_I_B_E_R_I_E_L_I_
ივერია აირევი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13759
წევრი No.: 83982
რეგისტრ.: 5-February 09
|
#25004004 · 16 Apr 2011, 20:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
– ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს!
ნიშანი მისცა თაბაგარმა და დაიწყო ისევ მრევლმა ბუტბუტი.
კაი ხანს იბუტბუტეს, იმსიგრძეს რა დაიხსომებდა, მარა ერთი კია, ყველა პწკარი არქიფოთი თავდებოდა და “პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონით!” ეს სიტყვა მიტომ დამამახსოვრდა, რომ საჩხერეში იმედაძეს ერქვა ერთს. პოლიქრონიონი ქართულად მრავალჟამიერს ნიშნავს, თურმე.
დამთავრდა ეს ამბავი და თავისუფლადო, უბრძანა თაბაგარმა იმ ხალხს.
მოკეცეს ცალი ფეხი მუხლში.
– სპრიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის დღეს სამუშაო! – პუტპუტით გამოაცხადა თაბაგარმა. – პილატე სვანიძემ ჩაცხოს კისერში ერთი და გააგდოს მაქედან!
პილატე სვანიძემ ჩაცხო კისერში სპირიდონა სულანჯიას და მუჯლუგუნით გამოაგდო მწკრივიდან. მსჯავრდადებული კაცი განზე გავიდა, თოვლზე დაჯდა, მოთქმა დაიწყო, ვაი ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არავინ მიაქცია ყურადღება სპირიდონა სულანჯიას.
სმენა ბრძანა თაბაგარმა. მერე მარჯვნისკენო, მერე – ნაბიჯითო, და წავიდა სადღაც ეშმაკებისკენ ის შემოფხრეწილ-შემობღლანძული ხალხი.
– საით მიდის ეს ხალხი, დედიკო? – კითხა დათამ ჩვენს დედაბერს.
– სამუშაოზე.
– ეგერ, ის დაგვალული კაციც სამუშაოზე მიდის, თუ?
– ეგ მიდის, თუ მიდის, თვარა...
– სპირიდონა სულანჯიამ რა დააშავა?
– მეტი ეკუთვნოდა, მაგ სასიკვდილეს. არქიფოს უმადლოდეს – დედაბერმა ენაზე იკბინა და ჯორი შემოაბრუნა: – არაა თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თვარა, ვნახავ თქვენი კუდებით ნასროლ ქვას და ვაი-უბედურებას!
წარმოიდგინე, კრინტი აღარ დაგვიძრავს არც ერთს.
მიყვებოდა გვერდში მედავითნე თაბაგარი თავის ხალხს კოჭლობა-კოჭლობით და იძახდა:
– ატ, ტვა, ტლი! ატ, ტვა, ტლი!
– ავყევით დედაბერს. შეგვიძღვა სეთურის სახლში.
მუთაქებით და ჭრელი ბალიშებით მორთული ტახტი ქონდა სეთურს, იმაზე იყო წამოგდებული. დაგვინახა შესულები, ადგა, დიდი ამბით ჩამოგვართვა ხელი. მზამზარეული სუფრა ედგა წინ: რა გინდა, სულო და გულო, ყველაფერი იყო ზედ, მიგვიწვია, დაგვსვა და მერე კითხა დედაბერს:
– ხომ კარგად მოუარე სტუმრებს, ასინეთა?
– უწესო კაცებია ორივე!
მასპინძელმა წარბი შეიკრა, დაფიქრდა და მიუგო:
– აჰააა!.. კაი, წადი შენ. მე მოვუვლი ამათ.
გაიხურა კარი ასინეთა-კუდიანმა. გადაგორდა ტახტზე სეთური. იმდენი იცინა და იხარხარა, მეგონა, ფაშვი ჩაწყდებოდა და დასამარხი შეგვექნებოდა.
იჯერა სიცილით გული, შეიმშრალა ცრემლები და გვითხრა:
– ასეა, მამა და შვილო, უწესო კაცები ხართ. ხომ გაიგონეთ, რა თქვა ასინეთამ!
