re_veraკარგი, დავწერ რაცხას
29- *** And love is insecure, how a charged Nagan!***(თავი 29, ნაწილი I)
შუადღე გადაცილებული იყო მიუნხენიდან ბუდაპეშტში რომ ჩავფრინდით. სანამ მანქანების გამქირავებელი პუნქტი დაიკეტებოდა, უნდა მოგვესწრო ავტომობილის გამოყვანა. მაგრამ რამდენადაც მხოლოდ რამდენიმე დღით აქირავებდნენ, ერთმანეთთან მცირეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ გადავწყვიტეთ ერთი მათგანი გვეყიდა და ამით ზედმეტ პროცედურებსაც ავცდებოდით. კარგად მოსაღამოვებულზე უკვე შეძენილი მანქანით ქალაქ დაბასამდე გავაგრძელეთ გზა, რამდენადაც იუგოსლავია-უნგრეთის საზღვრის დილით გადალახვა უკეთეს იდეას წარმოადგენდა.
მეორე დილით უკვე რაღაც საათნახევარში კელებიასაც მივაღწიეთ. საზღვარზე დიდხანს არ დავყონვებულვართ, ყოველ შემთხვევაში იმდენ ხანს, რამდენსაც ჩვენ ვვარაუდობდით. შუადღისას კი უკვე ბელგრადში ვიყავით. არსებული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად დედაქალაქში სიმშვიდე სუფევდა... ულამაზესი მეტროპოლის ცნობილ სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" ავიღეთ აპარტმენტი. ის დღე ქალაქში სეირნობით გავატარეთ , შევიძინეთ საჭირო ნივთები, ახალი ტანსაცმელი და ვახშმის შემდეგ ისევ ჰოტელში დავბრუნდით. გვიან ღამე კი ჰოტელის ბართან დავსხედით და უკვე იყო დრო ჩემს კომპანიონს ჩემთვის დეტალურად აეხსნა, თუ რა იყო აქ ჩამოსვლის მიზეზი.
თურქული ყავის შემდეგ საშამ ჩემთვის ირლანდიური ყავა შეუკვეთა, თავად კი რატომღაც შლივოვიცას მიეძალა. ჩემს შეკითხვას არ დალოდებია, თავად მომმართა:
- ერთი რაღაცით მაინც მინდა გაგახარო,
თქვა და გვერდულად გადმომხედა. ინტერესჩასახული თვალები შევავლე და უსიტყვოდ დაველოდე გაგრძელებას, მანაც ბევრი არ დააყოვნა:
- შენი საქმიანობა უნდა გააგრძელო აქ, ასტროფიზიკის ინსტიტუტში...
ყველაფერს ველოდი ამის გარდა და უსაზღვროდ გაკვირვებული ხმას ვეღარ ვიღებდი. თავად კი გააგრძელა:
- პროფესორ რანკო ჟივკოვიჩის ჯგუფში იქნები, იცნობ შენ მას კონფერენციებიდან. მოლაპარაკებულია ყველაფერი და შეუერთდები მაგათ ჯგუფს.
დაბნეულობა რომ არ შემტყობოდა, შავთვალება სიმპათიურ ბარმენს ჭიქა ბეილისი შევუკვეთე და ჩემს სიგარეტზე ცეცხლის აკიდების ნებაც მივეცი.
ნელ-ნელა ვწრუპავდი ბეილისს და როგორც იქნა მოვახერხე მეთქვა:
- და მაინც მეეჭვება, რომ მხოლოდ ჩემი პროფესიული საქმიანობა იყოს აქ ჩამოსვლის მიზეზი...
საშამ ბარმენს სერბულად რაღაც გადაულაპარაკა და ისევ მე მომიბრუნდა:
- სამართლიანი ეჭვებია, ამჯერად მხოლოდ იმას გეტყვი, რომ პირველ ადგილზე მაინც შენი
საქმიანობით დაკავდები, რამდენიმე დღეში კი ზუსტ მითითებას მიიღებ თუ რა გევალება კიდევ...
ჩვენი "მუხლის" ოპერაცია თავად იცი, რომ დიდი წარმატებით არ დასრულებულა, ალბათ
მიხვდები, რომ ამის სრულყოფა იქნება ჩვენი მომავალი ქმედების არსი...
ბარმენს თვალი მოვაცილე, ჩემდა უნებურად რომ მივჩერებოდი და ვუპასუხე:
- სიამოვნებით გავეცნობოდი მაგ "მითითებებს" ახლავე, რომ უფრო დაწყნარებულად შემეძლოს
ჩემი ნამდვილი საქმის კეთება...
