აი გული მოიფხანეთ ცოტა:

მაია საოცრებათა ქვეყანაში
მაია (maya ”ჯადო”) - ინდუისტური უძველესი ქალღმერთის - დევის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც შემდგომში, ინდუისტურ ფილოსოფიაში, ამქვეყნიურ ბუნებასთან და მის მიერ არსებათა სულების მოჯადოებასთან გაიგივდა.
***
კარზე გაბმული ბრახუნი ატყდა. გავაღე თუ არა, ბუბიკა შემოვარდა და მისაღებ ოთახში, წრეზე დაიწყო სიარული.
- გაგიმართლა, რა! დღეს დამასწარი. _ სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
ბუბიკა ჩემი ერთადერთი მეზობელი იყო, რომელთანაც მთელი სამი რამ მაკავშირებდა:
პირველი იყო კინო. ბუბიკა კინოთეატრ "რუსთაველში", "pupl fiction"-ის ჩვენებაზე ვნახე. მე და ჩემი თანამშრომლები ბოლო რიგში ვისხედით და დაახლოებით 30-ჯერ ნანახ ფილმს სიამოვნებით ვუყურებდი. ბუბიკა პირველ რიგში იჯდა და ყველა პერსონაჟს რეპლიკებს კარნახობდა.
- მეგობარო.. ე, სუფლიორ! გვაცადე რა ყურება! _ დავუძახე და გაჩუმდა. შემდეგ წინა რიგებში გადავედი და პირის მოძრაობით მივხვდი, რომ ბუბიკა სინქრონში იმეორებდა მსახიობების ყველა სიტყვას და კმაყოფილს ეღიმებოდა. კაი ტიპია-მეთქი, ვიფიქრე და გავიცანი.მერე აღმოვაჩინეთ, რომ უბნელები ვიყავით.
მეორე იყო ოჯახური მდგომარეობა. მეც და ბუბიკაც ბებიებთან ვცხოვრობდით. ბუბიკას მშობლები ამერიკაში წვალობდნენ, ჩემები თბილისში მოკვდნენ.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 10-ზე, ორივეს ერთდროულად გვინდებოდა თავის მოკვლა, როცა მთელ უბანში ისმოდა მაია აპათიანის ტრაგიკულ ხმას აყოლილი ბღავილი. ჩვენს უბანში განლაგებული კორპუსები საოცარ აკუსტიკას ქმნიდნენ. ბებიაჩემი ბუბიკას ბებიასთან დაქალობდა. მე და ბუბიკა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით: თუ მოვასწრებდი და პირველი ვუღრიალებდი ბებიას, მაშინ ბუბიკას ბებიასთან მიდიოდა "ანფასის" საყურებლად, თუ ბუბიკა დამასწრებდა, მაშინ მე მიწევდა ჯოჯოხეთში ყოფნა. რამდენჯერმე ისეც დაემთხვა, რომ ბებიაჩემი და ნატალია გზაში შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ ნაბიჯები გადათვალეს და რომლის სახლიც უფრო ახლოს იყო, იქ ჩაუსხდნენ საყვარელ გადაცემას. იმ დღესაც, ფეხმარდი ბებიას წყალობით, მე გამიმართლა.
- ან ნატალიას დავბრიდავ, ან მაია აპათიანს! _ ბუბიკამ სიგარეტი ჩააქრო და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
- მოდი, მოდი, ახალი ფილმი გადმოვწერე და ვუყუროთ, დროც გავა...
- კაი გამახსენე... _ ბუბიკა სავარძლიდან წამოიწია. -იმ დღეს სკორსეზეს ვეშს ვუყურე... "კომედიის მეფე", ნანახი გაქვს?
- როგორ არა! _ თავმომწონედ ვუპასუხე.
- ხო გახსოვს სიუჟეტი, დე ნიროს პერსონაჟი იმ წამყვანს რო იპარავს?
- მახსოვს ბუბიკ, მერე?
- ჰოდა, ძმაუ, მაია უნდა მოვიპარო!
- ატრაკებ!.. მაინც როგორ აპირებ?
- აეგრე, რა... მოვიპარავ, ცოტა ხანი ვაყურყუტებ... მერე მოვალ ტელევიზიაში და უფროსი ვინც იქნება, ვეტყვი: მაია მე მყავს და ერთ გადაცემას თუარ წამაყვანინებთ, დავბრიდავთქო. აბა დავიღალე, ტო! როდემდე...
- კაი ჰო, ერთად მოვიპაროთ.
- არ ვხუმრობ ძმობას ვფიცავარ. თან შენ ხო მანდ მუშაობ და დაალივერე, სამსახურის მერე სად მიდის, რას შვება და რამე. დაჟე მისამართის გაგებასაც შეძლებ.
- კაი, კაი._გამეცინა და გომ-ფლეიერში ფილმი გავუშვი.
