კარგია, რომ დაიწყეს ამაზე საუბარი
ქართული ენა და თანამედროვე მედიაhttp://www.ambioni.ge/qartuli-ena-da-tanam...38b62ba0ab0%2C0რა პრობლემებია ქართულ მედიაში?
ენა ცოცხალი ორგანიზმია. იგი მუდმივად ვითარდება და ივსება. ენის პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ძვრები მიმდინარეობს. ქვეყნის ცხოვრებაში სერიოზულ გარდატეხათა დროს, სხვა გლობალური პროცესების პარალელურად, იცვლება ენობრივი გარემოც. სწორედ ამიტომ არაერთხელ იდგა დღის წესრიგში ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხი. აღნიშნული ამჟამადაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სწრაფად განვითარებადი ტექნიკური ცივილიზაცია, ღია საინფორმაციო სივრცე და ინტენსიური გარე ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ენის ფორმირებაზე. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ემატება შინაგანი ენობრივი პროცესებიც.
ენის სიწმინდის დაცვის საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჟურნალისტებს. ”ჟურნალისტების მეტყველებას გადამდები ძალა აქვს და თუნდაც უნებლიე მიბაძვის საფრთხეს ქმნის”. ჟურნალისტების საუბარში არაერთი შეცდომა ”იპარება” როგორც გრამატიკული, ასევე სტილისტური. ბევრ მათგანს მაყურებელი უკვე შეეჩვია და ვეღარც კი ამჩნევს, მაგრამ ზოგიერთი აშკარად ჭრის ყურს. თქვენს ყურადღებას ამჯერად რამდენიმე მიმართულებით შევაჩერებთ.
პირველ რიგში, განვიხილოთ გრამატიკულად არასწორი ფორმები და გამოთქმები. უმეტეს შემთხვევაში, პრობლემაა კრებით სახელებთან მრავლობითი რიცხვის შეთანხმება. უხეში შეცდომაა: ”ხალხმა დაინახეს”, ”ყველამ თქვეს” და ა.შ. სწორია ”ხალხმა დაინახა”, ”ყველამ თქვა” და ა.შ. კრებით სახელებს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. ასევეა სიმრავლის აღმნიშვნელ სახელებთანაც: ”უამრავი ხარჯი” და არა ”უამრავი ხარჯები”….
ჟურნალისტები ხშირად იყენებენ ისეთ დამახინჯებულ ფორმებს, როგორიცაა: ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი და სხვა. სიტყვები ”ჩვენ” და ”თქვენ” თავად გამოხატავენ სიმრავლეს და მათზე – გან თანდებულთან ერთად მრავლობითის – თა ნიშნის დართვა არასწორია. სწორი ფორმაა ”ჩვენგანი”, ”თქვენგანი” და ა.შ.
”სამი საქართველოს მოქალაქე”, ”ხუთი ჟიურის წევრი”, ”ორი დაცვის თანამშრომელი” და ა.შ ეს ის ფორმებია, რომლებიც ჟურნალისტებს ხშირად აყენებს კომიკურ სიტუაციაში. სამი მოქალაქეა და არა საქართველო, ხუთი წევრია და არა ჟიური….. გრამატიკული შეცდომა ( მსაზღვრელის არასწორ ადგილზე ჩასმა) იწვევს ფაქტობრივ უზუსტობას და შინაარსობრივად აბსურდული ხდება წინადადება.
პრობლემაა მრავლობით რიცხვში დასმულ უსულო საგნებთან შემასმენლის შეწყობის საკითხიც. როგორც წესი, ასეთ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. არასწორია ”გამოკვლევები ადასტურებენ”, ”ეს საკითხები ყურადღებას იმსახურებენ” და ა.შ. უნდა იყოს ”გამოკვლევები ადასტურებს”, ”ეს საკითხები ყურადღებას იმსახურებს” და ა.შ.
შეცდომაა ასევე ”დასვავს”, ”დაასხავს” და ა.შ. ზმნის საწყისია ”სმა” და ”სხმა”, ამიტომ სწორი ფორმაა ”დასვამს”, ”დაასხამს” და ა.შ.
