პოლიტიკა
07:45 / 30-07-2011
სოსო ჯაჭვლიანი: "არ გამიკვირდება, მეც ჯაშუშად გამომაცხადონ"
"პატიმრობის ერთმა თვემ შემცვალა, ცხოვრებას უკვე სხვანაირი თვალით ვუყურებ", - განაცხადა ინტერვიუს წინ მსახიობმა და რეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ მხნედაა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორების იმედს არ კარგავს. ბედნიერია, რომ უპრინციპოდ არ ცხოვრობს.
- დღემდე მირეკავენ და მეუბნებიან, გმირი ხარო... არც გმირი ვარ და არც ციდან ჩამოფრენილი. უბრალოდ, ციხეში შიმშილობით გამოვხატე ჩემი პროტესტი იმ ყველაფრისადმი, რის წინააღმდეგაც ვიბრძვი. ასე უნდა მოიქცეს ნებისმიერი ქართველი. არ მესმის, უპრინციპოდ როგორ ცხოვრობენ. როდესაც რაღაც არ მოსწონთ, რატომ არ აპროტესტებენ და როგორ ყლაპავენ ამ ყველაფერს? ეს დამღუპველია... არ ვიცოდი, რატომ დამაპატიმრეს, რაში მიმიძღვოდა ბრალი. თავისუფალი აზრის გამოხატვა თუ იკრძალება, ამის შესახებ კონსტიტუციაშიც უნდა შეიტანონ ცვლილება (იღიმის).
დღეს მსოფლიო ძალიან განვითარებულია. ინფორმაციის გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით დედამიწა ძალიან პატარა გახდა. ეს რომ არ უშლიდეს სააკაშვილს ხელს, საქართველო ერთი დიდი სისხლის გუბე იქნებოდა. ისედაც ხომ დააყენეს სისხლის გუბეები... წაგებულ ომზე დამაჯერებელი სახეებით გვეუბნებიან, მოვიგეთო და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ვიცით, რაც მოხდა, მაინც ვიჯერებთ და არ ვაპროტესტებთ. მართლა შემშურდა, როდესაც დავინახე ჟურნალისტების პროტესტი, კოლეგა ფოტორეპორტიორების დაპატიმრების გამო რომ გამართეს. ყოჩაღ, ჟურნალისტებო!
- როდესაც თქვენ დაგაპატიმრეს, თქვენმა კოლეგებმა რატომ არ გამართეს ასეთი მასშტაბური აქციები?
- ჩემს კოლეგებს ვერ გავაკრიტიკებ. ყველა თავისი თავის უფალია. გათავისუფლების შემდეგ შევიტყვე, რომ ჟურნალისტებს დაურეკავთ მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და ჩემი დაპატიმრების შესახებ აზრი უკითხავთ, იყო თუ არა სოსო ჯაჭვლიანი სამართლიანად დაპატიმრებულიო... უმეტესობამ უპასუხა, რატომ ერევა პოლიტიკაში, რა უნდა მიტინგებზე რომ დგასო. ამ რეჟისორების და მსახიობების გასაგონად ვიტყვი: პოლიტიკაში კი არ ვერევი, თვითონ პოლიტიკა ერევა ჩემს საქმესა და ცხოვრებაში. მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და სიმართლისთვის ვიბრძვი.
ადამიანებს ენა იმიტომ გვაქვს, რომ ერთმანეთს სიმართლე ავუხსნათ, თუ გინდა, წესიერი, მართლა დემოკრატიული ქვეყანა ააშენო, პოლიტიკაში მეცნიერიც უნდა ჩაერიოს, მსახიობიც, სპორტსმენიც და ყველა პროფესიის ადამიანი. აბა, არჩევნებზე რომ მრევენ პოლიტიკაში, რატომ მრევენ, რატომ მაქვს ხმის მიცემის უფლება? ხმის მიცემის უფლება თუ მაქვს, ჩემი აზრის გამოხატვის უფლება რატომ არ მაქვს, ასე ადებილებენ ხალხს. დრო მოვა და ყველა თავისას მიიღებს. პატიმრობისას ამ ხელისუფლებას რომ მივუახლოვდი, მივხვდი, რომ არარაობანი ყოფილან.
- იმ პერიოდში, როდესაც თქვენ დაპატიმრებული იყავით, მსახიობმა ოთარ კობერიძემ თქვენზე, რობერტ სტურუასა და სხვა ხელოვანებზე თქვა, ჩამოსახრჩობები არიანო...
- ოთარ კობერიძე ფარისეველია. დარწმუნებული ვარ, 1937 წელს კობერიძისნაირები იყვნენ, დილით სპექტაკლს რომ თამაშობდნენ თეატრში და საღამოს მაუზერებით ხოცავდნენ ინტელიგენციას. ოთარ კობერიძეს არ ვურჩევ ჩემთან პოლემიკას, თორემ ისეთ შეკითხვებს დავუსვამ, ჩემს მტერს. რობერტ სტურუასი მაინც არ შერცხვა? სანაძლეოს დავდებ, ოთარ კობერიძეს რობერტ სტურუას არც ერთი სპექტაკლი ნანახი არ ექნება. კობერიძეს ჰგონია, რომ ჩვენც მისნაირები ვართ - ყველაფერ უნამუსობაზე ხელს მოვაწერთ.
