diakoniდილა მშვიდობის
nigoმადლობა

მე არასოდეს არ ვაყენებ ვინმეს შეურაცხყოფას და მოთმენაც შემიძლია, ესკალაციას მირჩევნია თვალი დავხუჭო ბევრ რამეზე (მითუფრო ქართველებთან), არც სერბები მაინტერესებს მაგ მხრივ და არც ხორვატები და 'მოშნად' სულერთი არიან მაგ ასპექტში ჩემთვის, მაგრამ ზღვარი უნდა იცოდეს საზრიანმა პიროვნებამ და ესაა, საუბრის კულტურას უნდა ფლობდეს. სხვა ქართველს რა უნდა ვესაუბრო, საქმეს ხომ ვერ გავურჩევ

დასაწყისი :
ამათი პრობლემები მოგვცა29- *** And love is insecure, how a charged Nagan!***(თავი 29, ნაწილი II)
მას შემდეგ როდესაც ანდრეს თავისუფალი დრო ქონდა, ყოველთვის მაკითხავდა და შესაბამისად საღამოს თუ დილას ერთად ვატარებდით. წარსულზე საერთოდ არაფერს ვსაუბრობდით, მე არც ტყუპი შვილების შესახებ დამცდენია არცერთი სიტყვა, მტკივნეულად მიღრღნიდა შიში გონებას და მდგომარეობიდან გამომდინარე ასე ჩავთვალე საჭიროდ... მხოლოდ ერთ დღესაც მოულოდნელად მკითხა:
- ანა, რატომ არ მპასუხობდი წერილებზე? ის მაინც მოგეწერა, რომ კარგად ხარ, მიზეზის ახსნა თუ
არ გსურდა, თუ რად აღარ მეკონტაქტებოდი...
ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ქონდა ამის უფლება საყვედური ეთქვა ჩემთვის, მაგრამ რეალობა სხვა იყო და იმასაც ვფიქრობდი, ღირდა კი ამ რეალობის მისთვის გაცნობა? მხოლოდ ოდნავ აღელვებულმა ვუპასუხე:
- მე შენგან არცერთი წერილი არ მიმიღია, თუმცა მე გწერდი მაინც, მაგრამ არ მოდიოდა შენგან პასუხი...
გაკვირვება ვერ დაფარა, ოდნავ წამოწითლდა კიდეც:
- ერთადერთი ის იქნებოდა, თუ გზაში იკარგებოდა, მინდა რომ გჯეროდეს - მე გწერდი და სულ
შენზე ვფიქრობდი... ვერ ვიჯერებდი, რომ ასე უსიტყვოდ გაწყვეტდი ჩემთან კავშირს...
თმები თითებით ავუჩეჩე და ღიმილით მივუგე:
- მასე ვფიქრობდი მეც შენზე...
ის დღეც საღამომდე ერთად გავატარეთ. საღამოთი კი მე ინსტიტუტს მივაშურე, მიმდინარე ექსპერიმენტის მსვლელობა შევამოწმე და ის იყო საცხოვრებელში უნდა წავსულიყავი, რომ ტელეფონმაც დარეკა. ჩვეულებრივ, ჩემს ნომერზე მხოლოდ ჩემი აქაური სამეცნიერო ხელმძღვანელი მირეკავდა და ასევე სხვა ოთახში მყოფი კოლეგები, რომელთაგანაც არცერთი ასე გვიან ინსტიტუტში არ იყო. ნაცნობი გრძნობა დამეუფლა, კვლავ ამიჩქარდა გული, ისევე როგორც ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, რასაც ვერანაირად ვერ ვეჩვეოდი. გარკვეული ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე და ირინას მყივანა ხმამ ყურებშივე შემძრა, მისალმების გარეშე ჩაისისინა:
- ხვალ... შესაბამისი ნიადაგი მომზადებულია... ფოსტის ყუთი შეამოწმე!
დაუმშვიდობებლადვე გათიშა კავშირი და ოდესღაც მეც მიხვდი, რომ ყურმილი ტელეფონზე დამედო...
***
საცხოვრებელში დაბრუნებულმა საფოსტო ყუთიდან მოზრდილი კონვერტი ამოვიღე, ხელით მოვსინჯე გარედან, გაუხსნელადაც ვხდებოდი რა იქნებოდა შიგ. ოთახში შესულმა კი შიგთავსი - სოლიდური რაოდენობის გერმანული მარკების კუპიურები ამოვიღე, ნაწილი ჩემს საფულეში შევინახე, ნაწილს კი კარადის უჯრაში მივუჩინე ადგილი. ასკილის ჩაი გავამზადე და ტახტზე წამოწოლილი მომავალი მოქმედების მსვლელობას ფრაგმენტულად განვიხილავდი.
