anichqaქვემოთ ნახე რა კარგადაა განმარტებული იმ ძვირფასი ხელშეკრულების მუხლები თაკოსგან

ხო და ახლა ან დადონ საპირისპირო მტკიცებულება, თუ ვერა და მაშინ მოკეტონ სამუდამოდ რა! ჭორიკანაობა ბებოსთან, სოფლის ბირჟაზე გამართონ.
ახლა მაინც დადეთ ის მისტიური ვიდეო და ნათელი მოვფინოთ სიმართლეს, რომელიც ძალით უნდათ გაურკვეველი დარჩეს.
ესეც ინტერვიუ სამივე მხარესთან:
( ოღონდ ეს ''ევროვიზიის'' პროდიუსერი, ქალბატონი ნათია უზნაძე რას ბჟუტურებს პირველ წინადადებაში, კარგი იქნება თუ ვინმე განმიმარტავს.)
გამარჯვებული ჯგუფის სოლისტი კონკურსგარეშე დატოვეს''წლევანდელი ევროვიზიისთვის მზადება საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც, ტრადიციულად, შიდა შესარჩევ ტურს ატარებს საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად, კითხვის ნიშნებითა და მოულოდნელი გადახვევებით წარიმართა. მაგალითად, უკანასკნელ მომენტში ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს თაკო გაჩეჩილაძემ (ავადმყოფობის მიზეზით) და ქეთი ორჯონიკიძემ, რომელმაც გაარკვია, რომ გამარჯვების შემთხვევაში გერმანიაში გასამგზავრებლად საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ მგზავრობის თანხას გადაუხდიდა, დანარჩენზე კი თავად უნდა ეზრუნა. ტურში გამარჯვება საბოლოოდ სრულიად უცნობ ჯგუფ "ელდრაინს" ერგო, რომელიც თავადაც არ ელოდა ასეთ შედეგს...
"სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯგუფის წევრები ყვებოდნენ, თუ რამდენი ეძებეს სოლისტი, სანამ თაკო ვადაჭკორიას შეხვდებოდნენ, რომელმაც ჯგუფს გამარჯვება მოაპოვებინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა, თაკო ვადაჭკორიას ნაცვლად გერმანიაში ევროვიზიის კონკურსზე სოფო ტოროშელიძე გაემგზავრებაო. სოფო ტოროშელიძეს ქართველი მაყურებელი პროექტ "ვარსკვლავების აკადემიიდან" იცნობს. "თამაშგარე" დარჩენილი თაკო ვადაჭკორია კი სასამართლოში ჩივის.
რა გახდა გაუგებრობის მიზეზი და რატომ ჩამოართვეს თაკო ვადაჭკორიას გამარჯვებულის სტატუსი, ამ და სხვა დეტალებში გარკვევას "სარკე" შეეცადა.
ნათია უზნაძე, "ევროვიზიის" პროდიუსერი: – როცა ჯგუფი იმარჯვებს, ევროვიზიაში მონაწილე 43–ვე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი
კონკურსის ორგანიზატორებთან აფორმებს ხელშეკრულებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელსაც ეს ჯგუფი ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე უნდა წარედგინა. ეს არის საპროდიუსერო კომპანია
"ტიტანი". როცა მათთან ხელშეკრულების გაფორმება მოვითხოვეთ, თაკო ვადაჭკორიამ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ეს მაშინ, როცა ჯგუფის ხუთივე წევრს ხელი ჰქონდა მოწერილი. მას იქ გათვალისწინებული რამდენიმე მუხლი არ მოეწონა. თაკოს ცოტა ხანია ვიცნობ და მის მიმართ საკმაოდ დადებითად განვეწყვე, მაგრამ თვითონ ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთში და ჩვენ ეს საკითხი საერთოდ არ გვეხება. აღმოჩნდა, რომ ჯგუფი სოლისტის გარეშე დარჩა, ამიტომ რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მერე კი ჯგუფმა არჩევანი სოფო ტოროშელიძეზე შეაჩერა. ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და ეს საკითხი მთლიანად საპროდიუსერო კომპანიის გადასაწყვეტი იყო.
