nforuminorieliკარგით , მაშინ 1 ფრაგმენტით წინ წავიწიოთ

წინა ნაწილი
ამათი პრობლემები მოგვცა***35-Now can't help tears of grief...***( თავი 35, ნაწილი VI)
ცოტა დავფიქრდი და თავი დავუქნიე. ალექსმა სიგარეტი და სანთებელა მომაწოდა, საფერფლე მომიჩოჩა და ისევ წამოიწყო საუბარი:
- ეგ თავიც მოგვარებულად რომ ჩაითვლება, ამაში ეჭვიც არ მებადება. რაც შეეხება შენს დაკითხვებს, რომლებიც გარდაუვლად წინ გელოდება, ვერც იქ ვერ ვხედავ მინიმალურ პრობლემასაც კი. ოღონდ გაითვალისწინე, ისინი შენ აუცილებლად შემოგთავაზებენ მათთვის მუშაობას ან უარესი - კაუნტერობას. აქ შენი მდგრადობა და შეუპოვრობა, რაც ფაქტის წინ გჩვევია ხოლმე , უნდა დათმო. ემოციები არ გაკლია და როგორც აქამდე მიჩვეული იყავი მათ დამალვას , იქ პირიქით უნდა ქნა: უნდა გამოაჩინო - ცრემლის სახით იქნება ეს თუ მსგავსი. შენ შეგილია პირდაპირ უთხრა, რომ „ვაის გავეყარე ვუის შევეყარე“ შენთვის ხსნა არ არის და თუ ხელს არ შეგიწყობენ ამაში, სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებს მიმართავ. აქ მათი კანონდებლობა მორჩილია და ამით უნდა დამთავრდეს მათი შემოთავაზება... წესით... მთლად უპატრონოდ ნუ წარმოაჩენ თავს, მაგალითად, უთხარი, რომ შენ აღსარებაზე იყავი მღვდელთან და მან გირჩია შენ ეს ნაბიჯი გადაგედგა. ამით მათ აჩვენებ, რომ შენი მათთან ყოფნის, უფრო სწორად, მიკითხვის შესახებ არის ვიღაც ინფორმირებული და ეს ვიღაც რომელიმე მღვდელია. ამით შენ ყველა იმ სავარაუდო კონსექვენსებს გააქარწყლებ, რაც შეიძლება მათ შენს მიმართ გამოიჩინონ, თუნდაც იგივე მეთოდით მათთვის მუშაობის დავალება, რის გამოც ამათთან იყავი...
არაფერი მითქვამს, თუმცა ვფიქრობდი, თუ როგორ ვგავდით ერთმანეთს აზრებში. სანამ ის ამ ვარიანტს მიხსენებდა, წამის გავლენის ქვეშ მე ამაზე ვფიქრობდი და სწორედ ზუსტად ისე, როგორც მან მითხრა. მაცდურად გამეღიმა, ნუთუ ჩვენ ყველას გაგვაჩნდა რაღაც საერთო და სრულიად მსგავსი, თუნდაც ასეთ დონემდე იდენტური... ეს ფენომენი ჩემთვის მუდამ საკვირველი იყო და მუდამ ასეთივე დარჩა...
ალექსიც კარგა ხანს მაკვირდებოდა, ვინ იცის რას ფიქრობდა ისიც, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დასკვნებს აკეთებდა ჩემი თვალიერებით. რამდენიმე წუთის შემდეგ დაწყებული საუბარი განაგრძო:
- კარგი, მოკლედ, ვთვლით რომ ეს ყველაფერი წარმატებით გადაგორდა. ახლა შემოდის მეორე და ამავე დროს ხანგრძლივი ფაქტორი. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს ხანგრძლივობა მუდმივი იქნება სანამ შენ ცოცხალი იქნები...
