ბლოგს ზუგდიდიდან ვწერ. "გამიმართლა" და ანაკლიის ახალ საკურორტო ქალაქად გამოცხადებას აქედან ვაკვირდები. აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მხოლოდ სხვის დასანახად და ერთი კაცისთვის (ვინ არის ეს კაცი, ძნელი მისახვედრი არაა) კეთდება, რომ ტელევიზორი უნდა გადააგდო და რომ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ტელევიზორში მოსმენილი არაფერი უნდა დაიჯერო!
სანამ პრეზიდენტი ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხუთასმეტრიან საფეხმავლო ხიდს გახსნის და, როგორც მას ჩვევია, სიტყვით გამოსვლისას ვინმეს გამოლანძღავს "აღმშენებლობის" დაუნახაობისთვის, გეტყვით რომ ამ ხიდს ხვალ დაანგრევენ და მის ადგილას ახალს ააშენებენ.
"მიშას ჩამოსვლამდე არ ესწრებოდა და ეს ვიწრო ავაგეთ, გახსნის მერე დავშლით და უფრო განიერს გავაკეთებთ"- უთხრა ჩვენი სამარშუტო ტაქსის მძღოლს ხიდის მშენებელმა. სამარშუტო ტაქსიში ამ ნათქვამს სიცილი და საქართველოს პრეზიდენტზე ხუმრობები მოჰყვა. ნათქვამი არავის გაკვირვებია და არც არავინ შეშფოთებულა, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს პრეზიდენტი დაუსრულებელ ობიექტს ხსნის.
განმუხურისკენ მიმავალ გზაზე ასფალტის დაგებაც რომ შვიდ დღეში მოესწრო, მგონი მარტო მე გამიკვირდა, რეგიონში შეჩვეულები არიან ასეთ ფაქტებს. ასე ნაჩქარევად როგორ გააკეთეთ-თქო, ასფალტის დამგებ მუშას რომ ვკითხე, გამიღიმა და მოკლედ მიპასუხა - "მიშა!"
ჰო, აქ ყველა კითხვაზე პასუხი მიშაა.
სხვა ლოგიკური ახსნა არ მოეპოვება კითხვას: რატომ უნდა დახარჯო ასობით ათასი ლარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების აშენებაში იმ ადგილას, სადაც ტურისტი არ ჩამოვა?
იმაში რომ, უცხოელი ტურისტი კი არა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არ ჩავლენ ანაკლია-განმუხურში, თავად დავრწმუნდი.
სამი დღის წინ ინტერნეტში ანაკლიის ფოტოები რომ მოვძებნე, გუგლმა სასტუმროს საპროექტო ფოტოების გარდა სხვა არაფერი მაჩვენა. ისე კი ძალიან ლამაზი სასტუმროა და გამიხარდა, რომ მთელი სანაპირო ზოლის ათვისებას ვცდილობთ.
ანაკლიაში სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსულს ნაგვით მოფენილ მინდორზე ძროხები, კიდევ უფრო ნაგვიანი სანაპირო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნარჩენებით სავსე ზღვა დამხვდა.
უკვე აღარ გამიკვირდა, რომ ინტენსიური სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის ფონზეც ანაკლიის სანაპიროზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დავინახე, ისიც ადგილობრივები. ცოტა მოშორებით რეკლამებში ბევრჯერ ნანახი სასტუმროების კომპლექსი ჩანდა. ჩვენც, სრული სურათის შესაქმნელად იქით გავეშურეთ.
სასტუმროებთან გამხმარი პალმების გრძელი რიგი, ბულვარის მშენებლობისთვის ათხრილი სანაპირო ზოლი და რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის ერთი მესამედი ჯერ აუშენებელი იყო. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ამ კომპლექსს ორ დღეში გახსნიდნენ და ვინმეს რომ ეს ეთქვა, ვერც დავიჯერებდი.
გუშინ განმუხურში წავედით. გზად საექსკურსიო ავტობუსმა გაგვიყოლა. ანაკლიის გზაზე, სადაც ტრანსპორტი იშვიათად და ისიც გაჭედილი დადის, ავტობუსის დანახვა რომ გაგვიკვირდა, მძღოლმა აგვიხსნა - "დაგვირეკეს მიშა ჩამოდისო და დილის ექვს საათზე ქობულეთიდან და ბათუმიდან წამოგვიყვანეს".
გუშინ ვერ მივხვდი, რაში შეიძლება დასჭირვებოდათ საექსკურსიო ავტობუსები სანაპიროზე, რომელსაც ფეხითაც ხუთ წუთში გაივლი. ჩემს კითხვას ტელეკომპანია "იმედმა" უპასუხა: "აქ უკვე დილიდან დაიწყო სახალხო სეირნობა"- თქვა დილის 11 საათიან საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ჩართვაში "იმედის" ჟურნალისტმა. თუმცა გამოშვებაში ხალხის გარდა ყველაფერი აჩვენეს - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც საპრეზიდენტო ნომერი ორი ათასი ლარი ღირს, შესასვლელში სვაროვსკის თვლებით ხელნაკეთი ჭაღით, მარმარილოს აბაზანებითა და ჯაკუზებით, რომელიც "ძალიან დიდი რანგის სტუმრებისთვის არის განკუთვნილი".
თუ ანაკლია "ძალიან დიდი რანგის" პირებისთვის არის განკუთვნილი, განმუხური, როგორც ჩანს, დაბალი ფენის გულის გასახარადაა გაკეთებული. ბათუმის ბულვარის ასლი და ფანტანები თვალს ახარებს, მაგრამ საკმარისია ლამაზად მოხატულ საზოგადოებრივ ტუალეტში შესვლა დაგჭირდეს, რომ იქაური სიბინძურით თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ. რამდენიმე ერთნაირი დიზაინის შუშებიანი კაფე-"ბუტკა" კი რეალურად, შემოთავაზებული მენიუს ნახევარ კერძებსაც არ ამზადებს.
ყველაზე საინტერესო განმუხურში მაინც საქართველო-აფხაზეთის საზღვრის ნახვაა. ცოტა მეხამუშება "საზღვარი დავარქვა ქვიშაში ჩარჭობილ რამდენიმე დაკლაკნილ ჯოხზე შემოხვეულ ლენტს წარწერით "არ გადაკვეთოთ". ლენტი ზღვასთან მიახლოებისას მთავრდება.
პ.ს. იმედის 11 საათის საინფორმაციო გამოშვება ნოდარ მელაძემ ასე გახსნა " ჩვენ, იმედის ჟურნალისტები გიყვებით იმაზე რაც ყველაზე მთავარია - დღეს აფხაზეთთან ახლოს ჰავა ისეთია, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, სანაპირო - ქვიშიანი და ინფრასტქტუქტურა - ულტრა თანამედროვე". ამავე გადაცემის თითქმის დასასრულს გავიგეთ, რომ კახეთში წყალდიდობის გამო ასეულობით ოჯახის ევაკუირება ხდება, რომ იქ ადამიანებმა სახლები და მიწები დაკარგეს.
http://liberali.ge/anita-tvauri/skhvis-dasanakhad-sკარგი სტატიაა
თემასაც უხდება