* * *
რუსი ექსპერტი: საქართველომ აღიდგინა ომის დროს დაკარგული თავდაცვისუნარიანობა[რუსი ექსპერტი: საქართველომ აღიდგინა ომის დროს დაკარგული თავდაცვისუნარიანობა]
15:54 06.08.2011
[ნინო მამუკაძე]
ორიოდ დღეში (08.08.08) რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომის სამი წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით, არაერთი ექსპერტი და პოლიტოლოგი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. მათ შორისაა რუსი სამხედრო ექსპერტი, ვლადისლავ შურიგინი, რომელიც საკმაოდ საღად, რეალურად და, შედარებით მიუკერძოებლად აფასებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას.
„სწორედ ამ ომის შედეგად მივიღეთ დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საქართველომ მარცხი განიცადა, რომლის გამოყენებაც საქართველოს პრეზიდენტმა მაშინვე თავის და საქართველოს სასარგებლოდ სცადა.
სამი წლის შემდეგ, უკვე თითქმის წარმოუდგენელია გაერკვე ვინ მოიგო ან წააგო ომი. თუ რენი ჰარლინის ჰოლივუდურ ფილმს ვნახავთ, რომელიც ამ მოვლენებს ეძღვნება, ნათელი გახდება, რომ ყველამ დაივიწყა საქართველოს ცხინვალში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები.
ყველას მხოლოდ ერთი სურათი უდგას თვალწინ, როგორ ამაყად დგას საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ცის ქვეშ, მიუხედავად დიდი შიშისა. აღარავის ახსოვს მისი წითელი ჰალსტუხის ამბავიც. სამაგიეროდ, ყველას ახსოვს კადრები ფილმიდან, სადაც ის, თავისი ქვეყნის ბედით შეწუხებული, მართალია შეშფოთებული, მაგრამ მაინც ამაყია.
სიტუაცია სამი მიმართულებით უნდა გავაანალიზოთ. პირველი – რა მდგომარეობაა იმ რესპუბლიკებში, რომლებმაც ამ ომის შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვეს; მეორე – რა ხდება დღეს საქართველოში; მესამე – რა მიიღო რუსეთმა.
დამოუკიდებლობამოპოვებულ რესპუბლიკებს, ძალიან უჭირთ ცხოვრება და თვითგადარჩენა. აფხაზეთში ეს პროცესი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. აფხაზეთს სააკაშვილი მანამდეც სთავაზობდა ფართო ავტონომიას, საბჭოთა ეპოქაში კი ეს მხარე სწორედ რომ თვითნებურად ცხოვრობდა.
ბაღაფშის სიკვდილის გამო, აქ სულ მალე არჩევნები გაიმართება. ეს, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესია. მიმდინარეობს მხარის აღდგენა, რომელიც მკვეთარდ გამოხატულ ტურისტულ აქცენტებს აფიქსირებს. აფხაზურ ტურიზმს, ძირითადი შემოსავალი (90%), რუსი ტურისტებისგან აქვს. შენდება სასტუმროები, დასასვენებელი სახლები, ხდება რესურსების კონცენტრირება.
მაგრამ ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. აფხაზეთში ბევრი ცენტრიდანული პროცესია, რომლებმაც, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, აფხაზეთის რუსეთის ორბიტიდან გადაგდება დაიწყონ. აფხაზეთის განვითარებაში აქტიურ როლს თამაშობს აფხაზური დიასპორა საზღვარგარეთ. საზღვრებს გარეთ კი, სამჯერ მეტი აფხაზი ცხოვრობს, ვიდრე თავად აფხაზეთში.
გაცილებით რთული ვითარებაა მეორე თვითგამოცხდებულ რესპუბლიკაში. სამხრეთ ოსეთი ძალიან პატარა პოლიტიკური წარმონაქმნია, კომპაქტური მოსახლეობითა და ძალიან სპეციფიკური ცხოვრების წესით, რომელიც პირდაპირ მიბმულია საქართველოზე. აქ, ახლა, თვითგადარჩენის პროცესი მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთი, გადარჩენას ცდილობს რუსეთის შუბით, როგორც ციხე–სიმაგრე, რომლისთვისაც საქართველოს ალყა აქვს შემოტყმული. აქაც გახურებული პოლიტიკური პროცესებია, რაც, მცირერიცხოვანი მოსახლეობის გამო, ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს. მწვავედ დგას კვალიფიციური ინჟინრების, მშენებლების, მმართველი კადრების პრობლემა. ჰყვავის კორუფცია.