სიმართლე თუ გინდა იცოდე, რაც იმ დილით ვნახე, ისეთ გუნებაზე დაგვაყენა იმან მეც და დათაც, ორივე, რომ იქნებ არაფერი გვეკითხა და ჩუმად გავპარულიყავით, მარა თვითონ დაიწყო ხუმრობა სეთურმა და შევგულიანდი მაშინ. ვიფიქრე, ვინ რას გაგვიბედავს ამ ორ სახელიან აბრაგს-მეთქი. მეც იმ ხუმრობის კილოზე ვკითხე ბალიშებში ჩაფლულ მასპინძელს:
– რა იყო, შე კაცო, ღამიანა რომ აგვაყენა მაგ შენმა ასინეთამ!
– ხუთ საათზე ვაყენებთ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ერთნაირია ყველასთვის, თვარა, თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვს და საქმე დაზარალდება. საქმეს რომ ვამბობ, სამუშავარს კი არ ვფიქრობ – კაცებს ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის ვლაპარაკობ... გრძელი ამბავია ეს, მოსე-ბატონო!.. ერთი სახარება შეგვეწიოს, აგერ, ეს გადაზელილი ნამეტანი უხდება არაყს.
დავილოცეთ, დავლიეთ და კიდევ ვეუბნები სეთურს:
– სპირიდონა სულანჯიას რომ დაცხეს ამ დილას და კატის ცინდალივით გამოათრიეს იქიდან, ის, რავა, მისი ცხოვრების და კეთილდღეობის იყო?
– მასეა, აპა, რავა გგონია შენე?! კაცი შიშს და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. არ იტყვი, რა აქვს ნათქვამი სპირიდონა სულანჯიას? არქიფო სწორედ იმდენს გვაძლევს, შიმშილით რომ არ დავწყდეთო! სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა. ვთქვათ, და, მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ ვაძლევ, იმაზე მეტი. კიდევ მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება – პარვას და შურიანობას მოკიდებს ხელს. თხა თუ გაძღა, მგელზე ნადირობას მოინდომებს, ხომ გაგიგონია? რა გამოდის აქედან? კაცისთვის კაი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. რატომ თქვა სპირიდონა სულანჯიამ ის, რაც თქვა? გოჭები დააზარდა მაგან. ცხრა იყო, ექვსი მე წამოვიყვანე და სამი მას დავუტოვე. გაყიდა, ფული შეუვიდა ოჯახში და მიტომ. რვა უნდა წამომეყვანა, მისთვის ერთი დამეტოვებინა და არაფერს იტყოდა მაშინ. ასეა ეს. ახლა, ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი სამუშაოზე სპირიდონა ყბედს, დააკლდებათ მის შვილებს და ინანებს, რატომ ვთქვიო. სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აღარავინ იტყვის მისთანას და თვითონ სპირიდონაც სიხარულით ცას ეწევა, ისევ რომ მისცემენ სამუშაოს და საშოვარს. სპირიდონას ნათქვამი დიდი ცოდვაა ნამდვილად. თვითონ შეცდა და დაზარალდა, ეს არაფერი კიდევ, მარა სხვასაც რომ წაუჯიკავა და უბიძგა, შენც თქვი და გაუბედურდიო – ისაა, რაცაა. მე თუ ამ ხალხის პატრონი ვარ, იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამდე გაზრდილა და მოღონიერებულა ის, იქამდე უნდა ჩაიქოლოს და ჩაქვავდეს. ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე! მოხვიდე ამ ქვეყანას, ჭამო, სვა, დრო ატარო და ხალხისთვის არაფერი სიკეთე არ ქნა, რა ცხოვრება იქნება ასეთი ცხოვრება?! ორი სახარება შეგვეწიოს! აგერ ეს დოში მაგ გადაზელილზე უკეთესია, ნახეთ, თუ არა.
