რატომ თქვა უარი საპატრიარქომ გულუას ფონდთან თანამშრომლობაზე?
Monday, 02 May 2011 00:00 მირიან ბოქოლიშვილი
საქველმოქმედო ფონდი „მზე შინა და მზე გარეთა“ საქართველოში რამდენიმე წლის წინათ დაფუძნდა. ფონდის დამფუძნებელია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, რომელიც ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძის ფინანსურ მოკავშირედ განიხილება. ფონდის თანადამფუძნებელი თავის დროზე საქართველოს საპატრიარქოც იყო, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო გულუას ფონდს ტოვებს. შესაბამისი განაცხადი იუსტიციის სამინისტროში უკვე გაკეთდა. მიზეზად ფონდის პოლიტიზება სახელდება.
რატომ ტოვებს საქართველოს საპატრიარქო მინდია გულუას ფონდს? რა კავშირი აქვს რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს ქართულ ოპოზიციასთან? რა მოლაპარაკება შედგა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ალექსანდრე ებრალიძეს შორის? ამ საკითხებზე „პრაიმტაიმი“ პირადად მინდია გულუას დაუკავშირდა, რომელმაც ოპოზიციასთან, კერძოდ კი, ნინო ბურჯანაძესთან კავშირი კატეგორიულად უარყო, თუმცა საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ალექსანდრე ებრალიძეს შორის არსებულ მოლაპარაკებებზე.
– ბატონო მინდია, თქვენ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ბრძანდებით თანადამფუძნებელი ფონდისა – „მზე შინა და მზე გარეთა“. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ საპატრიარქომ უარი თქვა ამ ფონდთან თანამშრომლობაზე...
– დიახ, საპატრიარქოს წარმომადგენელი, მეუფე შიო ღიად აცხადებს, რომ ფონდიდან გასვლას აპირებს. როგორც მან მითხრა, ეს ფონდი არა მხოლოდ ეკლესიებს აშენებს, არამედ პოლიტიკურ ელფერს იძენსო. ცხადია, ეს ასე არაა, მაგრამ რა გაეწყობა. ჩვენ ვაშენებთ ტაძრებს, გვინდა მოვაწყოთ პატარა ქართული კუთხე, სამლოცველოები, კულტურისა და განათლების ცენტრები საქართველოდან დევნილი მოსახლეობისთვის რუსეთის ყველა რეგიონში.
– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენ საპატრიარქოსგან ითხოვდით, რომ ეკლესიის სახელით რუსეთში გარკვეული მოლაპარაკებები გეწარმოებინათ...
– მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს სურდა აფხაზეთში ჩასვლა და ჩვენი მიწა-წყლის მონახულება, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ მას ამაზე უარი განუცხადა. ამასთან დაკავშირებით, მე ვთხოვე საპატრიარქოს, მომეცით მანდატი, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დავიწყო მოლაპარაკება ამ საკითხზე-მეთქი. აი, ეს ვითხოვე. მეუფე შიომ ეს სხვანაირად გაიგო და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. შედეგი არის საბოლოოდ ის, რომ ეს პროცესი ჯერჯერობით გაიყინა.
– თქვენ „პოლიტიკური ელფერი“ ახსენეთ... ამბობენ, რომ მინდია გულუა ნინო ბურჯანაძესა და სახალხო კრებას აფინანსებს...
– მე ვაფინანსებ „დევნილთა კონგრესს“ და არა სახალხო კრებას. კონგრესს ფულს ვუგზავნი დევნილების დასახმარებლად და არა იმისთვის, რომ მათ ბურჯანაძე დააფინანსონ. მზად ვარ, ყველა გადარიცხვა გამოვაქვეყნო და საზოგადოებას ვაჩვენო, რისთვის იყო ჩემ მიერ თანხები გაღებული. თითქოს კონგრესი არამიზნობრივად იყენებს ამ თანხებს, ასეთი ინფორმაცია არა მაქვს. ეს უკვე ჩემი პრობლემა არაა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა დაღუპულთა ოჯახებს, დევნილებს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენი ეგიდით იმართება. დაკავებული ვარ მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ვაფინანსებ რამდენიმე ტაძრის მშენებლობას, საკალათბურთო გუნდ „სოხუმს“ და ა.შ. პირადად მე არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში არ ვარ ჩართული და თუ მანდ ვინმე ბოროტად იყენებს ჩემს სახელს, ეს უკვე ინტრიგებია და ამას ვიღაც შეგნებულად აკეთებს.
– ბატონო მინდია, დარწმუნებული ხართ, რომ ის თანხა, რომელსაც თქვენ „დევნილთა კონგრესს“ უგზავნით, ნამდვილად მიზნობრივად იხარჯება და არ ხმარდება თუნდაც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ინტერესებს?
– მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ კონგრესის საქმიანობა შესწავლილ იქნეს, თუ ამის ობიექტური საფუძველი არსებობს. წარმოვადგენ ყველა საბუთს, თუ რისთვის მაქვს გადმორიცხული ეს თანხები. ასეთივე მოკვლევა ჩატარდა კალათბურთის გუნდ „სოხუმთან“ დაკავშირებით, სადაც არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდა.
„დევნილთა კონგრესს“ დავით გულუა ხელმძღვანელობს. გენერალი დავით გულუა, როგორც უაღრესად კომპეტენტური და ღირსეული პიროვნება, დარწმუნებული ვარ, მიზნისამებრ მიმართავს ყველა საშუალებას ჩვენი თანამებრძოლების ინტერესების შესაბამისად. ვინაიდან, „დევნილთა კონგრესი“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ ჩემთვის ცნობილი გახდება, რომ ისინიც ჩაებნენ ე.წ. „რევოლუციურ საქმიანობაში“, მაშინვე შევწყვეტ დაფინანსებას. მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკება შედგა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დავით გულუას ამ მიმართულებით პოლიტიკური აქტივობა არ დაუფიქსირებია. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი პრიორიტეტი დევნილთა უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული საქმიანობაა.
– თუმცა დავით გულუა არაერთხელ დაფიქსირებულა იგივე სახალხო კრების გვერდით... ის ბადრი ბიწაძის უახლოესი მეგობარია და ლოგიკურიცაა, რომ მის გვერდით ჩანდეს...
– გეთანხმებით. ბიწაძის მოადგილე რომ იყო, დასამალი არაფერია. მე ვამბობ, რომ ჩემი წერილის შემდეგ, დავით გულუას მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა ცნობილი. თუ ეს დადასტურდა, იმავე წუთს შევწყვეტ დაფინანსებას.
– სახალხო კრების პირდაპირი დაფინანსება რატომაა მიუღებელი თქვენთვის?
– იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძის, როგორც პოლიტიკოსის, პოზიციას არ ვიზიარებ. ქალბატონი ნინო წლების განმავლობაში ბრძანდებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ორჯერ – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ამ ხნის განმავლობაში, მე მისგან არ გამიგია, რომ სოხუმში ჩასვლის სურვილი გამოეთქვა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაედგა. ახლა ოპოზიციონერის რანგში ჩამოვიდა რუსეთში და სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას, იქნებ აფხაზებსა და ოსებს შემახვედროთო. შე დალოცვილო, როდესაც ხელისუფლებაში იყავი, მაშინ გამოგეხატა ეს სურვილები. მოკლედ, მისი ამჟამინდელი მცდელობები ჩემთვის გაუგებარია. არ მჯერა, რომ ქვეყნის გაერთიანება ასე იყოს შესაძლებელი. ინფორმაცია, რომ თითქოს მე ვაფინანსებ ბურჯანაძეს ან სახალხო კრებას, სრული აბსურდია.
– თუმცა აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჯანაძე სწორედ თქვენი შუამავლობით აწარმოებს მოლაპარაკებას სერგეი ბაღაფშთან შესახვედრად....
– ეს არის სიცრუე. ბურჯანაძე ხვდება პუტინს, რომელიც არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას ჩემი შუამავლობა რაში სჭირდება?!
– ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თქვენს სიმპათიას რომელი ძალა იმსახურებს?
– ფაქტია, რომ ბოლო წლებში საქართველოში ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, რაც ნამდვილად მახარებს. მეორე მხრივ, ცუდია, რომ დღეს საქართველოში ოპოზიციური ძალების მიმართ ხალხის მხარდაჭერა დაბალია.
მათში საზოგადოება ვერ ხედავს იმ ლიდერს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებს მოაგვარებს. პირველ რიგში, ქვეყანაა გასაერთიანებელი, დღეს ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სამწუხაროდ, არ იძებნება.
– რა ურთიერთობა გაქვთ ებრალიძე-ხომერიკთან?
– ორიოდე წლის წინათ, როდესაც პირველი ფორუმი ჩავატარე, კრასნოდარში ჩამობრძანდნენ ებრალიძე და ხომერიკი. მე მაშინ მჯეროდა ებრალიძისაც, ხუბუტიასიც, ხომერიკისაც. მათ მე თავიდანვე ვუთხარი, რომ ყველას ამოგიდგებით მხარში, თუ თქვენთვის მთავარია ორი საკითხი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება. ის, რომ მოგვიანებით ებრალიძეს საქართველოს პრეზიდენტობის ამბიცია გაუჩნდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
– რატომ?
