კარგით, მეგობრებო, მოვილიოთ ბარემ, არაა დიდი ნაწილი დარჩენილი .
წინა ნაწილები აქ:
ამათი პრობლემები მოგვცა*** I was numb from the pain and tired of war... Hey you, black fields ! Oh, you , white dreams!... ***( 25-ე თავის დასასრული)
სენკას სიარული შეეძლო. ჯულიზე მანიშნა, რომელსაც მუხლი ქონდა გადახსნილი და მგონი აზრზეც აღარ იყო. შევეცადე ზურგზე მომეკიდა, თან ჯერ ვყოყმანობდი - კიდევ ვინმე ბანაკელთაგანი არ ყოფილიყო დარჩენილი. შემართული ავტომატით სამივე მხარეს მზადყოფნით ვათვალიერებდი. ზუსტად არ ვიცი რამდენი დროის შემდეგ, ცხადია რომ მალე, ორმა ჩვენმა მოკავშირე ნიღბიანმა ჯარისკაცმა ჩვენთან მოირბინა. უხმოდ გადახედეს გოგონებს, მერე მე და მანიშნეს ვერტმფრენისკენ ამეღო გეზი. მათ უკან მესამეც მოყვა, რომელსაც ორი ქალი ახლდა: ერთი ხანდაზმული და მეორე ახალგაზრდა. მესამემ ჟესტიკულაციით გამაგებინა, რომ ჯერ კიდევ საქმეა აქ და გაშლილი სამი თითით თან გზა მიჩვენა, თან გამარჯვების ნიშნით დაგვემშვიდობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯული ტანად მომცრო იყო, მისი ტარება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ხშირ-ხშირად ვიცვლიდი მხარეებს. ხანდაზმული ქალი სენკას დაეხმარა - მკლავზე არტახი გადაუჭირა. ჯულის დამსხვრეულმუხლიან ფეხს კი უკანა მხრიდან მოგრძო პლასტმასის ფირფიტა მივამაგრე და დოლბანდით გადავუჭირე. თუ ბედი გაგვიღიმებდა, მშვიდობით მივაღწევდით დანიშნულ ადგილს.
თითქოს უბედურება გვაკლდა, ახლა ახალგაზრდა გოგონამ შეგვიქმნა პრობლემა: გავდიოდით რა ტყის დაჭაობებულ ნაწილს, მოაღო პირი და ატირდა:
- ბაყაყები, ბაყაყები იქნებიან! არაააა, მე ვერ წამოვალ!
გაფითრებული, ტკივილისაგან ღონემიხდილი სენკა არწმუნებდა, რომ წელიწადის ამ დროს არ არიან ბაყაყები და ნუღარ დავგაყოვნებს. წრუწუნი არ იკმარა და ჭაობის წინ სახედარივით გაფარჩხა ფეხები: ნაბიჯს აღარ დგამდა წინ. არც მისი თანმხლები ქალის თხოვნა ჭრიდა…
ჭაობს გავცილდი, ჯული მშრალ მიწაზე დავდე და ჭაობის წინ მდგარ მოღრიალე გოგონასთან უკან მოვბრუნდი. ხელი გავუწოდე, რომ გამომყოლოდა. ავუხსენი, რომ დაჭრილები გვყავს და ყოველი წამი ჩვენთვის ძვირფასია. გარდა ამისა, მის ყვირილზე ბევრი არასასიამოვნო ამბავიც შეიძლება გადაგვხდენოდა. მან კი ახლა ხმით ამოთქმა დააპირა.
ეს უკვე ზედმეტი იყო, მისთვის მოულოდნელად, ცხოვრებაში პირველად ჩემზე სუსტს და ისიც ქალს, შეკრული მუშტი ტუჩის მიდამოებში ამოვდე. სანამ მიხვდებოდა რა მოხდა და მოდენილ სისხლს დააფიქსირებდა, ტუჩებთან სისხლი შევხოცე , სამხედრო ხალათის ზედა ჯიბიდან ამოღებული წებოიანი ბანდი ელვისებურად პირზე მივაკარი, ხელები უკან გადავუტანე და შევუკარი. გაფართოებული , პანიკაჩასახლებული თვალებით მიყურებდა. მე კი მშვიდად მივუგე:
- ჩვენ წავალთ, შენ კი აწი ვეღარ იწივლებ და სხვის სიცოცხლეს საფრთხეს ვეღარ შეუქმნი… თუ გინდა იყავი აქ, თუ გსურს გამოგვყევი… შენი გადასაწყვეტია დანარჩენი!
