წამხდრები, ანუ ბიჭები 8-დან06-06-2011
"კობასაც ვიცნობ, ზვიადსაც და გუბაზსაც, რისი მომსვლელები იყვნენ?" 2011 წლის 26 მაისის"დარბევაში სააკაშვილის სასჯელაღსრულების სამინისტროს ქვედანაყოფი, სოდ-ი და კუდ-ის მე-7 განყოფილება მონაწილეობდნენ, მაგრამ მარტო ეს ნაწილები არ გამოუყვანიათ შეკრებილების დასარბევად. მალე გამოვაქვეყნებ მათ სახელებსა და გვარებს, ვისაც ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელი გასვრილი", - გვითხრა
"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ, რომელიც სისხლიანი დარბევის შემდეგ ისევ მკურნალობს.
- კინოთეატრ "რუსთაველში" ოთხი სადამსჯელო რაზმელი რკინის ხელკეტებით რამდენიმე წუთის განმავლობაში მცემდა თავში. ეს არის 5 სმ დიამეტრიანი კაუჩუკის ხელკეტი, რომელსაც ლითონის გარსი აქვს. ახლაც ტკივილდამაყუჩებლებითა და ექიმის მუდმივ მეთვალყურეობაში ვარ. ჩემი მდგომარეობა რა მოსატანია მათთან, ვისაც საათობით სცემდნენ ნაც-მოდულსა და პოლიციის სამმართველოში. ამიტომაც არ მიკვირს ის ჩვენებები და აღიარებები, რასაც დაკავებულები იძლევიან. მეც რომ მათსავით ვეცემე, ვერ გავუძლებდი და რასაც მომთხოვდნენ, ყველაფერს დავიბრალებდი.
ეტყობა, სააკაშვილმა გადაწყვიტა, შეფარული ძალადობის ნაცვლად ქვეყანაში აშკარა ძალადობა დაამყაროს.
თვალში მომხვდა, რომ ნაცურმა არხებმა დარბევის შესახებ პირველი ცნობა რაც გაავრცელეს ის იყო, რომ ნინო ბურჯანაძის ამალა გაიქცა. სააკაშვილმაც თქვა, "ოპოზიციის" წინამძღოლებმა პირველებმა გაქუსლესო. სააკაშვილს ლაჩრული არასრულფასოვნება აწუხებს, იმის გამო, რომ თვითონ გაქუსლა გორიდან.
სააკაშვილივით არავინ არსად გაქცეულა. ჩემ გვერდით გია ბურჯანაძე, ბიძინა გეგიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე და "უცნობი" იყვნენ. ისიც კი არ უცდიათ, დარბევას გარიდებოდნენ, მით უმეტეს, თავდაპირველად ჰქონდათ ამის საშუალება. მიშა ამ ადამიანებს კაცობაში ნუ შეეჯიბრება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ბადრი ბიწაძეს გაუხსნას საზღვარი, დაატოვებინოს საქართველო, რომ მერე თქვას, გაიქცაო. სააკაშვილს უნდა ყველა მასავით გაქცეული იყოს.
შეკრებილებს სასტიკად გაუსწორდნენ, ასეთი რამ კახა თარგამაძის დროს არც კი დაესიზმრებოდათ. სამწუხაროდ, არ არის კინოთეატრ "რუსთაველში" დარბევის ჩანაწერი, სადაც ხალხს გამეტებით რამდენიმე საათი სცემდნენ.
ნიკა კვინტრაძე, რომელიც ვითომ სუპერმარკეტის თავზე იპოვეს, სინამდვილეში ნაც-ჯალათებს ცემაში შემოაკვდათ, ნაც-ხელისუფლება კი ლამის მადლობას უცხადებს მკვლელებს.
კინოთეატრ "რუსთაველში" სამასამდე კაცმა შევაფარეთ თავი, მალე მკვლელებიც შემოცვივდნენ გინებითა და ხელკეტების ქნევით. მივხვდით, რომ თავები მთელი არ შეგვრჩებოდა. ნიღბიანებმა ყვირილი დაიწყეს, "ნინოს, რაო?"
ყველა იქ მყოფი სიკვდილს უყურებდა თვალებში. უცებ ვიფიქრე, ახლა მთელი დარბაზი რომ აყვირდეს-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი აჰყვა ამ მოწოდებას და შეიგინა. უმეტესობა ახალგაზრდა იყო და არავის უფიქრია თავის გადარჩენაზე. სეანსიდან ყველა ბილეთიანი გაუშვეს, იატაკზე უამრავი ბილეთი ეყარა, მაგრამ არავინ იკადრა აღება. "რუსთაველში" ხომ მცემეს, მაგრამ ქალაქის სამმართველოში აღარ მომხვედრია. დაკავებულები, რომელთა სახელებიც არ ვიცი, გადამეფარნენ. წინა რიგში დგებოდნენ და თავად იხვედრებდნენ ხელკეტებს...
ასევე მოექცეოდნენ მურმან დუმბაძესაც. ჩემსა და გაჩეჩილაძეებზე არ ჰქონდათ ისეთი აგრესია, როგორიც "სახალხო კრების" წევრებზე. მათ "სახალხო კრების" ორგანიზატორების ჩვენებები სჭირდებოდათ, მურმან დუმბაძე ხომ ერთ-ერთი მოთავე იყო, ამიტომ გადაიყვანეს ნაც- მოდულში და აწამეს.
- გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური აცხადებდნენ, თუ შეკრება დაარბიეს, ხალხთან მივალთ და ვუშველითო, მაგრამ...
რით ახსნით მათ უმოქმედობას?
- კობასაც ვიცნობ, ზვიადსაც და გუბაზსაც, რისი მომსვლელები იყვნენ?
დარბევაზე რას მოვიდოდნენ, როდესაც პარტიიდან გარიცხეს ისინი, ვინც სახალხო შეკრებაზე დადიოდნენ.
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი დაიკარგა და როდესაც მისმა ოჯახის წევრებმა პარტიაში დარეკეს, გენერალურმა მდივანმა გიგა ბუკიამ აფურთხა დაკარგულის ოჯახის წევრებს, რუსეთის შეთქმულებაში მონაწილეობდით და ჩვენთან რა სინდისით რეკავთო.
კობა დავითაშვილი, გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური "რვიანიდან" ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მომხრეები პასუხს სთხოვენ, აქციაზე რატომ არ გახვედითო. ამის გამო ძალიან გაღიზიანებული არიან. მარი ზანდუკელი