"ლეღვის ფოთლების" რევოლუცია
13:26 06-05-2011
რევოლუციური არჩევნები თუ არჩევანი რევოლუციაზე – საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. არსებობს საზოგადოების სულ სხვა ნაწილიც, რომელმაც უკვე გადაწყვიტა, გვერდიდან უყუროს პროცესებს, თუნდაც - ექსცესებს. ქართული პოლიტიკა თიხის ქოთანში დუღს, ცხელი სეზონის მოახლოება კი დუღილის ტემპერატურას კიდევ უფრო გაზრდის. სად არის ხვრელი, რომელშიც უნდა გაძვრეს საქართველო, ვინ იცის სწორი გზა ამ ხვრელისკენ?!
. . .
"ქართულმა პარტიამ" ფაშიზმზე გამარჯვების დღე დაიპატენტა. 9 მაისისთვის ოპოზიციის ზერადიკალურმა ძალამ საქართველოს აღმოსავლეთში "ქუდზე კაცი" დაიბარა. მათი საპროტესტო ტალღა პირველად კახეთის მხარეში "აზვირთდება და მთელს საქართველოს მოიცავს".
პარტიის პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი პირობას იძლევა, რომ აქციები იქნება, როგორც მასშტაბური, ისე - მცირემასშტაბური, თემატური და ძალიან მრავალფეროვანი.
"ფაშიმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ვიწყებთ აქციებს ამ რეჟიმის შესაცვლელად და მთელ საქართველოს დავანახებთ, თუ როგორ განწყობაზეა "ქართული პარტია" და ქართველი ხალხი"; ჩვენ უკვე მოვიცავთ 50 ათასს აქტიურ წევრს და მებრძოლს იმისათვის, რომ დანარჩენ ოთხ მილიონ ადამიანთან ერთად სააკაშვილის რეჟიმი მოუსავლეთში გავაგზავნოთ", - ამბობს კიწმარიშვილი.
"რეჟიმიდან" კიწმარიშვილს არავინ გამოხმაურებია, სამაგიეროდ, გამოეხმაურნენ "სახალხო კრებიდან", რომელსაც "ქართულმა პარტიამ", 9 მაისისთვის მიღებული გადაწყვეტილებით, 21 მაისის გეგმებს გადაუსწრო.
კრების აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული პარტიის" გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვებს ბადებს. გაფრინდშვილი ეჭვების საფუძველზე არ საუბრობს, უბრალოდ, მისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა "ქართულმა პარტიამ" ასე ფართო პროტესტისთვის უსწრაფესად მობილიზება, როცა ერთი კვირის წინ სწორედ პარტიიდან გამოსული ხმებით გაიგო, რომ მსგავსი პროცესებისთვის მზად არ იყვნენ.
თუმცა, "სახალხო კრების" მიმართ "ქართული პარტიის" დამოკიდებულება, ერთი შეხედვით, ლოიალურია. როგორც კიწმარიშვილი ამბობს, მთავარია, აქტიურად იყვნენ ჩართულნი "სააკაშვილის გაშვების" პროცესში. "ჩვენ მივალთ "სახალხო კრებასთან", თუ თავად მოვლენ ჩვენთან, ამას გადავწყვიტავთ უახლოეს დღეებში, ქართველ ხალხთან ერთად; საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რას, სად და როდის გააკეთებს, მთავარია ხალხმა იცოდეს, განხორციელდება თუ არა საქართველოში რეჟიმის ცვლილება და არსებობს თუ არა პოლიტიკური ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე; დიახ, არსებობს ასეთი ძალა და მას "ქართული პარტია" ჰქვია", - თავისას არ იშლის "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემქმნელი.