ჩემი ამოცანა იყო ერთ-ერთი დაწესებულების არქივში შეღწევა და საჭირო დოკუმენტის ფოტოგრაფირება, რომელიც ოპერაცია "მუხლის" დროს ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტისთვის უნდა შეგვედარებინა და ამით ცხადგვეყო მაშინდელი ჩვენი მიღწევის წარმატებულობა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არც თუ ისე რთული შესასრულებელი მეგონა, უკვე როდესაც ფაქტის წინ ვიდექი, მაინც ვპოულობდი რამდენიმე საჭოჭმანო პუნქტს, რომელიც სიმშვიდეს მიკარგავდა. ძალზედ აღელვებულად ვგრძნობდი თავს, თითქოს, ეს პირველი ყოფილიყო... აბეზარი, გახშირებული გულის ცემის ნორმალიზებისათვის კი ისღა დამრჩენოდა რომელიმე საძილე საშუალება მიმეღო. ასეც მოვიქეცი და სულ მალე ნიპამის ერთმა ტაბლეტმაც კი სასურველი შედეგი გამოიღო - მშვიდი ძილით ჩამეძინა.
დილით ადრიანად გავედი ფოტოაპარატის შესაძენად, ელექტროტექნიკის მაღაზიაში იაპონური, მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე უახლესი ტიპის ფოტოაპარატი ვიყიდე. რამდენადაც სავარაუდოდ გვიან ნაშუადღევამდე დრო ჩემი საქმის დასაწყისათვის უნდა დამეთმო, მანამდე ინსტიტუტში შევიარე და ვაცნობე , რომ გვიან საღამომდე არ ვიქნებოდი ადგილზე. კიდევ ერთხელ გადავავლე გულისყური შესასრულებელ გეგმის პირველ ნაწილს და უკვე დამშვიდებული გავეშურე ჩემს წინ არსებული პირველი ეტაპისათვის მოსამზადებლად.
ინსტიტუტში უკან დაბრუნებულს, თანამშრომელმა მაცნობა, რომ ანდრეს უკვე მოეკითხა ჩემთვის და პატარა წერილიც კი დაეტოვებინა. მეტად არ მესიამოვნა მისი მაინცდამაინც დღეს გამოჩენა, მაინც ინტერესით გავხსენი მოკეცილი ფურცელი, სადაც მისი შეტყობინება ეწერა: ” ცოტა არ ოყოს გამიკივირდა, აქ რომ არ დამხვდი. გუშინ არაფერი გითქვამს, რომ ადგილზე არ იქნებოდი ან სადმე თუ აპირებდი წასვლას. გვიან საღამოს საცხოვრებელში მოგაკითხავ, თუ მანამდე ამ წერილს ნახავ, ძალიან გთხოვ სახლში დამხვდი. სიყვარულით , ანდრე ”. ოდნავ გაბრაზების სიწითლემ გადამიარა სახეზე - ვგრძნობდი ცხელი ალმურის თარეშს პირისახეზე, თან ვფიქრობდი: ”თითქოს კონტროლი და ნაბიჯების თვლა მაკლდა, რომ ამასაც დაეწყო იგივე ”… მე დღეიდან გარკვეული დროის განმავლობაში არ ვიქნებოდი მისთვის შესატყვისს დროს თავისუფალი, რაც მის გულისწყრომას და ეჭვებს გამოიწვევდა. უნდა მომეფიქრებინა რაღაც, რაც მე ამ უსიამოვნებას თავს ამარიდებინებდა, თუმცა, იმ მომენტში ერთი მომუშავე იდეაც კი არ გამაჩნდა…
საღამოს , 20 საათი გადაცილებული იქნებოდა, რომ ანდრეც მოვიდა. თავისი ლამაზი ღიმილით მომესალმა და მკერდზე მიმიკრა. ვახშმის შემდეგ ტახტზე წამოწოლილი თავის იმ დღევანდელი დღის ამბებს მიყვებოდა და არაფერი უკითხავს იმის შესახებ, თუ სად ვიყავი მთელი დღე. მე კი გულისფანცქალით ველოდი ამ კითხვას, რომ იქნებ პარალელურად საუბრისას რაღაც აზრიც მომსვლოდა და მისთვის გასაგები გამეხადა, რომ ეს პერიოდი მე მას მუდამ მისთვის სასურველ დროს ვერ შევხვდებოდი. ჩემთვის მოულოდნელად, მომმართა:
