"იქ მგლური კანონია, შენ თუ არ შეჭამ, სხვა შეგჭამს! ყველაზე მეტად ერთმანეთის გვეშინია, ზოგჯერ - საკუთარი თავისაც", - ამბობს ერთ-ერთი სპეცრაზელი, რომელიც 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევაში მონაწილეობდა. მისი თქმით, უწყების ხელმძღვანელები არქიფო სეთურივით იქცევიან და რიგით თანამშრომლებს კაციჭამია ზომბებად აქცევენ. საკუთარი და, როგორც თავად ამბობს, ჩემი უსაფრთხოების მიზნით, ვინაობას არ ამხელს.
- რით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს?
- იმ მიზნით, რომ ქვეყნის მოღალატეების დასჯა სხვებისთვისაც სამაგალითო ყოფილიყო და საკუთარი ქვეყნის გაყიდვა "30 ვერცხლად" აღარ მოენდომებინათ.
- რატომ ფიქრობ, რომ აქციის მონაწილეები ქვეყნის მოღალატეები იყვნენ?
- აბა, რა ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ბურჯანაძის გვერდით დადგება?! ყველამ იცის, რომ ბურჯანაძე კრემლის ხშირი სტუმარია. კრემლი კი საქართველოს გაძლიერებასა და აყვავებაზე ნამდვილად არ ზრუნავს. ვიცი, რომ ქვეყნის მოღალატეებთან ერთად, მიტინგზე ისეთი ხალხიც იდგა, რომლებიც დუხჭირ ცხოვრებას აპროტესტებდნენ და არც პოლიტიკა აინტერესებდათ, არც კრემლი და არც - ნატო. მაგრამ ბრძანება - ბრძანებაა და უნდა შეასრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნება. ჩვენ რომ ის მომიტინგეები სასტიკად არ გვეცემა, სამსახურის გარეშე დავრჩებოდით. იცით, ერთ ადგილზე რამდენი კაცი მოდის?! საქართველოში უამრავი ახალგაზრდაა, რომლებსაც ძალოვან უწყებაში მუშაობა უნდა, შესაბამისი მონაცემებიც აქვთ და იმიტომ ვერ მუშაობენ, რომ მათთვის, ფაქტობრივად, ადგილი არ არის. ამიტომ, თითოეულ სპეცრაზმელს 30-40 კაცი მაინც შემოგვყურებს - ჩასაფრებულები არიან, ოღონდაც რამე შეგვეშალოს, რომ ჩვენი ადგილი დაიკავონ.
- რა დაუჯდა შსს-ს ბიუჯეტს მომიტინგეების დარბევა?
- თუ პრემიების რაოდენობას გულისხმობთ, თითო კაცს 1.300 ლარი მოგვცეს.
- რისთვის? განსაკუთრებული მამაცობისა და თავგანწირვისთვის?..
- ასე ნუ იტყვი. საფრთხე ნამდვილად იყო. ისინი კანალიზაციის მილებით იყვნენ შეიარაღებულნი, "მოლოტოვის კოქტეილებიც" ჰქონდათ და თანაც, არ იცი, გამწარებული კაცი რას გაგიკეთებს. შესაძლოა, ვინმეს დანაც ჰქონოდა ჯიბეში.
- მოხუცებსა და ქალებზე რას იტყვი?
- მოხუცები და ქალები სახლში უნდა დასხდნენ.
- ხმა გავრცელდა, თითქოს 3 კვირის განმავლობაში სპორტულ დარბაზში იყავით გამოკეტილები, ვარჯიშობდით, ძილის საშუალებასაც არ გაძლევდნენ, რამაც თქვენში აგრესია გამოიწვია...
- ტყუილია. არანაირ სპორტულ დარბაზში არ ვყოფილვართ გამოკეტილები. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყაზარმული მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სახლში არ გვიშვებდნენ. ძილთან დაკავშირებით პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ, შუაღამისას განგაშს აცხადებდნენ, ესეც იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, შევძლებდით თუ არა 10 წუთში საბრძოლო მზადყოფნას.
- მომიტინგეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით ადრეც დაურბევიათ, მაგრამ არ გაუკოჭავთ და მიწაზე არ დაუყრიათ. ამჯერად ამის გაკეთება რისთვის დაგჭირდათ?