მეორე დღეს, სამსახურის შემდეგ, თანამშრომლებმა აიტეხეს, ვიქეიფოთო. მე მაშინვე უარი ვთქვი, არ მიყვარს რესტორნები. შენობიდან გამოვედი და ტაქსის დაჭერა გადავწყვიტე. ტელეფონი აწკრიალდა, ბუბიკა ქუჩის აპარატიდან რეკავდა. სად ხარო - მკითხა. მეთქი სამსახურიდან მოვდივარ. მაია სად არისო. მე რავიცი შე ჩემა, სად არის-მეთქი. რა არ იცი, სამსახურში არ იყავიო? არ მომეშვა, მეც დავიღალე და ვუღრიალე: ამა და ამ რესტორანში წავიდა, მიდი და მოიტაცე, შენი სულელი კარგიც მოვტყან-მეთქი და გავუთიშე. სახლში მისული, ტანსაცმლიანად მივეგდე ლოგინზე და დაძინება ვცადე. თავში მთელი დღის დამონტაჟებული და ეთერში გაშვებული მასალა მიტრიალებდა, სიზმარიც საშინელი გამოდგა: სამონტაჟოში ვიყავი ჩაკეტილი და ბოლო ხმაზე ჩართულ, ვენესუელურ სერიალს თვალს ვერ ვწყვეტდი. დამთავრდებოდა თუ არა, მაშივნე ახალი იწყებოდა და ასე ავედი დაახლოებით 60 სერიამდე. მერე რეკლამაზე გავედი... ასე არასდროს გამსწორებია "ოლვეის ულტრას" ვიდეო-რგოლი, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო მთავარი: გაჟღერდა პოპულარული მელოდია, მქუხარე ტაშის ფონზე გამოვიდა მაია და უსაშველო პაუზებითა და დაყენებული ხმით თქვა: "ჩვენ...კვლავ...თქვენთან...ვართ..." და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ისევ ბუბიკა რეკავდა. გლდანში, ქერჩის 12-ში, ჩემები სადაც ცხოვრობდნენ, მოდი სასწრაფოდ, აუცილებელი საქმე მაქვსო. სულს ვერ ითქვამდა. ვიფიქრე, რამე ხომ არ უჭირს-მეთქი და ოფლშემხმარი გავვარდი სახლიდან .
ბუბიკა მობუზული იდგა სადარბაზოში და ეწეოდა. ჩემ დანახვაზე სიგარეტი მოისროლა, ეზოში გაიხედ-გამოიხედა და წამომყევიო, მშვიდად მითხრა. მეოთხე სართულზე ავედით, ფეხსაწმენდიდან გასაღები გამოაცურა და სახლში შემიპატიჟა.
- ეს გქონდეს და არ მოიხსნა._თავზე ჩულქი ჩამომაფხატა.
- რა ხდება, შენი ბაითი გაგვაქვს?! _ დაბნეულმა ვკითხე.
- ე ბიჭო, წამო რა!
სასტუმრო ოთახის კარი შევაღეთ და იქვე გავქვავდი.
- ეს საჩუქარი ჩემგან, ძმაუ. _ თვალები აუციმციმდა ბუბიკას.
ოთახის შუაგულში, რკინის სკამზე, მაია აპათიანი იჯდა გასკოჩილი და აცრემლებული თვალებით ბუბიკას ამოცნობას ცდილობდა..
- შენ შიგ ხომ არ გაქვს! სულ გაგიჟდი ბიჭო?! _ ხმა ამიკანკალდა.
- ხო გეუბნებოდი, არ ვხუმრობ-მეთქი. რაც ამან ხალხი ატირა და აწამა, თუ აბაროტი არ ავუღო, დამაჯვას თავზე! რაო, რაო, პატარა, რამის თქმა გინდა? რას ლუღლუღებ... ბლუბლუბლუ...
ბუბიკამ მაიას პირზე აკრული სკოჩი ააფხრიწა. მაიამაც რამდენჯერმე ჩაახველა და დაყენებული ხმით ჰკითხა:
- რა გინდათ ჩემგაან? რას მერჩიით?
პირის ღრუ ისევ სკოჩით დავუხშე და ბუბიკა საძინებელში გავათრიე.
- ბიჭო!!! _ საყელოში მოვქაჩე. - სულ გადაირიე? მე რომ ჩამომაცვი ეს განდონი, შენ რას აპირებ?! იცი რომ დაგიჭერენ?!
- როგორ არ ვიცი. პაპკინიც ხო დაიჭირეს?! მარა ზატო გამოვიდა და მერე რა ქნა, არ გახსოვს??
- რა პაპკინი, ბიჭო!!! რა პაპკინი!!! _ ძარღვების დაწყვეტამდე ავღრიალდი.
- დამშვიდდი და მომისმინე: არ დაიღალე ბებიაჩემით?! მე მაგალითად, მოშნად შემცა ბებიაშენმა. როდემდე უნდა გვეზიზღებოდეს ხუთშაბათი შე ჩემა?! თან რამდენს არ ევასება მაია, იცი?! დაგვიჭერენ თუ არა, ეგრევე დაიწყება მშვიდობიანი აქციები და ნავაროტკები, შეიძლება ვაბშე იოლად გამოვძვრეთ, თუ არადა დაგვამონტაჟონ 1-2 წელი, რა მოხდა, რო?!
- რა "რა მოხდა", ადამიანის მოტაცებაზე რამდენს გაგვიკეთებენ, იცი?! თან სახეზე დაგიმახსოვრებს!
- ნუ პანიკიორობ, რა! იმ დღეს ხო ამბობდი მოვიპაროთო, ბაზარი არააო... ეხლა რა გჭირს, ჩაიჯვი?!
- მოკლედ შენი საქმის შენ იცი, მაგრა შიგ გაქვს, რაც გინდა ის ქენი, მე არ გამრიო ამ საქმეში!