ახლაც ვხდებოდი რას უმიზნებდა, მაგრამ მაინც დავაცადე ეთქვა:
- ეს ნიშნავს, რომ შენ მუდამ დაკვირვების ქვეშ იქნები. ტელეფონი იქნება თუ ფოსტა, შენი საბანკო ანგარიშის მდგომარეობა, ცხოვრების პირობები, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც შენს არსებობას საზღვრავს, იქნება კონტროლირებული. ეს ერთი შეხედვით უკეთესიცაა, რადგან ისინი შენ გაძლევენ რაღაც გარანტიას... გარანტია შეფარდებითი აზრით ვიგულისხმე ცხადია...ხო... რომ მათ მიწაზე დაცული იქნები, სხვა შენთვის უმნიშვნელოა. დაე, გამოწმონ, შენს ინტიმურ ურთიერთობებში ვერ ჩაერევიან, სხვა მხრივ კი კიდევ და კიდევ მხოლოდ იმაში დარწმუნდებიან, რომ შენ მართლაც სიმშვიდე და ოჯახი გსურდა და არსად „გახედვას“ არ აპირებდი... ამიტომ ვთვლი, რომ ეს შენთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, თავად ფაქტი, რომ მუდამ ლუპის ქვეშ ხარ, მომაბეზრებელია რაღაც პერიოდი მაინც, მაგრამ, როგორც ადრე გითხარი: შენს შემთხვევაში, რადგანაც შენ მარტოდ არ ხარ და პატარები გყავს დასაცავი, უნდა მიიღო ცხოვრება ისე, რომ აარჩიო უარესებიდან ნაკლებად უარესი... სამწუხაროდ, სხვანაირად აწი აღარ გამოვა...
განახევრებულ ფინჯანში ყავა ჩავუმატე და მივმართე:
- საშ...
თავადვე შევცბი ჩემს მიერ დაძახებულზე, თავი გავაქანე და „გამოვასწორე“:
- ალექს... ჩემთვის მთავარია ჩემი შვილების უსაფრთხოება, ამიტომაც არ დაგიდევ არაფერს, ოღონდ ამის მიღწევა შევძლო... ადრე თუ გვიან მე აღარ ვიქნები და მათ ისედაც ჩემს მერე აღარავინ შეეხება, არც შეამოწმებს, მთავარია ისინი იქნებიან თავისუფალნი და შეირგებენ ცხოვრებას, თორემ მე ... მე რა, მე ხომ ცხოვრება კარგა ხანია არ მაქვს და არც მექნება... მხოლოდ ვიცოცხლებ ალბათ და ეგ არის, ისიც მათთვის, თორემ ეგ სიცოცხლეც არ მსურს... მხოლოდ მათთვის ვიცოცხლებ... იქნებ იმდენი მაინც შევძლო, რომ მანამდე ვიყო მათ გვერდით, სანამ თვითონვე შეძლებენ ცხოვრების საჭის მართვას... მერე ისეც სულერთია... მე რა ვარ დღეს ? არც არაფერი თუ არა მძინარე ნადირი, რომელსაც საკუთარი თავისაც კი ეშინია... მე აღარაფერი ვარ უკვე კარგა ხანია...
მშვილდზე ისარივით გადატეხილ ჩემს ბედს აწი ვერაფერი გამოასწორებს...
წამოდგა, ბეჭზე შემეხო, ხელი მომისვა თითქოს ნუგეშის ნიშნად და მანიშნა ზემოთ ავსულიყავით...
რახან სადილის გაკეთება მე შევთავაზე, მადლობა გადამიხადა და მაუწყა, რომ ჩვენი ამოცანის შესასრულებლად საჭირო აუცილებლობების შესაძენად გავიდოდა. ორ საათში უკან დაბრუნდა. სადილის შემდეგ კი შევუდექით საქმეს. როგორც მოლაპარაკებული ვიყავით, სარდაფის დიდ ოთახში დავამზადეთ ჩემი, როგორც თავად უწოდებდა “ულტიმატუმი“ აუდიო, ვიდეო და ტექსტური სახით. დოკუმენტი „ა“ კი თავად შეინახა, გაამზადა დეპონირებისთვის. ცოტა ხნით კიდევ ვისაუბრეთ და მისაღებ ოთახში ავინაცვლეთ. სამზარეულოდან ხილით სავსე ვაზა გამოიყოლა და საუბარიც განვაგრძეთ:
- ხვალ ამას უკვე მივაწვდენთ მათ, ეს ნიშნავს, რომ მანამდე დოკუმენტი შენახული უნდა იყოს. შეგიძლია შენც გამომყვე, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის აჯობებს, სიფრთხილეს რახან თავი არ სტკივაო ნათქვამია, მე წავიღებ და შენ აქ დამელოდები საღამომდე. ამის შემდეგ შენ ლუქსემბურგში ჩაგიყვან მე თვითონ და შემდეგ დავცილდებით. თუ გინდა ზეგ დილითვე, თუ გსურს, რამდენიმე დღის შემდეგ...
