merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#25623172 · 24 May 2011, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მორალურად მზად არის, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდეს 14:40 24-05-2011 ყველა ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მორალურად მზად არის, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდეს 25-26 მაისს მოვლენათა განვითარების სავარაუდო ვარიანტებსა და შედეგებზე, "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრს, ექსპერტს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, 25-26 მაისს მოვლენათა განვითარების როგორ სცენარს შეიძლება ველოდოთ? _ ყველა ვხედავთ, რომ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი მონაწილებს, მაგრამ ვითარება მაინც დაძაბულია. როგორც ჩანს, სერიოზული კრიზისისკენ მივექანებით. ხელისუფლება ცდილობს მშვიდად ყოფნის დემონსტრირებას და რაც ხდება, თითქოს არ იმჩნევს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ადეკვატური მოქმედებაა საჭირო. მეჩვენება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებულ პოზიციაში არიან და ერთმანეთისგან შეცდომის დატყუებას ელოდებიან, რომ შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენონ. ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი არ თქვას აღლუმზე, ჩემი აზრით, უფრო მეტად იმას ეფუძნება, რომ აღლუმის ჩაშლის მცდელობა არაკანონიერ ქმედებად შეაფასოს, რაც მას მომიტინგეების დაშლისა და ლიდერთა დაკავების საშუალებას მისცემს. შემდეგ, შეიძლება ველოდოთ ტერესერიალებს ან მოწმეების ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ 25-26 მაისს სხვადასხვა ფორმით დაპირისპირებას ვერ ავცდებით. _ 25 მაისისთვის თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. დღეს კი, "ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში იმის გამო აღარ ჩამოვა, რომ "სახალხო კრება" და "ქართული პარტია" ბრძოლის ერთიან გეგმაზე ვერ შეთახმდნენ. როგორი იქნება თქვენი კომენტარი? _ ოპოზიციას ხშირად სჩვევია ძალების დაქსაქსვა და ამ შემთხვევაშიც იგივე შეიძლება ხდებოდეს. როცა ჩამოსვლის შესახებ ოქრუაშვილმა განცხადება გააკეთა, ჩამოსვლის პირობები არ დაუსახელებია. პირველი განცხადებით მან უკანდასახევი გზა მოიჭრა. დღევანდელი განცხადების შემდეგაც არ გამოვრიცხავ მის ჩამოსვლას. შესაძლოა, მეორე განცხადება ტაქტიკური მოსაზრებით იყოს გაკეთებული და იგი იმ დროს გამოჩნდეს, როცა არავინ ელის და ეს დაწყებულ ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. _ რჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მიზეზი ღირებულებით განსხვავებებს უკავშირდება. ხელისუფლება ცხოვრებაში თითქმის ყველა სფეროში მოდერნისტულისა და ავანგარდულის დამკვიდრებას ვესტერნის სტილში ცდილობს. რაც ქუჩაში ხდება, აშკარად გამოხატული რეტროა. ბევრი რამ გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ალბათ, ზომიერი დოზით, მოდერნიც, ავანგარდიც და რეტროც მისაღებია, მაგრამ გადაჭარბებულად, არც ერთი . . . _ პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ოპოზიციაში რადიკალიზმის გაჩენას ხელისუფლების რადიკალიზმმა შეუწყო ხელი. ხელისუფლებამ თავისი მმართველობის პერიოდში, ფაქტობრივად, არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგა და სპეციალურად უბიძგებდა პოლიტიკურ ძალებს, ამოვარდნილიყვნენ პოლიტიკური პროცესიდან. ეს შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგადაც ხელისუფლება პარლამენტს 100%-ით აკონტროლებს, იგივენაირად აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელშიც თავად არის წარმოდგენლი, პოლიცია და ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებულია. პროკურატურა და სასამართლო გადაქცეულია პოლიტიკური ან სხვა ტიპის ოპონენტების დატერორების ინსტრუმენტად. თუკი ხელისუფლება იყენებს სიტყვას "რადიკალური ოპოზიცია", სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ხელისუფლების მისამართით ვიტვით - "რადიკალური ხელისუფლება". რადიკალიზმით ხელისუფლება უფრო გამოირჩევა, ვიდრე ოპოზიცია და სწორედ ხელისუფლების რადიკალიზმმა გამოიწვია ქვეყანაში რადიკალურად განწყობილი ძალების ჩამოყალიბება. ხელისუფლებამ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური გამოსვლების გარდა სხვა გზა პრაქტიკულად არც დაუტოვა. რაც დღეს ქუჩაში ხდება, ხელისუფლების რადიკალიზმის შედეგია. ხელისუფლებამ გახადა რადიკალური ოპოზიცია რადიკალური და ახლა მათი პოლიტიკური ასპარეზიდან გაძევებას ცდილობს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რადიკალიზებული ოპოზიცია მისი სამიზნე გამხდარიყო. ახლა ხელისუფლება ამ პოლიტიკური ძალების პოლიტიკიდან გარიყვას ცდილობს. ამიტომ, საერთო ჯამში რთული ვითარება გვაქვს. თუ საპროტესტო აქციებმა შედეგი ვერ მოიტანა და აქციები ხელისუფლების მხრიდან დათმობების გარეშე დასრულდა, ასეთ ვითარებაში საქართველო "აზერბაიჯანად" ჩამოყალიბდება. მოხდება საქართველოს აზერბაიჯანიზაცია და დიქტატორ ალიევს, დიქტატორი სააკაშვილი შეუერთდება. ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს და აზერბაიჯანს დიქტატორი-მეფე, ჰეიდარ ალიევის შვილი ილჰამ ალიევი მართავს. ასეთივე ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელობა სურს მიხეილ სააკაშვილს. ვიმყოფებით ვითარებაში, როცა სააკაშვილს საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს, ხელისუფლება იმ ზღვრამდეა მისული, როცა დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვას იწყებს. სავარაუდოდ, ეს ასეც გაგრძელდება და ყველა ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მორალურად მზად არის, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდეს. შესაძლოა, საქართველო არაფორმალურ იზოლაციაში აღმოჩნდეს. ანუ დასავლეთი სააკაშვილს მიიღებს, მაგრამ არა როგორც დემოკრატს და დასავლური სამყაროს ოჯახის წევრს, არამედ რიგით დიქტატორს, რომელიც ერთ-ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანას მართავს. _ ფაქტია, კრიზისის ზღვარზე ვიმყოფებით. თქვენი აზრით, შექმნილ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციამ, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით პროცესებმა უკონტროლო და სახიფათო ხასიათი არ მიიღოს? _ ყველაფერ ამას ალბათ, ხელისუფლება ხედავს და აანალიზებს. თუ ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელებს და იმოქმედებს, მან პრევენციული ზომები უნდა გაატაროს. მაგრამ არა ისე, როგორც ეს 22 მაისს მოხდა, როდესაც ზონდერბრიგადები შეეცადნენ მიტინგის ხელკეტებით დაშლას. თუ ხელისუფლებას უკონტროლო პროცესების თავიდან აცილება უნდა, ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აწარმოოს აქციის ორგანიზატორ ძალასთან. ვიცი, თეორიულად კარგად ჟღერს, რომ საჭიროა დიალოგი და ასე შემდეგ, მაგრამ აქვე ჩემს ზემოთქმულ პოზიციას ვეწინააღმდეგები იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებულ პოზიციაში არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე ერთმანეთთან დიალოგს გამორიცხავს. ეს და სხვა ფაქტორები მიუთითებს, რომ კრიზისული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. _ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობები რეალურად არსებობს, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიცია იმ თვალსაზრისით არის ილუზიის ტყვეობაში, რომ მათი დრო არ დამთავრებულა. თქვენც ასე ფიქრობთ? _ მე ყოველთვის, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებზე ვფიქრობ. ვითარებაში, როცა ყველა ფაქტორი კრიზისის გამწვავებაზე მიუთითებს, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას იმიტომ ეკისრება, რომ ძალაუფლების მატარებელია და აქვს გაცილებით მეტი რესურსი, რომ შეძლოს კრიზისის თავიდან აცილება. მაგრამ, შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ იმ ძალებს, რომლებიც ქუჩაში არიან და იმათაც, ვინც ოპოზიციაშია, საპროტესტო აქციებს მხარს არ უჭერენ და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფებიან. ამ შემთხვევაში ოპოზიციურ "რვიანს" ვგულისხმობ. თუ პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია და შენთვის სახელმწიფო ინტერესები ღირებულია, როცა ქვეყანა კრიზისშია, ვალდებული ხარ, გარკვეულწილად, ჩაერთო პროცესში. როგორ და რა ფორმით, ეს ტექნიკური საკითხებია. ასეთ გამწვავებულ ვითარებაში "რვიანის" ლიდერები რომ არ ჩანან, შორიდან აკვირდებიან იმას, თუ ვინ დამარცხდება და ფეხი ვის დაუცდება, ჩემი აზრით, მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად შეიძლება ქვეყანას დაუცდეს ფეხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებულ პოლიტიკურ პროცესებში "რვიანის" ლიდერების თანამონაწილეობა აუცილებელია და პროცესებზე პასუხიმგებლობა, გარკვეულწილად, მათაც უნდა აიღონ.
კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
|