აი,. უფრო დაწვრილებითი შედარება ქართულისა და ბერძნულის:
ძველი ბერძნული დამწერლობა გახდა წყარო მრავალი სხვა წერითი სისტემებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთში გავრცელდა. ბერძნული დამწერლობისაგან მომდინარე ყველა სისტემის ძირითადი სტრუქტურული მახასიათებელია მათი ანბანურობა, ე.ი. სისტემაში როგორც კონსონანტური, ისე ვოკალური ნიშნების არსებობა, რომლებიც ერთიან პარადიგმას ქმნიან.
ბერძნულმა დამწერლობამ არამარტო დასაბამი მისცა მრავალ სხვა დამწერლობათა ანბანურ სისტემებს, არამედ ბერძნული წერითი სისტემის გავლენით მოდიფიკაცია განიცადა უშუალოდ ძველი სემიტური წყაროდან მომდინარე ზოგმა კონსონანტურ-სილაბურმა სისტემამ, საკუთრივ ხმოვანთა გამომხატველი ნიშნების გაჩენის მხრივ.
ბერძნული წერილობითი სისტემისაგან წარმომდგარ ანბანურ დამწერლობათა სპეციფიკურ ჯგუფს ქმნიან ქრისტიანული ხანის დამწერლობანი:კოპტური, გოთური, სომხური და სლავური ანბანური წერილობითი სისტემები.
ბერძნული ანბანური დამწერლობის სახელით ცნობილი წერითი სისტემა საფუძვლად დაედო მრავალ განშტოებას და ამით დასაბამი მიეცა მსოფლიოში ამჟამად ყველაზე გავრცელებულ წერით სისტემებს.
ამავე ჯგუფში უნდა მოთავსდეს ტიპოლოგიურად კიდევ ერთი წერითი სისტემა, რომელიც ბერძნულ დამწერლობას ემყარება. ეს არის ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა.
ქართული ანბანის ბერძნული პროტოტიპის მიხედვით შექმნა და ბერძნული წერითი ნიმუშისაგან მომდინარეობა, ძველი ქართული დამწერლობის მთელი რიგი შინაგანი სტრუქტურული მონაცემების საფუძველზე და ასევე ქართული წერითი სისტემის შინაგანი წყობისა და პარადიგმატიკის მიხედვით ვლინდება.
ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შექმნა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ქართველთა კულტურული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ დამწერლობის სახით წარმოიშვა ეროვნული ქართული წერითი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ქართული ენის ზუსტი წერილობითი დაფიქსირება და ეროვნულ ენაზე მწერლობის შექმნა.
ძველი ქართული დამწერლობა შეიქმნა სათანადო პერიოდის ქართულის წერილობითი ფიქსაციისათვის ენის ბგერითი ერთეულების სპეციალური გრაფიკული სიმბოლოებით გამოხატვის საშუალებით.
არქაული ქართული ენის თანხმოვანთა კლასი არსებითად იმავე შედგენილობისაა, რაც ისტორიული ხანის ძველი ქართულისა. არქაული ქართულის ამ ბგერითი სისტემის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო სწორედ ძველი ქართული ანბანის შექმნა, რომელიც მოწოდებული იყო წერილობით და სათანადო გრაფიკული ნიშნების საშუალებით გამოეხატა ქართულისათვის დამახასიათებელი ბგერითი შედგენილობა.
ყოველი დამწერლობის და განსაკუთრებით ანბანური წერითი სისტემის შექმნის პირველ და აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს ენის ბგერითი სისტემის სეგმენტირება ცალკეულ ბგერით ერთეულებად, რომლებიც უნდა გამოისახოს გრაფიკული სიმბოლოების საშუალებით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული შექმნილი დამწერლობის ფუნქციური სრულყოფილების ხარისხი.
ირკვევა, რომ ქართული ანბანის შემქმნელს ზედმიწევნითი სისრულით აქვს წარმოდგენილი თანადროული ქართული ენის ბგერითი სისტემა: იგი ამომწურავად ითვალისწინებს ქართული ენის ბგერათა ინვენტარს, რომელთა გრაფიკული გამოხატვა აუცილებელია ქართული ენის ადეკვატური წერილობითი გადმოცემებისათვის. იგი იმდენად სრულად და თანმიმდევრულად არის ასახული ძველ ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში, რომ მას ამ თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არც კი განუცდია.