გავრცელებული შეცდომაა ასევე ზედმეტი ხმოვნის ჩასმა. მაგ.: წარმოჩინდა და წარმოჩნდა. თუ ზმნისწინ – წარს შევცვლით სხვა ზმნისწინით, მივიღებთ ”აღმოჩნდა”, ”გაჩნდა” და ა.შ არცერთ მათგანში არაა ი ხმოვანი. ანუ მისი ხმარება პირველ შემთხვევაშიც გაუმართლებელია. სწორი ფორმაა წარმოჩნდა. ასევეა რამოდენიმესა და რამდენიმეს შემთხვევაშიც. სწორი ფორმაა რამდენიმე, რადგან ”მ” არის დროთა განმავლობაში მიღებული ”ო” ხმოვნისგან (რაოდენი) და მისი დამატება აღარაა საჭირო.
მნიშვნელოვანია, რომ ერთი ენა მეორეზე გავლენას სხვადასხვა კუთხით ახდენს. ყველაზე სახიფათო ტენდენციად სიღრმისეული სტრუქტურული გავლენა მიიჩნევა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება კალკი. დღეს მრავლადაა რუსული ენიდან შემოსული კალკები: (არ) მაწყობს (не устраивает) – ქართ. ხელს (არ) მაძლევს, ”თვლის” ნაცვლად ”მიაჩნიასი” (считает), ადგილი აქვს (имеет место), მიმალვაშია (იმალება), გაყიდვაშია (იყიდება), მიმართულია ჯგუფებზე, საქმისადმი ერთგულება (საქმის ერთგულება) და ა.შ.
საყურადღებოა ასევე ერთგვარი მყარი სინტაქსური ფორმულები, რომლებიც კალკირების საფუძველზეა წარმოქმნილი. მათ ბირთვს ძირითადად რომელიმე კალკირებული შინაარსის ზმნა, ან სახელზმნა წარმოადგენს. მაგ: წარმოება – თავისი მნიშვნელობით მატერიალური საგნების დამზადებას უკავშირდება, მაგრამ ბოლო დროს დამკვიდრდა ზოგადი მოქმედების გამოსახატავად – მოლაპარაკებას აწარმოებს, გამოძიებას აწარმოებს, მოსავლის აღებას აწარმოებს და სხვ. უფრო სწორი ფორმაა ”მოსავალს იღებს”, ”ესაუბრება” და სხვ.
ჩატარება – გატარება ამ ზმნის ხმარებისას ვხვდებით ორგვარ შეცდომას. ა) ანაცვლებს კანონიერ ”კეთება, ხმარება, გამოყენებას”: საათს ატარებს (საათი უკეთია), სათვალეს ატარებს (სათვალეს ხმარობს) და ა.შ. ბ) ენაცვლება ”გამართვა, მოწყობას” – საღამოს ატარებს (საღამოს მართავს(აწყობს)), კონკურსს ატარებს (კონკურსს მართავს(აწყობს)) და ა.შ.
შედგომა – არასწორია შეხვედრა შედგა (შეხვედრა გაიმართა), ვიზიტი არ შედგა (ვიზიტი არ გამოვიდა)…..
მიცემა, მისცა – შეფასება მისცა (შეაფასა), დავალება მისცა (დაავალა). განცდა, განიცდის – ფეხბურთელმა მარცხი განიცადა (დამარცხდა), გაჭირვებას განიცდის (მატერიალურად უჭირს)…
მიყენება – ტკივილი მიაყენა (ატკინა), ჭრილობა მიაყენა (დაჭრა)…
ასეთი მყარი სინტაქსური ფორმულები დღეს სტილისტურ შეცდომებად მიიჩნევა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი კალკირების შედეგად ყალიბდება.
კლიშე კი – ეს არის ერთგვარი სამეტყველო სტერეოტიპი, მზამზარეული გამონათქვამი. მასში მოიაზრება სხვადასხვა ენობრივი ფორმულა როგორც ერთსიტყვიანი, ისე რამდენიმე სიტყვიანი ფრაზა.