კიწმარიშვილის ისე სჯერა თავისი პარტიის ძლევამოსილების, რომ დარწმუნებულია, ძალიან ბევრი ძალა, მათ შორის, "ოპოზიციურ რვიანში" გაერთიანებული ძალები, დადგებიან იმ პროცესში, რომელსაც "ქართული პარტია" განახორციელებს. სწორედ ეს იყო მიზეზიც იმისა, რომ "ქართული პარტიის" პოლიტიკურ მდივანს "რვიანისადმი" სკანდალური მოწოდება გაეკეთებინა და მათ და ლეღვის ფოთოლს შორის პარალელები გაევლო - "თუ გსურთ რეალური ცვლილებები, თავი გაანებეთ გაშიშვლებული რეჟიმის ლეღვის ფოთლის ფუნქციაში გადასვლას; იდეამ, რომელსაც უნდა გაეშიშვლებინა ეს ხელისუფლება, გაიმარჯვა. ყველამ დაინახა, რომ მმართველი გუნდი არ არის ქმედითუნარიანი, წავიდეს რაიმე ცვლილებებზე და "რვიანმა" თავისი მოქმედებით მისი გაშიშვლების ფუნქცია შეასრულა - მეფე შიშველია".
შიშველი მეფის დანახვაზე უფრო, "რვიანის" წარმომადგენელები "ცხვრის ქურქში გახვეული მგლის" დანახვაზე შეშფოთდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ლევან ვეფხვაძემ "ლეღვის ფოთოლი" "დედის გინებასთან" გააიგივა და რა ვქნა, მეც დავიწყო გინებაო? – იკითხა. თუმცა, ბოლოს გადაწყვიტა, გინებისგან თავი შეეკავებინა იმ მოტივით, რომ "ეროსი კიწმარიშვილისგან განსხვავებით, მას ღირსება აქვს". "კიწმარიშვილს ღირსება რომ ჰქონოდა, წლების განმავლობაში არ იქნებოდა ის პოლიტიკური ფუგურა, რა ფუგურადაც ახლა ჩამოყალიბდა და როგორც საზოგადოება იცნობს, მისდა სამწუხაროდ", - მხოლოდ ეგ თქვა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალსანიამ კი, ოპონენტის მეტყველების ფორმას საინტერესო უწოდა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ადამიანი თავისი პიროვნებისა და წარსულის ლოგიკურ ასოციაციას ადგენს.
ალასანია არ შეუდგომია იმის ახსნას, რაზეც ბატონი ეროსი ფოკუსირებდა, მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლითა და მხარდაჭერით საარჩევნო რეფორმის რეალური შანსი გაჩნდა და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მშვიდობიან ცვლილებებს ითხოვს.
"ხალხს დღეს უფრო ნათლად ესმის, რა უფლებას ართმევს მათ მიხეილ სააკაშვილი, როცა არ თმობს საარჩევნო გარემოს. ამიტომ ჩვენი გზაა, თანმიმდევრული მოლაპარაკებების პროცესით დავათმობინოთ მთავრობას ეს გარემო და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩავატაროთ", - უკვე მეათასეჯერ განაცხადა კონსტრუქციული წყობილებიდან ლამის გამოსულმა პოლიტიკოსმა.
თუმცა, როგორც ყოველთვის, მოახერხა დიპლომატის ენის შენარჩუნება და დასასრულს აღნიშნა, რომ პატივს სცემს ძალიან ბევრს ადამიანს, რომლებიც არიან "სახალხო კრებაში" ან თუნდაც - "ქართულ პარტიაში", სოლიდარულია მათი განწყობებისადმი და მასაც სწრაფად სურს შეიცვალოს ხელისუფლება პროგრესული ძალით, მაგრამ მიიჩნევს, რომ სულ ერთი არ არის, როგორც შეიცვლება ეს ხელისუფლება.
ალასანიას თქმით, "ოპოზიციურმა რვიანმა" უკვე დაიწყო ყველა რესურსის მობილიზება, რათა საზოგადოება გახდეს მთავარი მონაწილე საარჩევნო რეფორმის პროცესის. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ დაფიქსირდება საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი, მათ შორის, აქციების ფორმითაც, რომელიც მიზანმიმართული იქნება კონკრეტულად საარჩევნო გარემოზე.
კონკრეტული თუ აბსტრაქტული მოთხოვნების მიუხედავად, ფაქტი ერთია - საქართველოში საპროტესტო აქციების ბუმი გარდაუვალია.
ხათუნა კიღურაძე
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/dghis-them...-revolucia.htmlჯიგარი გრეჩო
ფუღურა ეროსი
წმინდანი ჩეფჩიკა
სპეტაკი ნინო
კუკუა კახა
და CO აწყობენ ''ლეღვის ფოთლების'' რევალუციას
რევალუცია მოდისო ნათქვამია
This post has been edited by ხარონი on 6 May 2011, 14:21