ვიწყებ მაშინ 31-ს, საკმაოდ დიდი თავია, ეპიზოდების მიხედვით დავყოფ - ზოგი დიდი გამოვა, ზოგი მცირე და მომიტევეთ

უადგილო ადგილას ვერ გავწყვეტ, დიალოგები სადაც არის , აზრის მიმდევრობა რომ არ გაწყდეს.
გახსოვთ ალბათ უნგრეთის ტყის ამბები, იმ თავის მომდევნო ამბებია და ძირითადად საფრანგეთს ეხება. ბევრისთვის იქნებ ცნობილიც არის იმ ამბების შესახებ, რაც აქ იქნება მოხსენიებული, შემდგომში საკმაოდ დიდი რეზონანსი ქონდა...
31-What to do, if life continuous night. also there is no time to understand it plainly...(თავი 31, I ნაწილი)
ჩემი სრულიად ახალი ვინაობის პასპორტი და ავტომობილის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საშამ შეხვედრის ადგილზე ახალ ჩასაცმელ-ფეხსაცმელთან და პარიკთან ერთად პატარა ჩანთით გადმომცა. ღამის ბარის ღამენათევი ბარმენის წინ თეკასთან დამჯდარი მელოდებოდა, როდის გამოვიცვლიდი და გასამგზავრებლად მზად ვიქნებოდით. საპირფარეშოდან გამოსული, ჩამცმულ-გამზადებული კიდევ ერთხელ შემათვალიერა, არაყივით გადაკრა ესპრესო და უსიტყვოდ დავტოვეთ ლოკალი...
პირველივე ავიარეისით ვარშავაში ჩავფრინდით. მთელი ამ ხნის მანძილზე წინა ღამის შესახებ არაფერი უკითხავს, თუმცა მისი მზერა ნათელს ჰყოფდა, რომ ძალზედ აღელვებული იყო. რამდენადაც ზუსტად არ ვიცოდი ვინ იყვნენ ჩემი ღამეული არამკითხე მასპინძლები, თავს ვიკავებდი დაწვრილებით მომეყოლა რაც მოხდა... ყველაზე მეტად რაც მაწამებდა გარკვეული უნდობლობა იყო, რომელიც ამ ღამის შემდეგ ჩამომიყალიბდა - უკვე ყველაფერს დასაშვებად მივიჩნევდი და თავად საშას წინაშეც შესამჩნევი დისტანცია ავირჩიე...
აეროპორტშივე ტაქსი დაიქირავა და მძღოლს ლოძში გამგზავრება დაავალა. ამ უძველესი ქალაქის ხილვამ ოდნავ გონს მომიყვანა, ინტერესით ვათვალიერებდი ულამაზეს ქუჩებს. როდესღაც მთავარ ქუჩა პიოტროვსკას მახლობლობაში ერთ-ერთი ჰოტელის წინ გავჩერდით, როგორც იქნა ამოიღო საშამ ხმა და მაუწყა:
- სამი ღამე აქ გაჩერება მოგვიხდება...
მე მაინც ვდუმდი... ოროთახიანი აპარტმენტი აიღო. ნომრის დათვალიერების შემდეგ ისევ მომმართა:
- მე გვიან ღამე დავბრუნდები... კარგი იქნება თუ დღეს უჩემოდ აქაურობას არ დატოვებ. ამდენი გაუფრთხილებელი საქციელი უკვე ზედმეტია და ჯობს ჩემს გარეშე ნუ გახვალ სადმე... ნახევარი დღე დაისვენე, შენთვისაც ასე უკეთესია, ძალიან დაღლილი გამოიყურები...
სიბრაზე მომაწვა საყლაპავში და არც მე დავზოგე:
- და შენ სად აპირებ დასვენებას? მინდა ვიცოდე სად იქნები გვიან ღამემდე!
ახლადმოკიდებული სიგარეტი ნერვიულად ჩაასრისა საფერფლეში, მაგრამ მშვიდად მიპასუხა:
- მე რეზიდენტს უნდა შევხვდე... შენ ჯერ არ გაქვს მისი ნახვის უფლება...
მისი სიგარეტის კოლოფიდან დაუკითხავად ამოვაცალე ერთი ღერი და მტრულად მივუგე:
- წადით თქვენი ქლიავი რეზიდენტიანად...
ჩემი უხამსი გინება უპასუხოდ დატოვა, მხოლოდ შემათვალიერა, ნომრის ერთი გასაღები მაგიდაზე დადო და ოთახი დატოვა...