ნახა ჩვენმა მასპინძელმა, მეც და დათაც გულდასმით რომ ვუგდებდით ყურს, წახალისდა უფრო და განაგრძო:
– ასეა, ჩემო ბატონო, შიში თუ არ აქვს ადამიანს, შიში – დაიღუპება უეჭველად. მარა მარტო შიშიც არ კმარა. სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი, რომ კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოდუნდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას. მერე, რა იცის დაძაბუნებამ?! ხო ხო, ხო! ათასი სენი, ავადმყოფობა შეუჩნდება სხეულს და მიდის კაცი საიქიოს. მიდის! რავარც მოაკლებ საზრუნავს და რავარც მოსუსტების და მოდუნების საშუალებას მიცემ, უმოკლდება წუთისოფელი. ასეა ეს. აბა, რატომაა, ღამიანად რომ ვაყენებ და სალდათურ ცხოვრებაზე რომ მყავს გადაყვანილი? აგერ, კუზიანი ასინეთა მასე რომ არ მყავდეს, რა აცოცხლებდა ამდენ ხანს. იცის, სიცოცხლეს რომ ვუგრძელებ, და მიტომაა ჩემი მადლიერი და ერთგული. ახლა, რაა კიდევ, თუ იცით? “გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა
ჰგმირდესო”, - კაკოია თაბაგარმა იცის მალ-მალე ამის თქმა და ნამდვილი ნათქვამია ეს. ადამიანი უგუნურია და მე მათთვის რომ ვარ, ისინი ჩემს წინააღმდეგ და ეშმაკეულის მხარეს არიან აპააა! სიკეთე თუ გინდა ხალხისთვის, სიყვარული უნდა ჩაუთესო გულში. უგუნური
თუა, სიყვარულს რანაირად ჩაუთესავ? მარტო შიშით ვერ ჩაუთესავ. აპა, როგორ? რაფერ და, დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებიო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევიო. თაბაგარი ამისთვის წამოვიყვანე კვირიკედან. დავაწერინე ლოცვები - ზოგი ლექსად, ზოგი სიმღერად და ზოგიც ისე. ნამეტანი კარგად და ძვირფასად აკეთებს ამას. უყენია ეს ჩემი ხალხი, ამეორებიებს დღეში სამჯერ: ერთს – დილით, მეორეს – სამუშაოზე და მესამეს – შინ რომ ბრუნდებიან საღამოთი, მაშინ. დროდადრო გამოცვლა უნდა ლოცვებს. ბერდება ლოცვა და ძალას კარგავს, დიდხანს ერთი და იგივე თუა... დავლიოთ ახლა და მთლად მთავარი რაცაა, გეტყვით იმასაც. სამი სახარება შეგვეწიოს! ზეთისხილს არ ჭამთ არც ერთი. არ გიყვართ, ალბათ. მიატანეთ ზეთისხილი, ნამეტანი კაი გემოს დატოვება იცის პირში.
– აბელი რომ გერქვა, არქიფო რატომ დაირქვი? – ლაპარაკის ხასიათზე იყო სეთური და, კითხვა თუ იყო, ახლა უნდა მეკითხა.
– რატომ და, აბელი ბერძნულად რას ნიშნავს, თუ იცი? აბელი ნიშნავს... მომაწოდე, ეგერ რომ წიგნი დევს, თუ კაცი ხარ... მასე. აგერ, ა!.. მოფუსფუსე, შეწუხებულ კაცს ნიშნავს და, სხვაფრად, არარაობას და მოჩვენებას... ბნელი ხალხი იყო ჩემი მშობლები, არ იცოდნენ ეს. ახლა, არქიფო... არქიფო! აგერ, ა, თავლის უფროსს, ცხენთა უფროსს ნიშნავს არქიფო.
– შენმა ხალხმა თუ იცის, ცხენების და თავლის უფროსი რომ დაირქვი?
– იცის აპა, რავა გგონია შენე?! ხალხს თუ უთხარი – ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით!
ესეც რომ გვასწავლა თავლის უფროსმა კარს მიაყურა და დაიძახა:
– შე სასიკვდილე, ასინეთა, შემოდი ახლავე, ტკიპასავით რო მოკვრიხარ მაგ კარს!
შემოვიდა ასინეთა და, ჩვენ რომ მოგვესალმა, ისე მიესალმა სეთურსაც.
– დამითვალე და ჩამიანგარიშე ნათქვამი, ხომ? წადი ახლა და ჩაჯექი ნაობახტში შენით! ცეცხლის დანთება არ გაბედო, თვარა სამ დღეს არ გაკმარებ, დაგიმატებ კიდევ!
– კი წავალ ნაობახტში და ჩავჯდები, მარა შენთვის არ მიგდია ყური მე. ამ კაცებზე ვიყავი მიყურადებული.