ბუბიკა გაჩუმდა. თვალებში შეეტყო, რომ იმედები გავუცრუე და დასევდიანდა, მაგრამ მალევე გაბრაზდა და პაშლა ნახუი, კურიცა, მარტო მივხედავ ამ საქმესო - მითხრა და მაიას ღმუილის ფონზე სახლიდან გამომაგდო.
მეორე დილას სამსახურში მივედი. დაძაბული ვიყავი, ყველას ვუსმენდი, პირის მოძრაობებს ვაკვირდებოდი, რამეს ხომ არ ამბობდნენ მაიაზე, მაგრამ "ანფასის" ჩაწერა ოთხ დღეში, ხუთშაბათ დილას უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, ტელევიზიაში მაიას არგამოჩენა ჯერ-ჯერობით ეჭვს არ ბადებდა. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდიოდი და ოთახში ჩაკეტილი ათას სისულელეზე ვფიქრობდი. ბუბიკას აივანისკენ ახედვასაც ვერ ვბედავდი, ვაი თუ დამინახონ და საქმე რომ გასკდეს, რამე იფიქრონ-მეთქი. ერთი-ორჯერ ნატალია ჩამოვიდა ბებიაჩემთან ჩაის დასალევად და სასხვათაშორისოდ მკითხა, ბუბა ხომ არ გინახავს, ეს დღეებია არ ჩანს და თუ კიდე რომელიმე აშარაშკა გოგოს გადაეკიდა, მივასიკვდილებო. მე რა თქმა უნდა, ბუბიკას ასავალ-დასავალი არ ვიცოდი. ასე წვალებით გავიდა 3 დღე და ხუთშაბათს ჩასვრილმა გავიღვიძე. კვირაში 7 ხუთშაბათზეც თანახმა ვიყავი, "ანფასის" გახანგრძლივებულ, ანდა სადღეღამისო მეტრაჟზეც, ოღონდ მაია გამოჩენილიყო ტელევიზიაში, ოღონდ ბუბიკას არ ჩაედინა რამე სისულელე.
სამსახურის სასადილოში, დიდი ყლუპებით ვსვამდი ყავას. მეხუთე ჭიქა რომ გამოვცალე, თანამშრომელმა შემოყო თავი.
- მაია ხომ არ გინახავთ?
- არა!!! _ ინსტინქტურად წამოვიყვირე.
- სადაა ამდენ ხანს, ჩაწერა იწყება, ხალხიც მოსულია. ვურეკავ და გათიშული აქვს.
საშინელი კანკალი ამიტყდა. ნერვიულობისგან ათივე თითი დავიტკაცუნე. ამასობაში ჩემმა ბოსმაც შემოანათა და სამონტაჟოში ასვლა მიბრძანა. ახლავე-მეთქი_ხელით ვანიშნე, ჭიქა ყავით გავავსე და უკან გავყევი. უფროსი სწრაფად მაცნობდა დღის განრიგს. მე ჩუმად მივყვებოდი და კეფაზე მივჩერებოდი, შემდეგ მომიტრიალდა და მისმენო?! - მკაცრად მკითხა. რათქმაუნდა, ბატონო-მეთქი, თავი დავუხარე და პირში ყავა დავიგუბე. რეზო შვებულებაში არ იყოს, ეგრევე გაგისვრიდი აქედანო._ ზიზღით მითხრა და ტუჩები დააწვრილა. როგორ მინდოდა, ერთი გემრიელად შემეგინებინა. თავი ავწიე და უფროსის მოპრიალებული შუბლის მიღმა, ბუბიკას მომღიმარ სახეს შევასკდი. გარშემო ყველაფერი დატრიალდა. მე წონასწორობის აღდგენას ვცდილობდი, უფროსი სახეში შესხმულ ყავას იწმენდდა და გულში მაგინებდა. ძალები მოვიკრიბე და გზა განვაგრძე. ბუბიკას უცნობივით გვერდს ვუვლიდი, როცა მკლავში მწვდა. დამერხა!_ გავიფიქრე და შეშინებული მივუტრიალდი.
- უკაცრავად, "ანფასის" მენეჯერი სად შეიძლება ვნახო?
-...
- მაია აპათიანის საავტორო გადაცემის მენეჯერს ვეძებ, ხომ ვერ მიმასწავლით გზას?
- იქით._ აკანკალებული ხელით ვუჩვენე მიმართულება და სამონტაჟოსკენ გავიქეცი.
რამდენიმე წუთში, დერეფნიდან ზედმეტი ნაბიჯების ხმა შემომესმა. კარი ოდნავ გამოვაღე და შეშინებულმა გავყავი თავი. ყველას წაშლილი სახე ჰქონდა და ერთმანეთს რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ. შემდეგ მენეჯერმა თანამშრომლებს მითინგ-რუმში გვიხმო.
- ის ბიჭი, გარეთ რომ დგას, ამბობს, მაია აპათიანი მყავს მოტაცებულიო.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ ერთმანეთს გადახედა, რამდენიმეს ჩაეცინა კიდეც, მაგრამ მენეჯერი არ ხუმრობდა.
- მოიტაცა არა ის, კიდე! _ წამოიძახა მდივანმა გოგონამ.
- მოიტაცა თუ არ მოიტაცა, მაგის სამკითხაოდ არ მომიყვანიხართ აქ! პოლიციაა მოსული. ბიჭს ეტყობა, რომ არ ხუმრობს. ტელეფონში ვიდეო გვაჩვენა, მაია სკამზეა მიბმული და შველას ითხოვს.
- რას ითხოვს? მაყუთი უნდა? _ აღშფოთდა ოპერატორი.