საათს დავხედე, 16 საათი სრულდებოდა. საათის დანახვამ ისევ წუხანდელი ინციდენტი გამახსენდა, ისევ ამესრისა ტვინი უსიამოვნო ფიქრებით. მათი განდევნის მიზნით სახილედან წითელლოყება ვაშლი ამოვიღე და ტახტზე წამოწოლილი ვცდილობდი კაცებივით მეჭამა - რაც შემეძლო მონდომებით ვახრაშუნებდი. ნახევარსაც ვერ გავუმკლავდი და ძარღვებში ჩაგუბებული სიბრაზის აფეთქებით ვაშლის ნარჩენი ოთახის მეორე მხარეს მოვისროლე, რამაც ყვავილების უმშვენიერესი ლარნაკი ნამსხვრებად აქცია, მე კი ვფიქრობდი: „ აი, დარდი, გადაიხდის! “...
უზროდ ვწრიალებდი ტახტზე და ძალიან მსურდა რომელიმე ბარბიტურატი მქონოდა, რომ ამ ტვინის მხვრელი სიტუაციისაგან როგომე გავთიშულიყავი. ადრე თუ გვიან გადაღლილს წამლის გარეშეც მეწვია ნანატრი ძილი...
***
საშა მართლაც გვიან ღამით დაბრუნდა. როდესაც მისი მოსვლა დავაფიქსირე, კედელზე მიმაგრებული გუგულიანი საათის ისრები თითქმის ღამის ორს აჩვენებდნენ. ოთახში დიდი ლამპა გამორთო, კედლის ლამპა აანთო და კუთხეში მდგარ საწერ მაგიდასთან ჩამოჯდა. შემნიშნა რა უკვე მეღვიძა, რამდენიმე წუთი თვალმოუცილებელი მიყურებდა და ბოლოს ხმაც ამოტეხა:
- სამი დღე აქ ვიქნებით. ცოტას დაისვენებ... სრული მობილიზაცია გვჭირდება...მეტად საინტერესო თავგადასავალი გველის, სადაც ნებისმიერი მცირედი შეცდომაც კი საბედისწერო იქნება აღმოჩნდეს... სრული მობილიზაცია - მენტალური თუ ფიზიკური...
ბალიშს ჩავეხუტე, არაფერი მიპასუხია, თუმცა ჩემი მზერა ჩემს ფიქრებს გასცემდა: „ ჩემთვის ყოველივე საბედისწეროა...“.
აქტების შავი ტყავის ჩანთიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო, მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა, გამიღიმა კიდეც და ინტერესით შეუდგა მათ თვალიერებას. მალე მათ რამდენიმე ცალი ფოტოსურათიც მიუმატა, რაც უფრო და უფრო ძაბავდა მის ყურადღებას. მე კი ვუცქეროდი, ვხედავდი რა მის მიმიკებს, დაფიქრებულ ჭკვიან თვალებს თუ აკურატულად მოძრავ ნატიფ ხელის თითებს, ჩემი ამ დღის განწყობა უეცრად შემეცვალა... თითქოს თავად მრცხვენოდა საკუთარი თავის, რომ მე მასში თუნდაც დროის რაღაც ნამსხვრევში ეჭვი შევიტანე, მიუხედავად იმისა, რომ „ მხოლოდ საქმე“ - ეს დევიზი მე მისგან გავიგე პირველად და მისგანვე ვიყავი მიჩვეული „არავითარი გრძნობები, არავითარი გული...“, ყოველივე ამის მიუხედავად მაინც ვიჯერებდი, რომ ვინც გამაჩნდა გვერდით, ვისთვისაც თავს დავდებდი და მსგავსს ვისურვებდი მისგანაც, ეს იყო...
მეორე დღეს ნაშუადღევს, ერთ-ერთ ნობელურ რესტორანში სადილის შემდეგ ქალაქგარეთ გავემგზავრეთ. საღამო დგებოდა როდესაც ერთ პატარა დასახლებას მივაღწიეთ. ერთი ღამით კერძო სასტუმროში ოთახი დავიქირავეთ. საშამ პატარა მაგიდა ბუხრის წინ დადგა, თავისი ხელჩანთიდან ქაღალდის ფურცლების დასტა და ახალგაზრდა ქალის რამდენიმე სურათი ამოალაგა. გამოხედვით მანიშნა, რომ დროა საქმეს შევდგომოდით. მეც უხმოდ მივუჯექი მაგიდას და სმენად ვიქეცი. სურათები მაგიდის ზედაპირზე გაშალა და მომმართა:
- ეს გოგონა არის ანგელიკა სიკორსკა, ერთ-ერთი ფრანგი ჩინოსანის შვილების „ბეიბისიტერია“. ფრანგის მეუღლე შვეიცარიელია, ამიტომაც ბავშვებს გერმანულად ზრდიან, თუმცა, თავად ფრანგის ცოლი დროებით საფრანგეთში არ იმყოფება, მეცნიერია და სადოქტოროს იცავს ამერიკაში... ანგელიკა კი „პოლონელი გერმანელია“ შლეზიიდან, დედამისი ერთ-ერთი ფრანგი ოფიცრის საყვარელი იყო და ამ ოფიცრის რეკომენდაციით აღმოჩნდა ეს ქალიშვილი ფრანგი ჩინოსნის ოჯახში. მეტად განათლებული ახალგაზრდა ქალია, სპეციალობით მუსიკოსი...
შემომხედა... შეამჩნია რა არანაირი შეკითხვა ჯერ-ჯერობით არ გამაჩნდა, განაგრძო:
- ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ გოგონას ადგილზე შენი ჩანაცვლება...
ამის გაგონებაზე აშკარად შემეცვალა გამომეტყველება, ოდნავ შევცბი და ეს მას შეუმჩნეველი არ დარჩენია, თუმცა, მაინც არაფერი მიკითხავს, დამშვიდების მიზნით სიგარეტს მოვუკიდე:
- მოკლედ, არსებობს რამდენიმე გეგმა, ჯერ პირველისგან დავიწყოთ და დანარჩენები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუ მთავარ გეგმას ხელისშემშლელი მიზეზები გაუჩნდება... კიდევ ერთხელ ავღნიშნავ: საქმე ეხება მარალჩინოსან ფრანგს, რომლის სიახლოვეს გაკარებაც კი შემოწმების გარეშე არ რჩება. უნდა მოვახერხოთ შენი ისეთი პროფილის შედგენა, რომ საგანგებო და სასწრაფო სიტუაციებში მისი მოწონება დაიმსახუროს... ქალბატონი ანგელიკა მესამე პირის დახმარებით დროებით „გამოირთვება“... ყველაფერი ეს მეტად საფრთხილოა, „დაუშმონავი“ ჩიტიც კი ვერ აღწევს ჩინოსნის ეზოში, არათუ ბავშვების მომვლელი...
როგორც იქნა ამოვიღე ხმა და ვკითხე:
- გამორთვა როგორც გავიგე მესამე პირის ჩარევით ხდება, ე.ი. მე არ ვმოქმედებ სამაგისოდ, მაგრამ ზუსტად მითხარი ახლავე რა არის ჩემი საქმე,
თავადაც მოუკიდა სიგარეტს, ღრმა ნაფაზის შემდეგ კი აუღელვებლად მიპასუხა:
- შენი მთავარი საქმეა ჩინოსნის მანქანაზე გადამცემის მიმაგრება, რომ შეგვეძლოს მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილის კოორდინაცია... მანქანა ვთქვი, თუმცა მანქანები უნდა მეთქვა. თუ ბედი გაგვიღიმებს, ამისთვის მისი საკუთარი მანქანებისგან რომელიმეს გამოიყენებს, თუმცა, არ არის გამორიცხული შემდეგ გადაჯდეს სხვა მაქანაში - რაც ჩვენს გეგმა ნომერ 1-ს ბოლოს მოუღებს...
- და რა მევალება მე გეგმა ნომერ 2-ში?
- ჯერ პირველი მოვილიოთ... შენს სპეციალობას ეხება, ბირთვული იარაღის გამოცდის დოკუმენტაციასთან გვაქვს საქმე. თითქოს მეხუთე, ბოლოს წინა გამოცდა იყო დეკემბრის ბოლოს, მაგრამ სწორედ რომ უმაღლესი ალბათობით ეს ბლეფია. აგრეთვე აღმოსავლეთთან მათი ალიანსის დამადასტურებელი ფაქტების მოპოვება უნდა შევძლოთ - ამაში შენი პროფესია და აღმოსავლური ენების ცოდნა სწორედ რომ მისწრებაა...
ოდნავ ამიკანკალდა ხელი, არა შიშის , არამედ უფრო ინტერესის გამო. საკანფეტედან კარამელი ამოვიღე, ერთი მას შევთავაზე და მივუგე:
- გასაგებია... გავიგე... მაინც ჯობია დეტალებზე სხვაგან შევჩერდეთ... ხო, როდის გავდივართ აქედან?
- ზეგ დილით, ტრანსპორტის სახეობაზე ხვალ საღამოს მოვილაპარაკოთ...
მეორე კარამელიც გავაქანე პირისკენ და ლუღლუღით ვუთხარი:
- კი, თანახმა ვარ შენს არჩევანზე...
გაეღიმა, ცხვირზე თითი დამკრა და თავადაც ამოარჩია საკანფეტედან ერთი კანფეტი, მაგრამ არა კარამელის, არამედ მარწყვის გულსართით...
(***გავაგრძელებ შემდგეში)
This post has been edited by CZ88 on 3 Jul 2011, 01:18