ალენს ერთი დაკეტილი ოთახი ჰქონდა სადაც თითქმის არასდროს არ შედიოდა. სიმთვრალეში თუ შეაღებდა ხოლმე კარს და საათობით იჯდა ძველისძველ სავარძელში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მე აქ ვარ, რამდენჯერაც ამ კარზე მივაკაკუნე და საუბრის გაბმა ვსინჯე იმდენჯერ მთხოვა მარტო დამეტოვებინა. ერთი სიტყვით ეს ოთახი მისი პირადი აპარტამენტი იყო სადაც ნებისმიერი სხვა არსების ყოფნა საშინლად შლიდა ნერვებზე. ლუდის სმის დროს, ერთი–ორჯერ ვსინჯე და სიტყვა ჩამოვუგდე, ალბათ რამეს გაგონებს ეს ოთახითქო. თავიდან სიტყვა ბანზე ამიგდო მაგრამ რომ აღარ მოვეშვი საკმაოდ მკაცრი ტონით მამცნო რომ ის ოთახი ჩემთვის დაკეტილი იყო. თავიდან ვიფიქრე 5 000 დოლარად თუ უნდა კიდევ სამი ოთახი დაკეტოს ჩემთვისთქო. მაგრამ ამ ბოლო დროს იმ ოთახში სიარულს რომ მოუხშირა ისევ ამეკვიატა აზრი მის სულში ხელი უფრო გემრიელად მეფათურებინა :დ
სახლში მაინც არ იყო. საკეტები შევამოწმე. არაფერი ისეთი, რომ მისი გაღება და ჩაკეტვა პრობლემა ყოფილიყო. ძველისძველი კარი იყო, ასევე ძველისძველი საკეტით. ასეთების გაღების მეტი რა მაქვს ნასწავლი თბილისში. მაშინ მეტი საქმე რა მქონდა. მიწებებული ვიყავი უბნის ბიჭებთან და თავი იმით მოგვქონდა ვინ რა ტიპის საკეტს აღებდა :დ
ასე რომ გადავწყვიტე. კარებს გავხსნიდი, ოთახს კარგად დავათვალიერებდი და მერე მე ჩემთვის და ალენი თავისთვის.
მხოლოდ ისეთი პერიოდი უნდა შემერჩია რომ ყველა დეტალის დათვალიერება მშვიდად შემძლებოდა.
საღამოსთვის პედრო დავიბარე, მისი ერთ–ერთი მექსიკელი მოჯამაგირე, ვუთხარი ჩემები ცოტა ხნით სადმე წაიყვანე და რამე დაათვალიერებინეთქო.
მე თავს მოვიმკვდარუნებდი, სახლში დავრჩებოდი და ასე ერთი საათი თავისუფალი დრო მექნებოდა.
ექვსი საათი იქნებოდა სახლიდან რომ გავიდნენ. მაშინვე კარებს მივადექი. "მაპატიე ალენ. გპირდები არაფერს ავურევ" ჩავიცინე ჩემთვის და საკეტს ვეცი.
5 წუთიც არ იქნებოდა გასული, კარები მოვხურე და ოთახის შუაგულში დავდექი.
ერთადერთი სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ჩამავალი მზის სინათლე შემოდიოდა და სუსტად ანათებდა ოთახს. სინათლის ანთება არ მიფიქრია. ოთახი მოვათვალიერე. ჩვეულებრივი ოთახი იყო, სხვა მისი ოთახებისგან არაფრით განსხვავებული. ძველისძველი ბუხარი, რომელშიც ეტყობოდა წლები იყო რაც ცეცხლი არ დანთებულიყო, მის თავზე კედელზე დაკიდებული ირმის თავის ფიტული, რომლის ქვემოთაც სანადირო ვინჩესტერი იდო ბუხრის თავზე, გარშემო შემოლაგებული ტყვიებით.
მარცხენა კედელზე დათვის ტყავი იყო აკრული. "–ეტყობა ადრე ნადირობით იყო გატაცებული"
ოთახის შუაგულში უზარმაზარი ძველი კაკლის ხისგან დამზადებული მაგიდა იდგა. უხეში ხელით ნაკეთები,აშკარად ეტყობოდა მის შემქნელს თავში აზრადაც არ მოსვლია მაგიდისთვის ნაკეთობა მაინც დაერქმია ვინმეს. ზედ ძველი ჩაის სერვისი იდგა. მაგიდას გარშემო სკამები ჰქონდა შემოლაგებული, მხოლოდ მის თავში მდგარი სკამი წაქცეულიყო და ეტყობა არც არავის უფიქრია მისი ფეხზე წამოყენება, აშკარად ემჩნეოდა მის ფეხებს შორის გაბმული ობობების ქსელი.
ოთახის სიღრმეში, მარჯვენა კედლის გაყოლებაზე წიგნების გრძელი თარო.. კედლის ბოლოს, კუთხეში სარწეველა იდგა, გვერდით მრგვალი მაგიდა ჰქონდა მიდგმული, რომელზეც ვისკის ჭიქა და ნახევრამდე ჩაცლილი ვისკის ბოთლი იდგა. ალბათ ალენის ამ ოთახში ბოლო ვიზიტის დროს დატოვებული. მის უდიდებულესობა სარწეველას, ზურგის მხრიდან ნათურა დაჰყურებდა თავზე. მხოლოდ ამ სამ ნივთს ეტყობოდა ამ ოთახში ადამიანის ყოფნის შედარებით ახლო პერიოდი.
სხვა ყველაფერი უზომოდ სქელი მტვრის ფენით იყო დაფარული.
ერთი სიტყვით ვერაფერი ხელჩასაჭიდი ამ ოთახში ვერ ვიპოვნე. მხოლოდ ის გავიგე რომ ალენი ამ ოთახში საათობით რომ იკეტებოდა ამ სარწეველას და მაგიდის მეტს არაფერს ეხებოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ მტვრის ფენა ალაგ–ალაგ ნაკლები იქნებოდა :დ კარების გვერდით მდგარი ძველი კარადის უჯრებშიც ვერაფერი საინტერესო ვერ ვიპოვნე. ოთახს კიდევ ერთხელ შემოვუარე და ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდი როდესაც სარწეველას მარცხენა მხარეს დაგდებული სიძველისგან გაყვითლებული გაზეთის ფურცლები შევნიშნე. ხელში ავიღე... ისეთი არაფერი. 1990 წლის ნოემბრით იყო დათარიღებული. პირველ გვერდზე ჩიკაგო ბულსის და ბოსტონ სელტიკის თამაშის ამსახველი ფოტოები იყო სულელური სათაურებით და ადგილობრივი პოლიტიკური ნიუსებით.
გაზეთი გადმოვატრიალე და ისე შევბარბაცდი, თითქოს უკნიდან ვიღაცამ რამე მძიმე ნივთი ჩამარტყა.
გაზეთის ბოლო გვერდზე ალენის ფოტო იყო, აშკარად ვიცანი... გვერდით კიდევ ვიღაც ქალის ფოტო...
ამ ყველაფერს ზემოდან წითელი ფერის ასოები... "მკვლელობა რანჩოზე"
მეტი იმ წამს ვერაფერი ვერ წავიკითხე...
ფაქტი იყო რომ მე მკვლელთან ერთად ვცხოვრობდი....
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------