– რავა, ამათ ნათქვამს მე ვერ გავიგონებდი, თუ?
– კი გაიგონებდი, მამავ და მარჩენალო, გაიგონებდი, აპა, ვერ გაიგონებდი? მარა ორი ადამიანი რომ გაიგებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გაიგებს და მიხვდება ისე?
სეთური დფიქრდა, ხელი ნიკაპზე მიისვ-მოისვა და თქვა:
– კაი. ნაობახტში ნუ წახვალ, მიპატიებია. შედი კოკინაშვილისას და მის პელაგიას შეაპარე ლაპარაკში, ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაც და მისი ნალაპარაკევი თაბაგართან კოლპინოვს მიუტანია-თქვა. გაიმეორე!
დაემხო დედაბერი მუხლებზე და კაკოია მედავითნის შეთხზული ლოცვა – ჩაბულბულების რა მოგახსენო, ენა ღრძილებიდან უვარდებოდა და ყვავის ბახალის ხმაზე ლაპარაკობდა – მარა სხაპასხუპით და ყოჩაღად თქვა. ადგა ზეზე. თავისი მარჩენალის ნათქვამი გაიმეორა, ისევე სალდათურად გამოემშვიდობა, გაბრუნდა და კარებამდე ნაბიჯი აკლდა, გააჩერა სეთურმა.
– კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა შინ, კოლპინოვებისას შედი და მის ტერეზიას შეაპარე ლაპარაკში, სპირიდონა სულანჯიას ნათქვამი თაბაგართან კოკინაშვილმა მიიტანა-თქვა. უკუღმაა ეს, მარა სულერთია. აპა-ჰე!
წავიდა ასინეთა დედაბერი და ისევ ჩვენ მოგვიტრიალდა სეთური:
– ადამიანი სანამდე მარტოა და არავის არ ენდობა, იქამდე ვარგა სხვისთვისაც და თავისთვისაც. პირის შეკვრას რომ ისწავლიან, მერე კაი აღარაფერი გამოვა მათი ხელიდან. მერეა, ყველაფერ უბედურ საქმეს რომ ბედავს კაცი. ისე, რომ თქვას ადამიანმა, არ ვქენი ღვთისნიერი საქმე, ასინეთა რომ ენის მისატანად გავაგზავნე, ხომ ასე გამოდის ვითომ? მარა, სინამდვილეში სწორედ ღვთისნიერ საქმეს ვაკეთებ მათთვის: ნდობა აღარ ექნებათ ერთმანეთის, მარტო იქნებიან, რამდენნიც არიან, და ყველა სათითაოდ მოერიდება პირის შეკვრას, ცუდ საქმეს და გაუბედურებას. ბრალი ჩემი, რომ ეშმაკობა მიხდება და გაწვალებული ვარ, მარა სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია, თვითონ თუ არ დაიჩაგრე და თუ არ დაიტანჯე. დაინანებს თავს კაცი – კეთილ საქმეს ვეღარ იზამს... სამი სახარება შეგვეწიოს!
– სამი სახარება იყო უკვე! – შევახსენე სეთურს.
– აჰ! არ ყოფილა სამი სახარება. სამი სახარების მადლი შეგვეწიოს... რაცხა, არ ჭამთ არაფერს და მიწუნებთ, მგონია, პურ-მარილს.
არ ღირდა შედავება და მეოთხე სახარების მადლი მესამე სახარებად დავლიეთ, მარა არც მერე აღარ მოგვეშვა სეთური, უზომო დაგვალევინა კიდევ და რამდენი ჭიქა ასწია, იმდენი მესამე სახარება დაარქვა. არ ქნა, არ მოუმატა არც ერთი, მამაძაღლმა. უარის თქმა, სასმელზე იყო თუ საჭმელზე, არ გაგვივიდა არც მე და არც დათას. ისეთები გვითხრა, ისე შეგვაგდო ნამუსზე, რომ სირცხვილით დავიწვით ორივე. ტიკი არაყი ეთქვა და შამფურზე დატრიალებული დეკეული – ან დავლევდით და შევჭამდით და ან დავიხოცებოდით.