- არა.
- აბა რა უნდა?!
- მაიას მაგივრად "ანფასის" წაყვანა, თან ახლავე და პირდაპირ ეთერში, არავითარი დამონტაჟება და მამაძაღლობებიო.
- რო არა? _ უფრო აღშფოთდა მეორე ოპერატორი.
- ამბობს, მოკვდებაო.
- კი მაგრამ, ფეხბურთის პრიამოი? _ იკითხა მესამე ოპერატორმა.
- რა დროს ფუტბოლია, ადამიანის სიცოცხლე კიდია ბეწვზე._ თქვა ნაბახუსევმა კომენტატორმა.
- ვიცნობ ამ ტიპს... ჩემი უბნელია. _ ხმადაბლა ვთქვი.
ყველა ერთდროულად რომ მომაშტერდა, მაგრა დავიბენი.
- შენ იცნობ? მართლა? მიდი რა, გეხვეწები, დაელაპარაკე, იქნებ გადააფიქრებინო, ადამიანურად დაელაპარაკე, თან შენხელა იქნება და უფრო გაგიგებს, მიდი რა, შენი ჭირიმე, იქნებ რამე გვეშველოს. _ შემევედრა მენეჯერი.
მეც ოთახიდან გამოვედი და ალყა შემორტყმულ ბუბიკასკენ წავედი, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი ამაოდ არწმუნებდა, რომ მაიას გათავისუფლების შემთხვევაში, სასჯელი ერთი-ორად შეუმსუბუქდებოდა. მიახლოებისას, ბუბიკამ ხელით მანიშნა, არაფერი მითხრაო. შემდეგ ახლოს მოიწია და ყურში მიჩურჩულა, ყველაფერი რომ მორჩება, ჩემთან ადი, კომპიუტერის მაგიდის უჯრაში შენთვის რაღაც მაქვსო და პოლიციელს შეუბრუნდა. ყველაზე უიმედო გამომეტყველებით შევბრუნდი ოთახში.
- არაფერი უთქვამს.
- რა არაფერი, ყურში ხომ გიჩურჩულა რაღაც?
- არა, არაფერი...
- გვაბოლებ?! რას გვიმალავ ბიჭო! _ ჩამაცივდა ჩემი უფროსი.
- ასე მითხრა, რომ გამოგგზავნა, იმ პოსლიკას გადაეცი, ბუბიკამ - იძინახუიო...
-... ვა. _ თავზე ხელი მოისვა.
- სხვა რა გზაა, უნდა წაიყვანოს. _ თქვა მენეჯერმა და ოთახიდან გავიდა.
ჩაწერამდე ნახევარი საათით ადრე, ეთერი "ანფასის" რეკლამებით გავტენეთ... ბუბიკას მოთხოვნით ისიც ვახსენეთ, რომ გადაცემა იქნებოდა პირდაპირი და შინაარსით - სენსაციური. მთელი აპარატურა მზადყოფნაში მოვიყვანეთ, გადაცემაზე დასწრების მსურველებიც პავილიონში მოვათავსეთ და ბუბიკაც გამოჩნდა... გამოვიდა თუ არა, დამსწრე და ალბათ ტელევიზორს მიჯაჭვულმა მაყურებელმაც, გაკვირვებისგან ერთი შეიცხადა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და გაცხოველებული ინტერესით მიაშტერდა ბუბიკას, რომელიც იდგა და იღიმებოდა. შემდეგ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
- ნატალია, მე ვარ, ხო. დაიცა, მაგის დრო არაა. სახლში ხარ? ტელევიზორი ჩართე და მითხარი "ანფასი" თუ გადის... ფხიზელი ვარ, ხო! მიდი ჩართე.. ჩართე? მხედავ? და, ლადნა, დღეს სახლში არ მოვალ, პაკა. _ ტელეფონი გათიშა და ხალხს კმაყოფილი მზერა მოავლო. დიდხანს იდგა ჩუმი და ამაყი, ითვისებდა პავილიონს და კამერებში სხვადასხვა მიმიკას კერავდა.
- ძვირფასო დამსწრე საზოგადოებავ! _ დაახლოებით თხუთმეტ წუთიანი დუმილის შემდეგ, აუღელვებლად დაიწყო ბუბიკამ. - ძვირფასო ტელემაყურებლებო! ბავშვებო, ქალებო, კაცებო, დედებო, მამებო, მოხუცებო, მტირალებო, ჯღავანებო... ჩემო თანამემამულენო... მინდა გაცნობოთ, რომ ყველა თქვენთაგანისათვის საყვარელი ადამიანი, ქალბატონი მაია აპათიანი, რომელსაც ასე ელოდებოდით და მის მაგივრად მე და მშრალი ცხვირსახოცები შეგრჩათ ხელში - მე მოვიტაცე!
დარბაზში სიცილი ატყდა და საზოგადოებაც გამხიარულდა. მე გადაცემას სამონტაჟოდან ვადევნებდი თვალს და შიშისგან კრიჭას ვერ ვხსნიდი. ბუბიკას მონოლოგში ჩემი ხსენება და ინფაქტი ერთი იქნებოდა. ყველაფერი "კომედიის მეფის" სცენარის მიხედვით მიდიოდა. პავილიონს მორგებული ბუბიკაც, პროფესიონალი წამყვანივით, საჭირო მომენტებში აკეთებდა მრავლისმეტყველ პაუზებს.
