ვიქტორ სუვოროვი: რუსეთი, შესაძლოა, ხვალ დილით ან ამ საღამოსვე დაიშალოს...
15:26 03.05.2011
[მოამზადა ლაშა ბერულავამ]
დასავლეთში გაქცეული ყოფილი საბჭოთა მზვერავის, ვლადიმირ რეზუნის (ნამდვილი სახელი და გვარი) იგივე – ვიქტორ სუვოროვის მიერ მოპოვებული სენსაციური ფოტოდოკუმენტური მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრემიერის მამა ვერმახტში მსახურობდა, „პრესა.ჯი“–მ უკვე გაგაცნოთ. ამჟამად გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რომელიც ერთ–ერთ უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა.
ვლადიმირ რეზუნი იმ იშვიათ პოლიტოლოგთა რიგშია, ვისი პროგნოზებიც საოცარი სიზუსტით ხდება. მაგალითად, ჯერ კიდევ 2005 წლის დასაწყისში, ამავე, უკრაინულ საიტთან ინტერვიუს დროს, რეზუნმა იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ არასახარბიელო შედეგით დასრულდებოდა.
– ცოტა ხნის წინ მსოფლიომ პოლონეთის პრეზიდენტის საშინელი ტრაგედიის წლისთავი აღნიშნა. იმ დღესვე ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან ასეულობით დემონსტრანტი შეიკრიბა ტრანსპარანტით: „პუტინი მკვლელია!“. როგორ უყურებთ ამ ვერსიას?
– მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ, მე და თქვენ – მტრები ვართ, ან დიდი ხანია, ერთმანეთი გულზე არ გვეხატება. თქვენ მე არ მენდობით, მე – პირიქით, თქვენ. რა უნდა გავაკეთო? უნდა მოვიწვიო ნეიტრალური ადამიანი და მანამ, სანამ ხელს ვახლებდე რაიმეს, მას უნდა მივცე საშუალება, ნახოს, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან თქვენ მე არ მენდობით და არც ჩემს დასკვნას დაუჯერებთ. პოლონელებსა და რუსებს შორის ანალოგიური სიტუაცია იყო: კატინი პოლონელებისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა და, უცებ, იქ ახალი ტრაგედია მოხდა. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, პოლონელები რუსებს დაადანაშაულებდნენ.
რაღა უნდა ექნათ? სასწრაფოდ მოიწვიეს აშს–ს, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიის ელჩები და ისინი ტრაგედიის ადგილზე წაიყვანეს – როგორც თვითმხილველები. რა თქმა უნდა, პოლონელებსაც დაუძახეს და მათთან ერთად დაიწყეს თვითმფრინავის ნარჩენების ძებნა. იქ შასი იპოვეს, იქ ფრთა... მაგრამ ეს ყველაფერი თამაში იყო, რადგან ყველაზე მთავარი გახლდათ შავი ყუთები. მათთან მიმართებაშიც ასევე უნდა მოქცეულიყვნენ და პოლონელებისთვის ეთქვათ: აი, შავი ყუთები, რომლებისთვისაც ჩვენ ხელი არ გვიხლია. არც თქვენ ახლოთ და დაე, შვედებმა, შვეიცარიელებმა და სხვებმა, ჩვენი თანდასწრებით გახსნან და გვითხრან, რა მოხდა სინადვილეში. მაგრამ ასე არ მოხდა და შავი ყუთები მოსკოვში წაიღეს! მარტივი ლოგიკაა: თუ მე ქურდი არ ვარ, რაში მჭირდება შავი ყუთები? აი, მთელი მტკიცებულება – ქურდს ქუდი ეწვის.
