გამზადებული მქონდა გაგრძელება, ამასობაში ფირალმაც დაწერა, მაგრამ ბარემ დავწერ მეც, ვერ ვარ რაღაც მოტორზე დღეს და ბარემ მოვილიოთ

29-ე თავს გავაგრძელებ, დასაწყისები:
ამათი პრობლემები მოგვცადიდია ფრაგმენტი, აღარ გავწყვეტ, არ გამოდის აზრი წყდება, ამიტომაც ბოდიში სიდიდის გამო. წაიკითხავთ რა ამ ფრაგმენტს, გაქვთ უფლება მეჩხუბოთ, დამიწეროთ, რომ ძალიან ცუდი ტიპი ვარ, უსისხლო და უგულო

ყველაფრის ღირსი ვარ, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ იმ მომენტში სხვა გამოსავალი რეალურად ვერ ვიპოვე

(( იქნებ ისიც მითხრათ, თქვენ როგორ მოიქცეოდით...
29- *** And love is insecure, how a charged Nagan!***(29-ე თავის დასასრული)
მეორე დღეს, ინსტიტუტშივე მივიღე ჩემი მასალების გადასაცემად მზადმყოფნის შეტყობინება. შეხვედრის ადგილი ჩემდა გასაოცად კაფე-ბიბლიოთეკა იყო, დრო კი იმავე საღამოს 7 საათზე. როგორც იქნა გავიდა ნაშუადღევიც და დათქმულ დროზე უკვე კაფეში გავეშურე უცნობ "ცოცხალ ფოსტის ყუთთან" შესახვედრად. შესაბამისი "გამხსნელით" უნდა ამოგვეცნო ერთმანეთი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც იქ საშა დამხვდა. გულს სითბო მომეფინა, გაოგნება დავბლოკე და მონატრებული სალმით სრულიად ბუნებრივად მივესალმე. მცირეოდენი საუბრის შემდეგ ის პირდაპირ მნიშვნელოვანზე გადავიდა:
- მიხარია, რომ წარმატებები გაქვს ინსტიტუტში, ამაში ხომ ეჭვი არასოდეს შემპარვია... სავარაუდოდ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე მალე...
ასე მალე ბელგრადის დატოვებას არ ველოდი და ვკითხე:
- არ ვკითხულობ სად, მაგრამ მე კიდევ დრო მჭირდება ჩემი ცდების დასარულებლად...
ხელზე ხელი მზრუნველად დამადო და მომმართა:
- ნუ დარდობ მაგას, დაასრულებ მანამდე, როგორც ვიცი, ბევრი მაინც აღარ დარჩა...
თბილად გამიღიმა და ბარმენს გასძახა:
- ორმაგი ბეილისი დამას!
მეც გულწრფელად გავუღიმე, მანვე გააგრძელა:
- ჯარისკაცის ამბავი ცხადია ვიცი... მეტად არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა, რომელსაც თავად
გადაჭრი... დალიე ახლა და გავიდეთ, სამი ღამის უძინარი ვარ...
მალე კი ნელა მივყვებოდით ფიფქებით დახუნძლულ ხეივანს. კიდევ ერთხელ ვგრძნობდი და მერამდენედ ვარწმუნებდი თავს, რომ ვინც ამ ქვეყნად გამაჩნდა ჩემს გვერდით, მხოლოდ ეს იყო - ეს უცხო კაცი, უცხო და ამავე დროს უაღრესად მშობლიური. ამის გაფიქრებაზე უნებურად ჩავკიდე ხელი და მლავზე მივეკარი. მას კი ამ დროს მხნე ნაბიჯი არ შეუყოვნებია...
მიმაცილა რა ჩემს საცხოვრებელთან, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ღამე მშვიდობისა მისურვა და "ინტერკონტინენტალისკენ" გასწია.
ოთახში შემოსულს მაინც რაღაც სიხარული მიპყრობდა, მსუბუქად ვგრძნობდი თავს. უაზროდ ჩავცქეროდი მონაცემების რვეულში და ოდესღაც მივხვდი, რომ უშედეგო იყო ასეთი "კითხვა". რამდენიმე წუთში კი კარზე ზარიც დაირეკა. ამ საღამოს არავის ველოდი, თავად ანდრესაც კი, ოდნავ შიშმაც ამიტანა, ხელჩანთიდან ამოვიღე პისტოლეტი და ასე შემართული ხელით კართან მისულმა ვიკითხე ოთახის შიგნიდან:
- ვინ არის?
