druncha
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21063
წევრი No.: 36653
რეგისტრ.: 16-June 07
|
#24911152 · 11 Apr 2011, 05:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეორე დილით გამეღვიძა. ოთახში მხოლოდ ექთანი დამხვდა, რეიჩელი არსად ჩანდა. ვიკითხე, ექიმი გოლდსმიტი როდის მობრუნდებოდა, რაზეც ექთანმა მომიგო, რომ ასეთი ექიმი საერთოდ არ გაუგია. ნუთუ მომელანდა? მხოლოდ ჩემი სურვილი იყო? საბოლოოდ გავრეკე? ამ ფიქრებმა თავის ტკივილები გამიძლიერა. ექთანს დამაწყნარებელი ვთხოვე და კვლავ უგონოდ მივითიშე. თვალები ადვილად გავახილე. თავის ტკივილი გამქრალიყო და თავსაც ბევრად უკეთ ვგრძნობდი. რეიჩელი კვლავ ოთახში იყო. გაღვიძებული რომ დამინახა, წამოდგა, მომიახლოვდა და ნაზად მკითხა: - გაბრიელ, როგორ ხარ? - ისევ მელანდები? - არა, აქ ვარ? - დილით არ იყავი... - ჰო, სახლში წავედი, გამოვიცვალე და მოვბრუნდი. - ექთანმა კი მითხრა, რომ ექიმი გოლდსმიტი ამ ჰოსპიტალში არ მუშაობს. - მართალი უთქვამს. დაგავიწყდა, რომ ექიმი არ ვარ? - აბა, თეთრი ხალათი რომ გეცვა? - MRI-ს ტექნიკოსი ვარ. უცებ გამახსენდა როზენების წვეულებაზე წარმოთქმული სიტყვა - რეიჩელი მომავალ წელს სამედიცინო სკოლაში მიდიოდა. შვებით ამოვისუნთქე, მივხვდი, რომ მირაჟი არ იყო და ყურადღებით დავაკვირდი. ის უფრო ლამაზი მეჩვენა, ვიდრე წვეულებაზე. თმები უკან შეეკრა, გედივით კისერი ლამაზად მოეტიტვლა, სპორტული პიჟამო თითქოს სპეციალურად მისთვის იყო შეკერილი - ყველა ნაკერი თავის ადგილზე იყო. - რეიჩელ, აქ რატომ ხარ? - ხომ გითხარი, რომ ტექნიკოსი ვარ. სამედიცინო სკოლამდე ცოტას წავიმუშავებ. - მაგას არ გეკითხები. ამ ოთახში რატომ ხარ? - თუ გინდა წავალ. - არა, არ მინდა. - ჰოდა, მაშინ მოისვენე, დაიძინე, ხვალ უკეთ იქნები და მაშინ ვისაუბროთ. თან ნაცნობ ადვოკატს მოვიყვან. დაგეხმარება. ცივმა ოფლმა გადამასხა. რად მინდოდა ადვოკატი? ნუთუ პოლიცია ჩემს სახლში მივიდა, რომ ვინმე ნათესავი აღმოეჩინათ და საქონელი იპოვეს? ახლავე ხომ არ გავიქცე პალატიდან? არა, რეიჩელის ნაცნობი ადვოკატია. არ მომატყუებენ. აღარაფერი ვუთხარი. თვალები დავხუჭე და სიზმრების სამეფოში შევაბიჯე: მე და რეიჩელი ერთად ვიყავით. ორივეს თეთრები გვეცვა, მაგრამ რეიჩელი არ ინძრეოდა. უსახელო თითი მოკაკული ჰქონდა. რამოდენიმეჯერ დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. მისკენ მივდიოდი, მაგრამ ის იგივე დისტანციით მშორდებოდა. მოულოდნელად, ჩამობნელდა და ავტომატის კაკანის ხმა გავიგე... ლოგინიდან შეშინებული წამოვხტი. ოთახში ბნელოდა. ხელის ფათურით კომუნიკატორი მოვძებნე და მორიგი ექთანი გამოვიძახე. რამდენიმე წამში ზანგის ქალი შემოვიდა. ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა, რაღაცით ვუპი გოლდბერგს ჰგავდა, ოღონდ კიდევ უფრო დაგრეხილი ფეხები ჰქონდა. - რამე გინდა? - ცოტა უხეშად მკითხა. - კი. ტუალეტში. - ადგომა შეგიძლია? - კი, ალბათ. ექთანმა წვეთოვანი მოძრავ სამაგრზე გადაიტანა, იდაყვებში ხელი მომკიდა და ადგომაში დამეხმარა. ბარბაცით გავწიე ტუალეტისკენ. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ სრულიად შიშველი ვიყავი. სხეულს მხოლოდ საავადმყოფოს ხალათი მიფარავდა და უკანალი მთლიანად მოშიშვლებული მქონდა. ინსტინქტურად ხელი უკან წავიღე და ხალათი მივიფარე. ექთანს გავხედე. 32-ივე კბილი გამოეჩინა და თავი გვერდზე მოეღრიცა: - კარგი მრგვალი ტრაკი გქონია - კიდევ უფრო დაიღრიჯა და კბილებთან ერთად, წითელი ღრძილები გამოაჩინა. - მადლობა - ვუპასუხე და ტუალეტის კარები მოვიხურე. რატომღაც შევშფოთდი. უბრალოდ გამეხუმრა, თუ მართლა მოვეწონე? რომ დავიძინებ, რამეს ხომ არ მიზამს?.. ტუალეტიდან რამდენიმე წუთში გამოვედი. ექთანს ახალი თეთრეული გადაეფარებინა. კვლავ იდაყვიდან დამიჭირა და დაჯდომაში მომეხმარა. ოდნავ შეშინებული ვუყურებდი. ხალათზე სახელის ამოკითხვა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. - რა გქვიათ? - ანეტი. - მადლობა, ანეტ. - დაიძინე, დაიძინე. ხვალ კიდევ ერთ შემოწმებას ჩაგიტარებენ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, სახლშიც გაგიშვებენ. - მადლობა, ანეტ. ექთანმა თავი დამიქნია და კარგი მეზღვაურივით, ქანაობით გავიდა პალატიდან. ნახევარი საათი თვალს ვერ ვხუჭავდი. მეგონა, რომ ანეტი შემოვიდოდა, ისარგებლებდა ჩემი სისუსტით - არა, ბევრჯერ ვუყურე Kill Bill-ს. ტრავმამ თავისი მაინც გაიტანა და მკვდარივით დამეძინა. * * * დილით წვეთოვანი უკვე აღარ მქონდა შეერთებული. ჩემი ტანსაცმელიც, უფრო სწორედ, მხოლოდ ტრუსი და მაისური გარეცხილი სკამზე იყო გადაკიდებული. ცოტა ხანში ოთახში რეიჩელი შემოვიდა - კვლავ თეთრ ხალათში. მუშაობდა. ინვალიდის სავარძელი შემოაგორა. გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ალბათ, წესია. ჩემით გადავჯექი - თან ვფრთხილობდი - არ მინდოდა რეიჩელს ანეტივით ჩემი უკანალი დაენახა. სიჩუმე ისევ მან დაარღვია? - როგორ ხარ? - კარგად. - თავი აღარ გტკივა? - ჯერჯერობით, არა? სად მივდივართ? - კიდევ ერთხელ MRI-ს გადაგიღებთ და თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, სახლში გაგიშვებენ. - კარგი ჰოსპიტალია. მომწონს. ტექნიკოსები თავისით აკითხავენ პაციენტებს - გავუღიმე. - მხოლოდ განსაკუთრებულ პაციენტს - ასევე ღიმილით, ოდნავ კეკლუცურად მიპასუხა... გამოკვლევამ წარმატებით ჩაიარა. ჩემი შორტები ამოვიცვი, მაისური ჩამოვიფხატე. მხოლოდ გასაღები მედო ჯიბეში - სპორტდარბაზის გასახდელის. გამახსენდა, საფულე, მანქანის და სახლის გასაღებები იქ დარჩა. რეიჩელი დერეფანში მელოდებოდა. ჩემს