druncha
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21069
წევრი No.: 36653
რეგისტრ.: 16-June 07
|
#26410349 · 11 Jul 2011, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა მანამდე, სანამ ძალები მოვიკრიბე და გონებას აღარ ვკარგავდი. დღეში ორჯერ წყალი და პური შემოჰქონდათ, ერთი-ორ წიხლს მომარტყამდნენ და თავს მანებებდნენ. თავიდან ხელები შეკრული არ მქონდა. რამოდენიმეჯერ ხის კარებს მივუახლოვდი, ღრიჭოში გავიხედე - დაცვა არ იდგა. კარს დავეჯაჯგურე - ვერ დავძარი, მაგრამ გავახმაურე. უცბად შემოვარდა ორი მამაკაცი, წიხლი მკრეს, მუცელზე დამაწვინეს, ხელები შემიკრეს - ახლა ასე იქნებიო... ღამ-ღამობით აცივდა - სარდაფის გარშემო ბევრი ხალხი აღარ ირეოდა. არავინ მელაპარაკებოდა, არავის არაფერი აინტერესებდა ჩემს გარშემო. ისიც არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ლევანი სად იყო. დღეების რაოდენობა დავკარგე. ჩემი აზრით, სადღაც 15 დღე გავატარე სარდაფში, სანამ პირველად გამომიყვანეს გარეთ. ცოტა ხნით სუფთა ჰაერი ჩამასუნთქეს, შემდეგ ვედრო, ცოცხი და ნიჩაბი მომცეს - შენი საკუთარი განავალი გაწმინდეო. სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი არ ვიყავი. დასუფთავებას რომ მოვრჩი, ორი შეიარაღებული დამადგა - წამოგვყევიო. ღელეზე ჩამიყვანეს, სარეცხი საპნის ნაგლეჯი მომიგდეს - დაიბანეო. მადლობა მოვუხადე, გაყინულ წყალში შეძლებისდაგვარად გავსუფთავდი - მესიამოვნა, ძალაც მომემატა. უკან ავბრუნდით. ეზოში შედარებით მეტი ადამიანი დაგხვდა. ეტყობოდა, დავალებიდან დაბრუნებულიყვნენ. ერთი ფორმიანი ჩემთან დარჩა, მეორე გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში მობრუნდა - სხვა ფორმიანთან ერთად. ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. წამომყევიო, რუსულად მითხრა. ხელები ისევ შემიკრეს და ყანებისკენ დავიძარით. 10 წუთი ვიარეთ - დიდი ხნის უმოძრაობის გამო, მალევე დავიღალე, სუნთქვა მიჭირდა. ვიღაცის სახლს მივადექით - ეზოში 40 კაცამდე ირეოდა. უმეტესობა რუსულად საუბრობდა, ერთი-ორი აფხაზური სიტყვაც გავიგე. შენობაში შემიყვანეს, საძინებელი შტაბბინად გადაეკეთებინათ. მაგიდასთან დამსვეს და გავიდნენ. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ოთახში ნაცნობი გერეუშნიკი, ბოსი შემოვიდა. - გამარჯობა, ქართველო. - ..... - მოგესალმე. გამეხარდა შენი დანახვა. - მე არა. - გამიკვირდებოდა, რომ გაგხარებოდა. - ხელები არ მქონდეს შეკრული, გამეხარდებოდა. - და რას იზამდი? მომკლავდი და გაიქცეოდი? - ვერ გავიქცეოდი, მაგრამ სიამოვნებით მოგკლავდი. - და რისთვის? ომია აქ. ტყვედ ჩავარდი. შენს მეგობარს უთხარი მადლობა, რომ საერთოდ ცოცხალი ხარ. - ლევანი ცოცხალია? - ლევანი