- ანა, მე დღეს გვიანი ცვლა შევუცვალე ჩემს მეგობარს და დილამდე აქ დავრჩები, ბრანკო ნამდვილი მეგობარია, მუდამ შედის ჩემს მდგომარეობაში…
ამის გაგონებაზე ყურებმა წივილი დამიწყეს, მე ხომ დილით 4 საათზე უნდა გავსულიყავი, როგორ მოვახერხებდი ამას ის თუ აქ იქნებოდა? უკვე ნამდვილად აღარ ვიცოდი რისი თქმა შეიძლებოდა და სპონტანურად ვუთხარი:
- წესით, წინასწარ უნდა გამაფრთხილო ხოლმე, როდესაც აქ დარჩენას აპირებ…
ძლიერ გაკვირვებული შემომხედა, ოდნავი გაბრაზებაც დაეტყო, დააყოვნა, თითქოს არაფრის თქმას არ აპირებდა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა:
- არ მესმის… მე მეგონა მუდამ გიხაროდა ჩემი აქ ყოფნა, ახლა რაღაც წინასწარ ტერმინებზე შეთანხმებაც მოისურვე როგორც სჩანს… შენ ხომ მუდამ სახლში ხარ ღამე? მაპატიე, ცუდად არ გამიგო, მაგრამ გაკვირვებული ვარ შენი შენიშვნით…
- არც არაფერია გასაკვირი, ანდრე… იცი, რომ ექსპერიმენტზე ვმუშაობ, ხანდახან ლაბორატორიაში ღამის გათევაც მიწევს, ამიტომ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ ხოლმე, როდის შეიძლება აქ დარჩე, რომ ტყუილად არ მოგიხდეს ცვლის შეცვლა…
ხელი მხრებზე მომხვია და კეთილად გამიღიმა. თანხმობის ნიშნად კი თავიც დამიქნია:
- კარგი, აწი მასე ვიზამ, დღეს კი იყოს ასე რიგგარეშე…
თქვა და თან გაიცინა. მეც არაფერი არ მიპასუხია, ცოტა ხნის საუბრის შემდეგ კი დავწექით დასაძინებლად და დაღლილს მალევე ჩაეძინა. რამდენადაც მის გაღვიძებას ვერიდებოდი, მაღვიძარას ვერ დავაყენებდი. ამიტომაც უნდა მეფხიზლა რამდენიმე საათი, სანამ ჩემი გასვლის დრო დადგებოდა. არა და , რამდენიმე საათი ძილი სხვა თუ არაფერი, სიმხნევისა და კონცენტრაციისთვის უდავოდ მესაჭიროებოდა.
დილით 4 საათზე ფრთხილად ავდექი ლოგინიდან, აბაზანის პატარა კარადაში შენახული საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩავალაგე, ჩავიცვი და სიბნელეში ოთახის კარიც გავიხურე. რამდენადაც ამ დროს ფაბრიკის მუშები უკვე სამუშაოდ მიიჩქაროდნენ, ჩემი გამოჩენა ქუჩაში არანაირ გაუგებრობას ან გაკვირვებას არ გამოიწვევდა. ხალხით თითქმის სავსე ტრამვაით მივაღწიე დანიშნულების ადგილის ახლო ტერიტორიას და დარჩენილი გზა კი ფეხით გავაგარძელე. გეგმის უზუსტესი დაცვით სრული წარმატებით შევასრულე დავალების პირველი ნაწილი. 7 საათისთვის კი ისევ ჩვეულებრივად ჩაცმული გამოვედი ქუჩაში და ამჯერად ტრამვაისთვის არ მიცდია, ტაქსით წავედი ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლისაკენ.