თანამედროვე ქართული დამწერლობა თავისი შინაგანი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით ასახავს ძირითადად ძველ ქართულ წერით სისტემას. ( რამდენიმე ნიშნის გამოკლებით). მაგრამ ისმის კითხვა: რომელი წერითი სისტემა აქვს აღებული ქართული ანბანის შემქმნელს ნიმუშად, წერილობით პროტოტიპად, რომელ დამწერლობას უდარებს იგი ქართულ ბგერათა ინვენტარს, ქართული ენის ბგერათა სიმრავლეს, რათა მოახდინოს სისტემაში ბგერათა გარკვეული წესით დალაგება? ნიმუშად აღებული რომელი დამწერლობის მიხედვით უნდა ყოფილიყო განწყობილი ახლადშექმნილი ქართული ანბანი, რომელი წერითი სისტემა უდევს მას საფუძვლად.
ეს არის არსებითად პრობლემა ძველი ქართული დამწერლობის წარმოშობისა.
ამ თვალსაზრისით ძველი ქართული ანბანის შესაძლებელ პროტოტიპებად წარმოგვიდგება პირველ რიგში ბერძნული ანბანური დამწერლობა. ბერძნულ სისტემასთან შედარებით ქართული ბგერითი სისტემა ხასიათდება ბგერათა უფრო დიდი რაოდენობით, რომლებიც ვერ პოვებენ ეკვივალენტებს შედარებულ სისტემაში.
ეს ქართული თანხმოვნები შეიძლება ამ თვალსაზრისით "დანართი" ბგერებად ჩაითვალოს.
ამგვარად, ქართული დამწერლობის შექმნის პროცესში ნიმუშად აღებულ სისტემებთან ქართულ ბგერათა შეფარდების დამყარებისას, მთელი სიმრავლე ქართული ბგერითი ერთეულებისა ორ ჯგუფად უნდა გაყოფილიყო. პირველი ჯგუფი განისაზღვრებოდა შესადარებელი სისტემის ბგერითი ერთეულებით, მეორე ჯგუფი იქმნებოდა ქართულისთვის შესადარებელი სისტემის თვალსაზრისით "სპეციფიკური" და ამ აზრით იგი დამატებით ბგერათა სიმრავლეს შექმნიდა, რომელიც ანბანში "დანართ ბგერათა" სახით დაემატებოდა გარკვეული წესის მიხედვით განწყობილ ძირითად ბგერებს.
ქართული ანბანის წარმომავლობა სემიტურისაგან ნაკლებ სავარაუდოა უკვე იმის გამო, რომ ძველი სემიტური წერითი სისტემა ნარევი "კონსონანტურ-სილაბური" ტიპის დამწერლობაა, მაშინ როდესაც ქართულ დამწერლობაში მკაცრად და თანმიმდევრულადაა გატარებული წერის "ანბანური პრინციპი", ამავე დროს ქართული ანბანის შექმნისას წერით ნიმუშად სემიტური სისტემის აღების შემთხვევაში, ქართულ ანბანს სულ სხვა წყობა და სტრუქტურა ექნებოდა, ვიდრე ეს ძველ ქართულ დამწერლობაშია დადასტურებული.
ქართული ანბანის შექმნისას ბერძნული წერითი სისტემა იქნა გამოყენებული, როგორც წერითი ნიმუში, რომლის მიხედვითაც გამოიყო ბგერითი ერთეულები ქართულში.
ძველი ქართული ანბანის შექმნისთვის საყრდენ ნიმუშად ბერძნული დამწერლობის მიჩნევა სავსებით გასაგებს ხდის ქართული სისტემის სტრუქტურასა და პარადიგმატიკას, მისი "ძირითადი" და "დამატებითი" ნაწილების ხასიათსა და ბგერით შედგენილობას.
ამასთანავე საგულისხმოა, რომ ყველა ის თავისებურება ბერძნული დამწერლობისა, რითაც ეს უკანასკნელი განსხვავდება ძველი სემიტურისაგან, ყველა ის სპეციფიკური, საკუთრივ ბერძნულისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული ნიშანი, წარმოქმნილი ბერძნულ ანბანში ასახულია სრულიად ქართულ ანბანში, რაც ნათლად მოწმობს ძველი ქართული დამწერლობის ბერძნული სისტემისაგან წარმომავლობას.
ძველი ქართული დამწერლობის მთელი რიგი სტრუქტურული თავისებურებანი აიხსნება ბერძნული დამწერლობის საშუალებით, ისინი ბერძნული დამწერლობის სტრუქტურულ მახასიათებლებს იმეორებენ.
ძველი ქართული ანბანის შეპირისპირება ძველ სემიტურ სისტემასა და ბერძნულ დაწერლობასთან ავლენს ქართული სისტემის სემიტურისაგან განსხვავებულ წყობას და ქართული ბგერების ანბანთ რიგში განაწილებას ფონეტიკურად მსგავსი ბგერების ანბანური წყობის მიხედვით.