- დიახ, დიახ, არ ვხუმრობ. რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, რესტორნიდან გამოსული მაია, ტაქსის გაჩერებას ლამობდა. ამის შემდეგ, დავიფიცები, რომ არაფერი ახსოვს, ვიდრე ჩემ ძველ სახლში ამოყოფდა თავს.
დარბაზში სიცილი არ ცხრებოდა.
- ნუ იცინით! თავიდან მაიასაც ხუმრობა ეგონა, მაგრამ როცა იგრძნო... სასაცილოა?!...როცა იგრძნო, რომ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, დაფიქრდა... შემდეგ ატირდა.. ბოლოს დამშვიდდა... და ასე ვცხოვრობდით ტირილში და სიმშვიდეში, თქვენი მე და თქვენი მაია, მთელი სამი... არა, ოთხი დღის განმავლობაში. გაინტერესებთ, რატომ ჩავიდინე ეს? კეთილი: მე მყავს ბებია, ნატალია, რომელიც ძალიან მიყვარს. ყოველი მისი ცრემლი კიდევ გულს მიკლავს, გესმით?.. ერთხელაც ბებიას შევპირდი, რომ ყოველი დაღვრილი წვეთი ცრემლისთვის ვაზღვევინებდი მაიას და ისე ცხადად ახდა ეს ყველაფერი, როგორც ახლა მე მხედავთ. და არა მარტო ბებია, მე ყველა თქვენთაგანი ძალიან მიყვარს და ყოველ ხუთშაბათს ვითრგუნები, როდესაც დავდივარ ქალაქის ქუჩებში და საყვარელი მაიას საყვარელ ხმას აყოლებული ქვითინი მესმის.. მე ყველა თქვენგანის გამო ვიძიე შური...ასეთი საჭირო ცრემლების გამო ვიძიე შური... მე ბუბიკა ვარ... ეს კი გადაცემა "ანფასი" იყო, კარგად. _ ბუბიკამ მარჯვენა ხელი მთავარი კამერის ობიექტივს მიუშვირა და დამშვიდობების ნიშნად, თითები მაია აპათიანისებურად დაატრიალა.
ხალხი ტაშს უკრავდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო რისთვის. გადაცემის შემდეგ, ფოიეში, ერთერთმა მაყურებელმა ხმამაღლა თქვა, დღეს სვეტიცხოვლობაა და ეტყობა, სასვეტიცხოვლო ხუმრობა იყოო. ააააა!_ დაიგმინა მასამ და არხს მორიგ ხუმრობაში პლუსი დაუწერა. ბუბიკა ალტერნატიული გასასვლელიდან გაათრიეს. უკვე ჰქონდა ნათქვამი მაიას ადგილმდებარეობა. ერთი კი მოასწრო: თავი მოატრიალა, არეულ ხალხში შემამჩნია და რომელი თვალიც მომკრა, ის ჩამიკრა.
***
ქალაქში ხმა გავარდა, ის გადაცემა სასვეტიცხოვლო ხუმრობა კი არა, სინამდვილე ყოფილაო. ტელევიზიაში გაუთავებელი რეკვა ატყდა. აჟიტირებული ხალხი დაუყოვნებლივ ითხოვდა "ანფასის" აღდგენას. კითხულობდნენ მაიას, რომელიც ბუბიკას ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, საეჭვოდ გაუჩინარდა. ბებიაჩემი ნატალიას დაშორდა, აღარ ედაქალებოდა, მისკენ გახედვაც არ უნდოდა. მთელმა სამეზობლომ შეიძულა მოხუცი. მისდიოდა მუქარის შინაარსის წერილები, თუ მაია მალე არ გამოჩნდებოდა, სახლის კარს აუჭედებდნენ, ნატალიას კი სახალხოდ დაწვავდნენ და ბუბიკასაც, როცა გამოვიდოდა, ზედ მიაყოლებდნენ... ერთნი ამბობდნენ, რომ ციხეში ახლობელი კაი ბიჭები ჰყავდათ და ბუბიკას არ გაახარებდნენ ასეთი "გრეხის" აკიდებისთვის, მეორენი ქუჩაში გამოდიოდნენ და სამშვიდობო აქციებს მართავდნენ ბუბიკას მხარდასაჭერად. ის ხომ ყველა მათგანის გმირი იყო, ვინც ერთხელ მაინც შესწრებია სახლში ჩართულ "ანფასს" და აქვითინებულ ოჯახის წევრებს. მესამენი უფრო მეტნი გამოდიოდნენ. "დაგვიბრუნეთ მაია!" - ყვიროდნენ გადაკეტილ ქუჩებში.
"მაიასტების" რამდენიმე წევრმა ისიც განაცხადა, რომ მათ შენიშნეს სამი გასხივოსნებული არსება, რომლებიც დასრიალებდნენ მომიტინგეთა შორის და საოცარ სიმხურვალეს გამოსცემდნენ. ეს ფაქტი მედიუმებმაც დაადასტურეს, რომლებიც მაიას, თავის დროზე, გადაცემაში ჰყავდა მიწვეული.