გაურკვეველი მომავლის წარმოდგენით შეცბუნებულმა ხმას შიში მოვაცილე და ვკითხე:
- ალექს, იქნებ მანამდე მითხრა საშას განსასვენებელი სად იმყოფება... გთხოვ, ძალიან მინდა ვნახო...
აქ უკვე ცრემლი ვერ დავმალე და ურცხვად ავტირდი. ადგა, მომახლოვდა, ჩემს გვერდით მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მიპასუხა:
- შენ ის უნდა გახსოვდეს ისე, როგორიც იყო... გახსოვდეს ცოცხლად, მისი საფლავი რომ ნახო, ცოცხლად აღარ გემახსოვრება... დამიჯერე, ასე აჯობებს, სხვა თუ არაფერი მხოლოდ ამის გამო... მეორე და მთავარი, შენი მოთხოვნა მიაღწევს მათთან ხვალ, მაგრამ არ ნიშნავს რომ ეს მთელ შემადგენლობას ეცოდინება უკვე. ასე რომ შენი იქ გამოჩენა ამ ეტაპზე მაინც საშიშია... არც შემდეგისთvის გირჩევ... რა იცვლება მაგით შენთვის , პატარავ? არც არაფერი და ეს თემა დახურულად გამოვაცხადოთ.
თმებზე მომეფერა და ისევ ტახტისკენ გადაინაცვლა.
სახე ხელებში ჩავრგე და გარკვეული ხანი უხმოდ ვიცრემლებოდი, ვიცოდი რომ მართლა არც არაფერს ცვლიდა მისი საფლავის მდებარეობის ცოდნა, ჩემთვის მთავარი ხომ სწორედ ის სინამდვილე იყო, რასაც მისი აღარ ყოფნა ერქვა...
მალე ისევ დავთანმხდი ალექსის რჩევას, იქნებ ცოტა დამესვენა. გაიხურა კარები და მეც სულიერად დაცარიელებული მტკივანი გულით უმწეოდ მივწექი ტახტზე, იმედით, იქნებ ცოტა ხნით მაინც ჩამძინებოდა.
საღამოს კი ფრთხილი კაკუნით გამაღვიძა, ჩაის ჩაიდანი და ფინჯნები მაგიდაზე დადო და მისებური კეთილი ღიმილის დაყოლებით თითის დაქნევით მანიშნა მისთვის კამპანია გამეწია... კვლავ ათას სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, ყველაფერზე თითქმის, პირადის გარდა. როგორც ჩვენნაირებისთვის „თანდაყოლილი“ ჩვეულება, პირადზე საუბრები მუდამ დაუშვებელი იყო და იმის გაუთვალისწინებლად, რომ მე უკვე აღარ მივეკუთვნებოდი მათ რიცხვს, მაინც თავი შევიკავე მისთვის მსგავსი შეკითხვები დამესვა. ბოლოს ისევ ჩვენი ჩანაფიქრის ირგვლივ მიმოხილვა გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტეთ საკითხები, თავად გამოსაცდელად რაღაც შეკითხვები დამისვა, რაც მოსალოდნელი იყო ახლო მომავალში ჩემთვის უშიშროების თანამშრომლებს დაესვათ და ასე გვიანი ღამეც კარს მოგვადგა. სანამ დასაძინებლად წავიდოდა, გავბედე და ვკითხე, ვკითხე სწორედ ის, რაც ჩემთვის ენიგმას წარმოადგენდა და იმედით, იქნებ მას სცოდნოდა ამაზე პასუხი:
- ალექს, იქნებ იცოდე და ამ ტვინის მხრელი კითხვისგან მიხსნა... იქნებ შენ უკეთ გესმოდეს...