- ეს დაკავების ახალი მეთოდია, რომლის საშუალებითაც, გაცილებით მოკლე დროში, გაცილებით მეტ ადამიანს აპატიმრებ. ამის შემდეგ ყოველთვის ასე იქნება.
- რამდენი კაცი შემოგაკვდათ?
- არავინ შემოგვკვდომია. ზედმეტად თამამ კითხვებს მისვამ. მოდი, აქ გავჩერდეთ, თორემ ორივე სერიოზულ შარში გავეხვევით. ჟურნალისტობა ვერაფერს გიშველის. მეც დამღუპავ და თავსაც დაიღუპავ...
წინამორბედი რესპონდენტისგან განსხვავებით, უფრო გულახდილი და თამამი აღმოჩნდა ყოფილი სპეცრაზმელი; ის შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998-დან 2009 წლამდე მსახურობდა. როგორც ამბობს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სისტემაში განხორციელებული ყველა ცვლილების უშუალო შემსწრეა. არ უარყოფს, რომ რევოლუციის შემდეგ უწყებაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, თუმცა მისი აზრით, ყველაზე მთავარი მანკიერება ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია.
- მაინც რა არის ამ სისტემის ყველაზე მთავარი მანკიერება?
- ის, რომ ადამიანებს მხეცებად აქცევენ. ვიდრე ამ უწყებაში მოვხვდებოდი, ჯარში ვმსახურობდი, სადაც ყველას საერთო მოტივაცია და მიზანი გვქონდა. ერთმანეთისთვის თავის გაწირვაც დაუფიქრებლად შეგვეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროში სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი: თანამშრომლები ერთმანეთთან მუდამ კონფლიქტში ვიყავით, ისეთ სიტუაციაში გვამყოფებდნენ, რომ ერთმანეთისადმი ზიზღსა და უნდობლობას გვიღვივებდნენ. ძირითადად, "ჩამშვებებს" აწინაურებდნენ. გარდა ამისა, ნაცნობობასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისე, გავლენიანი ნაცნობი ახლაც ბევრ რამეს წყვეტს და "ჩამშვებებს" ისევ სწყალობენ. ამ უწყებასთან დღემდე მაქვს კავშირი და ვიცი, რომ ბევრ სპეცრაზმელს აღარ უნდა იქ მუშაობა, მაგრამ გასაქცევი არსად აქვს. სპეცრაზმში ძირითადად, პროვინციიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ბიჭებს იღებენ, რომლებსაც მიწაზე მუშაობა ეზარებათ. თოხზე ნამუშევრებს ძალ-ღონე და ჯანმრთელობა კარგი აქვთ. ჯარში გვარიანი "დამუშავების" შემდეგ, მათგან კარგი სპეცრაზმელი დგება. მაღალ ხელფასთან ერთად, გარკვეულ პრივილეგიებსაც ანიჭებენ. ერთ-ერთი პრივილეგია ის გახლავთ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით, მათ ბანკიდან ნებისმიერი ოდენობის თანხის სესხად გამოტანა შეუძლიათ. სოფელში გაზრდილი ბიჭი, რომელსაც ბევრი არაფერი უნახავს, სიხარბეს იჩენს და ცდილობს, ყველაფერი ერთად (მანქანა, საუკეთესო მობილური ტელეფონი, ტელევიზორი...) შეიძინოს. ამისთვის ერთი თვის ხელფასი საკმარისი არ არის, ამიტომ ბანკიდან დიდ ვალს იღებს და უკვე "ხაფანგშია". ასეთი კაცი უმუშევარი რომ დარჩეს, წარმოგიდგენიათ, რა დღეში აღმოჩნდება?! უმუშევარი რომ არ დარჩეს, უფროსის გულის მოსაგებად, ყველაფერი უნდა გააკეთოს. უფროსის გული რომ მოიგოს, მისი ბრძანების უპირობო შემსრულებელი უნდა გახდეს. ბრძანების უპირობო შესრულების შედეგად, ზომბად იქცევა. მერე ზომბს რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ. ეს ისეთი უწყებაა, სადაც ადამიანს ბოლომდე იყენებენ და მერე გამოწურული ლიმონივით მოისვრიან.
- შევარდნაძის მმართველობის დროს მიტინგებს ისეთივე სისასტიკით არბევდით, როგორც დღეს?