ჩემს კომპანიონს ამაზე გაეღიმა და თვალებით მიმახვედრა , რომ თანახმაა ჩემს მოუთმენლობას ბოლო მოუღოს.... გვიანამდე ვიჯექით ბართან და გულისყურით ვუსმენდი მის საუბარს. შესასრულებელი მეტად ფაქიზი საქმე იყო, მაგრამ არც ისე ადრენალინიანი, როგორც მანამდე წარმომედგინა...
შუაღამე გადაცილებულზე დავბრუნდით ჩვენს აპარტმენტში. უამრავი ფიქრი იზლაზნებოდა ჩემს ტვინში, ასევე არასასურველი აზრიც, რომ იქნებ ანდრეს მოძებნაც შემძლებოდა, თუმცა, მოხერხებულად ვცდილობდი ამ ფიქრისგან თავის დაღწევას…
***
დღეები გადიოდა ერთნაირი დღის რეჟიმით: თითქმის მთელ დღეს ინსტიტუტში ვატარებდი, საღამოობით ჩემს ოთახში ვმარტოვდებოდი და იქაც გავლილი დღის შედეგებს ვაანალიზებდი. მეტად საინტერესო თემაზე ვმუშაობდით. კვლევა ეხებოდა შავ ხვრელებს, ფიზიკოსების პრეროგატივაში კი იონოსფერული პლაზმის თვისებების შესწავლა შედიოდა, კერძოდ, სხვადასხვა ენერგიებზე იონური რეზონანსების დაკვირვება და შესაბამისი გამოთვლები. ჩემს დაღაღლილ ფსიქოლოგიას ყოველივე ეს რაღაც მკურნალ მალამოდ ეფინებოდა, თუმცა ბავშვებზე ჭმუნვა მაინც არ მაძლევდა მოსვენებას და ამ სახის სამუშაოებისგან ოდნავი მოწყვეტაც კი ჩემში საშინელ ტკივილს იწვევდა. ჩემმა მეწყვილემ კი რამდენიმე დღის წინ დატოვა იუგოსლავია. არც ის ვიცოდი ზუსტად როდის მომაკითხავდა, ჩემს წინ მდგომი მომავალი "საქმე" კი მხოლოდ ჩემი შესასრულებელი იყო, ოღონდ მხოლოდ მაშინ უნდა დამეწყო, როდესაც ამის შესახებ ირინასგან შეტყობინებას მივიღებდი.
ერთ საღამოსაც, როდესაც ინსტიტუტში საქმიანობას მოვრჩი და ორი სქელტანიანი წიგნით ხელში , რომლებშიც საჭირო მასალები უნდა მომეძებნა, გადავწყვიტე ჩემი საცხოვრებლის ნაცვლად ქალაქის ცენტრში რომელიმე მყუდრო კაფეში შემევლო, რამეთუ თან დავისვენებდი და ასევე წიგნზე გადახედვაც შემეძლებოდა. ტერაზიეზე ავირჩიე ერთი ჩემთვის შესაბამისი კაფე და კმაყოფილიც დავრჩი: ეს იყო კაფე ბიბლიოთეკა, ლამაზად მოწყობილი, თითოეულ მაგიდაზე ელექტრო ლამპებით, რაც სწორედ რომ კითხვისთვის იყო გამიზნული.
ამის შემდეგ თითქმის ყოველ საღამოს მივდიოდი იქ და ჩემს მარტოობას თუ უსასოობას ნაცადი ხერხით ვთრგუნავდი - კითხვით და მუშაობით.
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჩვეულად ამ კაფეს მივაშურე და ყავის სმის პარალელურად ამ ჯერად ექსპერიმენტის ირგვლივ მოკლე რაპორტის წერით დავკავდი, სრულიად შემთხვევით ყურადღება ის-ის იყო შემოსულ სტუმრებზე გავამახვილე. გულმა სწრაფი დარტყმებით თითქმის გონება წამართვა და ხედვაც მიჭირდა უკვე, ყურები წიოდნენ, თვალებში შავი რგოლები ათამაშნდნენ: ორი სამხედრო შემოვიდა, ქუდები მოიხადეს და დასაჯდომ ადგილს ეძებდნენ. მათ შორის ერთი კი ანდრე იყო...