- მე ვარ!
მომესმა ანდრეს ხმა, ოღონდ ძალიან მკაცრი. სწრაფად გადავმალე იარაღი და კარიც გავაღე. გვერდზე გამწია ანდრემ და ოთახის შუაგულისკენ გასწია. უხმოდ დადიოდა წინ-უკან და ეს საქციელი რომ უკვე გადაჭარბებულად მივიჩნიე, ვკითხე:
- რა ხდება? რას ნიშნავს ეს მარში?
ამის გაგონების შემდეგ ერთ ადგილზე გაჩერდა და მეტად ხმადაბლა მითხრა:
- აღარ გჭირდება ახსნა-განმარტება, შენი "მიზეზი" საკუთარი თვალით დავინახე!
მივხვდი საშაზე ამბობდა. პირველი, რაზეც ფიქრი შემეძლო უაღრესი გაბრაზება იყო, ძლიერ არ მომეწონა მისი ჩემდამი კონტროლი და თვალთვალი. წესით, ამ დღეს არ უნდა მოსულიყო, აქედან ვასკვნიდი რომ შემთხვევითი არ იყო მის მიერ ჩვენი დანახვა, ამიტომაც სრული სერიოზულობით მივმართე:
- და შენ მე მშპიონობ თუ როგორ გავიგო ეგ შენი აქცია?
მოვიდა, ხელებით მკლავებზე შემბოჭა და მრისხანე მზერით გააგრძელა:
- რაც გინდა ის დაარქვი! ასეც ვიცოდი რომ სხვის გამო უარმყავი და იმდენი გამბედაობა არ გქონდა
, რომ სიმართლე გეთქვა და ათასი მიზეზი მოიგონე!
ხელები გავაშვებინე და ძალიან საცოდავად აცრემლებული თვალებით მივუგე:
- არ არის ის სიმართლე, რაც შენ გგონია... არ არის ეგ სიმართლე!
მაინც არ ცხრებოდა:
- რატომ, რატომ არ ამბობდი და რატომ არ ამბობ? აბა, სულ შემთხვევით იყავი მიწეპებული ვიღაც
... ვიღაც... ბაბუას! ახ, ალბათ ის მდიდარია, გავლენიანი, უკეთეს ცხოვრებას გთავაზობს! ასეა
ალბათ...
მოულოდნელად მოვუტრიალდი და გააზრების გარეშე სილა ვტკიცე:
- ახლავე დატოვე აქაურობა! ახლავე!
აკანკალებული ხელი ლოყაზე მოვისვი ცრემლის მოსაწმენდად. ანდრემაც ხელით თავის ყურისძირს შეეხო, სწორედ იქ, სადაც ალიყური მოხვდა. ავად გადმომხედა, ოდნავ ჩემსკენ წამოიწია, მაგრამ მყისიერად მოსწყდა ადგილს და ოთახი დატოვა.
ქვითინით ჩამოვჯექი საწოლზე. როდესაც სლუკუნმა დამღალა, კიდევ ერთხელ გავაანალიზე მომხდარი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ სასწრაფოდ უნდა მომეგვარებინა ანდრეს პრობლემა. ტირილით გათანგულს ძილიც მალე მომერია.
***
დილით ადრე მივედი ინსტიტუტში, კოლეგებთან ერთად ყავის კონსუმის შემდეგ დავბრუნდი ჩემს მაგიდასთან და ის იყო შეგედების შეჯამება დავიწყე რომ ტელეფონიც აწკრიალდა. უხალისოდ ვწვდი ყურმილს - ანდრე იყო. მოსალმების გარეშე მითხრა:
- აუცილებელია კიდევ ჩვენი შეხვედრა, მე ასე ვერ ვიქნები, სიმართლე მინდა, უნდა მითხრა ვინ
იყო და რა ხდება, თუ არა ის, რასაც მე ვვარაუდობ... თუ ისეა როგორც მე ვფიქრობ, ეგეც უნდა
მითხრა... დღეს 16 საათზე პარკში დაგელოდები... იქ, ამასწინათ რომ ვიყავით... ვგონებ, გარეთ
შეხვედრა სჯობს...
