http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3643ცუნამს შეწირულები და გადარჩენილები10:49 14.03.2011
[ლაშა ბერულავა]
სამოცი წლის იაპონელი მამაკაცი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ, იაპონიისა და მთელი მსოფლიოს ყურადღებისა და აღტაცების საგანი გახდება: ფუკუსიმას პრეფექტურის მკვიდრი, ჰირომიცუ სინკავამ ნაპირიდან 15 კმ-ის დაშორებით, შუა ოკეანეში მოტივტივე საკუთარი სახლის სახურავზე ორი დღე გაატარა. დღეს იგი სამხედრო ხომალდიდან შენიშნეს და ბორტზე აიყვანეს.
ქალაქ მინამისომაში მცხოვრები სინკავა სახლიდან გასული იყო, როცა ცუნამის მოახლოების მანიშნებელი სიგნალი გაიგონა და შინ ცოლთან ერთად დაბრუნდა, რათა ნივთები შეეგროვებინა და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო, თუმცა, ცუნამის ზონიდან გასვლა ვერ მოასწრო - ტალღამ მისი სახლი ოკეანეში გაიტაცა.
სინკავამ სახლის სახურავზე ასვლა მოასწრო, ხოლო მისი ცოლი ტალღამ ოკეანეში გადაისროლა და ქმარმა მისი შველა ვერ მოახერხა. იაპონელი მამაკაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლის სახურავიდან არ ჩამოსულა და სახლთან ერთად ოკეანეში დრეიფობდა.
ეს ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ერთ-ერთმა იაპონურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
ჰირომიცუ სინკავა კვირას სრულიად შემთხვევით შენიშნა იაპონიის ფლოტის სამხედრო ხომალდ „ჩოკაის“ ეკიპაჟმა. ეს ხომალდი მრავალფუნქციური სამხედრო სისტენა „იჯისითაა“ აჭურვილი, რამაც ოკეანეში მოდრეიფე სახლის პოვნა გაადვილა. იაპონელი მამაკაცი სახლის სახურავზე იდგა და შორს გამოჩენილი ხომალდის ეკიპაჟის დასანახად ხელებს იქნევდა, თან ტანსაცმელს აფრიალებდა და ყვიროდა.
იაპონური გაზეთის, „მაინიტის“ ცნობით, სამხედრო ხომალდიდან აფრენილმა ვერტმფრენმა სტიქიას სასწაულებრივად გადარჩენილი სინკავა ქალაქ სომას საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს მარცხენა ხელის მსუბუქი მოტეხილობა და სახის დაზიანებები აღენიშნება, მთლიანობაში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სინკავა ერთადერთი არ ყოფილა, ვისი გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა, მისი თავგადასავალი ყველაზე მეტად ხიფათიანი და, ერთი შეხედვით, კურიოზულიც აღმოჩნდა. საერთო ჯამში, მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მაშველებმა 3 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის არიან ნანგრევებქვეშ მოყოლილებიც და ისინიც, ვინც საკუთარ ქალაქში წყლის დონის მომატების შემდეგ მრავალსართულიანი შენობების სახურავზე ავიდნენ. ძირითადად, სწორედ მათი გადარჩენა მოხერხდა, ვინც პანიკას არ წამოეგო და ცუნამის მოახლოების შესახებ სიგნალის მიღებისთანავე თანმიმდევრულად დაიწყეს იმ წესების შესრულება, რომლებსაც ტელევიზიით ყოველდღე გადმოსცემდნენ და რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება სეისმურ ზონაში მცხოვრებ იაპონელებს ყოველდღე თუ არა, თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ უხსნიდა.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი შემთხვევა იმდენად მძიმე იყო, რომ არანაირი წესების დაცვა არ იძლეოდა ცოცხლად გადარჩენის გარანტიას. 60 წლის, საკუთარი სახლის სახურავზე თითქმის სამი დღის განმავლობაში მოდრეიფე სინკავას მსგავსად გაუმართლა იმ ოთხმოცამდე მგზავრს, რომლებიც ცუნამის მომენტში ერთ-ერთ გემზე იმყოფებოდნენ და ტალღებმა ღია ოკეანეში გაიტაცეს.
ცნობილია, რომ ცუნამის მთავარი ტალღის გადავლის შემდეგ ზღვაში ყოფნა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხმელეთზე, რომელსაც უზარმაზარი ტალღები წალეკვით ემუქრება. გემი ოთხმოცი მგზავრით, საბედნიეროდ, არ ჩაძირულა, როცა უზარმაზარმა ტალღებმა ოკეანეს გადაუარა, თუმცა, რამდენიმე ადამიანი წყალში გადააგდო. ამის შემდეგ გემი ოკეანის ტალღებზე ტივტივებდა, თუმცა საშინელი ხილვადობის გამო ეკიპაჟი გზის გაგნებას ვერ ახერხებდა. ცუნამის შეტევიდან მესამე დღეს გემი საჰაერო მაშველებმა აღმოაჩინეს და მგზავრები გადაარჩინეს.