ზოგიერთ მათგანს იმდენად ხშირად იყენებენ ჟურნალისტები, რომ ლამის სავალდებულო ფორმულის სახე მიიღო: საკითხის დასმა, პრობლემის გადაწყვეტა, პოზიციის დაფიქსირება, აღებული ვალდებულება, შეშფოთებას გამოთქვამს, ხელს უწყობს და ა.შ.
ზოგადად კლიშეების ასეთი დამკვიდრება და ჟურნალისტის მიერ მისი ხშირი გამოყენება სათანადო ლექსიკური მარაგის არქონაზე მიანიშნებს. ლექსიკური მარაგის არქონა კი, თავის მხრივ, ჟურნალისტის წიგნიერების დაბალ მაჩვენებელს უსვამს ხაზს. კლიშეებისა და შტამპების ასეთი სწრაფად და უმტკივნეულოდ დამკვიდრების უმთავრესი მიზეზი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინფორმაციის სწრაფი მიღება და გადამუშავებაა. ამიტომ მედიის ენა ამ კუთხითაც საგანგებო მეთვალყურეობას მოითხოვს.
ამასთან, ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის გავრცელებული შეცდომები.
მოთხოვნა თუ მოთხოვნილება – ხშირად ამ ორ სიტყვას ერთმანეთში ურევენ. მაგ: ”აქციის მონაწილეებს სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვთ”. ”მოთხოვნილება” თითქმის იგივე მნიშვნელობისაა, რაც ”საჭიროება” და ცოცხალი ორგანიზმის შინაგან, მისივე ორგანიზმის მიერ ნაკარნახევ მდგომარეობას აღნიშნავს. მოთხოვნა კი ერთი პირის მიერ წაყენებული, ან თავსმოხვეული პრეტენზიაა მეორე პირის მიმართ.
(ორი დღის) წინ თუ უკან – წინა ვითარების გამოსახატავად ყოველთვის იხმარება ”წინ”. მაგ.: ვამბობთ ”წინა წელს” და არა ”უკანა წელს”… სწორი ფორმაა ორი დღის წინ, სამი წლის წინ და ა.შ.
განმავლობაში და მანძილზე – ჟურნალისტები (და არა მარტო ისინი) დროის მონაკვეთების აღნიშვნისას უმეტესად იყენებენ სიტყვას ”მანძილზე” (ორი საათის მანძილზე), რაც შეცდომაა. დროს მანძილი არ გააჩნია. მართებული ფორმაა ”ორი საათის განმავლობაში”, ”მთელი სიცოცხლის განმავლობაში” და ა.შ.
შეიძლება და შესაძლოა – ამ ორი სიტყვის მნიშვნელობას ხშირად ურევენ ერთმანეთში. არასწორია ”თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალოს”… ”შეიძლება” ნიშნავს, რომ რაღაც ნებადართულია, არსებობს შესაბამისი უფლება. ”შესაძლოა” გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ალბათობაზეა საუბარი, ამიტომ სწორია ”თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალოს”.
ბარბარიზმი უცხო სიტყვების საჭიროების გარეშე გამოყენებაა. თანამედროვე მეტყველებაში მრავლადაა შემორჩენილი რუსული ბარბარიზმები, რაც ჩვენი საბჭოური წარსულის დამსახურებაა. ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში ხშირად ვხვდებით ”აჯიმანიას”, ”კაშნს”, ”ბუკეტს” და ა.შ. ყველა მათგანს აქვს ქართული შესატყვისი: ”აზიდვა”,”შარფი”, ”თაიგული” და ა.შ.