ზედმეტი აღელვებისგან თავი რომ შემეკავებინა, დავთანმხდი და კავშირიც მაშინვე გავთიშე. არანაირი ემოცია იმ მომენტში მის მიმართ არ გამაჩნდა, იმდენად მეწვოდა მის მიერი ჩემი შემოწმება, რომ ასე უნებურად შეეხო ჩემს მტკივნეულ ადგილს, რასაც კონტროლი და "საქმის რჩევა" ქვია... თავადაც მიკვირდა, რომ გრძნობებისგან დაცლილი ვიყავი, როდესაც მთელი წარსული წლები მისი სახის ნახვას ვნატრობდი და ვეძახდი „Мој животе, да љ си жив?“ ( * სერბოხორვ.: - ჩემო სიცოცხლევ, ნეტავ ცოცხალი ხარ? ) ... ერთი რამ ცხადი იყო, რომ ანდრეს ასეთი დაინტერესება და ჩაძიება კარგს ნამდვილად არ მოიტანდა...
***
ანდრე ცალი ხელით დაყრდნობოდა ხის მერხს. სახეზე მოუსვენრობაც ეტყობოდა. კიდევ ერთხელ დახედა საათს, ალბათ ჩემი პუნქტუალობა შეამოწმა, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე. უცებ მოსწყდა მერხს და ჩემთან მოირბინა, მკერდზე მიმიკრა მთელი ძალით და თან ხმამაღლა ამბობდა რაღაც უცნაური, შეპყრობილის ხმით:
- არა, ანა, არა, მე არ დაგთმობ, არა! არ მაინტერესებს მე სხვა, მე შენ მაინტერესებ და მიყვარხარ, არ დაგთმობ, ეს ცხადია! ახლავე წამოდი ჩემთან, ახლავე! ანა, იცოდე არავის არ დავუთმობ შენს თავს, არავის! ახლავე!
იძახდა და უფრო და უფრო ისტერიულად მიკრავდა თავის სხეულზე. რაღაცით შიშიც კი გამერია... როგორც იქნა შევძელი თავი დამეღწია მისგან, ოდნავ მოვცილდი და მივმართე:
- ანდრე, მომისმინე ახლა... შენ არასწორად ფიქრობ, თუ ეს შენ შვებას მოგცემს გეტყვი, რომ
შენი ვარაუდი მცდარია... ნუ მკითხავ ვინ ვინ არის... მთავარია მცდარია... თუ მართლა
გიყვარვარ, შენ დამეხმარე ახლა და მოიქეცი ისე, როგორც მე გთხოვე... როგორც გითხარი
პასუხად - მიზეზებს ნუ იკვლევ... მეც გამიადვილე... გთხოვ...
- რატომ, ანა? რატომ? ნუთუ არ შეგიძლია ჩემთან იყო თუ სიყვარულია? ესე იგი არ გიყვარვარ!
მაგრამ სულერთია ახლა ესეც ჩემთვის, მე არ დაგთმობ, არა მეთქი!
ჩასისხლიანებული თვალები მრისხანედ მომანათა და ხელზეც ჩამკიდა, მისკენ მიმიზიდა. შევცადე გათავისუფლება, მაგრამ ამაოდ. მეხვეოდა და დამთხვეულივით იმეორებდა:
- არა, არა მეთქი და ეს ასე იქნება!
დიდი წვალების შემდეგ თავი დავაღწიე მის ძლიერ მკლავებს და ოდნავ მოვცილდი:
- მე უკვე გითხარი, მე სხვა გზა არ მაქვს, არ მაქვს, ეს უნდა გაიგო... არა ჩემს გამო , არამედ შენს
და ... და... სხვების გამო...