ან ეს ჩერგოლეიშვილი რამ გაამწარა ასე? ბოლოს და ბოლოს, ქალია და არ ეკადრება საჯაროდ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმა თუ გამოქვეყნება. რობერტ სტურუას განვლილი ცხოვრება ყველაფერს გვეუბნება და თვითონ ჩერგოლეიშვილი ვინ არის? ან საერთოდ, ვინ არის ეს ხელისუფლება? 26 მაისს ისეთი რაღაცები ვნახე რუსთაველის თეატრსა თუ საპატიმროში, რომ ჯობდა მოვმკვდარიყავი. ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. ეს ყველაფერი "მთავარის" განკარგულება იყო, რომელიც მისმა გოშიებმა პირნათლად შეასრულეს.
- მაინც რა ხდებოდა პოლიციის სამმართველოს შენობაში?
- პოლიციის სამმართველოში ისე მოგვექცნენ, როგორც ფაშისტები ექცეოდნენ ტყვედ ჩავარდნილებს. ნაცემ, ხელებშეკრულ ხანდაზმულ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობ. ერთმა სამართალდამცავმა მითხრა, ბატონო სოსო, რამხელა გაუგებრობაში მოხვდითო... ვუპასუხე, გაუგებრობაში მე კი არა, თქვენ ხართ, თქვენ გაჰყვირით "მიშა-მიშას" და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს იცავთ, არადა, ქართველ ხალხს და კანონს უნდა იცავდეთ-მეთქი. მერე სხვა ოთახში გადამიყვანეს, სადაც 50-მდე დასისხლიანებული, ხელებშეკრული კაცი ჰყავდათ გამომწყვდეული. მათ შორის იყო მაისურშემოხეული, დასისხლიანებული ლუკა კურტანიძეც.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, ტირილი არ მეხერხება, მაგრამ, როდესაც ლუკა ასეთ მდგომარეობაში დავინახე, ცრემლი წამსკდა. მალევე გაიყვანეს ამ ოთახიდან... ვიფიქრე, რამდენი გამარჯვება და სიხარული აქვს ქართველი ხალხისთვის მოტანილი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 6 შვილის მამაა-მეთქი. გული ჩამწყდა... მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასე სასტიკად მოპყრობით ლუკას არაფერი დაჰკლებია, პირიქით, უფრო ამაღლდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი გმირია. ბოლოს, სამმართველოს შენობაში რომ გაგვაფორმეს, როგორც პატიმრები, გამოგვიყვანეს ეზოში და ჩვენმა "გიდებმა" დაიწყეს ბჭობა, რომელ ციხეში წავეყვანეთ.
ციხეებში ადგილები აღარ ჰქონდათ ამ ყვარყვარეებს. რამდენიმე საათს მოგვიწია იქ დგომამ. ამასობაში ერთ-ერთმა ახოვანმა დაპატიმრებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა საპირფარეშო მოითხოვა. ყურადღება არ მიაქციეს, ერთმა ბადრაგმა წიხლიც კი ამოარტყა, ნუ აჩმახებო... - ამასობაში კიდევ 2-3 საათი გავიდა და კაცს სახეზე ფერი აღარ ედო... უცებ დავინახე, რომ სახე დაუწყნარდა... კაცს ჩაასვრევინეს... მერე ერთი ბადრაგი ირონიული ღიმილით მივიდა, ხელი გადაჰხვია და უთხრა, ძმაო, არ გეწყინოსო... ამ ყველაფრის შემდეგ ის კაცი ნორმალური დარჩება?
- "ჯაშუში" ფოტორეპორტიორების საქმეზე რას ფიქრობთ?
- რა კარგი იუმორის გრძნობა გქონია (იცინის). რა ჯაშუშები, ეს ზღაპრები ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთ ოჯახის წევრებს უამბონ.
დარწმუნებული ვარ, ამ ფოტორეპორტიორებს ხელისუფალთა პირადი კადრები ჩაუვარდათ ხელში და ამიტომ დააპატიმრეს. აბა, მათი ბრალდებები ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო. დრო მოვა, ყველაფერი გაირკვევა და საბოლოოდ აეხდება ფარდა ამ ხელისუფლების უმეცრებას. დარწმუნებული ვარ, ეს ფოტოგრაფები სააკაშვილის ბათუმურ ვოიაჟს შეეწირნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ერთ დღეს ვიღაცამ ფეხი მოიტეხა, ვიღაცას ტვინის შერყევა აქვს, ვიღაც ნაცემია და ახლა ამ ყველაფრის გადასაფარავად აღარაფერს ერიდებიან. ნახევარი საქართველო ჯაშუშად გამოაცხადეს. ფილმს ვიღებ მამაჩემზე და ამისათვის წასვლა მომიხდა მოსკოვში, აგრეთვე ბელორუსში, იმ პოლიგონების დასათვალიერებლად, სადაც ჩემი ფილმის ეპიზოდების გადაღებას ვაპირებ და ამისათვის უამრავ ადამიანს შევხვდი. არ გამიკვირდება, რომ მალე მეც ჯაშუშად გამომაცხადონ. გამოდის, რომ ჩვენ ყველა დასაპატიმრებლები ვართ.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/39481-soso-j...l#ixzz1TfVACgYx