#26006630 · 16 Jun 2011, 14:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოსო ცისკარიშვილი - "ჩვენი დამფრთხალი ხელისუფლება აღარც ზომიერებაზე ფიქრობს და აღარც გონიერებაზე... ვერანაირი თითიდან გამოწოვილი კანონი მას ვერ დაიცავს"
"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საპროტესტო აქციებს მოჰყვება საკანონმდებლო ინიციატივები ხელისუფლებისა საერთო სათაურით - შიშს დიდი თვალები აქვს! ამიტომ ჩვენი დამფრთხალი ხელისუფლება, რასაკვირველია, აღარც ზომიერებაზე ფიქრობს და აღარც გონიერებაზე საკუთარი წინადადებებისა - დღესაც ამის მოწმენი გახლავართ", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლება მარტო სპეცრაზმის იმედად არ აპირებს დარჩენას.
"დამფრთხალი ხელისუფლება რომ ვერაფერი პერსპექტივის მომტანია ქვეყნისთვის, ამის მტკიცება ზედმეტად მიმაჩნია. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, დიდი საფრთხის წინაშეა საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუტი. ძალიან გამიკვირდება, თუ ეს ორგანო აღმოჩნდება თავის სიმაღლეზე და დაიწუნებს ახალ შეთავაზებებს, მაგრამ როგორც კი გაიგებს, რომ ყველა ინიციატივის ავტორი კუბლაშვილი და თაქთაქიშვილი არიან, ეს ორი გენიოსი იურისტი, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო თავს დახრის, თითს მოკაკვავს და დათანხმდება ყველა იმ სიავეს, რაც წარმოჩენილია ხელისუფლების მიერ, როგორც შველა სახელმწიფოსი. მაგრამ ნათქვამია, "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანიო" - თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას საკუთარი ნამოქმედარის გამო პოლიტიკური სიკვდილი ელის, ვერანაირი თითიდან გამოწოვილი კანონი მას ვერ დაიცავს. მათ ეცოტავებათ საკუთარი მრავალათასიანი სპეცრაზმი, როგორც დაცვის საშუალება, ახლა ისინი საკანონმდებლო ბარიკადებსაც ქმნიან თავის გარშემო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"... აგონიაც ინდივიდუალური მახასიათებელია ორგანიზმისა, ოღონდ თუ ინდივიდის შემთხვევაში ეს წუთებით ან საათებით განისაზღვრება, აგონირებული ხელისუფლება შეიძლება ამ ვითარებაში წლობითაც დარჩეს, თუ მას მკურნალად არ მოევლინა თავად ხალხი. ხელისუფლება მივიდა უკვე იმ ზღვრამდე, როდესაც აღარც ის ითვალისწინებს საზოგადოების აზრს და აღარც საზოგადოება მიიჩნევს თავს ვალდებულად, მისი აზრი გაითვალისწინოს", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "ამ ფონზე რისი იმედი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ან რვიანს დაუთმობს თუ რამეს ეს ხელისუფლება?" - პასუხობს:
"საზოგადოებასა და რვიანს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან მიახლოებული იმედები - რომ თუ არ გაიმართა სამართლიანი არჩევნები და თუ ხელისუფლებამ კვლავ მოირგო ყველაფერი უტიფრად, იგი აღარ იქნება მარტო შეტოვებული პირისპირ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ერთია, - როგორ აღიქვამს მსოფლიო ჯოხიანი და მუზარადიანი კაცის შერკინებას, თავისი მომწამლავი გაზებითაც და მეორეა, როგორ აღიქვამს ის უტიფრობასა და ძალადობას საარჩევნო ბიულეტენით შეიარაღებულ მოსახლეობასთან".
|