მაგრამ მას არაფერი არ ესმოდა, კვლავ თავისას იმეორებდა. ოდესღაც შევტრიალდი და გავწიე პარკის გასასვლელისკენ, რამდენადაც მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა... უკან გამომყვა და უკვე მიბრძანებდა შეჩერებას. თავადაც არ ვიცი როგორ, თავადაც არ ვიცი საიდან, მაგრამ მხოლოდ ერთი ამონახსნი დამესახა წინ და ზედმეტი ანალიზის გარეშე დავეთანხმე საკუთარ თავს სწორედ ასე მემოქმედა: მისგან შეუმჩნევლად ამოვიღე ზასტავის პისტოლეტი და მოვუტრიალდი, ჩემს ხელში იარაღი რომ დაინახა, ოდნავ დაიბნა, მერე გაეღიმა , განცვიფრებაც ერეოდა მისი სახის მიმიკას, თუმცა მაინც ჩემსკენ მოიწევდა. მე რამდენიმე ნაბიჯი უკან დავიხიე და გამოვკარი... პირველი ტყვია ნიკაპის ქვეშ გაკრა... დარტყმამ და ხმამ თავისი ქნა და მუხლებზე ჩაემხო... შემომხედა, კიდევ გაეღიმა, ხელი წამოსწია და როგორღაც ამოღერღა:
- არაუშავს... არ შეგეშინდეს... კარგად ვარ...
თავად არ უცდია თავისი იარაღი ამოეღო და თავი დაეცვა... დასრულებული არ ჰქონდა ეს წინადადება, რომ მეორედ იქუხა ჩემმა ზასტავამ და ახლა მარჯვენა მხარეს ბეჭში მოხვდა ტყვია... მთლიანად დაეცა გვერდულად მიწაზე... ოდნავ წამოწია თავი და რამდენადაც გავარჩიე, მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო:
- რატომ?
დავხედე შორიდან, ბეჭიდან მოდენილი სისხლი თოვლს აწითლებდა... თავად ჯერ კიდევ ფართოდ გახელილი თვალებით მიცქეროდა: მის მზერაში არ იყო არც შველის თხოვნა, არც გაბრაზება, არც შიში , არამედ მხოლოდ გაკვირვება... რაღაც წამებში მიხუჭა ორივე თვალი და მეც სწრაფი სირბილით პარკიდან მიმდებარე ქუჩაზე გამოვედი.
საღამო უკვე იკრეფდა ფეხს, სიბნელე შემოპარვოდა დღის დასალიერს. ქუჩაშიც სიცარიელე იყო, სწრაფად მივირბინე ტელეფონის ჯიხურთან, ის იყო შესვლას ვაპირებდი სასწრაფოში დასარეკად, რომ ამ დროს ვინმე მორბენალი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. ეს უკეთეს გადაწყვეტილებად მივიღე და გავაჩერე მომიახლოვდა რა:
- ძალიან გთხოვთ სასწრაფოში დარეკეთ და უთხარით , რომ ზუსტად აი იქ, პარკის შესასვლელში დაჭრილი ჯარისკაცია და შველა სჭირდება... ძალიან გთხოვთ...
კაცმა ჯერ ოდნავ პირი გააღო, თვალებიც გააფართოვა, შემდეგ კი გულიანად ახარხარდა:
- გოგონი, მოდი რა... სადაც დალიე იქ მოინელე... კარგი რა, სხვა სათამაშო და გასართობი ვერ ნახე
თუ სანაძლეო წააგე ?!
სიცილი მყისიერად შეახმა ყბაზე, მიეალერსა რა მარცხენა ლოყაზე ჩემი პისტოლეტის ჯერ კიდევ ცხელი ლულა... რამდენიმე წამში კი დიდი მონდომებით და რუდუნებით ასრულებდა ჩემს დავალებას...
სწრაფი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით კარგა მანძილით გავცილდი იქაურობას. თავი რომ სამშვიდობოს დავიგულე, პირველი რაც გავაკეთე ჩემი მანტო ჩავატრიალე, ამით მისი ფერი შეიცვალა, ასევე გაშლილი თმა ავიკარი, ბერეტიც მოვირგე და უფრო ნელი სვლით გავაგრძელე გზა ტელეფონის მოსაძებნად... ზუსტად ნახევარ საათში კი საშა მანქანით მელოდებოდა ჩემი საცხოვრებლის ეზოში, სანამ მე ჩემს ნივთებს ჩავალაგებდი, მანამდე კი ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელთანაც მოასწრო დარეკვა, რომ მე ოჯახური პირობების გამო სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა იუგოსლავია...