ისე გამოვიდა, რომ რუსეთმა თავისი ბრალეულობა აღიარა. ამხელა ხმაური რომც არ ატეხილიყო, ეს უკვე აღიარებას ნიშნავს: რა თავში იხლიდნენ იმ შავ ყუთებს? ესე იგი, რაღაც დამალეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩემს სახლში ჩემმა ნაგაზმა თქვენ დაგკბინათ, მე კი ის გადავმალე და გიჩვენებთ პატარა ფინიას, თან გეუბნებით: „აბა ნახეთ, რა უწყინარი ძაღლია, ეს ხომ როტვეილერი არ არის, როგორ შეეძლო მას თქვენი დაკბენა...“ ასე რომ, ამ სიტუაციაში ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. 10 აპრილს რომ პოლონეთში ვყოფილიყავი, მეც მივიდოდი რუსეთის საელჩოსთან...
– დავუშვათ, „ქურდი“ მართლაც ის არის, ვიზეც თქვენ ამბობთ. რაში უნდა დასჭირვებოდა მას ეს ყოველივე?
– აი, სწორედ ეს შეკითხვა უნდა დაესვას ამხანაგ პუტინს, ამხანაგ მედვედევს, მათი „ეფ–ეს–ბე“–ს შეფს და ა.შ. – ბიჭებო, რაში დაგჭირდათ ამის გაკეთება? მე მათი ლოგიკა არ მესმის...
მე არამარტო კატინის მეორე ტრაგედიაზე ვსაუბრობ. სსრ კავშირის მთელი ისტორია ჩვენთვის დახურული ზონაა, ბოროტმოქმედების ჩადენის ადგილების მსგავსად. ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ომს, რომელსაც ვუწოდებთ „დიდ სამამულო ომს“. ამ დროს კი გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მასალები ისევ გასაიდუმლოებულია.
თუკი იმ მასალებში ყველაფერი სუფთაა, ეს გასაიდუმლოება რაღა საჭიროა? იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია – ბოროტმოქმედების ისტორიაა, რომელიც დაბეჭდილია, მაგრამ მას არავინ წაგვაკითხებს... ალბათ, ჰოლივუდის ფილმებში ყველას გვინახავს, როგორ იცავენ ბოროტმოქმედების ადგილს და არავის უშვებენ. მაგრამ თუკი იქ ეს კეთდება იმიტომ, რათა მერე მოვიდეს ის, ვინც გაერკვევა ყველაფერში, რა მოხდა, ჩვენი არქივები გასაიდუმლოებული და ჩაკეტილია იმიტომ, რომ იქ შეღწევა ვერავინ შეძლოს.
– თქვენი აზრით, რა არის იმ რევოლუციების მიზეზი, რომლებმაც ბოლო დროს ჩრდილოეთ აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს გადაუარა?
– ნიშანდობლივია, რომ ისინი ერთდროულად წარმოიშვნენ. ასე უბრალოდ ასეთი მასშტაბის ამბები არ ხდება. აშკარაა, რომ პროცესებს ვიღაცის უჩინარი ხელი მართავს. დააკვირდით, ყველა სხვადასხვაა: საუდის არაბეთი – ერთია, სირია – სულ სხვა, ეგვიპტე – კიდევ განსხვავებული, ლიბანი – მეოთხე. ისეც ხდება, რომ უცხოელები რუსებს და უკრაინელებს ერთმანეთისგან ვერც გვარჩევენ, მათთვის ყველანი ერთნაირები ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ სხვადასხვანაირები ვართ? ისეა იქაც.
არადა, ყველგან ერთდროულად დაიქუხა. ეგეთი რამეები დირიჟორის გარეშე არ გამოდის. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს მართვადი პროცესები იყო. მათ ხელში, ვისაც ჩვენი ქმედებების მართვა შეუძლიათ, ახლა უძლიერესი საშუალებაა – ინტერნეტი, რომელსაც შეუძლია როგორც ხალხის გაერთიანება, ასევე გახლეჩაც. აქციების გარშემო დარაზმვაც შეუძლია. კონკრეტულად ვისი ხელი იყო ჩარეული ამ პროცესებში, არ ვიცი.
– ამასთან დაკავშირებით რაიმე ჰიპოთეზა გაქვთ?