ამ ფაქტებზე დაყრდნობით, პენსიაზე გასულმა პროფესორმა შეთხზა სტატია, რომელიც ეხებოდა "მაია"-ს, ინდუიზმიდან მოყოლებული - დღემდე. ის ხშირად მიმართავდა ციტატებს და ამტკიცებდა, რომ "თავდაპირველად, მაიას, გრძნობათა მოცთუნების, ილუზიის, ხიბლის აღსანიშნავად ხმარობდნენ", რაც ვივეკანანდას არასწორად მიაჩნდა. "მაია-ამ წუთისოფლის და მისი ზემოქმედების, რეალურად არსებული ფაქტებისა და მათი აუხსნელი, საშინელი წინააღმდეგობის დადგინებაა." - ვივეკანდას სახელით უბნობდა პროფესორი და ცდილობდა ეს მოსაზრებები აპათიანთან დაეკავშირებინა. წერილში განხილული იყო იმის ალბათობაც, რომ აპათიანის სახელი "მაია", გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სახელი, თუ გავითვალისწინებდით ხალხის და მედიუმების ნაამბობს ციური არსებების შესახებ. სტატია მეორე დღესვე დაბეჭდეს ბულვარულ ჟურნალებში: "ორღობე" და "ჩამოსულები", რომლებმაც კოლოსალური მოგება ნახეს. ტელევიზორებიდან, როგორც წესი, ინფანტილურად მოუწოდებნენ ხალხს სიყვარულისა და მშვიდობისაკენ ცნობილი ბიოლოგიური , სულიერი, ეთერული და შემთხვევითი მამები. ვირტუალურ სივრცეში გაიხსნა ორი მასშტაბური გვერდი: "უფალო, იხსენ მონაი შენი - მაია" და "მაიას დამხრჩობთა კლუბი", მაგრამ მთლიანობაში არაფერი შეცვლილა. ბუბიკა უკვე ელოდებოდა 12 წლის გასვლას, ნატალია კი ქუჩაში, პურის საყიდლადაც ვეღარ გადიოდა... მე ისევ დავდიოდი სამსახურში და ისევ მესიზმრებოდა საშინელი სიზმრები, მაგრამ თავს რატომღაც სულ დამნაშავედ ვგრძნობდი ბუბიკას მიმართ... იმას, რაზეც ბევრჯერ მიფიქრია და მინატრია, ბუბიკამ ხორცი შეასხა, მე კიდევ ბოლო მომენტში ჩავისვარე... ყოველთვის თვალწინ მედგა მისი სახე, როცა ვუთხარი, შენი საქმის შენ იცი, მე არ გამრიო-მეთქი. ვგრძნობდი, რომ მეგობრად მიმიჩნევდა და დარწმუნებული იყო ჩემში.
დაახლოებით 3 კვირიანი ჩავარდნის შემდეგ, ტელეკომპანიამ გადაცემის აღდგენა გადაწყვიტა. ეთერიც, ყოველგვარი დამონტაჟების გარეშე, პირდაპირი დატოვეს. გადაცემა დაახლოებით 28-30 წლის, მაიას ანალოგ გოგონას მიჰყავდა. ამან ხალხი ცოტათი დაამშვიდა, ტელევიზიაშიც ზარები შემცირდა, მაგრამ გადაცემის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. რა აღარ სცადეს მესვეურებმა: ვიდეო კოლაჟებს მაიას ხმა დაადეს, წამყვანს მაიას ჩაცმულობა და ვარცხნილობა მოარგეს, დაუღალავი შრომის შედეგად, კიდევ უფრო დაუხვეწეს აპრობირებული ჟესტები და მეტყველება, მაგრამ რეიტინგი მაინც არ იწევდა მაღლა. საჭირო იყო ახალი მარკეტინგული გათვლები.
***
როცა მრავალი ტანჯვის შემდეგ, ხოსე-მაჩადოს უნდა ეთქვა ანა-მარიასთვის, რომ გეი იყო - კივილმა გამომაფხიზლა.. სამზარეულოში ბებია ბავშვივით ცქმუტავდა და ხელს ტელევიზორისკენ იშვერდა.
" შემზარავი რეალური ფაქტი... რომელიც ყველასათვის საყვარელ ქალბატონს... მაია აპათიანს შეემთხვა... ქართულ ტელესივრცეში გაკეთებული დიდი პაუზა... და საპყრობილეში გატარებული ოთხი დღე... რომელიც ოთხ საუკუნეს უდრიდა... პირველად... ქართულ რეალობაში... მაია აპათიანი... მარად თავის საავტორო გადაცემაში... მიწვეული სტუმრის რანგში მოგვევლინება... და მოგვიყვება იმ ინციდენტის შესახებ... რომელმაც სრულიად საქართველო... შეძრა... ხუთშაბათს... პირდაპირ ეთერში... საღამოს ათზე... ჩვენ მხარში დავუდგებით... მაია აპათიანს... რომელმაც ასე მოგვანატრა... თავი... გვიყურეთ... ერთად გავიზიაროთ... მისი...ტკივილი...ჩვენ... აუცილებლად... დავბრუნდებით..." - გულისგამგმირავი მუსიკის ფონზე იტყობინებოდა თვალცრემლიანი, ახალი წამყვანი. ბებიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ტელეფონთან მივარდა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ ნატალიას გარდა არავის ნომერი იცოდა. ისიც გაახსენდა, რომ ნატალიას დაშორდა. ერთი დაიჯღანა და ყურმილი დაახეთქა. ნატალია!_ გამიელვა თავში და სახლიდან გავვარდი... მარკეტში პური, ნახევარპროდუქტები და ცოტა ტკბილეული ვიყიდე. ნატალია კარს არ მიღებდა. მე ვარ, დათა, ცოტა საჭმელი ამოგიტანეთ-მეთქი. ბევრი იყოყმანა და გამიღო. თავდახრილმა შემიპატიჟა, შემდეგ რამდენჯერმე გამოიტირა ბუბიკა და მთელი დღის მშიერმა, ჭამა დაიწყო... მე მივხვდი, რომ მეცოდებოდა და წამოსვლა დავაპირე. დერეფანში გამოსვლისას ბუბიკას ბოლო სიტყვები გამახსენდა და მის საძინებელში შევიპარე, კომპიუტერის მაგიდის უჯრა გამოვაღე, სადაც რამდენიმე დისკი ეყარა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომლებზე მეუბნებოდა ბუბიკა. დისკი წარწერით "მაია და ილუზია", უჯრიდან გამოვიღე და გულის ჯიბეში დავმალე. წავედი ნატალია ბებო და კარი ჩაკეტეთ-მეთქი, გავძახე ნატალიას და კიბეები ჩავირბინე. სახლში შესვლისთანავე, ქურთუკიანად საძინებელში შევვარდი, კარი ჩავკეტე, ჯიბიდან დისკი ამოვიღე და ლეპტოპში ჩავრთე.