ვიმეორებ, სამხრეთ ოსეთისათვის გაცილებით მტანჯველია ეს პროცესები, ვიდრე აფხაზეთისათვის. მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა, არცერთი რესპუბლიკა არ მოისურვებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, თუ რამე სასწაული არ მოხდა და საქართველომ არ დაუმტკიცა მათ, რომ მათთან სჯობს – რასაც სააკაშვილი აკეთებს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ცდას ნამდვილად არ აკლებს.
საქართველო, ამჟამად, აქტიურად ცდილობს ამ ომის დავიწყებას. თითქოს, ეს მხოლოდ პაუზაა, პირველი აქტი, რომელმაც გაიარა, მაგრამ წინ კიდევ მეორე და მესამე აქტია, რომელშიც საქართველო გაიმარჯვებს. დასავლეთში აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს, თითქოს აგრესორი რუსეთია და რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები.
მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს საქართველოს დასაჯერებლად, რომ შესწევს ისტორიის გადათამაშების ძალა. მიმდინარეობს არმიის აქტიური გადაირაღება, ამერიკელები სისტემატიურად გზავნიან სამხედრო მრჩევლებს. მოცემულ ეტაპზე, საქართველომ, ფაქტობრივად აღიდგინა ომის დროს დაკარგული ბრძოლისუნარიანობა.
ომის წინ, წარმატების ილუზიისგან თავბრუსხვევა იყო, როდესაც ქართველები თავს ირწმუნებდნენ, რომ დაუმარცხებლები არიან და შესწევთ უნარი, ყველა საკითხი სამხედრო გზით მოაგვარონ და ისეთი გიგანტიც კი დაამარცხონ, როგორიც რუსეთია. დღეს, ქართველები, ცოტა მოკრძალებულად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. საქართველო ლავირებს რუსეთზე პოლიტიკურ ზეწოლასა და რუსეთის მუდმივ პროვოცირებას შორის.
დღევანდელი მონაცემებით, ომი „საქართველო–რუსეთი“, დიდი ომის გეგმების განუყოფელი ნაწილია, ამ ომში ნატო–ს მოკავშირე ქვეყნების და ამერიკის მონაწილეობით. საქართველო აქტიურად იღწვის ნატო–ში შესასვლელად და ყველა გეგმა რუსეთის წინააღმდეგ ერთი ფრონტის კონტექსტში განიხილება. საქართველოს იმედი აქვს, რომ თუ ისევ მოინდომებს რუსეთთან დაპირისპირებას, ეს მხოლოდ ნატო–ს ფრთის ქვეშ მოხდება.
რუსეთისთვის ეს ყველაფერი პერიფერიული პრობლემაა. ეკონომიკური დატვირთვა, რომელიც ორ ავტონომიასთან არის დაკავშირებული, საკმაოდ მოკრძალებულია. მაგრამ პოლიტიკურად, რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვს. მას ხშირად მოსდის კონფლიქტი საქართველოს მოკავშირეეებთან აღიარება–არაღიარების საკითხებში. ევროპელები ცდილობენ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რომ მან შეწყვიტოს ამ ორი რესპუბლიკის მხარდაჭერა და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთისთვის აღნიშნული ორი ავტონომიის არსებობა – ეს საჭირო, მაგრამ უკვე გამაღიზიანებელი მუდმივი არსებობაა.
თითქოს, საქართველოს ისტორიის გადათამაშების არანაირი შანსი არა აქვს, მაგრამ მან პოლიტიკური ხრიკებით დასავლეთში პროქართული განწყობის შექმნა შესძლო, ეს განწყობა გამუდმებით ახდენს რუსეთზე ზეწოლას, რათა მან დააბრუნოს აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში. სიტუაცია ჩიხშია შესული, რადგან რუსეთი ამას არ დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით, რომელშიც რუსეთი დღეს იმყოფება.“
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=7627