– ის კი ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვადანაშაულებ რუსეთს. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ რუსეთისთვის ეს ყველაფერი ძალიან ხელსაყრელია. ენერგომატარებლებზე ფასები სწრაფად გაიზარდა, იმდენადაც კი, რომ როცა ბენზინგასამართ სადგურზე მიდიხარ, ტირილი გინდება. ასე რომ, ვინმეს დადანაშაულების გარეშე ვიტყვი – რუსეთს „ოქროს წვიმა“ დაატყდა თავს, მაგრამ ეს წვიმა რეჟიმს ვერ უშველის. იმიტომ, რომ მთელი ფული ლონდონში, ნიუ–იორკში, მონტე–კარლოში, სადაც გნებავთ, ყველგან გაედინება, რუსეთის გარდა. რუსეთში კი, ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანხა თითქმის არ იდება. ამიტომაც, ეს ინფრასტრუქტურა მალე საბოლოო რღვევას დაიწყებს, თანაც – სტრატეგიული მასშტაბით.
– ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერ არაფერი გვითქვამს რუსეთის ორ „მეფეზე“. მასმედიაში ხშირად საუბრობენ, რომ მედვედევსა და პუტინს შორის მზარდი დაპირისპირება არსებობს. თქვენი აზრით, როგორია მათი რეალური ურთიერთობა?
– აქ ორი ძირითადი მომენტია. პირველი, რომ მტრობა არსებობს და მეორე, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. როცა პირველ ვერსიას მიმტკიცებენ, მე ვეთანხმები, მაგრამ მაშინაც ვეთანხმები, როცა მეორეს მიმტკიცებენ. რა ხდება მათ შორის, ცოტა ძნელი სათქმელია. მედვედევი, როგორც პოლიტოკისი, არაფერს წარმოადგენს. მაგრამ იმასაც ვერ დავეთანხმები, რომ იგი მხოლოდ ბოსტნის საფრთხობელაა. ბოსტნის საფრთხობელა კი არ არის, არამედ ადამიანია, რომელიც საფრთხობელად ყოფნას დათანხმდა. საფრთხობელად რომ დაბადებულიყო, სხვა ამბავია. რატომ არ ვართ მე და თქვენ ჩხრიალა გველები? იმიტომ, რომ ჩვენი დედ–მამა ადამიანები იყვნენ. დინოზავრები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენც დინოზავრებად დავიბადებოდით.
მაგრამ რაც უნდა სუსტი პოლიტიკოსი იყოს, იქ კიდევ სხვა ნიუანსებია: მიმდინარეობს ხელისუფლების გადანაწილება და პუტინი ყველასთვის კეთილი ვერ იქნება. ის კეთილი და გულუხვია მხოლოდ ნაწილისთვის. ასეთ შემთხვევაში კი, გაწბილებული ოლიგარქები, გენერლები, სხვა ავტორიტეტები – სხვა დროშის ქვეშ ირაზმებიან და მათ ყოველთვის შეუძლიათ ეს საფრთხობელა რეალურ ძალაუფლებას დაუპირისპირონ. ისტორიაში მსგავსი შემთხვევები ყოფილა. ამიტომ მე პროგნოზირება მიჭირს, რა მოხდება ვერტიკალში.
ფაქტია, რომ როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსს, მედვედევს არაფერი გაუკეთებია სახელმწიფოსთვის ან პუტინის წინააღმდეგ, თუკი ცალკეულ განცხადებებს არ ჩავთვლით, რომ რაღაცას არ ეთანხმება. მაგრამ იმ შემთვევაში, თუკი ხელისუფლების სათავეში მყოფ ხალხს დასჭირდება პუტინის გადაგდება და მისთვის ყველაფერი ცუდის დაბრალება (როგორც სტალინის სიკვდილის, ან ხრუშჩოვის გადაგდების შემდეგ), მედვედევი ამ როლისთვის ზედგამოჭრილია, როგორც საფრთხობელა.
– თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ პუტინს ასე უბრალოდ, – აიღებენ და მოიშორებენ?
