ვაჟა ფშაველა
ჰაოს და ქართლოს1.
თვალცრემლიანი ჰაოსი
ქართლოსს მოადგა კარზედა.
გასაწყლებულსა სახისა
კონკები ეცვა ტანზედა.
ჰაოს
ჰე, ძმაო ქართლოს, სადა ხარ,
გამოიხედე კარშია?!
ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა
ბინას არ მომცემ სახლშია?
ქართლოს გაჰკვირდა, რა ნახა
თავის ღვიძლი ძმა მტირალი.
ვერც თვით იმაგრებს ცრემლებსა
იმისი შემამზირალი.
ყელს გადაეჭდო, აკოცა,
როგორც წესია ძმობისა.
არ დაიშურა ძმამ ძმისთვის
ქცევა კეთილის ყოფისა.
ქვევრს აუხადა და ძროხაც
დაკლა სტუმრისთვის ხარჯათა.
ქართლოს
ნუ გეწყინება, ჰაოსო,
მინდა რამ გკითხო ერთია.
მიკვირს, არც მიკვირს, რადგანაც
კაცთ ბედის გამგე ღმერთია.
ჰაოს
გავიგე, რაც უნდა მკითხო,
ან რის თქმას ჩემგან მოელი.
თავს ნუ იწუხებ, დაბძანდი,
მე მოგახსენო ყოველი.
ვიცი, რომ გიკვირს, ქართლოსო,
ჩემი ასეთი დავრდობა….
ქართლოს
დიაღაც ვწუხვარ და მიკვირს
ვაჟკაცის ეგრე წახდომა.
მე დაჩაგრულად მეჩვენე,
გასაწყლებულ ხარ ფრიადა…
შენ ის ჰაოსი აღარ ხარ,
როგორც გიცნობდი წინადა.
ჰაოს
არ სტყუი, ძმაო, არ სტყუი,
აჩრდილიც არ ვარ იმისა.
მტერთაგანა მჭირს, რაცა მჭირს,
მზე ვეღარ ვნახე დილისა.
მას შემდეგ, რაკი დამითმე
ვაქნის, ერევნის არენი,
უბედურს ყოფაშია ვარ
სიციცხლე განამწარენი.
ჩვენ რომ არ გავიყარენით,
მე სამხრეთისკენ გავწიე,
არარატის ძირს დავსახლდი,
დიდი ამაგიც გავწიე.
ჩემთვის ლამაზად მოვეწყვე
მამულით, ცხვრით და ძროხითა.
მტერმა ამიკლო, დამღუპა,
დავრჩი ემ ძველის ჩოხითა.
ადგილიც მტერმა წამართო,
სარჩო-საბადი ყველაო,
ღონე შენზედა დავყარე,
თუ შეგიძლია შველაო?!
ქართლოს
რა სათქმელია? ნუ იტყვი,
რად გინდა ბევრი მუდარა?
ერთად ვიცხოვროთ ძმურადა,
მტერს შეუთვალოთ მუქარა.
ძმათ სიყვარულით მტჩკიცეთა
მის დღეში არა უშავთ-რა!
მტერი ჩვენ ვერას დაგვაკლებს,
ვერც შინ და ვერცა გარეთა.
მოკეთეს გაუხარდება
და მტერს კი გავამწარებთა.
სახნავ-სათიბიც გვკმავია,
ვენახებიც მაქვს მრავალი,
თუნდ მთელს ქვეყანას ეყოფა
იმათი გამოსავალი.
მხოლოდ გარჯაა საჭირო,
ეს ხომ შენც კარგათ უწყია:
მშრომელსა ქვა და კაკალი
ორივ კერაზე უწყვია.
მე შრომა მიყვარს, ჰაოსო,
თავის მარჯვენის ნაჟური -
პური მორწყული ოფლითა
და ღვინო ვაზის ნაწური. –
მძულს სხვის ამაგათ ქეიფი,
სხვის ოფლით წვერის ცმაცური.
ჰაოს
ახ, გენაცვალე, ქართლოსო,
კაცი ჰყოფილხარ კაცური,-
რაცა სთქვი, ჩემს გულშია სთქვი-
სასიამოვნო ქართული.
არ მეზარება მეც შრომა,
ამას არ უნდა ფიცია.
ღმერთმა ქმნას, ჩვენი ერთობა
ბოლომდე იყოს მტკიცია.
უნდა ვეცადოთ, მტრისაგან
არ გავხდეთ გასაკიცხია.
მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე,
რა პირზე ვიყო შენთანა,
ოჯახში უნდა წილადა,
ჩემიც რამ შემომეტანა.
ქართლოს
რაცა მაქვს შუა გავიყოთ,
ბეწვიც არ მინდა მეტია.
ვინ გაიფიქრებს დაგჩაგროს,
ის ცოლ-შვილ გასაწყვეტია.
რაც გითხარ, ღვთის წინაშე ვსთქვი,
ცრუდ არა დამიყბედია.
თუნდ რომ ისუვრო ხვალ გაყრა,
წაიღე სწორი წილია
საძმო, რაც მწარე გვექნება,
ან რაც გვექნება ტკბილია.
იმ წელს გაჭიმეს გუთანი,
გადააშავეს მინდვრები.
მთებსავით დადგეს ეზოში
ძნისა და თივის ძვინები.
პურით ბეღლები აავსეს,
ღვინით დაწიმწეს ქვევრები.
საქონლით: ცხვრით და ძროხითა
ბევრი აქვთ შესაწევრები.
2.
შემოდგომაზე მოვიდა
მეფის ბრძანება სოფლადა:
ჯარში იწვევენ ქართლოსსა
ათას გვარს მტრებთან ბრძოლადა.
ისიც წავიდა მორთული
მავილდ-კაპარჭით და ფარითა.
მუზარად თავზე დადგმული,
წელზე ორ-პირის ხმალითა.
ჰაოსს აბარებს: „ვინ იცის,
როდისღა ვნახავთ თვალითა.
მოვალღა შინა ცოცხალი.
უფალმა უწყის, ჩვენ არა.
შენ იცი – სახლმა და კარმა,
გედება ამის ბეგარა.
მე ერთი ცხენი და ხმალი,
მათ მეტი არა მრჩება-რა.
თუ მტერსაც პასუხს არ გავსცემთ,
ასე თვით მეფეს ებარა,
სუყველას ხელით წაგვივა
წყალ-მიწა, ჩვენი მკვებარა.
თუ არა გვაქვს-რა, გუდაში
არც-რა ჩაიდება-რა!…
ხომ კარგათ უწყი, შენ იცი,
რად გინდა ჩემი რჩევაო.
გაბარებ ამ ჩემს ცოლ-შვილსაც,
შენ გმორჩილებდეს ყველაო“.
მარდად მოახტა ლურჯასა,
არა სჭირდება შველაო,
მშვიდობითაო, – მისძახა,
ცხენი ყალხს შეაყენაო.
ულვაშზე ხელი გადისო,
თან ერთიც ჩაახველაო,
თითქო მტერს ემუქრებოდა -
თვალითა გნახო ჯერაო,
პატარა საქართველოსა
ვერას დააკლებ, ვერაო.
შემოჰკრა ქუსლი საფერხეს,
ბილიკზე გააგელაო.
3.
ცუდი დრო იყო ძალიან,
ჩვენს ყოფნას წელი სწყდებოდა,
ოთხს კუთხივ მტერი მოგვაწვა,
ურჯულო შემოკრბებოდა.
ურიცხვი ქართლოსიანი
მტრებთან ბრძოლაში კვდებოდა.
............
http://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/haosdaqartlos/