– წავიდეთ ახლა, თუ გნებავთ, და გაჩვენებთ იმ ჩემ სამუშავარს და ჩემი ხალხის საშოვარს, – შემოგვთავაზა სეთურმა.
დათამ თავი დამიქიცინა, – წავიდეთო. მართალი გითხრა, სეთურის ლაპარაკის შემდეგ მეც მომინდა, მენახა, სად და რანაირად ირჯებოდა მისი ხალხი.
მალე მივედით და მასპინძელმა ხევს გადაღმა კლდეში გამოქვაბული დაგვანახა, – ისაა მაღარო და იქ მუშაობს ჩემი ხალხიო.
– ასე, ორასი საჟენი იქნება მაგ გვირაბის სიგრძე. აღმართში თხრიან და დაღმართში გამოაქვთ ზურგით. აქაურობა სულ მასეთი მიწაა. ის მთაც სულ მასეთი მიწაა და სხვაც, მარა ხალხს სარჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი რომ არის და იმ სიღრმიდან ზურგით რომ უნდა ატარო – შეგიყვარდება საქმე. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება. სნეული და ძნელი მოსავლელი ბავშვები რომ უფრო უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ეს? მარა აქ სხვაც არის კიდევ. აგერ გეტყვით. ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? შიმშილი – ერთი. ახლა, მთლად შიმშილი კი არა, მარა მთლად სიმაძღრეც არაა კაი. მეორე – შიში. სიყვარული იცის შიშმა და ქება-დიდება და ლოცვაც სიყვარულისთვისაა საჭირო – ორივე ერთად უნდა. კიდევ რაა ხალხის ბედნიერებისთვის საჭირო? ჯანმრთელობა. ჯანმრთელი მაშინ იქნება ეს ჩემი ხალხი, თუ არ მოვადუნე და დაჭიმული თუ მეყოლება მუდამ. დაჭიმული – აუცილებლად. ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი: იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისთვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად. მოდით, აგერ მომყევით, განახვებთ, როგორი იმედი მოვიგონე ჩემი
ხალხისთვის.
გადაუხვია სეთურმა გზიდან, გავიარეთ ცოტა და მივადექით ჭას. ჭის თავზე ბოძი იდგა. ბოძზე კაი მოზრდილი ზარი ეკიდა. ზარის ენაზე წაბმული ბაწარი ჭაში იყო ჩაშვებული. ჭაში კაცი იჯდა და ეჭირა ხელში ბაწრის მეორე ბოლო.
– ეს ის ქონდრისკაცია, დილით თაბაგარმა რომ სამუშაოზე წამოიყვანა სხვებთან ერთად! – ვიცანი მე.
– კი, ისაა, – დამიდასტურა სეთურმა. – ხუთ შაურს ვაძლევ დღეში და ყველამ იცის ეს. მუნჯი და ყრუა.
– ზის მასე დილიდან ღამემდე და უჭირავს ხელში მაგ ბაწარი? – იკითხა დათამ.
– კი. მანდ ზის და უჭირავს.
– რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი? – კაი ღრმა იყო ის ჭა და გამიკვირდა, წყალი რომ არ იდგა შიგ.
– იმედს აკეთებს, მოსე-ჩემო, ე იმ ხალხის იმედს! – გვითხრა სეთურმა და ხევის გადაღმა მაღაროსკენ გაიშვირა ხელი.
– კაცო, ღმერთი ცაშია, მის იმედად ჩემი მტერი დადგეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგდებული კაცის იმედი ვისაა, რომ აქვს!
– გეტყვით აგერ და გაიგებთ, როგორ მაქვს დაყენებული საქმე. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან.
– მოიცა, არქიფო თუ კაცი ხარ! – შევაწყვეტინე ლაპარაკი. – შენ თვითონ არ თქვი ის ხვრელი სულ აღმართში მიდის და იქით მიდისო?!
– კი. ვთქვი. რაა მერე?
– რაა და, ის შენი ხვრელი თუ სულ უფრო ცილდება ამ ჭას და აღმართში იწევს სულ, რანაირად გამოვა გამოღმა და რანაირად გამოიხედავს ჭაში?
– არც გამოღმა გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. იმ მთას ხომ უყურებ შენ? მაგ მთაში იტრიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქედან. ასეა ნაანგარიშევი, – თქვა სეთურმა.