– რატომაც არა, თუკი ხრუშჩოვთან შეძლეს იგივე? ის ხომ გენერალური მდივანი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო...
– პუტინი უფრო ჭკვიანი ჩანს, ვიდრე ხრუშჩოვი...
– გეთანხმებით, უფრო ჭკვიანია. ამხანაგ სტალინზე რას იტყვით? თანამებრძოლებმა ის მოკლეს, მოკვლის წინ კი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ეს ამბავი ასე მოხდა: კპ(ბ) მე–19 ყრილობის წინ მას უთხრეს, რომ ახალი წესდება იყო მისაღები და საჭირო იყო კენჭისყრა. ახალ წესდებაში კი არანაირი პოლიტბიურო არ არსებობდა – იგი ცკ–ის პრეზიდიუმით იყო ჩანაცვლებული. ამასთან, არ იყო გენერალური მდივანი – ეს ტერმინი არც კი იყო ნახსენები.
ყველამ უყარა კენჭი ამ ახალ წესდებას. სტალინი ყრილობაზე გენერალური მდივნის სტატუსით მივიდა, იქედან კი, უბრალოდ, მდივნად წამოვიდა. ასეთი მდივანი მის გარდა კიდევ ცხრა იყო. იმ ცხრიდან მერე მთავარი აირჩიეს – პირველი მდივანი. ეს კი ხრუშჩოვი იყო. მაშინ სტალინი ადგა და პოლიტბიუროს საკუთარი შემადგენლობის პირადი ექიმები დააჭერინა. „ექიმთა საქმე“ შედგა. მთავარი ბრალდება ანტისემიტიზმი იყო, მაგრამ ვიღაც აღმოსავლელი ექიმები ხომ არ დაუჭერიათ – ისინი დაიჭირეს, ვინც სტალინის კოლეგებს მკურნალობდნენ.
და ექიმებმა აღიარებები დაიწყეს – ზოგი ბრიტანეთის დაზვერვის ჯაშუში აღმოჩნდა, ზოგიც – აშშ–ის. ამის შემდეგ ლოგიკური ნაბიჯი ბერიას, ხრუშჩოვის და სხვების დაპატიმრება იქნებოდა, იმ მიზეზით, რომ თუკი ექიმი ჯაშუში გყავს, შენ ვინ გამოდიხარ? მას შემდეგ, რაც სტალინმა ცკ–ის პლენუმზე ვოროშილოვს ინგლისის ჯაშუში უწოდა, ხოლო მიქოიანს კიდევ რომელიღაც ქვეყნის, „ხალხთა ბელადი“ მოულოდნელად გარდაიცვალა. ასე რომ, ყველას ჩამოშორება შეიძლება.
– რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რას ფიქრობთ?
– იქ სხვადასხვა ვარიანტის განვითარებაა მოსალოდნელი, იქედან გამომდინარე, რომ როგორც პუტინის, ასევე მედვედევის რეიტინგები ეცემა. და თუ ხელისუფლება ისევ ხალხის მწარედ მოტყუებას გადაწყვეტს, ეგ უკვე აღარ გამოვა. ინტერნეტის ეპოქაში ეს გამორიცხულიც კია. ახლა 2000 წელი არ არის, ანუ, პერიოდი, როცა ხელისუფლებაში პუტინი მოვიდა – უკვე სულ სხვა ტექნოლოგიებია საჭირო. ამასწინათ პუტინმა რუსული მსუბუქი ავტომანქანის რეკლამირება გადაწყვიტა, საჭეს მიუჯდა და კარგა დიდი მანძილი გაიარა. ვიღაც ბიჭებმა კი ვიდეო გადაიღეს და მერე ინტერნეტში განათავსეს.