დანახვაზე იქვე სკამზე წამომჯდარ მამაკაცს რაღაც ანიშნა და ჩემსკენ გამოეშურა. - გაბრიელ, ეს მამაჩემის მეგობარია. მისტერ აიზენბერგი. ძალიან კარგი ადვოკატია და დაგეხმარება. - რაში უნდა დამეხმაროს? რამე დავაშავე? - ნერვიულობისგან, ალბათ, წნევამ ამიწია, თავბრუ დამეხვა და სკამზე მოწყვეტილივით დავეშვი. რეიჩელი ოთახში შევარდა, რამდენიმე წამში ტაბლეტი და წყალი გამოიტანა. დამალევინა, შუბლიდან ოფლი მომწმინდა, ჩემს წინ ჩაიცუცქა, ხელი ნიკაპის ქვეშ ამომიდო და მკითხა: - რა გჭირს? - არაფერი. ადვოკატი რად მინდა? - მოიცა, არ აპირებ GYM-ს და ტრენაჟორების მწარმოებელს უჩივლო? მოულოდნელობისგან ხმა ჩამიწყდა. ამაზე არც მიფიქრია. რეიჩელმა იფიქრა და ადვოკატი მომიყვანა. ალბათ, სწორედ ასეთ დროს ამბობენ - ებრაელები ფულს გრძნობენო. - ალბათ, კი - წყნარად ვუპასუხე. - ალბათ კი არა, უნდა უჩივლო. კინაღამ მოკვდი. მოუსმინე მისტერ აიზენბერგს და დამიჯერე, დაგეხმარება. - რეიჩელ, შეიძლება სახლში წავიდე? ახლა არ შემიძლია საუბარი. - კარგი, ოღონდ შენი მისამართი დამიტოვე. საღამოს გინახულებ. ამ სიტყვების გაგონება და თვალები ცეცხლით ამენთო, თავბრუსხვევამ გადამიარა, ძალაც მომემატა. სკამიდან ავდექი, რეიჩელს საწერი კალამი გამოვართვი და მისამართი ხელისგულზე დავუწერე. - საღამომდე არ დაიბანო ხელი - გავუღიმე. რეიჩელი გადამეხვია. მეგონა, გული გამიჩერდებოდა. კოცნა დავუპირე, როდესაც მისტერ აიზენბერგის ხმა მომესმა: - გაბრიელ, წამობრძანდი. მე წაგიყვან მანქანით სადაც საჭიროა. რეიჩელს დავემშვიდობე. მისაღებში ანეტი მოვლანდე და მასაც ღიმილით ავუწიე ხელი. ექთანმაც გამიღიმა და ჰაერში ხელებით წრე შეკრა - ალბათ, ჩემი უკანალის ფორმას ხატავდა. ჰოსპიტალის პარკინგზე ახალთახალი ვერცხლისფერი "ლექსუს" LS პატრონს ელოდებოდა. მისტერ აიზენბერგი კარებს მიუახლოვდა, გამოაღო და უკანა სავარძელზე დამპატიჟა. ვიუარე, წინ ჯდომა მერჩივნა - უკანა სავარძელი პოლიციის მანქანას მაგონებდა. მანქანა ისე დაიქოქა, რომ ძრავის ხმაც არ გამიგია. სალონი მოვათვალიერე და ჩემი სკამის გვერდით ერთ ღილაკს დავაკვირდი. ადვოკატმა ჩემი ინტერესი შენიშნა და ამაყად მომიგო: - სავარძლის კონდიციონერია. ჩართე, გესიამოვნება. ღილაკი გადავატრიალე და რამდენიმე წამში უკანალ-კვერცხებ-ზურგზე ოდნავ გრილმა ჰაერის მასამ დამიარა - პირველად ვნახე ტრაკის გასაგრილებელი. მანქანა უჩუმრად და საოცრად რბილად მიყვებოდა გზას. აიზენბეგრმა შემატყო, რომ იაპონელების ეს შედევრი ძალიან მომეწონა და მამაშვილურად დაიწყო: - თუ დამიჯერებ, ცოტა ხანში ამაზე უკეთესი გეყოლება. - ს კლასის მერსედესი. - რატომ მერსედესი? - ამაზე ძვირი ღირს. - მერე რა. მე არასდროს ვიყიდი მერსედესს. - რატომ? - ებრაელი ვარ და კი უნდა გქონდეს გაგებული, რას უშვებოდნენ გერმანელები