– ხალხმა თუ იცის ეგ?
– იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის, რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო.
– ეს ზარი რისთვის კიდია აქ და ქონდრისკაცი რატომ ზის ჭაში?
– კითხა თუთაშხიამ სეთურს.
– ზებო ქვია მაგ ქონდრისკაცს. გრძნეულიაო, სახელი აქვს დავარდნილი, და ას საჟენზე რომ მოაწევს ხვრელი, გაიგებს ზებო. გაიგებს თუ არადა, ჩამოკრავს ზარს. რანაირად ელიან ამ ზარის დარეკვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყურები გამობასრული სულ. არა, სიმართლეს ვიტყვი, ვაპირებ, მოვუმატო რამე, მარა ჭაში რომ გამოიხედავს გვირაბი, მერე რანაირად მოწყვება საქმე, იმაზე კიდია ყველაფერი. ერთია კიდევ: ახალი ფანდის მოგონება ჯობს სარჩოს მომატებას. უფრო სიამედოა ეს, მარა მოგონება არ გინდა?!
დათა თუთაშხიას სიცილი აუვარდა. იკავა თავი, იფარა პირზე ხელი, მასპინძელს არ ეწყინოსო. არ გამოუვიდა არაფერი.
ჩავიხედე ჭაში. ქონდრისკაცი მალ-მალე კლდეს ადებდა ყურს და ჩურჩულებდა რაღაცას.
– ყრუ არისო, ასე არ თქვი?
– ვთქვი.
– მერე, ყრუ თუა, რას გაიგონებს, ეგ უბედური?
– მოსე ჩემო, ამდენი რომ ვილაპარაკე, ვერაფერს ვერ მიხვედრილხარ შენ და თავიდან ლაპარაკი ძალიან მეზარება ახლა, – გული მოუვიდა სეთურს. – იქნები ამ ზამთარს აქ, მიაყურებ და ნახავ აქაურ ამბებს. გაიგებ, მართალი რომ ვარ, გაზაფხულისთვის.
დათამ თვალი მიქნა.
– ნუღარ შეწუხდები, არქიფო-ბატონო. მადლობელი ვართ დიდი, წავალთ აწი ჩვენ, დავისვენებთ პატარას და მერე ვიმუსაიფოთ კიდევ.
– კი, ბატონო, მიბრძანდით. საღამოთი, ვახშმობისას, უფრო კარგ ამბებს გეტყვით კიდევ, – დაგვაიმედა სეთურმა.
გამოვბრუნდით. დათასი არ ვიცი და მე ისე მქონდა თავი, ვითომ ათასი ჭრიჭინა მყავდა შიგ და ყველა ერთად სხვადასხვა ხმაზე ჭრიჭინებდა.
– სადილს ასინეთა მოგართმევთ, იცის მან, – მოგვაძახა სეთურმა.
წამოვედით. ვიარეთ ერთხანს ჩუმად. წყარო იყო გზად. გავისველეთ პირი და დათა მეუბნება:
– რა ვქნათ აწი, მოსე? ვიყოთ აქ თუ წავიდეთ სხვაგან?
ისეთ ბედნიერ ადგილს სხვას სად ვიპოვნიდით ეს ორი აბრაგი! მე შენ გეტყვი და, სტრაჟა ამოვიდოდა იმ გადასაკარგავში, ანდა სმაჭამას და მოსვენებას მოგვაკლებდა მასპინძელი.
– სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ, დათა-ბატონო?
– ეს ბოროტი კაცი და მის ხელში ჩავარდნილი ხალხი ძნელი საყურებელია მეტად. ჩემი ხასიათის პატრონი გადავეყრები რამე უბედურებას და სხვასაც უარესს შევამთხვევ, ალბათ. ვიცი მე ეს, პირველი არაა. ახალგაზრდა კაცი ვარ, შედარებით, მაგრამ ქვეყანა მაქვს მოვლილი და ასეთი გველეშაპის ნახვა არ მომხდენია არსად. ნახვა რაია – მსგავსი არ გამიგონია და არც წამიკითხავს არაფერი.
--------------------
შეიძლება სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო.(c)გაბრიელ გარსია მარკესი
|