ცუნამს გადარჩენილებსა და გამოსწრებულებს, ნებით თუ იძულებით ევაკუირებულებს, დიდსა თუ პატარას - იმ მასას, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიიდან ქვეყნის სიღრმისკენ დაიძრა, მალე ახალი საფრთხე დაემუქრა - მაღაზიის დახლები დაცარიელდა. როგორც ცნობილია, იაპონიის მთავრობამ სპეციალური ბრძანებულება აამოქმედა, რომლის მიხედვითაც მაღაზიებში სურსათის, პირველი მოთხოვნილების საქონლის, მტკნარი წყლისა და ბავშვთა კვების პროდუქტების საყიდლად ფულის გადახდა აუცილებელი არ არის: საკმარისია, მაღაზიაში შესულმა მოქალაქემ ხელი მოაწეროს საყიდლების სიას, რომ ნებისმიერი გამყიდველი მის პირად მონაცემებს ჩაიწერს და პროდუქტებს გაატანს, მაღაზიას კი ზარალს მოგვიანებით სახელმწიფო უნაზღაურებს.
ამ ბრძანებულების ამოქმედებისა და იმის მიუხედავად, რომ არცერთ ევაკუირებულ, სტიქიის ზონიდან ლტოლვილ იაპონელს მაღაზიებიდან არ აუღია არაფერი იმაზე მეტი, რაც აუცილებლად სჭირდებოდა, სასმელი წყლისა და პროდუქტების დეფიციტი მაინც შეიქმნა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მიიაგის პრეფექტურაში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა.
ამ პრეფექტურაში არ არის ელექტროენერგია, გასაგები მიზეზების გამო შეწყვეტილია ბუნებრივი აირის მიწოდება და მწყობრიდანაა გამოსული წყალსაქაჩი სისტემები, რამაც პრობლემები შექმნა მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებაში. ამის მიუხედავად, არც პანიკისა და არც მაროდიორობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. იმ მაღაზიებში, რომლებიც დამატებით გაიხსნა, იაპონელები მშვიდად, საათობით დგანან რიგებში და მაღაზიიდან თითო კაცს თითო ბოთლ სასმელ წყალს, ტუალეტის ქაღალდსა და პირველი მოხმარების სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს აწვდიან.
და ეს მაშინ, როცა ამ მაღაზიიდან ოდნავ დაშორებით დგას სუპერმარკეტი, რომლის ვიტრინები მიწისძვრამ ჩაამსხვრია. სუპერმარკეტის მეპატრონეები და გამყიდველები სტიქიის შემოტევიდან პირველ საათებშივე გავიდნენ ქალაქიდან, ასე რომ სუპერმარკეტი უმოქმედოა.
„სავაჭრო დაწესებულებაში არის ბანკომატი, დახლები კი სხვადასხვა დასახელების პროდუქტითაა სავსე - წაიღე, რაც სულსა და გულს გაუხარდება... მაგრამ ამის გაკეთება არავის მოსდის აზრადაც კი. ძალიან ორგანიზებული და კანონმორჩილი ერია“, - უთხრა „რია-ნოვოსტის“ იაპონიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა რუსმა სტუდენტმა.
მისივე თქმით, პრეფექტურაში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი: ისინი ვინც საწვავით ამარაგებენ მხოლოდ მაშველთა, ძალოვანი სტრუქტურებისა და ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავ ტრანსპორტს და მეორე ნაწილი, რომელიც საწვავს მოსახლეობაზე ჰყიდის: 20 ლიტრს თითოეულ მანქანაზე.
რაც შეეხება გარდაცვლილებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, მათ შესახებ მონაცემები დღის განმავლობაში ხშირად იცვლებოდა, საღამოს არსებული ინფორმაციით კი იაპონიის ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა 1, 4 ათასი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ბევრად მეტი, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა-1“-ის მესამე რეაქტორზე კიდევ ერთი აფეთქების საშიშროების შესახებ, თუმცა, საბედნიეროდ, იაპონელმა სპეციალისტებმა საფრთხის განეიტრალება შეძლეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრად გაუარესებულია რადიაციული ფონი, მაგრამ არა იმდენად, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე დამანგრეველი გავლენა იქონიოს. ატომური ელექტროსადგურიდან 30 კმ-ს მანძილზე (ევაკუაციის ზონა დღეს 20-დან 30 კმ-დე გაიზარდა) მოსახლეობა ევაკუირებულია. საერთო ჯამში, მთელი იაპონიის მასშტაბით, 310-დან 390 ათას ადამიანამდეა ევაკუირებული.