ებრაელებს. სახლში არაფერი მაქვს და მექნება გერმანული. - კი მაგრამ, მასე ამერიკელები იაპონელებს ეომებოდნენ და იაპონია გერმანიის მოკავშირე იყო. აიზენბერგი გაჩუმდა, ცოტა ჩაფიქრდა: - იაპონელები ებრაელებს არ ხოცავდნენ იმის გამო, რომ ებრაელები იყვნენ. - მგონი იმიტომ, რომ იაპონელი ებრაელი არ არსებობდა - გავუღიმე. - შეიძლება - მანაც ღიმილით შემომხედა. - სხვათაშორის, ჩემი სახელი არ მითქვამს. ჯეიკობი მქვია. დოქტორ ჯეიკობ აიზენბერგი, UC Berkley-ს კურსდამთავრებული, აიზენბერგ-აიზენბერგ-რიხტერ-ის პარტნიორი. დამიჯერე, ძალიან მაგარი ქეისი გვაქვს. საუბარი ათასებზე კი არა, რამდენიმე ათეულ მილიონზეა. კი გავიფიქრე - ამიტომაც მომაკითხე საავადმყოფოში, ამიტომაც ხარ ასეთი თავაზიანი. - თქვენი რამდენი პროცენტია? ჯეიკობს შეკითხვა მოეწონა, გადმომხედა და დაწყნარებული, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ტონით მიპასუხა: - 33. მესამედი, პლუს ქეისის ხარჯები. მაგაზე არ იდარდო. რამდენიმე ათასი გამოვა. - უკვე მოფიქრებულიც გექნებათ რა თანხაზე აპირებთ საჩივრის შეტანას. - მე კი მოვიფიქრე, მაგრამ შენთან მინდოდა ჯერ შეთანხმება. - გისმენთ. - $35 მილიონიან სარჩელს გავამზადებ. 20 მილიონი GYM-ს და 15 ტრენაჟორების მწარმოებელს. ორივე ძალიან დიდი კორპორაციაა. კარგი ადვოკატებიც ეყოლებათ და საქმე ოდნავ შეიძლება გაიწელოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. ხმა ჩამიწყდა. გაკვირვებულმა შევხედე ჯეიკობს და პირი დავაღე. ადვოკატმა შემატყო გაკვირვება და წყნარად გააგრძელა. - უფრო მეტის მოთხოვნაც შეიძლება, მაგრამ არარეალური იქნება. 35 იმიტომ ვთქვი, რომ ვაჭრობა დაიწყონ. ალბათ, 5-ს მაშინვე შემოგთავაზებენ, მაგრამ არ დათანხმდე. სასამართლოს დაწყებამდე 15-ზე თუ არ წამოვლენ, მაშინ 25-მდე ავუყვან, მაგრამ გაასაჩივრებენ, კიდევ გაიწელება და შეიძლება ისევ 15-ზე ჩამოიყვანონ საბოლოო განაჩენი. თუკი ვინმე დაგირეკავს. თუკი კი არა, დაგირეკავენ, არაფერზე უპასუხო - ჩემი ნომერი მიეცი და მე დამელაპარაკონ. - კარგით - ძლივს ამოვილუღლუღე. - გაბრიელ. სანამ სარჩელს შევიტან, აუცილებლად უნდა ვიცოდე - ჩაგიდენია თუ არა რაიმე კრიმინალური? ხარ თუ არა დაპატიმრებული? როგორ იხდი გადასახადებს? ყველაფერი უნდა ვიცოდე, რომ წინ რაიმე დაბრკოლება არ შემხვდეს. არ ვიცოდი რა მექნა. სიმართლე მეთქვა? რეიჩელის მამის მეგობარი იყო და შეიძლება მათთვის მოეყოლა. ამით რეიჩელს დავკარგავდი. არ მეთქვა და მოპასუხე მხარე დეტექტივებს დაიქირავებდა, ჩემზე ყველაფერს გაიგებდნენ და სასამართლოზე კონტრარგუმენტად გამოიყენებდნენ. - ჯეიკობ, რასაც ახლა გეტყვი, დამპირდი, რომ მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება, არც რეიჩელს ეტყვი და არც მის ოჯახს. - გაბრიელ, მე