ქართული დამწერლობის სემიტური სისტემიდან მომდინარეობის შემთხვევაში ე.ი. სემიტური წერითი ნიმუშის მიხედვით ქართული ანბანის განწყობისას მოსალოდნელი იქნებოდა ხშულ თანხმოვანტა განსხვავებული წყობა ანბანთ რიგში. ამგვარად ქართული ანბანის სემიტური სისტემიდან მომდინარეობის შემთხვევაში ხშულ თანხმოვანთა სულ სხვა წყობა უნდა გვქონოდა, ვიდრე ეს ისტორიულად დადასტურებული ძველ ქართულ წერით სისტემაში გვაქვს. ძველი ქართული ასომთავრული ანბანი ბერძნულის წყობას ასახავს
ქართული ანბანის გრაფიკული სიმბოლო, გამომხატველ განსაზღვრული ფონეტიკური მნიშვნელობებისა-გაიწყობა სისტემაში, როგორც დავინახეთ ბერძნული პროტოტიპის მიხედვით ქართული ანბანის პარადიგმატიკა ამ ნაწილში მთლიანად ბერძნულ სისტემას მისდევს და არსებითად ბერძნულისთვის დამახასიათებელ ფონეტიკურ და სტრუქტურულ თავისებურებებს ასახავს.
ამის შესაბამისად, ბერძნული ანბანის რიცხვ-ნიშანთა სისტემა მთლიანად "გადაისახა" ქართულ წერით სისტემაზე. რიცხვით მნიშვნელობათა აღნიშვნის სისტემა ქართულში მთლიანად ბერძნულს მისდევს.
რამდენადაც ქართული ბგერითი სისტემა ბგერითი ერთეულების უფრო დიდი რაოდენობით ხასიათდება, ვიდრე ბერძნული, ბერძნულთან ბგერათშესაბამისობის დამყარებისა და ქართული ბგერათა ნაწილის ბერძნული ანბანთრიგის მიხედვით გაწყობის შემდეგ ქართულში უნდა დარჩენილიყო მთელი რიგი ბგერითი ერთეულები, რომელთაც ბერძნულში ვერ მოეძებნებოდათ სათანადო ფონეტიკური ეკვივალენტები.
ქართული ანბანის "დანართი" ბგერების შედგენილობა სრულიად უდავოდ ხდის ქართული ანბანის შექმნისათვის ნიმუშად აღებული წერითი სისტემის ხასიათს და ადასტურებს იმას, რომ ქართული დამწერლობა თავის ძირითად ნაწილში ემყარება სწორედ ბერძნულ და არა სემიტურ წერით პროტოტიპს, რომ ქართული ანბანის ამ "დანართ" და სპეციფიკურ ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ ისეთი ბგერითი ერთეულები, რომლებსაც ასო მოეძებნებათ ფონეტიკური ეკვივალენტები ბერძნულ სისტემაში და ამ თვალსაზრისით საკუთრივ ქართულისთვის დამახასიათებელ ბგერებს წარმოადგენენ.
საინტერესოა, რომ ბერძნულისაგან მომდინარე კოპტური ანბანის "დანართ" ნაწილში ქართულის ფონეტიკურად მსგავსი ბგერებია წარმოდგენილი.
ქართული ანბანის ასოთა სახელები არ იმეორებენ ბერძნული პროტოტიპის სიმბოლოთა სახელწოდებებს და ფონეტიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი თავისუფალი თხზვის შედეგს უნდა წარმოადგენდნენ.
ძველი ქართული ანბანის გაწყობა ბერძნული პროტოტიპის მიხედვით და ქართული დამწერლობის საფუძვლად ბერძნული წერითი სისტემის მიჩნევა ბუნებრივად სვამს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორაა ასახული ქართულ ანბანში ბერძნული დამწერლობის გამოხატულების პლანი, რა მიმართებაშია ძველი ქართული ანბანის ასო-ნიშანთა გრაფიკული მოხაზულობა ბერძნული სისტემის შესაბამის ნიშნებთან, რომელიც წერით ნიმუშად იყო აღებული ქართული დამწერლობის შექმნისას?
ძირითად გრაფიკულ შემადგენელ ელემენტებს ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობისას წარმოადგენს სხვადასხვა სიგრძის სწორი ხაზი, სხვადასხვა სიდიდის წრეხაზი და ნახევარწრეხაზი. ამ ელემენტთა ერთმანეთთან კომბინირებით იწარმოება მონუმენტური სტილის დამწერლობა თანაზომიერი სიმაღლის გრაფიკული ნიშნებით, რომლებიც ორხაზოვან სისტემაშია მოქცეული.
ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ასო-ნიშანთა შედარებითი გრაფემული ანალიზი ბერძნული წრის დამწერლობასთან ავლენს ქართული დამწერლობის ორიგინალობას, მის ერთგვარ დამოუკიდებლობას ისტორიულად ცნობილ დამწერლობათა გრაფიკისაგან. ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის გრაფიკა ვერ დაიყვანება მთლიანად რომელიმე კონკრეტული ისტორიულად ცნობილ გრაფიკულ სისტემაზე. ქართული ასომთავრული გრაფემების შედარებითმა შესწავლამ ცხადყო ის მეტად მნიშვნელოვანი გარემოება ძველი ქართულის წარმოშობისა და ისტორიის თვალსაზრისით, რომ ეს ნიშნები ვერ ჩაითვლება ერთი რომელიმე წერითი სისტემის (ბერძნულის ან სემიტურის) ბუნებრივ გრაფიკულ განვითარებად. თუმცა ცალკეულ ქართულ ასომთავრულ ნიშნებს შეიძლება დაეძებნოს სხვადასხვა ხასიათის გრაფიკული ანალოგიები სხვადასხვა წერით სისტემებში. ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიშანთა გრაფიკა უფრო ხელოვნურად შექმნილი გრაფემების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლებიც ხასიათდებიან სხვადასხვა ტიპის სწორი ხაზებისა და წრეხაზების გრაფიკული კომბინაციით.
ძველი ქართული წერილობითი სისტემის წარმომავლობა ბერძნული დამწერლობისაგან, ან უფრო ზუსტად ძველი ქართული ანბანის შექმნისას წერილობით ნიმუშად და მოდელად ბერძნული ანბანის გამოყენება გვასრულებინებს ქართულ გრაფიკულ ნიშნებს.
ქართული წერილობითი სისტემა იმეორებს ბერძნულ სისტემას, უპირველეს ყოვლისა გამოხატულების პლანის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელში-წერით მიმართულებაში მარცხნიდან-მარჯვნივ. საპირისპიროდ სემიტური სისტემისა-მარცხნივ მიმართული წერისა.
ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა ასახავს ბერძნულ გრაფიკას აგრეთვე თავისი ზოგადი მონუმენტურობით და გრაფემათა გეომეტრიული ხასიათით. ქართული ასომთავრული გრაფემები, ისევე როგორც კაპიტალური ბერძნული დამწერლობის ნიშნები თითქოს ერთ კვადრატულ უჯრედში ჩახაზულ გეომეტრიულ ფიგურებს წარმოადგენს შედგენილს სწორი ხაზისა და ნახევარწრეხაზის სხვადასხვა კონფიგურაციებისაგან.
ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა შემოღებული იქნა საქართველოში ქართლის მონათვლასა და გაქრისტიანებასთან დაკავშირებით.
დაბოლოს ქართული ანბანი, რომ ბერძნულის კვალობაზე არის შექმნილი ამას ადასტურებს შემდეგი გარემოება:
ა) ქართული წერა მარცხნიდან მარჯვნივ მიიმართება, როგორც ბერძნულში და არა მარჯვნიდან მარცხნივ, როგორც ეს არის სემიტურში.
ბ) ქართული ანბანი შეიცავს როგორც თანხმოვნებს, ისე ხმოვნებს, როგორც ეს არის ბერძნულში, საწინააღმდეგოდ სემიტური ანბანისა, რომელმაც მხოლოდ თანხმოვნები იცის.
გ) ქართულ ანბანში შეყვანილია ორი ხმოვანი, რომელთა უქონლობა არაფერს დააკლებდა ძველ ქართულ მწერლობას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინი შექმნილია ბერძნული ანბანის მიხედვით, რომლებიც გრძელ ხმოვნებს გადმოსცემენ. გრძელი ხმოვნები ქართულ ენას არ გააჩნდა მწერლობის შექმნის ხანაში და არც ახლა გააჩნია, მაგრამ რაკი ბერძნულ ანბანში იყო ეს ასოები, ქართულშიც შეიქმნა მისი შესატყვისი ნიშნები.
დ) ქართულში იყო და არის ხმოვანი "უ", მაგრამ მისი გამომხატველი ნიშანი არ შეუქმნიათ. ეს გამონაკლისი იმის გამო არის, რომ იმდროინდელ ბერძნულში ხმოვანი "უ" ორი ნიშნით გადმოიცემოდა. ამის მიხედვით "უ" ბგერისთვის ქართულშიც ბერძნულის შესატყვისი ორი ნიშანი იქნა გამოყენებული-e, რომლებიც თავისი შედგენილობითა და თვითოეული ასოს მნიშვნელობით შეესატყვისება ბერძნულ-OV-ს.
ე) ბერძნულ ანბანს ალფა იწყებს და ომეგა ამთავრებს. ამგვარადვეა ქართულშიც: პირველი ასოა ანი (f) და უკანასკნელი ოჰი(' )
http://samotxis-dedopali.piczo.com/?g=51810784&cr=4