– ის, რომ ხალხმა თაკოს დაუმესიჯა და გამარჯვება სწორედ მან მოიპოვა და არა სოფო ტოროშელიძემ, არაფერს ნიშნავს? – ხალხმა თაკოს კი არა, ჯგუფს მისცა ხმა.
– თუმცა ჯგუფის სოლისტი ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. – დიახ, მაგრამ არ მოაწერა კონტრაქტს ხელი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ დავაში ჩავერთოთ.
– მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ თურმე გერმანიაში გასამგზავრებლად მხოლოდ მგზავრობის თანხა ანაზღაურდებოდა, დანარჩენი კი მათ უნდა გადაეხადათ. – საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიაზე მომღერლის და ჯგუფის მგზავრობის და იქ ცხოვრების თანხებს ანაზღაურებს. დანარჩენ საკითხებში ფინანსების მოძიებაში ვართ. იქ ტურნეებს სთავაზობენ და კიდევ სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, რისი თანხებიც ჩვენს ტელევიზიას გათვალისწინებული არ აქვს. ახლა ჩვენც და "ელდრაინიც" ერთად ვეძებთ სპონსორებს.
* * *
ევროვიზიის მიღმა დარჩენილი თაკო ვადაჭკორია სამუშაოს გარეშეც არის დარჩენილი. კონკურსის შემდეგ ჯგუფის პროდიუსერებმა მოსთხოვეს, იმ კლუბიდან წამოსულიყო, სადაც მღეროდა და შემოსავლის ძირითად წყაროს იღებდა. ახლა კი, როცა ჯგუფთანაც უთანხმოება მოუვიდა, აღარც ძველ სამსახურში დახვდა ადგილი.
– თაკო, რა მოხდა, რა არ გაწყობდათ კონტრაქტში? – ჩვენი ჯგუფის პროდიუსერებთან მანამდეც მქონდა ნანახი კონტრაქტი, რომელიც იურიდიულად გამართული არ იყო. ზოგიერთი მუხლი სასაცილოც კი გახლდათ. მაგალითად, ერთ მუხლში ეწერა, რომ არ უნდა გავთხოვილიყავი, არადა უკვე გათხოვილი ვარ. ახლა კიდევ რომ მომთხოვეს, კონტრაქტზე მომეწერა ხელი, ვთხოვე, რამდენიმე პუნქტი შეეცვალათ. ორწლიანის მაგივრად, ერთწლიანი კონტრაქტი ვითხოვე. ვნახავ, როგორ გამოგვივა ერთწლიანი მუშაობა და გრძელვადიანი ხელშეკრულება მერე დავდოთ–მეთქი. ერთი პუნქტი ითვალისწინებდა იმას, რომ ნებისმიერ სხვა ადგილას სამსახური მეკრძალებოდა, რეკლამასა თუ კონცერტზე მონაწილეობის უფლება არ მქონდა, ანუ მთელი ორი წელი მხოლოდ ამ ჯგუფზე უნდა ვყოფილიყავი დამოკიდებული. ასევე განსაზღვრული იყო პროცენტული თანხა, რომელიც ყველა ჯგუფის წევრზე ერთნაირად უნდა განაწილებულიყო. ესეც აბსურდია, რადგან ნებისმიერ ჯგუფში სოლისტს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე სხვა წევრს. ამაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ საერთოდ გამოვუშვებდით თუ არა ალბომს, გვექნებოდა თუ არა კონცერტები და მექნებოდა თუ არა რაიმე შემოსავალი, საერთოდ არ იყო მითითებული. ჩემი ჰონორარის საკითხი საერთოდ დადგებოდა თუ არა, არავინ იცოდა.