ერქვა? - ხო. ცოცხალია? - არა. ლიმონკები რომ ისროლეთ და მერე ავტომატი აიღე, ეგ მთელი ძალით შემოგახტა და ხევში გადაგაგდო. მინამ კი მოკლა - ფაქტიურად, თავისი სხეულით დაგფარა. ეტყობა, კარგი მეგობარი იყო. თუმცა, შენ ხარ სულელი. - კი, კარგი მეგობარი იყო. დამარხეთ? - ჩეჩნებმა მისი სხეული ქართველებს გადასცეს. - შენს ადგილზე არ დავრჩებოდი. - ჩემსა და შენს შორის ეგაა განსხვავება... - შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ რომელი გამოვედით გამარჯვებული, კი ხედავ. - ჯერ ცოცხალი ვარ. ასე რომ, საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ ადრეა. - და რამეს იმედი გაქვს კიდევ? აღარ გყავს შენი მხსნელი ოსი. ჩავაძაღლე. თავისიანს ერთხელ რომ უღალატებს ადამიანი, იმისგან ყველაფერს უნდა მოელოდე. ახლა ის მითხარი, აქამდე როგორ ჩამოაღწიეთ? - ჩვენი ფეხებით. - კარგია, ხუმრობის ხასიათზე თუ ხარ. რამდენკაციანი ჯგუფია თქვენი? ქართველიშვილთან თქვენ ხართ? ბოსს გავხედე. ეტყობოდა, რომ ჩვენი და ქართველიშვილის ჯგუფის შესახებ არაფერი იცოდა. უფრო სწორედ, შეიძლება იცოდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფისგან ამისთანა სითავხედეს არ მოელოდა. ალბათ, ქართველიშვილის აფეთქებული "გრად"-ებიც მწარედ დაამახსოვრდა. გავუღიმე: - ქართველიშვილი იცი რას ნიშნავს? - რას უნდა ნიშნავდეს, გვარია. - არა. ქართველი შვილი ნიშნავს ქართველის შვილს. ყველანი ქართველიშვილები ვართ. - რა კარგად ხუმრობ. ბოსი დაიხარა, სკამზე გადაკიდებული ჩანთიდან საქაღალდე ამოიღო, რამდენიმე ფურცელი ამოქექა და მაგიდაზე დამიგდო. ჩემი სურათი, მამიას სურათი, ლევანის სურათი... მაგიდას ხელები დაეყრდნო: - ლაშა, კიდევ გინდა სურათები? ახლა ყურადღებით მომისმინე. რამდენიმე დღეში სოხუმს ავიღებთ. შანსი არ გაქვთ. თავადაც იცი, გამხეცებული აფხაზები რას უზამენ ქართველებს. მე ჩემი საქმე ფაქტიურად დავასრულე... - ჩემგან რა გინდა? - აი, ეს ადამიანები უნდა მაპოვნინო. ბოსმა ჩანთიდან მორიგი ფურცელი ამოიღო. დავხედე - დაახლოებით 7 გვარი ეწერა. რამდენიმე ნაცნობიც იყო. ავხედე, გავუღიმე: - რა იყო, გაგამწარეს? - მათი ლიკვიდაცია ჩემი ღირსების საქმეა. - შენ ღირსებაც გაქვს? - საბჭოთა არმიის ოფიცერს ესაუბრები!!! - საბჭოთა არმიის ოფიცერსაც აქვს ღირსება? - ნაბიჭვარო, შენი პირიდან ამოსული მომდევნო სიტყვებს დააკვირდი, იმიტომ რომ შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს! - შენი აზრით, სიკვდილით შემაშინებ? - შენ ჯერ არ იცი, რა ტკბილია სიცოცხლე. შემოთავაზებაზე რას იტყვი? - ვფიქრობ? - რას ფიქრობ? - რუსულად როგორ იქნება - ეგ ქაღალდი ტრაკში გაიკეთე თუ გაიკვეხე? ბოსმა ჩაიცინა, თავი დაწია, მაგიდას შემოუარა და სახეში ისეთი ძალით დამარტყა, რომ სკამიდან გადავვარდი. ვიღაცას