ზურგი ვაქციე და ჭაობში ფეხი შევადგი. წამის ნაწილებში მისი ფეხის ტყლაშუნი მესმოდა უკან და ბოლოს თითქმის ჩემზე ტანით მოკრული, მარდად მოაბიჯებდა ჩემს გვერდით. საკუთარ თავს ვარწმუნებდი: ” ჯოჯოხეთს ფული კი არა, ძალა ანათებს!” , რამდენადაც ის სიტუაცია, რაშიც ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებოდით, ჯოჯოხეთისგან სავარაუდოდ დიდად არ განსხვავდებოდა. რაც შეეხება ჩემს გეგმას - ოპერაციის შემდეგ წავსულიყავი, ვერანაირად ვერ განვახორციელებდი: ჩემი იმედით მყოფ გოგონებს ვერ ვუღალატებდი…
როგორც იქნა ხანდაზმული ქალი მივიდა აზრამდე, რომ ჩვენთვის ზურგჩანთები მაინც ჩამოერთვათ და ოდნავ შემსუბუქებულმა, უფრო მალე მივაღწიე მინდორს, სადაც სულ მალე ვერტმფრენი დაეშვებოდა…
უკან დაბრუნებულები ჯულის დაგვაცილეს. ის აწი ვეღარ შეძლებდა ჩვენთან ყოფნას. გონდაკარგულს ორივენი ლოყაზე ვემთხვიეთ და დაცარიელებული მივეფარე ეზოს უკანა მხარეს გახშირებულ ნაძვნარს, მკლავში დაჭრილი სენკა კი მედდამ შენობისაკენ გაიყოლა… ეს იყო ჯულისთან ჩვენი ბოლო შეხვედრა. მის შესახებ მას შემდეგ არც არაფერი გვსმენია.
***
ასე მიილია შემოდგომაც. უთოვლო ზამთარიც დადგა. ოთხიდან ორად დარჩენილი მე და სენკა ხშირად სხვების შემომატების გარეშე ვაგრძელებდით მოცემული დავალებების შესრულებას: ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილებზე. ჩვენი - უკვე მიჩვეული, ნავარჯიშები ფსიქიკაც კი ხშირად ვერ ახერხებდა იმ საშინელებების გათავისებას, რისი ხილვაც ჩვენ განგებამ გვარგუნა.
დეკემბერის ბოლოს სარაევოში მყოფებმა საკუთარი თვალით ვიხილეთ IFOR-ის შემოსვლა, რომელმაც UNPROFOR ჩაანაცვლა. ფინელი და ნორვეგიელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ იმ ტერიტორიას. ერთადერთი რაც მახარებდა, იმის წარმოდგენა იყო, რომ ამ ხოცვა-ჟლეტას ბოლო მოეღებოდა. ანდრეზე ფიქრი კი მოსვენებას არ მაძლევდა, თითქოს ყველგან ვეძებდი, ყველა ადგილობრივ ჯარისკაცში მას ვხედავდი, თუმცა თავად არცერთი მათგანი არ იყო…
ახალი წლის წინა დღეს კი სენკა და მე ცრემლების ყლაპვით დავცილდით ერთმანეთს. ერთმანეთში თვეების მანძილზე სულიერად შერწყმულებს გვზარავდა განშორება, მაგრამ მშვიდობის გემო გვაძლევდა ძალას. საბოლოოდ გადავეხვიე და ერთ დროს ულამაზესი ქალაქის ნანგრევებად ქცეულ ქუჩას გავუყევი: შეხვედრის ადგილისაკენ, სადაც ამ დღეს დაბარებული ვიყავი…
ოთხი დღის შემდეგ კი საშასთან ერთად ზალცბურგში დავბრუნდი. ჩემი მასტერი არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენი ისევ ერთად შეყრა მასაც ახარებდა…
ყველაზე გაჭიანურებული მაინც სარაევოს დატოვება აღმოჩნდა. სარაევოს აეროპორტი, რომელიც 1992 წლის ივნისიდან უკვე UNPROFOR-ის კონტროლის ქვეშ გადავიდა, სამოქალაქო ავიარეისებს საერთოდ აღარ აწარმოებდა. დიდი გაურკვევლობა და არეულობა იყო ამ მხრივ. სარაევოს გვირაბის გახსნამდე (1993 წ.) , მე-20 საუკუნის ყველაზე დიდხნიან (1425 დღე) ბლოკადაში მყოფი ქალაქიდან მოსახლეობას გაქცევა მხოლოდ აეროპოტრის ასაფრენ-დასაფრენი 2,8 კმ-იანი ტრასის გამოყენებით შეეძლო, ამის დასათრგუნად აეროპორტის ტერიტორია მავთულხლართებით და ტრანშეებით იყო შემორტყმული. მის ირგვლივ კი განუწყვეტლად პატრული მოძრაობდა, ასევე თეთრი ფერის, გაეროს კუთვნილი ჯავშანტექნიკა აქტიურობდა. წესის მიხედვით, ამ არეალის კონტროლი ფრანგი ცისფერჩაფხუტიანების პრეროგატივა იყო, სინამდვილეში კი სულ სხვა ძალა ფლობდა წამყვან როლს. საოცარი ის იყო, რომ უცხოელ ჟურნალისტებს და სხვადასხვა ჰუმანიტარული, დიპლომატიური თუ მსგავსი ორგანიზაციებს თანამშრომლებს აქვე უმზადებდნენ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მათ უფლებას აძლევდა სამხედრო თვიმფრინავების მიერ წარმოებული რეისით ბოსნიიდან გასულიყვნენ. ერთი სიტყვით, ვინ ვინ იყო , ვის რა უნდოდა, ნამდვილად შეუძლებელი იყო გარე თვალისთვის ამის დადგენა. ერთ დროს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი დანგრეულ სამხედრო ბაზას წააგავდა... ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აქვე გაგვიკეთეს საჭირო საბუთები და რაღაც უცნაური სიხარულის შეგრძნებით დავტოვეთ ეს ქვეყანა...
(*** 25-ე თავის დასასრული.... მადლობა ყურადღებისთვის, მიხარია, რომ გიცნობთ თუნდაც ასე შორიდან

)
მიმაგრებული სურათი