ევროვიზიის გამო სამსახური დავკარგე. კონკურსამდე ერთ–ერთ კლუბში ვმღეროდი და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც მქონდა. პროდიუსერებმა მითხრეს, შენი პრესტიჟის ამბავიცაა, რომ იქ არ იმღერო და ამისთვის არც დრო გექნებაო. მეც ავდექი და სამსახური მივატოვე. როცა კონტრაქტი ჩამეშალა, უკან დაბრუნება ვითხოვე, მაგრამ აღარ მიმიღეს. როცა სამსახური დავტოვე და მივხვდი, რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ვრჩებოდი, პროდიუსერებს ვთხოვე, იქნებ მინიმალური ჰონორარი მაინც დამინიშნოთ, რომ ჩემს თავს მივხედო–მეთქი. 500 ლარზე იყო ლაპარაკი, რომ უბრალოდ ფორმაში ვყოფილიყავი და სალონში სიარულის შესაძლებლობა მქონოდა. ეს ისევ ჯგუფისთვის იქნებოდა კარგი. თავიდან 500–ს კი არა, 2000 ლარს მპირდებოდნენ. მეორე დღეს კატეგორიულად მომთხოვეს ხელის მოწერა. ერთი წელი ჩამოაკლეს, მაგრამ ჰონორარის საკითხი ხელშეკრულებაში ისევ არ ეწერა. მხოლოდ გზის ხარჯების ანაზღაურებაზე იყო საუბარი და ჩემს იურისტს რომ ვაჩვენე, ვერ მიხვდა, აზრი ვერ გამოიტანა, ისეთი გაუმართავი ტექსტი იყო. ბოლოს ვუთხარი, იქნებ მე ვერ გიხსნით, ამიტომ ჩემს იურისტს მოვიყვან და ის გაგარკვევთ, რას ვითხოვ–მეთქი. ეს ამბავი არ მოეწონათ და პროდიუსერმა ყვირილით დამირეკა.
ეს ამბავი "პირველი არხის" ყურამდე მიიტანეს და იქ დამიბარეს. რომ წავედი, თან ადვოკატიც წავიყვანე. ორი საათი იფიქრეს იმაზე, რომ გათხოვილ ქალზე "არ გათხოვდეს" მაგივრად "არ დაორსულდეს" ჩაეწერათ. სასაცილო სიტუაცია იყო, ბოლოს დაგვთანხმდნენ, რომ "არ დაორსულდეს" ჩაეწერათ.
იცით, კიდევ რა იდო კონტრაქტში? თუ მათი თანხმობით რომელიმე რეკლამაში მივიღებდი მონაწილეობას, რა თანხაც შემოვიდოდა, მთელ ჯგუფზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. ვიკითხე, თუ მარტო მე გადამიღებენ, რატომ უნდა გავუყო მთელ ჯგუფს–მეთქი. მიპასუხეს, კარგი, მარტო შენ აიღებო, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერად თქვეს. მათი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ჩემი პირობების პუნქტი საერთოდ არ არსებობდა. რომ ვიკითხე, მექნება თუ არა რაიმე შემოსავლის წყარო–მეთქი, მიპასუხეს, ვერაფერს შეგპირდებით და ვერც იმედს მოგცემთ, ის ფულიც ამოსაღები გვაქვს, რასაც ჩავდებთ და ისედაც დიდი რისკის წინაშე ვდგავართო. კი, კარგია ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ ერთი წელი უნდა ვიყო შენი მონა და სანაცვლოდ არაფერს მპირდები?! ასეთი რამ არსად ხდება. ბოლოს ისიც კი შევთავაზე, რადგან "პირველი არხი" გაჩქარებთ, ევროვიზიამდე არაფერს გთხოვთ, როგორმე გავიტან თავს, მაგრამ, მოდით, ეს მახინჯი კონტრაქტი სამი თვით გავაფორმოთ, მოვიაროთ ევროვიზია და, თუ მექნება სურვილი, ნორმალური კონტრაქტი მერე გავაფორმოთ–მეთქი. ამაზეც უარი მივიღე.
ჩემი ასეთი პოზიცია რომ დაინახეს, "პირველი არხის" წარმომადგენლებმა მითხრეს, "ელდრაინი" შენ გარეშეც წავა ევროვიზიაზე, პრობლემა არ არისო.
ვფიქრობ, ჩემს შეცვლას თავიდანვე ფიქრობდნენ, თორემ ჯგუფი ამხელა რისკზე არ წავიდოდა. ორი კვირის წინ თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში ჯგუფის ბიჭები თავად ყვებოდნენ, რამდენ ხანს მეძებდნენ. ერთი წელი თუ მეძებდნენ და ძლივს მიპოვეს, ერთ დღეში ჩემი შემცვლელი როგორ ნახეს, ეს ამბავი ძალიან მაეჭვებს. ევროვიზიის კონკურსამდეც მქონდა პროდიუსერთან კონფლიქტი. ერთი პერიოდი წამოვედი კიდეც და მათი დიდი ხვეწრა–მუდარის შემდეგ დავბრუნდი. მითხრეს, ოღონდ ახლა არ მიგვატოვო, ევროვიზიაზე გავიდეთ და თუ გინდა, მერე წადიო. ბოლოს მაინც გარეთ დავრჩი.