როგორც იქნა, მოვახერხე გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობიდან გამოსვლა და იმის მაგივრად რომ რაიმე მემოქმედა, გახევებული მივჩერებოდი მას. თავად ვერ მამჩნევდა, ესაუბრებოდა თავის მხლებელს, ეტყობა ვერ გადაეწყვიტათ რომელ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. ბარმენმა ადგილის არჩევაში მათ დახმარება შესთავაზა და ჩემს მოპირდაპირე მხარეს, თავისუფალ მაგიდასთან მიუჩინა ადგილი. მე კი კვლავ გაქვავებული ვუცქეროდი და არანაირი იდეა არ გამაჩნდა, როგორ მოვქცეულიყავი, თუნდაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა მქონოდა. რამდენადაც თავად ჯერ ვერ მამჩნევდა, სტრესის დასაძლევად ძალა მოვიკრიბე და შორიდან ინტერესით ვაკვირდებოდი, თუ რაოდენ იყო შეცვლილი ამ ხნის განმავლობაში: გრძელი, ხვეული თმის ნაცვლად დაბალზე შეჭრილი თმა, მზისგან გარუჯული სახე, შუბლზე ნაოჭიც ეტყობოდა, თვალები ნაღვლიანი, მისი ნატიფი ხელებიც შეცვლილიყო, ჯმუხი და რაღაც შავ მასაში გასვრილი, რომელსაც საპონიც ვერ აცილებს - ეს აშკარად მის არტელირისტობას მიუთითებდა ან სხვა შემთხვევაში ტანკისტობას... თავად ჩუმად იყო, მხოლოდ თანმხლები ჯარისკაცის საუბარს უსმენდა და მოჭუტული თვალებით თამბაქოს აბოლებდა. სიგარეტის გამოუღებლად რამდენიმე სიტყვით შეეხმიანა მხოლოდ ერთ-ორჯერ თავის თანამოსაუბრეს. ამ დაკვირვებებით თითქმის გართულს დამვიწყებოდა, თუ ვინ იყო ჩემი დაკვირვების ობიექტი.
ბარმენი მომიახლოვდა და მკითხა, კიდევ ხომ არ ვინებებდი რაიმეს. სწორედ ბარმენის ჩემს მაგიდასთან მოსვლა იყო მიზეზი, რომ ანდრემ როგორც იქნა შემნიშნა: თვალები ოდნავ გააფართოვა, აკანკალებული ხელით სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა, ხელის მოძრაობით ანიშნა მეორე ჯარისკაცს გაჩუმებულიყო და რაღაც წამებში ფეხზეც წამოდგა, ცალი ხელით სკამის საზურგეს დაეყრდნო, მეორე ოდნავ წამოწია და კიდევ რაღაც ანიშნა თავის მხლებელს, რომელიც უკვე ჩემსკენ მოტრიალებული ჯერ კიდევ ვერ ათვიცნობიერებდა თავისი მეგობრის ასეთ საქციელს. ცნობისმოყვარე მზერით ხან მე მიყურებდა, ხან ანდრეს და აშკარად დაბნეულიც იყო...
ანდრე ალბათ დარწმუნდა, რომ მე ვარ და უკვე მხნე ნაბიჯებით და განათებული სახით გამოსწია ჩემსკენ. მომიახლოვდა, სახეზე მაკვირდებოდა და ნაცნობმა ღიმილმა გადაუფარა სახე, ცოტა კიდევ დააყოვნა და მომმართა:
- ანა? აქ საიდან გაჩნდი? ანა, ხომ შენ ხარ?
ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, ოდნავ მიაჩოჩა ჩემი მაგიდა, ადგილი გაათავისუფლა და ასევე საოცარი ბედნიერი ღიმილით წამომაყენა, თმები უკან გადამიწია, თვალებში ჩამაცქერდა, სახეზე ხელით მომეფერა და უცებ თავისი მძლავრი ხელებით ხელში ამიტაცა, იცინოდა და თან იმეორებდა ხმამაღლა:
- ვიცოდი, ვიცოდი რომ აქ გნახავდი, ასეც ვიცოდი, აქ მომიწევდა დღეს გული... ასეც ვიცოდი ეს
რაღაც წინათგრძნობა შენ იქნებოდი...
მთელი ლოკალი ჩვენ გვიცქეროდა, იმდენად საინტერესო სცენა შეიქმნა ჩვენი წყალობით. პუბლიკამ ბოლოს ტაშიც კი დაუკრა და გულითადი შეძახილებით ულოცავდნენ ანდრეს და იზიარებდნენ მის სიხარულს...
მიმაგრებული სურათი