- შევარდნაძის მმართველობის დროს "გულუას სპეცრაზმში" ვმსახურობდი. ჩვენ სხვა დანიშნულება გვქონდა... მიტინგებს ქალაქის სამმართველოს სპეცრაზმი (თემურ მღებრიშვილის ხელმძღვანელობით) არბევდა.
- თქვენი დანიშნულება რა იყო?
- ტერორისტული ჯგუფების, განსაკუთრებით საშიში ძებნილებისა და პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი დევნილების დაკავება. სხვათა შორის, ციხიდან გაქცეული ქობალია და აბსანძე ჩვენ დავაკავეთ.
- რთული იყო მათი დაკავება?
- არა, წინააღმდეგობაც ვერ გაგვიწიეს, შიშისგან კინაღამ ინფარქტი მიიღეს. პოლიტიკოსები ხომ მარტო ლაპარაკში არიან მაგრები. ისე, მათთან ერთად, 9 კრიმინალიც გაიქცა. ყველა ერთად დავაკავეთ რაჭაში, ერთ-ერთი ძებნილის სახლში. აბსანძეს თმა წითლად ჰქონდა შეღებილი, ეგონა, ვერ ვიცნობდით. ერთ-ერთი კრიმინალი კი ქალის კაბაში იყო ჩაცმული...
- "ვარდების რევოლუციამდე", სპეცრაზმელები შესაბამის წვრთნებს თუ გადიოდით?
- წვრთნებს კი გავდიოდით, მაგრამ პრობლემა სხვა რამე იყო. მაგალითისთვის გეტყვით - სამმართველოში 350 კაცი ჰყავდათ გაფორმებული, მაგრამ სინამდვილეში, 150 კაცი ვმუშაობდით. ხელფასის 3 კატეგორია იყო - მაღალი, საშუალო და დაბალი. მაღალ ხელფასად მიიჩნეოდა 210 ლარი, დაბალ ხელფასად კი - 120. ყველა "მკვდარი სული" მაღალი კატეგორიის ხელფასს იღებდა. გამოდიოდა, რომ 150 კაცის 200-ლარიანი ხელფასი სადღაც ქრებოდა. კორუფციის გარდა, სხვა პრობლემაც იყო. ჩვენი განყოფილება ორ ნაწილად - საბრძოლო და საკომენდანტო ჯგუფად იყო დაყოფილი. ფუნქცია და მოვალეობა ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს ერთნაირი ჰქონდათ, მაგრამ ხელფასი განსხვავებული ერიცხებოდათ. ამ ფაქტის გამო, საკომენდანტოში მომუშავე ადამიანს საბრძოლო ჯგუფის სპეცრაზმელის შურდა, მის მიმართ იბოღმებოდა და გამუდმებით ჩასაფრებული იყო. სამწუხაროდ, რიგითი სპეცრაზმელები ვერ ხვდებოდნენ, რომ ხელმძღვანელები ასეთ სიტუაციას განგებ ქმნიდნენ: არ უნდოდათ, რომ რიგითები ერთ გუნდად ყოფილიყვნენ შეკრულნი. რას მიხვდებოდნენ - ამ სისტემაში ხომ თავიდანვე, გონებაჩლუნგ და ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს იღებდნენ...
- თქვენ რა ნიშნით შეგარჩიეს?
- 1998 წელს ხელისუფლებას ჩემნაირი ხალხი დასჭირდა.
- როგორი იყავით ან ხელისფლებას რისთვის დასჭირდით?
- აფხაზეთის ომში ნაბრძოლი ვარ. 18 წლის ვიყავი, ხელში იარაღი რომ ავიღე. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ საკმაოდ კარგი მებრძოლი გახლდით. იმ პერიოდში ჩვენები გალში პარტიზანული ბრძოლის დაწყებას აპირებდნენ. ამის პარალელურად, კოდორიდან ვითომ აფხაზეთი უნდა აეღოთ. ჩვენს დასახმარებლად, თავისი ბოევიკებით, გილაევიც ჩამოიყვანეს. საზარბაზნე ხორცად დავჭირდი, თორემ ომის დამთავრების შემდეგ (1993 წლიდან) 1998 წლამდე მუშაობა ვერსად დავიწყე. ვიცოდი, თავს რაშიც ვყოფდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ნაომარი კაცისთვის წარსულთან კავშირის გაწყვეტა და იარაღის ხელიდან გაშვება რთული გადასატანია. ასეთ დროს შეიძლება, ისეთი ნოსტალგია დაგემართოს და ისე დაიტანჯო, რომ გალოთდე ან განარკომანდე. რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა, ძველ საქმიანობასთან დაბრუნების საშუალება რომ მომეცა და უარი აღარ ვთქვი.
