეს სიმღერა. არ შეიძლება ჩემს იმპროვიზაციაზე, ჩემს მოფიქრებულ რაღაცაზე დადგეს ვიღაცა და მღეროდეს. თუ ახალი სოლისტი ჰყავთ, დადგნენ და თავიდან გააკეთონ ეს სიმღერა.
– სოფოს ადგილას როგორ მოიქცეოდით?
– მე, პირადად, ნამდვილად უარს ვიტყოდი, რადგან ყოველთვის ყველა რაღაცას წამომაძახებს. დღესდღეობით, ანტი–პიარის მეტი არაფერი აქვს ამ ჯგუფს. ყველა თვლის, რომ ეს არის უსამართლობა და, სავარაუდოდ, ყველა იმას ლაპარაკობს, რისი გაფიქრებაც არ მინდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მე მას შემდეგ გადავწყვიტე ყველაფრის თქმა, რაც ფორუმზე ვნახე, თუ რა ამბავი იყო. ცოტა უხერხული მომენტია, როდესაც ხალხი შენთვის იბრძვის და შენ ჩუმად ხარ.
– სასამართლოში ჩივილს აპირებთ?
– რა თქმა უნდა. თუ ამას გამოხმაურება არ მოჰყვა, აუცილებლად ვუჩივლებ. ალბათ, სინდისი ეყოფათ და ჯგუფი წასვლაზე უარს იტყვის. სოფოსაც არანაირი უფლება არ აქვს, რომ ევროვიზიაზე გავიდეს, რადგან მას არ მიუღია შიდა შესარჩევ ტურში მონაწილეობა. არ ვაპირებდი ჩივილს, მაგრამ მე ჯგუფიდანაც ვერ ვიგრძენი მხარდაჭერა, რაზეც ძალიან გული მეტკინა და მეტი არაფერი.
– ჯგუფის წევრებმა გამოგიყენეს?
– ასე გამოდის. ძალიან ცუდი რამ მოხდა. საერთოდ, ერთი დადებითი თვისება მაქვს, ძალიან წყნარი ვარ, მაგრამ თუ გავბრაზდი... საშინლად ვერ ვიტან უსამართლობას.
– გული გწყდებათ?
– ამ სფეროში იმდენად მიჩვეული ვარ იმედგაცრუებებს, ის უფრო მიკვირდა, რომ მივდიოდი, ვიდრე ის, რომ არ მივდივარ. გული მწყდება ერთ რაღაცაზე: ძალიან დიდ უსამართლობას წავაწყდი და ეს დამანახა ხალხმა, ამიტომ არ დავუშვებ იმ ფაქტს, რომ ჯგუფი ჩემ გარეშე წავიდეს ევროვიზიაზე.
– როგორ აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
– სავარაუდოდ, საზღვარგარეთ წავალ და ყველაფერს ნულიდან დავიწყებ. იქ ვსინჯავ საკუთარ შესაძლებლობებს და მერე, იმედია, საქართველოშიც გამიმართლებს.
გიორგი საკარული
http://sana.ge/address/news/cat/15/id/1305...რშემო This post has been edited by viegel on 25 Mar 2011, 00:00