ბურჯანაძის პასუხები „ფეისბუქის“ მომხმარებლების კითხვებზე
20/05/2011 01:26
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერნეტმომხმარებლის კითხვებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთი საათის განმავლობაში უპასუხა. ონლაინდიალოგი „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ გვერდზე 23:00 საათზე დაიწყო და 24:00 საათამდე გაგრძელდა.
ინტერნეტმომხმარებლის კითხვებზე პასუხების ოპერატიულად გაცემას ნინო ბურჯანაძე ოთხ თანაშემწესთან ერთად ცდილობდა. კითხვების უმრავლესობას უპასუხეს, თუმცა რამდენიმე კითხვა მაინც უპასუხოდ დარჩა.
ჩვენ გვჯერა ლოზუნგის - „ძალა ხალხშია!“ წერდა „ფეისბუქში“ ნინო ბურჯანაძე და ყველა კითხვის ავტორს მეგობრებთან ერთად 21 მაისის აქციაზე ეპატიჟებოდა.
„ტრიბუნა.ge“-მ გადაწყვიტა მკითხველისთვის შეეკრიბა ნინო ბურჯანაძის პასუხების მნიშვნელოვანი ნაწილი. აი ისინიც:
„თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ადეკვატურად ვიმოქმედებთ.
„სახალხო კრება“ ქართულ პარტიასთან ურთიერთობას არ აპირებს.
ბურჯანაძის სამოქმედო გეგმა ვანოს კაბინეტში არ დევს.
გადაყენებული სააკაშვილი, ისევე როგორც მისი გარემოცვის წევრები წარსდგებიან საერთო სახალხო სასამართლოს წინაშე და თავისუფალი სასამართლო გადაწყვეტს მათ ბედს.
ხელისუფლებაში ახალი კლანები აღარ მოვლენ და ის რაც დღეს ხდება აღარ განმეორდება.
ხელისუფლების მხრიდან სერიოზული პროვოკაციები მოსალოდნელია. მათთვის მოულოდნელი იყო ის მუხტი, რაც მოსახლეობაშია, შეფიცულები და აქციის ორგანიზატორთა ორგანიზებულობა, იქნება რეჟიმის შეცვლის გარანტი.
ბათუმის აქციას დაესწრებიან თემურ შაშიაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, გურამ ფირცხალავა და კიდევ რამდენიმე სტუმარი თბილისიდან.
„სახალხო კრების“ გამარჯვების შემდეგ დაინიშნება არჩევნები ხალხი აირჩევს ადეკვატურ ხელისუფლებას, რომლის პრიორიტეტი განათლება იქნება.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული, დაყრდნობილი იქნება დასავლურ ფასეულობებზე და ამოსავალი წერტილი იქნება პროქართულობა.
საქართველოში წინაღმდეგობის 74 კომიტეტია შექმნილი.
„სახალხო კრებას“ და პარტიას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ ბიზნესმენებიც.
21 მაისის აქციისთვის სანქცია არ არის საჭირო, რადგან ყველაზე დიდ სანქციას იძლევა ხალხი. ველით ათეულობით ათას ადამიანს.
21 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი, რა იგეგმება 26 მაისს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღარ დავუშვებ უღირსი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლას.
იგორ გიორგაძისთვის ჩვენს ხელისუფლებაში ადგილი არ იქნება.
შიმშილობის აქციის გამოცხადება არ არის გამოსავალი. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში შიმშილი არასდროს აღარ იყოს.
სამართლიანი სასამართლოს მიერ დაისჯება ყველა, ვინც დასასჯელია. მე შეიძლება შეცდომები დამიშვია, მაგრამ დანაშაული - არასდროს.
საქართველოში აღარსდროს იქნება პოლიტიკური და უკანონო პატიმრები.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელის ცვლილებებს. ეს აქციები სხვა აქციებისგან განსხვავებული იმითაც იქნება, რომ აქციის ორგანიზატორები არასდროს უღალატებენ საკუთარ ხალხს.
ახლა შევცვალოთ ხელისუფლება და მერე არჩევნებში ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა.“
წყარო:
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=2881&Itemid=1