– თქვენი აზრით, რატომ დასჭირდათ ასეთი აურზაურის მოწყობა? – არ ვიცი. სრულიად მარტივი გამოსავალი იყო, რომ ეს კონტრაქტი სამი თვით გაფორმებულიყო ან ჩემთვის თვეში მინიმალური, 500 ლარი გადაეხადათ, მაგრამ პრინციპულად არ დათმეს. ბოლოს გამოვიდა ისე, რომ მათ ფული ჰქონდათ ამოსაღები და ეს ჩემით უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მე არაფერს მპირდებოდნენ. ჯგუფი კონკურსზე გავიყვანე და ახლა უჩემოდ უნდათ, რომ ყველაფერი გააკეთონ. ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, მაგრამ ინტერნეტფორუმებზე ერთი ამბავი ატყდა. ეს რომ არა, ისე მიიჩქმალებოდა ეს ამბავი, როგორც ბევრ რამეს მალავენ. თავიდან ჯგუფში რომ მივედი, სამი–ოთხი სიმღერა დამხვდა გამზადებული. დანარჩენ სიმღერებში ყველგან დევს რაღაც ჩემი – ჩემი იმპროვიზაციები, ჩემი მოგონილი რაღაც ნაწილი, ანუ ამ სიმღერებზე საავტორო უფლებებიც გამაჩნია და არ მინდა, სხვამ იმღეროს. მით უმეტეს, გამარჯვებული სიმღერის მისამღერში დიდი წვლილი მიმიძღვის.
– სოფო ტოროშელიძემ იმავე კონტრაქტს მოაწერა ხელი? – არ ვიცი. შარშანდელ ევროვიზიაზე სოფო ტოროშელიძე სოფო ნიჟარაძის ბექებში მღეროდა. "ბასტი–ბუბუსთანაც" აქვს შეხება და საბავშვო ევროვიზიასთანაც, იქ ვოკალის პედაგოგია. ერთი სიტყვით, "პირველ არხთან" ტრიალებს და ისინიც შორს არ წასულან. სხვა ნებისმიერი კონკურსანტი, რომელმაც შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა, უფრო მეტადაა ღირსი, ევროვიზიაზე წავიდეს, ვიდრე ჩემი ჯგუფი. არც ერთი ჯგუფის წევრს არ დაურეკავს და გულისწყრომის მომენტიც კი არ გამოუხატავს. თითქოს არც ვარსებობდი, ყველაფერი ისე გაატარეს.
– გული არ გწყდებათ, რომ ევროვიზიაზე წასვლის შანსს კარგავთ? – ამ სფეროში იმდენი გულისტკენა შემხვდა, ის უფრო მიკვირდა, რომ მივდიოდი, ვიდრე ის, რომ აღარ მივდივარ. მსგავს რაღაცეებს მიჩვეული ვარ. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ იმ ადამიანებთან ერთად ყველანაირი კრიზისი და გაჭირვება გადავიტანე, არ მივატოვე, აქამდე მოვიყვანე და ახლა მარტივად მომისროლეს. ჩემით მოპოვებული გამარჯვებით კი სხვა ტკბება.
ჯერჯერობით პრესის საშუალებით მინდა, მათ რამე გავაგებინო. თუ არაფერი გამომივიდა, სასამართლომდე მივალ, რადგან არ მინდა, ჩემი მოპოვებული გამარჯვებით სხვამ იზეიმოს. სამწუხაროდ, საქართველოში საავტორო უფლებებზე ლაპარაკი უაზრობაა, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ მე ვიმღერე და ჯგუფს გამარჯვება მოვაპოვებინე. მე ხომ გიტარისტი არ ვარ, ვოკალისტი გახლავართ. ამიტომ არ აქვთ უფლება, სხვა წაიყვანონ. როგორ მღერის ამ სიმღერას, მოსახლეობამ იცის? მას მისცეს ხმა? თანახმა ვიქნები, რომ გავიდეს ნებისმიერი შიდა შესარჩევი ტურის მონაწილე, მაგრამ არა – "ელდრაინი".