- რატომ ვერ მოახერხეთ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ან რატომ მიიჩნევთ, რომ საზარბაზნე ხორცი იყავით?
- ამუნიცია (სამხედრო აღკაზმულობა, იარაღი, საჭმელი და ჩასაცმელი) არ მოგვაწოდეს. ერთი სიტყვით, გაგვწირეს. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია გილაევის ლიკვიდაციისთვის იყო გამიზნული. შევარდნაძეს 2 კურდღლის დაჭერა უნდოდა - გილაევს და მის ბოევიკებს ქართველ შეიარაღებულ და უკონტროლო მებრძოლებსაც მიგვაყოლებდა.
- გილაევმა თუ იეჭვა რამე?
- დებილი კი არ იყო - ამუნიცია რომ არ მიაწოდეს, ყველაფერს მიხვდა და ერთ კვირაში უკან გაბრუნდა...
- თქვენ რა მოიმოქმედეთ?
- არაფერი, ხელისუფლებამ ხელები დაიბანა, ჩვენზე თქვა - უკანონოდ შეიარაღებული ფორმირებაა და მაგათ საქციელზე პასუხს არ ვაგებთო. არადა, ყველამ იცოდა, რომ სამთავრობო ძალების წარმომადგენლები ვიყავით.
- მერე რა ბედი გეწიათ?
- ზოგი დაიღუპა, ზოგი დაიჭრა, ზოგიც გაიქცა. ვინც გადავრჩით, ისევ "გულუას სპეცრაზმში" გავაგრძელეთ მუშაობა. მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთი მინისტრის დაცვაში გადამიყვანეს და შევარდნაძის მმართველობის დროინდელ სპეცრაზმში ამით დავასრულე კარიერა.
- რომელი მინისტრის დაცვაში გადაგიყვანეს?
- ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩემი დაცვის ობიექტი საქართველოდან გაიქცა. მე კი ისევ სპეცრაზმს დავუბრუნდი.
- ისევ "გულუას სპეცრაზმში" დაბრუნდით?
- არა, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავბრუნდი, მაგრამ სხვა განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. შსს-ს ყველა დეპარტამენტსა და განყოფილებას თავისი სპეცრაზმი ჰყავს. სხვათა შორის, "გულუას სპეცრაზმი" 2004 წელს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა - ირაკლი ოქრუაშვილმა შსს-დან "თავდაცვაში" გადაიყვანა, მერე კი კოჯრის ბატალიონთან გააერთიანეს. მაგარი სისულელეები აკეთეს.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- თავდაცვისა და შს სამინისტროს თანამშრომლები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. "თავდაცვის" ხალხისთვის ჩვენ "ძაღლები" ვიყავით, ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. ოქრუაშვილის "ბრძნული" გადაწყვეტილების შედეგად, ერთ ნაწილში მომუშავე ხალხი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა, მათ შორის, გამუდმებული კონფლიქტი იყო.
- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სასიკეთოდ რა შეიცვალა სპეცრაზმში?
- სპეცოპერაციები უფრო ირგანიზებული იყო, ხელფასი გაიზარდა და თავის დროზე რიგდებოდა. ფორმა და იარაღიც უკეთესი მოგვცეს. კორუფციული გარიგებებიც აღარ ხდებოდა, მაგრამ სამსახურში ნაცნობობით მიღება და დაწინაურება ისევ ძალაში დარჩა. თანაც, ქურდული "ობშიაკის" მსგავსი რაღაცები დაიწყეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ყოველ ხელფასზე, ასმეთაური მოდიოდა და სხვადასხვა მიზეზს გვისახელებდა იმისთვის, რომ მისთვის ოც-ოცი ლარი მიგვეცა: ხან ონკანი იყო შესაკეთებელი, ხან საპონი იყო საყიდელი... ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ერთხელ თავდაცვის სამინისტროდან გაფუჭებული მანქანები ჩამოწერეს და შს სამინისტროს გადასცეს. ასმეთაურმა გაფუჭებული მანქანების შესაკეთებლად ჩვენგან აკრიბა 50-50 ლარი. წესით, როდესაც უწყება ექსპლუატაციიდან ამოღებულ მანქანას იღებს, ხელმძღვანელების სახელზე შესაბამის განცხადებას წერს, რის საფუძველზეც, დაზიანებულ ტვირთს კომისია ამოწმებს და მის ღირებულებას ადგენს. მერე, თუ საჭიროდ მიიჩნევს, თვითონ უწყების ბიუჯეტიდან გაღებული თანხით შეაკეთებს.