და რა ნახა ხალხმა? ნახა „ვაზ“–ის საჭესთან მჯდარი პუტინი, მის წინ და უკან „მერსედესებისგან“ შემდგარი კორტეჟი, ამ კორტეჟში კი ზუსტად პუტინის მართული მანქანის ანალოგი – ფერითაც და სახელმწიფო ნომრებითაც – რათა პუტინის მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის სწრაფადვე შეეცვალათ და არავის ეჭვი არ აეღო. ოდნავ უკან კი, კიდევ ერთი, პუტინის „ვაზ“–ის ტყუპისცალი მანქანა საბარგოს ძარაზე! ძველად, ომებში, მეფეებისთვის მიჰყავდათ ასე სამარქაფო ცხენები... ხალხი ამას უყურებს და ხარხარებს! ასე რომ, ამ პირობებში ხალხის მოტყუება ძალიან ძნელია. არადა, პუტინისთვისაც ძნელია: რომ არ მოატყუოს, შესაძლოა, დამარცხდეს...
– ორი არწივის ჭიდილის ფონზე (ვგულისხმობ აშშ–ს და რუსეთს) მოსალოდნელია თუ არა რუსეთის დაშლა?
– რუსეთის დაშლა გარდაუვალია, რადგან იქ ამ დროისთვის პლანეტის მოსახლეობის 2,5 % ცხოვრობს, მსოფლიოში უდიდესი ტერიტორიით და მსოფლიოს ბუნებრივი რესურსის 40%–ით. ირგვლივ კი მწირი რესურსების მქონე ჩინეთი და იაპონია არიან, თავიანთი მილიარდნახევრიანი მოსახლეობით. ქვეყანა, რომლის მოქალაქეთა რაოდენობა კატასტროფული სიჩქარით კლებულობს, ვერანაირად ვერ დაიცავს ამხელა ტერიტორიას და რესურსებს. მე თვითონ შორეული აღმოსავლეთიდან ვარ – მამა მსახურობდა იქ. ბუნებრივია, იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც მეუბნებიან: „არ შეიძლება ითქვას, რომ შორეული აღმოსავლეთი ჩინეთისაა. მაგრამ რუსეთის ნამდვილად არ არის.“
– მაშ, ვისია?
– ნეიტრალური. ჩინურ–რუსული. და რუსები იქედან გამორბიან. ჩინელებს უკვე მოქრთამული ჰყავთ ადგილობრივი ადმინისტრაცია და მილიცია, ხალხი თავისუფლად მოძრაობს საზღვარზე და მათ არავინ აჩერებს. და, რაც ყველაზე მთავარია: შორეულ აღმოსავლეთში ჩინელთა რიცხვი რუსებისას უტოლდება. ჩინელებს შორის ხშირია სხვადასხვა სახის დანაშაული: ძარცვა, ქურდობა და ა.შ., მაგრამ არცერთი ჩინელი არ წარმსდგარა რუსული მართლმსაჯულების წინაშე. ჩინელები იქ თავიანთი პრინციპების დაცვით, თავიანთი ადათ–წესებით ცხოვრობენ, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ არიან. თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ისინი თვითონ არჩევენ ამას, თავიანთი კანონებით.
– რუსეთი რომ ჯერაც მძლავრ, კარგად შეკრულ სახელმწიფოდ მოიაზრება?
– ავიღოთ ალმასის მაგალითი. როგორც წესი, ის ძალიან მაგარია, მაგრამ საკმარისია ერთი არასწორი მოქმედება, რომ იგი დაიშალოს. ცნობილია, რომ 1917 წელს, შვეიცარიაში ყოფნისას, ლენინმა თქვა: „ჩვენ, ძველი თაობისანი, რევოლუციას ვერ მოვესწრებით“. თებერვალში კი ცარიზმი დაემხო. ესე იგი, რევოლუციამდე ერთი თვით ადრეც კი ლენინს მსგავსი არაფერი ჰქონდა გეგმაში. ამიტომაც, მე კონკრეტულ ვადას არ დავასახელებ. რუსეთი, შესაძლოა, ხვალ ან ამ საღამოსვე დაიშალოს. შეიძლება, კიდევ ხუთ ან ათ წელიწადს გაუძლოს, მაგრამ მეეჭვება, რომ ათ წელიწადს გაძლოს...