– სამსახურს უკვე ეძებთ? – კი და, ღვთის წყალობით, ალბათ რაღაც გამოჩნდება.
– ოჯახის წევრები რას გეუბნებიან? – ჩემი მეუღლე ძალიან ნერვიულობს. ჩემ გვერდით იყო, როცა პროდიუსერმა დამირეკა და მიყვირა, რას ჰქვია, კონტრაქტზე ხელს არ მიწერო. მაქსიმალურად შეიკავა თავი, რომ რამე არ მომხდარიყო. ჩემი ოჯახის წევრებიდან ყველა განაწყენებულია. ფეისბუქზე ერთი ამბავია ატეხილი, ესემეს–ებს მწერენ, რომ უსამართლოდ მექცევიან. ვფიქრობ, შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა ჯგუფიდან წავედი და ისევ მივბრუნდი. მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რაც ხდებოდა.
* * *
"ელდრაინის" პროდიუსერები ძმები რომა და სერგი სულაძეები არიან. რომა ამბობს, რომ სოფო ტოროშელიძეს კარგად იცნობდნენ და ამიტომ თაკოს შეცვლა არ გასჭირვებიათ. ხელშეკრულების პირობებზე კი მან საუბარი არ ისურვა და მათი საიდუმლოდ შენახვა ამჯობინა.
რომა სულაძე: – ჯგუფის ყველა წევრთან ერთნაირი კონტრაქტი გავაფორმეთ. თაკომ რამდენიმე პუნქტის შეცვლა შემოგვთავაზა და შევუცვალეთ კიდეც. ბოლოს, როცა ყველაფერი რიგზე იყო, კიდევ მოითხოვა, სხვა პუნქტები შეგვეცვალა. ისეთ პუნქტებზე იყო საუბარი, რომელსაც ვერ გადავაკეთებდით.
– მაგალითად, რას ვერ გადააკეთებდით? არ მინდა მაგის თქმა.
– თურმე არანაირ გარანტიას არ აძლევდით, რომ რაიმე შემოსავალი ექნებოდა და არც სხვაგან მუშაობის უფლება ჰქონდა. – ჩემს ინტერესებში ის უფრო შედის, ჯგუფის წევრებს იმდენი გადავუხადო, რომ სხვაგან არ გაიხედონ, ვიდრე არ გადავუხადო. უბრალოდ კონკრეტულ თანხას ვერ დავუწერდი, თუ რამდენის გადახდა შემეძლო. ერთი პუნქტი მინიმალურ ანაზღაურებაზე იყო. უნდოდა, თავისებური სიტყვებით დაეწერა. არადა ეს კონტრაქტი იურისტის შედგენილია და სრულიად გამართულია. სხვაგან მუშაობის უფლება კი იმიტომ არ აქვს, რომ რეპეტიციებისთვის დიდი დრო დასჭირდება. ეს უნდა ყოფილიყო მისთვის სამუშაო ადგილი. მე რაც მეტს გადავუხდიდი, ის უფრო მინდოდა.
– სოფო ტოროშელიძემ იმავე კონტრაქტს მოაწერა ხელი თუ შეიცვალა მისთვის რამე? – არაფერი შეცვლილა, ზუსტად ამას მოაწერა ხელი.
– თურმე წლები ეძებდით სოლისტს და ძლივს იპოვეთ თაკო... – ჩვენს ჯგუფს სოფოსთანაც უმუშავია. უბრალოდ მასთან სხვანაირი პროექტის გაკეთება გვინდოდა. ვიცოდით, სოფოს ამ სტილშიც შეეძლო თავისუფლად ემუშავა, ამიტომ გადავწყვიტეთ, თაკო სოფოთი ჩაგვენაცვლებინა. ამ შემთხვევაში ჯგუფმა გაიმარჯვა და არა – თაკომ. თავის საქმეს ყველა კარგად აკეთებდა და კონკრეტულ პიროვნებას არ გაუმარჯვია.
– თაკო ვადაჭკორია სასამართლოში ჩივილს აპირებს. – ეს მისი გადასაწყვეტია. საქართველოს მოსახლეობა თავად ნახავს, სოფო როგორ იმღერებს. ''
წყარო:
http://sana.ge/?katid=15&id=11736&poz=ML15&more