დილის 8 იქნებოდა დაწყებული, რომ ჩემი ოთახის კარი გავაღე. პირველად რაც შევნიშნე, ცარიელი ლოგინი იყო. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ჩემი ღამეული გაუჩინარების გასამართლებლად დამაჯერებელი მიზეზი მომეფიქრებინა. ზურგჩანთა სწრაფადვე შევტენე ფეხსაცმელების კომოდში. მალევე აბაზანიდან წყლის ხმაც შეწყდა და ანდრეც ოთახში გამოვიდა. თითქოს ვერც შემამჩნია, ფანჯრისკენ გასწია და ფარდა ოდნავ გადაწია. ჩემსკენ მოუხედავად მკითხა:
- ანა, იქნებ გამარკვიო რა ხდება? ის მაინც მითხარი, რომ ყველაფერი რიგზეა. 5 საათის მერე
მღვიძავს და გელოდები, არც კი ვიცოდი სად მომეძებნე... ისიც ვიფიქრე, იქნებ საფუნთუშეში
გახვედი, თუმცა ასე ადრე ისინი არ იღება...
- მაპატიე, არ მინდოდა შენი გაღვიძება, უეცრად ამეკვიატა აზრი, რომ ერთ-ერთი დანადგარი ჩართული დამრჩა და ვერ მოვისვენე, გავქანდი ლაბორატორიაში... მადლობა ღმერთს, ცრუ წინათგრძნობა აღმოჩნდა... შემდეგ სხვა აპარატურაც შევამოწმე კიდევ ერთხელ და ამასობაში ეს დროც გახდა...
მომიახლოვდა, თვალებში ჩამაცქერდა, მკერდზე მიმიკრა და ჩუმი ხმით მითხრა:
- ხო, რა ვიცი, მგონი მაქვს უფლება შემეშინდეს...
თითქოს გული საგულეს ტოვებდა, მთელი ძალით მირტყამდა მკერდში და დიდი მონდომებით ვცდილობდი ცრემლის მოდენის დაფარვას... ვგრძნობდი მისი სუნთქვის სიხშირესაც და ამავე დროს უაღრესად ბევრ სითბოს, რასაც მისი სხეული ასხივებდა... თავად კი არ დაუმალია აცრემლებული თვალები, უფრო და უფრო მეკვრებოდა და რაღაც შეშინებული ხმით ბოლოს მითხრა:
- მეშინია ისევ არ დაგკარგო... ანა, მე ჩემებს უკვე ვუთხარი ჩვენი ხელახალი შეხვედრის ამბავი,
მშობლებს უნდათ რომ გაგიცნონ... მე კი მინდა... მინდა რომ სამუდამოდ ერთად ვიყოთ... ახლა
ძველი დრო აღარ არის, უფრო მარტივია უცხოელზე დაქორწინება... თქვენზე ვამბობ, თორემ
ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა... ანა, მოვაწეროთ ხელი და დარჩი ჩემთან, მე აწი ვეღარ
შევძლებ უშენოდ, ეს წლებიც როგორ შევძელი ეგ მე თვითონ არ მესმის... ალბათ იმის გამო,
რომ ვფიქრობდი შენ აღარ გიყვარდი და ეს შენი სურვილი იყო, მე კი სულ მიყვარდი და პატივს
ვცემდი შენს გადაწყვეტილებას... ანა, მივცეთ ამას ოფიციალური სახე და ვიყოთ ერთად...
უკვე აღარ შემწევდა ძალა მოძალებული ემოცია ტირილად არ გამემჟღავნებინა და მის ფართო მკერდს ჩემი ცრემლი ეღვრებოდა. ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ვტიროდი, თავად კი ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე, როდესაც ჩემი ჩუმი ტირილი გულამოსკვნილ სლუკუნში გადაიზარდა. მეფერებოდა და მთხოვდა დაწყნარებას...
ოდესღაც შევწყვიტე ტირილი, თუმცა ლაპარაკი კიდევ არ შემეძლო. დამსვა ტახტზე და მალე დაბალ მაგიდაზე ცხელი ლიმონის წვენიც დამიდგა. მზრუნველად გამიმშრალა ჯერ კიდევ სველი სახე და წყნარი ხმით მომმართა:
- როცა შეძლებ პასუხის გაცემას, მაშინ მიპასუხე, მე არ გაჩქარებ, მე მხოლოდ მიყვარხარ და ეს არ გახადო სატირალი... სიყვარული უნდა გვახარებდეს, ანა და არა გვატირებდეს... დაწყნარდი, მე მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდა....
მაკოცა აწითლებულ ლოყაზე, კეპი მოირგო თავზე და მეტი არაფერი უთქვამს, კარი გაიხურა... მე კი ვფიქრობდი : " მეც მიყვარხარ, მაგრამ მე სიყვარული მხოლოდ მატირებს "...
( ***გავაგძელებ შემდგომში***)
* * *
iaiameriსხვა რა გზაა
მიმაგრებული სურათი