მაია და ილუზია
fade in
ბუბიკას ხელში კამერა უჭირავს და დაბმულ მაიას გარშემო ველურივით დახტის. შემდეგ კამერას კომოდზე დებს. ისე, რომ მაიაც და მის წინ დადგმული სახლის კინოთეატრიც მოხვდეს კადრში. მაია, მე შენთვის საჩუქარი მაქვს._ ამბობს ბუბიკა და DVD ფლეიერში დისკს დებს, შემდეგ პულტით ტელევიზორს რთავს, სადაც იწყება გერმანული პორნო. მაია ისტერიკაში ვარდება, აღარ იცის რა ქნას, თავს უაზროდ აქნევს და ცრემლი სდის. ბუბიკა ამის შემხედვარე ხარხარებს და ტელევიზორს ხმას უწევს, საიდანაც მკაფიოდ და ვნებიანად ისმის: "ja! ja!" და "ser gut! ser gut!". მაია ცდილობს არ უყუროს ამ გარყვნილებას და თვალებს ხუჭავს. ბუბიკა უყვირის, რომ თვალები გაახილოს, მაგრამ მაია არაფრის დიდებით არ ახელს თვალს. არც ერთს. ამ დროს ბუბიკას ეღიმება, მეორე ოთახში გადის და იქიდან მუყაოს ყუთი და პატარა წერილი შემოაქვს. სიყვარულით მაიას, ენტონი ბერჯესისგან_ კითხულობს წერილს და მაიას ქუთუთოებზე დიდ ჯართს უმაგრებს. ბუბიკა სიხარულისგან უფრო ველურივით დახტის და შიგადაშიგ მაიას თვალებში მარილიან წყალს აწვეთებს. მაია ტირის, ტირის და ტირის. ბუბიკამ იცის, რომ პორნო ფილმების მარაგი არ გაუთავდება და მაიასთან არ შერცხვება. ბუბიკას შია და იქვე იწყობს სუფრას, სადაც ჭამს და ჭამს გაუთავებლად. ჭამის შემდეგ ერთ ღერს აბოლებს და გემრიელად ამთქნარებს. ბუბიკა კედლის საათს უყურებს და ხვდება, რომ ამ შემთხვევაში დროს მნიშვნელობა არ აქვს. ბუბიკა საძინებელში შედის და მაიას სთხოვს, კტბილი ძილი უსურვოს და ასე რჩებიან მარტონი, მაია და გერმანელი წყვილი...
fade out/fade in
კამერა ირთვება და ჩანს ახალგაღვიძებული ბუბიკა, რომელსაც თვალები აქვს ამოსაწმენდი და პირი დასაბანი. ის ახევს მაიას სკოჩს და საჭმელს ტენის პირში. ეუბნება, რომ თუ არ შეჭამს, ძალით აჭმევს, ტელევიზორი გამორთულია. 12 საათი პორნოსთვის მე არ მიყურებია, ყოჩაღ შენ._ ეუბნება ბუბიკა მაიას, რომელიც სახეში აფურთხებს საჭმლის ნარჩენებს. ბუბიკა ბრაზდება და პულტს იღებს. შევჭამ, შევჭამ._ ეუბნება მაია და თვალები ისევ უცრემლიანდება. ბუბიკა არ უსმენს და ტელევიზორს რთავს, სადაც იწყება გერმანული პორნო. მაია ისევ ისტერიკაში ვარდება, აღარ იცის რა ქნას, მაგრამ ამჯერად თვალებს ვერ ხუჭავს, რადგან მას ენტონი ბერჯესის ნაჩუქარი ჯართი უკეთია ქუთუთოებზე. ბუბიკა უწინდელი შემართებით ხარხარებს და ტელევიზორს ხმას უწევს, საიდანაც მკაფიოდ და ვნებიანად ისმის: "das ist fantastisch!" და "oh! oh!". მაია ხვდება, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, რომ ის ხელში ჩაუვარდა ცივსისხლიან ავაზაკს და ცრემლებით ვერ მოულბობს გულს! ბუბიკა სავარძელს აჩოჩებს და მაიას გვერდით ჯდება. ეს ხო ნანახი მაქვს, ახლა ნახე, ქმარი შემოუსწრებს_ ამბობს ბუბიკა და უკმაყოფილოდ დგება. ცოტა ხანი ოთახში ტრიალებს და სიგარეტს ეწევა. წავალ ისევ დავიძინებ_ეუბნება მაიას და საძინებელში შედის.