- საპროტესტო აქციის დარბევაში არც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიგიღიათ მონაწილეობა?
- 2007 წლის გაზაფხულზე ციხეში მომხდარი აჯანყება ჩავახშეთ.
- ნამდვილად აჯანყება იყო თუ...
- ჩვენ გვითხრეს, რომ აჯანყება იყო...
- ძალას მაშინაც ხომ არ გადაამეტეთ?
- ამ უწყებაში თუ რაიმე ნაკლოვანება იყო, ყველაფერი გითხარით. პატიმრებს რაც შეეხება, მათთან მოფერება ნამდვილად არ ამართლებს.
- პრემიები დაგირიგეს?
- კი, 200 ლარი.
- 2007 წლის 7 ნოემბერს სად იყავით?
- მაგ დროს ტრავმა მქონდა მიღებული და შესაბამისად, აქციაზე არც ვყოფილვარ.
- პრემიების რაოდენობა მაინც გეცოდინებათ...
- რიგით სპეცრაზმელებს 2.000 ლარი დაურიგეს, მაღალჩინოსნებს მეტი შეხვდათ. სამმართველოს უფროსს 10.000 ლარი დაუსვეს ანგარიშზე.
- ტრავმა რომ არ გქონოდათ მიღებული, მომიტინგეებს თქვენც დაარბევდით?
- თუ ბრძანებას მივიღებდი, აბა, რას ვიზამდი?! ისე, ბურჯანაძის მხარდასაჭერად კაცი რომ წავა, ის ნამდვილად საცემია...
- თქვენი აზრით, ადამიანს განსხვავებულად აზროვნების უფლება არა აქვს?
- თუ განსხვავებულად აზროვნებაში ქვეყნის ღალატს გულისხმობთ, მაშინ ნამდვილად არა აქვს! უამრავი ოფლი და სისხლი მაქვს დაღვრილი რუსებთან ბრძოლაში, ესენი კიდევ, მოსკოვში ჩადიან და "პარადებს" იღებენ.
- რუსი ჯარისკაცების შესაძლებლობებს როგორ შეაფასებთ?
- რუსი ჯარისკაცის მსგავსი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ის ბუნებით მონაა! ყინვაში შიშველი რომ დააყენო და 200 გრამი არაყი მისცე, არ გაგიპროტესტებს. მეთაურმა რომ უბრძანოს, ფეკალურ მასასაც შეჭამს. მონღოლებმა ერთი ციდა საქართველოში 100 წელზე მეტხანს ვერ გაძლეს, დიდ რუსეთში კი 300 წელი იბატონეს. ქართველი ფიზიკურადაც და სულიერადაც რუსზე გაცილებით ძლიერია. რუსს დაბღვერვითაც კი შეაშინებ. ქართველ კაცს მონურ მორჩილებაში ვერ ამყოფებ, თუ ბოლომდე არ გადააგვარებ და დააზომბირებ. სამწუხაროდ, დღეს ძალოვან უწყებებში სწორედ ასეთი ტენდენციაა - ცდილობენ, ზომბებს დაამსგავსონ ქართველი ვაჟკაცები!
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/37351-spe...l#ixzz1Oqg70w6jარამად მოგხმარდეთ ეს პრემიები ოჯახში სუ ქელეხებში და საავადმყოფოებში დაგეხარჯოთ გლეეებო
უძლური სინათლის ქალაქი ქუჩები უფერო ფერის სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი სულ ყველა სულ ყველას მტერი იქ სადაც არ ხდება სიახლე არავის არა აქვს ბედი იქ სადაც იციან სიმართლემაგრამ არ იციან მეტი იქსადაც ცვლილების სურვილი არავინ გაივლო თავში არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი