http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...1-12042011.htmlპრეზიდენტმა პარლამენტში იცრუა?! "ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრენდი - ყოველთვის საუბრობენ ნახევრად სიმართლეს და არასოდეს ამბობენ რეალობა რა არის..."
"პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ტყუილი თქვა. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობას დაუჯერებლად ეჩვენება და თანაც იმ დონეზე, რომ მათ დიდი ნაწილს მოსმენაც კი არ უნდა. მაგრამ ფაქტია, რომ მისი ერთ-ერთი ნათქვამის გადამოწმება სრულიად შესაძლებელი ყოფილა. გადამოწმების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან საჯაროდ ტყუილს ამბობს. საქმე ეხება მის მიერ მიმდინარე წლის 11 თებერვალს პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტმა პარლამენტში იცრუა.
"მაშინ სააკაშვილმა ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ "ფაინენშნლ თაიმსმა" (Financial Times) საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად აღიარა და ამასთან დაკავშირებით საგანგებო სტატია გამოაქვეყნა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა მათიას ჰუტერმა გამოიკვლია, ამ გამოცემას პრეზიდენტის მიერ ნახსენები სტატია არასოდეს დაუბეჭდავს. უფრო მეტიც, გაზეთში დაიბეჭდა 100 000 გირვანქა სტერლინგად ღირებული რეკლამა და სააკაშვილმა ეს რეკლამა გაასაღა სტატიად. მათიას ჰუტერის კვლევა ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ...", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ Financial Times-მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა. ჩვენ შევამოწმეთ Fინანციალ თიმეს-ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და ვერ მოვძებნეთ პრეზიდენტის განცხადების დამადასტურტებელი სტატია. პრეზიდენტი სავარაუდოდ გულისხმობდა Financial Times-ში დაბეჭდილ რეკლამას, რომლის საფასურიც საქართველოს მთავრობამ გადაიხადა და რაც მიზნად უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა. 2011 წლის 28 იანვარს Financial Times-მა თავისი გამოცემის მე-7 გვერდი მთლიანად დაუთმო ზემოხსენებულ რეკლამას. "საქართველო - მსოფლიო ნომერი 1 კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით" - აცხადებს რეკლამა. რეკლამის ფასი Financial Times-ის ფასების პრეისკურანტის თანახმად, სავარაუდოდ 99,600 ფუნტი სტერლინგია, რაც მიახლოებით 282,000 ლარია", - მოჰყავს გამოცემას ჰუტერის კვლევის შედეგები.
"რეკლამა გამოვიდა Fინანციალ თიმეს-ის ევროპულ და ბრიტანულ გამოცემებში. გაზეთის გლობალურ გამოცემაში რეკლამის განთავსება მის ფასს 135,500 ფუნტ სტერლინგამდე გაზრდიდა (387,000 ლარი). იგივე რეკლამა დაიბეჭდა Wall Street Journal-ის მე-7 გვერდზე 28 იანვარს, სადაც ფასების პრეისკურანტის მიხედვით რეკლამის მთელს გვერდზე განთავსება 345,662 ამერიკული დოლარი (614,000 ლარი) ჯდება და ასევე Economist-ში (90,900 ფუნტი სტერლინგი/260,000 ლარი). რეკლამის ტექსტი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2010 წლის "გლობალური ბარომეტრის" შედეგებიდან გამომდინარე შეიქმნა. საქართველოს მთავრობა რეკლამის ტექსტის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინასწარ შეუთანხმდა", - ნათქვამია კვლევაში. საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან პრეზიდენტის ეს ქმედება ცრუპენტელობად ფასდება და მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს პრეზიდენტიც და საერთოდ ხელისუფლებაც, როგორ ცდილობს მათ მოტყუებას", - დასძენს გამოცემა.
"საქართველო არის აღიარებული ნომერ პირველ რეფორმატორად მსოფლიო ბანკის მიერ. მაგრამ სააკაშვილმა არ თქვა, რომ ეს ინფორმაცია გაზეთმა საკუთარი ინიციატივით კი არ დაბეჭდა, როგორც მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენა, არამედ ეს იყო სარეკლამო განცხადება, რაშიც ქვეყანამ ფული გადაიხადა. ეს არის ნახევრად სიმართლე. სხვათა შორის, მე მაშინვე ვთქვი, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება იყო ტყუილი. რადგან ამ ინფორმაციაში ფული იყო გადახდილი და საზოგადოებას ეს დაუმალა. მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფერში ჩვენი ფულია გადახდილი. ხელისუფლება მუდამ ცდილობს, რომ ნახევრად სიმართლე თქვას და ეს მარტო ამ სფეროში არ ხდება - ეს არის ჩვენი ხელისუფლების სამარკო ნიშანი, მათი ბრენდი, რომ ყოველთვის საუბრობენ ნახევრად სიმართლეს და არასოდეს ამბობენ იმას, თუ რეალობა რა არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.
"სიტყვებზე გამოკიდებას მე არავის ვურჩევ. ეს ინფორმაცია მე არ მინახავს და არც მომისმენია და ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რაზე იყო ნათქვამი. სიტყვებზე გამოკიდება არასერიოზული მიდგომაა. მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რეიტინგებში საქართველო პირველ რეფორმატორულ ქვეყნად არის მოხსენიებული და ეს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, როგორც ძალიან პროგრესული ქვეყანა", - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია. უმრავლესობის სხვა წევრებს კი ამ თემაზე საუბარიც არ უნდათ. თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ეს ფაქტები ნამდვილად არ არის რიგითი ფაქტი, რომ მასზე ყურადღება არ გამახვილდეს", - წერს სტატიის ავტორი.
"როდესაც რეკლამას გაწვდიან როგორც შეფასებას, ეს იმას ნიშნავს, რომ არის დეზინფორმაცია და ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება. ამას ემატება თავად ხარჯების მიზნობრიობა, თუ რაზე იხარჯება გადამხდელების ფული. ისევ მათ მოტყუებაზე? ეს წარმოშობს ამ ფულის განმკარგველების პასუხისმგებლობას, თუ ეს ფული სარეზერვო ფონდიდან არ არის დახარჯული და არ შეეცდებიან ამ ქმედების ამით გამართლებას... პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება, თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენება, განსხვავებით დეპუტატებისა და მინისტრებისგან. იმპიჩმენტი კი ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისა და კონსტიტუციის დარღვევის დროს - მეტზე არც ვრცელდება, რადგან კონსტიტუციონალისტები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ რომელიმე პრეზიდენტი ამას იკადრებდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "კანონი ხალხისათვის" ხელმღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.