fade out/fade in
კადრში ჩანან ბუბიკა და მაია. ბუბიკა მაიას ენტონი ბერჯესის საჩუქარს ხსნის ქუთუთოებიდან და ეუბნება, რომ კარგად მოიქცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ აქვს ბარეული მწერლების საჩუქრები გადანახული. მაია მორჩილად უქნევს თავს და გამორთულ ტელევიზორს უყურებს. შემდეგ თვალს აყოლებს საათის ისრებს. მაპატიე_ ამბობს მაია და ცრემლებს იკავებს. ვერ გაპატიებ_ ეუბნება ბუბიკა და ცრემლი მოსდის. მერე ისტერიულად ეცინება და საზღაურის გადახდას ბოლომდე პირდება მაიას. ნატალია ბებიას ყოველ დაღვრილ ცრემლზე უნდა აგოს პასუხი მაიამ, ყოველი ხუთშაბათის 10 საათზე, რომელიც თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა ბუბიკას, უნდა აგოს პასუხი მაიამ. ცოტა ხანი ჩუმად სხედან. პორნო მაინც ჩართე_ ამბობს მოულოდნელად მაია. ბუბიკას თვალები უფართოვდება და გაკვირვებული უყურებს მაიას. მთელი ღამე არ უყურებდი? არ ვიცოდი ასე თუ მოგეწონებოდა_ ამბობს ბუბიკა და პულტს იღებს. სხვა რა ვაკეთოთ_ თავს იმართლებს მაია და ტელევიზორი ირთვება, სადაც იწყება გერმანული პორნო. მაია შედარებით მშვიდია, ბუბიკაც უწინდელი შემართებით ვეღარ ხარხარებს და ტელევიზორს ხმას უწევს, საიდანაც მკაფიოდ და გულისამრევად ისმის: "ich liebe dich!" და "schnell! schnell!". ბუბიკას მალე ბეზრდება და ფილმს თიშავს, მოწყენილი მაია თვალს აყოლებს ბუბიკას საძინებლამდე.
fade out/fade in
კადრში ჩანს ბუბიკა, რომელიც მაიას ხელებს და ფეხებს უხსნის. მაიას კმაყოფილი სახე აქვს, გათავისუფლებულ ხელებს ისრესს, შემდეგ დგება და ოთახის დათვალიერებას იწყებს, ბუბიკა უნდობლად აყოლებს თვალს. სამი წრის შემდეგ მაია იღებს პულტს და რთავს ტელევიზორს, სადაც იწყება გერმანული პორნო. მაია ჯდება სკამზე და იწყებს ფილმის ყურებას. ბერჯესის საჩუქარი რა უყავი? _ ეკითხება ბუბიკას, რომელიც დაღლილია და სავარძელზეა გადაწოლილი. რამდენიმე წუთში ბუბიკას ეძინება, რასაც აფიქსირებს მაია. გაქცევისთვის ხელსაყრელი მომენტია, სკამიდან დგება, მაგრამ ენანება ფილმის მიტოვება. ყოყმანის შემდეგ ბრუნდება სკამზე და ტელევიზორს ხმას უწევს, საიდანაც მკაფიოდ და მონოტონურად ისმის: "tun sie es fur mich! fur mich!". ბუბიკას ეღვიძება და ხვდება, რომ მაიას გაქცევის იდეალური შანსი ჰქონდა , მაგრამ ფილმს ვერ მოწყვიტა თვალი. ბუბიკა დგება და ტელევიზორს თიშავს. ეეე_ამბობს უკმაყოფილო მაია. მორჩა, მზად ხარ._ პასუხობს ბუბიკა.
fade out
***
ვიდეოების ყურებისას უჩვეულო განცდამ შემიპყრო: ჯერ ბუბიკასი შემეშინდა, შემდეგ მაია შემეცოდა, შემდეგ დრამატურგიულმა განვითარებამ, პერიპეტიამ ჩამითრია და ბოლოს ავადმყოფური სიცილი ამიტყდა. საერთო ჯამში კი ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ბუბიკა გადაღებას წყვეტდა იქ, საიდანაც ყველაზე საინტერესო უნდა დაწყებულიყო და მოვლენების განვითარების ალტერნატიული ვერსიები წარმოვიდგინე. ბოლო მონაკვეთიდან რამდენიმე საინტერესო კადრი ამოვჭერი და მასალა პატარა, 5 წუთიან ფილმად ვაქციე.
დადგა დიდი ხუთშაბათი და ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. პირად დაცვას მაია 10-ის ნახევარზე უნდა მოეყვანა, რომელსაც 9-ზე, ფსიქოთერაპევტთან დასკვნითი ვიზიტი უმთავრდებოდა. პავილიონი და საჭირო აპარატურა დილიდანვე სრულ მზადყოფნაში იყო. სტუდიაში დასწრების მსურველების ანგაჟირებული ნაკადი დაცვამ ძლივს გააკავა. გაიტისკა 8, გაითიშა 13 და დაშავდა 25 მოქალაქე. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა, მაგრამ სამშაბათს, მესვეურებმა ხმა გაავრცელეს, რომ მაიას წამების ამსახველი ვიდეო მასალა ხელში ჰქონდათ ჩაგდებული და გადაღებები დაიწყეს,
ტუ ბი ცონტინუედ
* *
This post has been edited by baggins on 18 Mar 2011, 11:14