იუგოსლავია კი მართლა დავტოვეთ, თან სასწრაფოდ, მაგრამ არა ჩემი ‘ოჯახური პირობების’ გამო... საათების მანძილზე ვფიქრობდი მომხდარზე, საბოლოოდ კი ვეღარ მოვერიე საკუთარ თავს და ხმით ატირებულის დამშვიდება თავად ჩემს ოსტატსაც კი არ ძალუძდა...
როდესღაც საზღვარსაც გავცდით. მწარე ტკივილი სინანულს მიმძაფრებდა. მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მომხდარი კი არა, ყველაფერი განვლილი მაწუხებდა და გულს მტკენდა. ცრემლები შეუჩერებლად მსდიოდა და ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
საშამ რამდენჯერმე გააჩერა მანქანა, რომ ოდნავ მაინც დავემშვიდებინე, თუმცა, არცერთი საყვედურის სიტყვა არ დასცდენია. გამთენიისას მივაღწიეთ კიდეც ბუდაპეშტს და სასტუმროში დავბინავდით. ვიჯექი ნომერში და ვდუმდი, გონებაში კიდევ ერთხელ ვაანალიზებდი ჩემს არარაობას.
გაუტეხავმა უსიტყვობამ როგორც იქნა მოჭამა თავისი დრო. საშამ ჟურნალების მაგიდაზე ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი დამიდო და დაუფარავი მზრუნველობით, ასევე გათვალისწინებული სიფრთხილით მომმართა:
- ახლა ზედმეტია მაგაზე ტირილით თავის მოკვლა... სხვანაირადაც შეგეძლო პრობლემის მოგვარება. თუ გამოსაქცევად შექმნიდი საქმეს, სჯობდა, საერთოდ არ შეხვედროდი და ისე დაგვეტოვებინა ის ქვეყანა... იცი, რომ მაინც ვერ მოგაგნებდა... თუმცა, ახლა გვიანია ამის ანალიზი, მოსახდენი მოხდა და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რასაც მოვახერხებ, შევეცდები, მოაგვარო ეგ ამბავი. ჯარისკაცს შენს უყვარხარ და ის არასოდეს გაგცემს. იმაზეც ვიფიქრე უკვე, რა მოხდება, აზრი რომ შეიცვალოს. დღეს შუადღისას ზუსტად მეცოდინება ამ ამბის შედეგების შესახებ... ნუ გეშინია, დამშვიდდი...
ცრემლით დასველებული თმა სახიდან გადამიწია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო აჩენდა თავის ემოციებს და თანაგრძნობას ჩემს მიმართ, უფრო და უფრო მშობლიური და მზრუნველი ხდებოდა მისი ჩემდამი დამოკიდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას ძველებურად აღარ მალავდა. მეც მისი სიტყვებით ოდნავ ნანუგეშებმა ტირილით შევჩივლე:
- ვიცი... ვიცი, რომ დავაშავე და საშინელი შეცდომა დავუშვი... მაგრამ... მაგრამ იმ წუთს სხვანაირად ვერ ვიმოქმედე, მე ხომ მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება მაშინებდა... მე ხომ მას არ მოვკლავდი, მხოლოდ მისი შეჩერება მსურდა... იმ წუპაკის... წუპაკი ირინას გამო...
- კარგი, დაწყნარდი... ვიცი, რომ რაღაც სარჩული ქონდა შენს ქმედებას, არ გინდა ახსნა...
უფრო ამომიჯდა გული და მის მკერდში ჩავრგე თავი. გაუბედავად შეეხო ჩემს თმებს და ხელის გადასმაც კი გაბედა. მე კი ვტიროდი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ მის გარდა არავინ გამაჩნდა...
(*** თუ სურვილი იქნება, რომელიმეს კიდევ დავწერ, ოღონდ თქვენთან შეთანხმებით )
ეს სურათი ნაწერის თემას არ ეხება, მაგრამ შენიღბვის მაგალითია და მე პირადად მიყვარს ეს სურათი, კაფე-ბიბლიოთეკის სურათსაც მოვიძევ:
მიმაგრებული სურათი