ხილის ვაზიდან ყვითელი მსხალი ამოიღო, რაც ჩემს კმაყოფილებას იწვევდა, რომ ვაშლი არ აირჩია და ნერვის მთხრელი ხრაშუნის სმენა არ მომიხდებოდა, დარწმუნებული ვიყავი, ისიც ისევე გაახრაშუნებდა, როგორც ყველა მამაკაცი აკეთებს ამას ვაშლის ჭამის დროს. თავისი დიდი თვალები ისევ შემავლო და კითხვის მოსმენას დაელოდა. მეც აღარ ვაცდევინე ბევრი:
- ალექს, ძალიან მაინტერესებს რა იყო მიზეზი ჩემი აქ მოხვედრის? აქ, მათთან მოხვედრის? რატომ ? თუ მე გამოსადეგი ვიყავი ამ საქმეში, რატომ ჩემი ქვეყნის, ვგულისხმობ სამშობლოს, სამსახურმა არ დამიტოვა მისთვის და რატომ ასე ვთქვათ, გადმომცეს სხვებს? თუ მე ვვარგოდი და ამას უწყოდნენ, რისთვის გამიმეტეს სხვებისთვის, არ ჯობდა მათთვის მემუშავა თუ ეს აუცილებელი იყო? ამაზე პასუხს ვერ ვპოულობ იქნებ დამეხმარო.
უფრო გააფართოვა თვალები და რაღაც სასაცილო ვისაჟი მიიღო:
- ოოოო, ძალიან რთულ საქმეს შესჭიდებიხარ მაგ კითხვით... მე შენ ასე შორიდან გიცნობდი, შენ რომ საშასთან მიგიყვანეს, მე უკვე კარგა ხნის გადასული ვიყავი სხვებთან, ასე რომ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია შენს შესახებ, რაც შენი მათთან მოყვანის საქმეს ეხება. იქნებ გაგაცვალეს, როგორც მე? თუმცა, ჩემს შემთხვევაში ეს ჩემი თანხმობით მოხდა და არავის დაუძალებია...
მართლაც მიამიტად მკითხა ეს. მე კი დაუყონებლივ ვუპასუხე:
- რა ვიცი, ვისში უნდა გავეცვალე. ორგანიზაცია, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მოიცავდა, იმ დროისათვის ოფიციალურად აღარ არსებობდა, სხვა სახელები ერქვა უკვე თითოეულ მათგანს.
მსხალს ყუნწი მოაცილა და ჩამერთო:
- მერე რა, სახელს რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქვმევ, არსია მთავარი. იქნებ ვიღაცის წინაშე ვალში იყვნენ და ამით ვალის რაღაც ნაწილი გადაიხადეს ან ვალდებულება შეასრულეს... ვერაფერს გეტყვი, მე ცუდად ვიცნობ თქვენი სამსახურებს შიგა სამზარეულოს...
თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ისე ჩავილაპარაკე:
- მე საერთოდ არ ვიცნობ...
ამაზე გაეღიმა :
- ვიცი, მესმის, რომ შენში ეგ ინტერესს იწვევს და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მთავარია შენს მიზანს მიაღწიო და არ გკიდია ეგა? გკიდია რა, შენი გადასხვაფერებული ცხოვრების მიზნები ვიცი ამის საშუალებას არ მოგცემს გეკიდოს, მაგრამ მაინც. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უნდა შეეგუო რეალობას და მწამებელ კითხვებს გადაეჩვიო. ისე, სხვა რა გითხრა, ალბათ გაგცვალეს ან ... რა ვიცი... ან იქნებ ჩვენდა უცოდინრად შენი ორგანიზაცია მაგათთან თანამშრომლობდა და ამით მხოლოდ კონტიგენტი შეავსეს... შენნაირზე რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა უარს...
ახლა მან ჩაილაპარაკა ეს უკანასკნელი ისე, თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა. მეტი შეკითხვებით აღარ დამიტვირთია, თემა შევცვალეთ და მალე ნებიერი ძილის სურვილებით დამემშვიდობა.
(*** გავაგრძელოთ მერე)