– ჯერ ერთი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ანუ საქართველოს კონსტიტუციით მას ამის უფლება არა აქვს. მე მხარს ვერ დავუჭერ მას, ვინც არაკონსტიტუციური გზებით ცდილობს რამის მიღწევას.
– რაც შეეხება ვლადიმერ ხომერიკს...
– მე ხომერიკის წინააღმდეგ სასამართლოში შევიტანე სარჩელი და დაველოდები გადაწყვეტილებას, რადგან მან ცილი დამწამა. ხომერიკიც და ებრალიძეც გავიცანი 2009 წლის სექტემბერში, იმ დროისთვის ბიზნესს უკვე ჩამოცილებული ვიყავი, ყველა ჩემი კომპანიის მართვა გადავაბარე ჩემგან ნდობით აღჭურვილ პირებს და მთლიანად საზოგადოებრივი საქმიანობით დავკავდი. მე ახლა ბიზნესთან კავშირი არა მაქვს, ხომერიკი კი აცხადებს, თითქოს ის დამეხმარა ბიზნესის გადარჩენაში, რაც სიცრუეა.
– კონკრეტულად რატომ დაგიპირისპირდათ ხომერიკი?
– იმიტომ რომ ეს პიროვნებები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი მიზნებისთვის. მე შეიძლება საქართველოს ხელისუფლების რაღაც ქმედებები არ მომწონდეს, მაგრამ ამის გამო ქვეყნის ინტერესებს ვერ დავუპირისპირდები. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი არეულობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა. საქართველოში ერთხელ მაინც ხომ უნდა მოხდეს კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა. შეიძლება მიტინგზე გამოხვიდე და გააკრიტიკო ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ მუდმივად მიტინგზე იდგე და ხელისუფლების გადადგომას ითხოვდე, ჩემი აზრით, არაპროდუქტიულია და როგორც ხალხის რეაქციით ვუყურებ, მათთვის მოსაბეზრებელი გახდა.
– დღეს რევოლუციის მომხრეები გააქტიურდნენ და არის საუბარი იმაზეც, რომ მათი ნაწილი სწორედ რუსეთიდან იმართება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ძალები დგანან ქართველი რევოლუციონერების უკან?
– მათ „ძალებს“ ვერ ვუწოდებ. ეს არის ილუზიებით შეპყრობილ ადამიანთა გაერთიანება.
– რამდენად შესაძლებელია, რომ მათი ფინანსური რესურსი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას მოხმარდეს, ნუ მცდელობას მაინც?..
– მე ვიცი, რომ ებრალიძე არ დააფინანსებს არავის, თუ არ ექნება გარანტია, რომ ის იქნება პირველი კაცი. როგორ შეიძლება, რომ ებრალიძე გახდეს პრეზიდენტი? პროცედურულად მაინტერესებს. დავუშვათ, მოხდა რევოლუცია, შემდეგ? არჩევნები ხომ უნდა ჩატარდეს?! ვინ მისცემს ხმას ებრალიძეს?! ებრალიძეს, როცა იძინებს, ეტყობა, საქართველოს პრეზიდენტობა ესიზმრება და ცხადშიც ამაზე ფიქრობს, მაგრამ ეს ხომ ილუზიაა და სხვა არაფერი.
– ოპოზიციურ სპექტრში მას რამდენად ჰყავს დასაყრდენი?
– როგორც ჩანს, მას კავშირი აქვს ოპოზიციასთან, ეს გაშუქდა მედიითაც. დავუშვათ, შეხვდა კუკავას, დავითაშვილს და კიდევ რამდენიმეს. მაგრამ მათ შეუძლიათ, რომ ებრალიძე გახადონ პრეზიდენტი? ცხადია, არა. ებრალიძე არის ტიპური მანიაკი, საქართველოს პრეზიდენტობის სურვილით შეპყრობილი. ასეთი პრეზიდენტობის მაძიებელი და მისგან დაკვეთილი ვითომოპოზიცია ქვეყანას ვერაფერს არგებს. ოპოზიციას სჭირდება ფული. ვის შეუძლია, ფული მისცეს მათ. ცხადია, მას, ვინც პოლიტიკური პროცესებითაა დაინტერესებული. ისინი მოდიან და ეუბნებიან – მე მომეცი ფული და მხარს დაგიჭერ. ეს ეუბნებათ – მე მინდა პრეზიდენტობა. კი, კაცო, შენ ფული მოგვეცი და ჩვენ ამაშიც მხარს დაგიჭერთო.
Add comment
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...litika&Itemid=2აგერ რაღაც ვნახე რა..