სერიოზული ადვოკატი ვარ. ჩემი საქმიანობა ჩემი საახლობლოსგან ცალკეა და რასაც მეტყვი, ამ მანქანიდან არ გავა. ჯეიკობს გავხედე. სიტყვის კაცი ჩანდა. თუმცა, როდესაც საქმე 35 მილიონს ეხება, ყველა გამოჩნდება სიტყვის კაცად. რისკად ღირდა: - ჯეიკობ, მე დილერი ვარ. - რითი ვაჭრობ? - მარიხუანათი. ადვოკატმა გადმომხედა, შემდეგ ისევ გზას დააკვირდა და მკითხა: - მაგ საქმეზე დაჭერილი ხარ როდესმე? - არა, ერთხელ დამიჭირეს 6 გრამზე და სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მომისაჯა. - შენს დაკავებაზე ორდერი ხომ არაა? - არა, არაფერი. - კარგი, მაშინ ეგ არაფერია, ოღონდ მაგ საქმიანობას უნდა შეეშვა. რა ადვილია თქვა შეეშვა. სახლში $50.000-ის საქონელი მაქვს. ტრავმამ რამდენიმე კვირით უკან დამხია. ჩემი დაგროვილი ფულის დახარჯვა მომიწევს, რომ მომწოდებელს გადავუხადო. გადავუხდი, მოვიშორებ თავიდან და ვეტყვი, რომ ამ საქმიანობას შევეშვი. - კარგი, ჯეიკობ. პირობას გაძლევ, რომ გავსუფთავდები. - ჰოდა, ძალიან კარგი. ისე, რეიჩელს საიდან იცნობ? - როზენების წვეულებაზე გავიცანი. - ჰეჰ, ე.ი. შენ მიგაქვს დევიდთან მარიხუანა? - თქვენ საიდან იცით? - დევიდის მშობლებმა მითხრეს. - იციან? - კი, იციან, მაგრამ ის დებილი ბავშვი ისე უყვართ, რომ ყველაფერს აპატიებენ. ძალიან არ მესიამოვნა ამის გაგება. როზენებს რეიჩელი სარძლოდ სურდათ და შესაბამისად, ყველაფერს იღონებდნენ, რომ გოლდსმიტებს ჩემზე ყველაფერი გაეგოთ... ჯეიკობმა მანქანა GYM-ის პარკინგზე გააჩერა, გასახდელის გასაღები გამომართვა და რამდენიმე წუთში ჩემი პირადი ნივთებით გამოვიდა. ყველაფერი ადგილზე იყო, ტელეფონზე 129 ზარი და 79 მესიჯი დამხვდა. ჯეიკობს დავემშვიდობე, ბიზნეს კარდი გამოვართვი და ჩემი მანქანისკენ დავიძარი. - გარბიელ, ფული თუ გჭირდება, გასესხებ ქეისის დამთავრებამდე - გადმომძახა ადვოკატმა. - მადლობა, გავითვალისწინებ. - ჩვენ ახლა მეგობრები ვართ - დიდი მეგობრები,- გამიღიმა. ლექსუსი მოსახვევს მიეფარა. ჩემს მანქანაში ჩავჯექი, მომნატრებოდა. ცოტა ხანი ძრავი გავახურე და სახლისკენ გავწიე. ძლივს მივაღწიე - თვალები ამიჭრელდა და თავი ამტკივდა. ფორთხვით ავედი კიბეზე, შევაღე სახლის კარი და დივანზე პირქვე დავეგდე. ჯიბეში ჰოსპიტლიდან გამოტანებული ტაბლეტი ვიპოვე, უწყლოდ გადავყლაპე და ისევ დავიძინე. ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა. უცნობი ნომერი მირეკავდა. ავიღე და ყურმილში რეიჩელის ხმა ჩამესმა: - გაბრიელ, სად ხარ? - სახლში. - გამიღე კარები, მეორე საათია გარეთ ვდგავარ. ძალიან შემეშინდა. - ახლავე. ლასლასით მივედი კართან, გამოვაღე და რეიჩელს გავუღიმე. გარეთ წვიმდა. გოგო ერთიანად გალუმპულიყო, მაგრამ მაინც იდგა - ჩემს კართან იდგა...
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|