მაგრამ ”რუსულ გადმონაშთებზე” უარესი სხვა რამაა. ”ბარბარიზმების პრობლემა უფრო მძაფრად აღიქმება ”დამპყრობელი ერის” მიმართ, ვიდრე ენათა კულტურული ურთიერთქმედებების დროს.” სწორედ ასეთი ურთიერთობა ინგლისურთან მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ენას. არავინ დაობდა იმაზე, რომ რუსულიდან შემოსული ”ტრენერი” და ”ტრენიროვკა” ბარბარიზმი იყო. დღეს კი ინგლისურის გზით შემოსული იგივე სიტყვები (ტრენერი და ტრენინგი) უმტკივნეულოდ იმკვიდრებს ადგილს. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამჟამად ქართული ენა ყველაზე მეტად სწორედ ინგლისური ბარბარიზმებით ბინძურდება. ამ მხრივ კი ყველაზე მეტს სწორედ ჟურნალისტები და ის პოლიტიკოსები სცოდავენ, რომლებიც მუდმივად ჩანან ეკრანზე… ინგლისური სიტყვების აუცილებლობის გარეშე გამოყენებით ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ განათლებულობას. რუსული ბარბარიზმები ახლა ყურს ჭრის და ადვილად ხვდებიან, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ინგლისურიდან შემოსული სიტყვები არ აღიქმება ბარბარიზმებად, პირიქით, თითქოს აუცილებლობაც კი გახდა მათი გამოყენება. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქართული ენისათვის, რადგან უცხოური სიტყვები შეუმჩნევლად ანაცვლებს ქართულს. აქ საუბარი არაა ინტერნაციონალურ სიტყვებზე (კომპიუტერი, პროცესორი და სხვ.), რომელთა შემოსვლა და დამკვიდრება ტექნოლოგიურმა თუ სხვა სახის ცვლილებებმა გამოიწვია. საქმე ეხება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, პრიორიტეტული (უპირატესი), კრეატიული (შემოქმედებითი), რეზულტატი (შედეგი), ივენთი (ღონისძიება), ექსპერიმენტი (ცდა), აუთლაინი (მონახაზი), მესიჯი (შეტყობინება, გზავნილი), რიმეიქი (გადამუშავება), მეილი (ფოსტა), ფეშენვიქი (მოდის კვირეული), უიქენდი (შაბათ-კვირა) და ა.შ. ქართველი ჟურნალისტები, როგორც წესი, უპირატესობას უცხოურ სიტყვებს ანიჭებენ. ამიტომ რიგითი მაყურებლისთვის, რომელსაც ხელში არ უჭირავს განმარტებითი ლექსიკონი, გაუგებარი რჩება, რის შესახებ საუბრობს ჟურნალისტი.
უცხოური სიტყვების შემოტანის, მათი ქართულ ენასთან შესაბამისობაში მოქცევისა და დამკვიდრების საკითხების გადასაჭრელად სხვადასხვა ორგანოები არსებობდა. ბოლოს იყო ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა და 2004 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმეს. ის თვალყურს ადევნებდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამკვიდრებას, აკონტროლებდა ყველა უწყებაში სახელწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. მსგავსი ორგანოები საქართველოში 1921 წლიდან ფუნქციონირებდა: ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო (1921 წ. ხელმძღვანელი ივ. ჯავახიშვილი), სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია (1934 წ.), ნორმათა დამდგენი კომისია (1946 წ. ხელმძღვანელობდნენ ჯერ ს. ჯანაშია, შემდეგ – ა. შანიძე), სალიტერატურო ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია (1953 წ). დღევანდელი ხელისუფლება კი რატომღაც არ მიიჩნევს საჭიროდ მსგავსი კომისიის არსებობას. არადა ყველაზე მეტად სწორედ ახლაა საჭირო მსგავსი ორგანოს არსებობა, რათა გაკონტროლდეს, თუ რა ისმის ყოველდღიურად ტელე ეთერიდან, რა იწერება ბეჭდვით მედიაში… მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს უცხო ენების სწავლება და მსოფლიო მასშტაბითაც ერთეული ენები იწყებენ გაბატონებას.
თავის მხრივ, ჟურნალისტებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ქართული ენის ნორმების დაცვა აუცილებელია. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მათი საუბარი მაგალითი ხდება მაყურებლისა თუ მკითხველისათვის.
მოამზადა სალომე ლილუაშვილმა