დაუძახა, უკან წაათრიეთო. ისევ ის ნაცნობი სახე გამოჩნდა. დავაკვირდი. ბოსმა ჩემი ყურადღება შენიშნა, მომიტრიალდა: - იცანი? ხმა არ ამომიღია. სამხედროფორმიანს შეხედა: - გარეთ გაიყვანე და შეახსენე. - არის, ბოსს!!! ვიღაცას დაუძახეს, წამომაყენეს, ეზოში ჩამიყვანეს, მიწაზე დამაგდეს. გარშემო მოძრაობა გაჩერდა - ყველა ჩვენ გვიყურებდა. ფორმიანი თავზე დამადგა - სახეზე სისველე ვიგრძენი, შარდის სუნმა ყნოსვა გადამიკეტა. ახლა ვიცანი - ისევ ის ჯარისკაცი იყო - პირველი ტყვეობისას იგივე გააკეთა. მაშინ ანზორ კალოევმა დაიცვა ჩემი ღირსება. ახლა მარტო ვიყავი. მთელ ეზოში მხოლოდ სამი ადამიანი არ იცინოდა - მათი სახეები კარგად დავინახე. მზერა ამარიდეს, გატრიალდნენ. იმ წამს სიკვდილს ვოცნებობდი, ჩემს ბედს ვწყევლიდი, რომ ლევანთან ერთად არ დავიღუპე... სიბრაზემ მალევე გადამიარა. ცოცხალი უნდა გადავრჩენილიყავი - ცოტა ხნით მაინც. ის ნაბოზვარი უნდა მომეკლა, რომელმაც დამაფსა. მაგრამ როგორ...
ჩამოღამდა. ისევ სარდაფში შემაგდეს. ხელები ისევ შეკრული მქონდა. ჩამეძინა. მგონი, რაც ომი დაიწყო იმის შემდეგ პირველი სიზმარი ვნახე. გურჯაანი დამესიზმრა - მარტო ვიდექი ეზოში. ჩემს გარშემო სამი გველი დატრიალებდა. განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ. გავტოკდებოდი - კბილებს აჩენდნენ და სისინებდნენ. მოულოდნელად, თეთრი მტრედი მოფრინდა. სიახლოვეს დაჯდა. გველებმა გახედეს, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. მტრედი მიყურებდა, ღუღუნებდა. აფრინდებოდა, ტოტზე ჩამოჯდებოდა - ისევ მიწას უბრუნდებოდა. ცოტა ხანი მიყურა - შემდეგ აფრინდა, მხარზე დამაჯდა, ლოყაზე თავი მომადო, ყურში ჩამიღუღუნა. მოულოდნელად აფრინდა - ერთ-ერთი გველის კუდთან გაჩერდა. ნისკარტი მოუღერა და კუდზე უკბინა. უკან გახტა. გველმა მხოლოდ თავი მიატრიალა, დაუსისინა. იგივე რამდენიმეჯერ განმეორდა. გველები გაბრაზდნენ, მტრედისკენ გასრიალდნენ. ჩიტს გაფრენა შეეძლო, მაგრამ მიწას არ ტოვებდა, ნელა მიგოგმანობდა, თვალს არ მაშორებდა. ქვეწარმავლებმა მტრედი გამოიჭირეს - სასტიკად გაუსწორდნენ, დაანაკუწეს. ეზოშ ქვა დავინახე - თავდაცვისთვის მოვემზადე. ერთი გველი ჩემსკენ წამოვიდა - მომიახლოვდა, ჰაერში შეხტა. დავიჭირე, მიწას დავანარცხე და ქვით თავი გავუხეთქე. მოულოდნელად, ორი გველი ზომაში გაიზარდა, უფრო შემზარავები გახდნენ. თითქმის ჩემს სიმაღლეზე აიწიენ... ჰაერში რაღაცამ დაიყვირა. გველებმა მზერა ზეცას მიაპყრეს. ეზოს უზარმაზარი ჩრდილი გადაეფარა. ავიხედე - ორი დიდი არწივი მზის სინათლეს ფარავდა. გველები ისევ დაპატარავდნენ, ნელ-ნელა უკან გასრიალდნენ, მიტრიალდნენ, ქვიანი ღობისკენ გასრიალდნენ. არწივები ჰაერს მოწყდნენ. ერთმა კლანჭებში მოიგდო ქვეწარმავალი, ჰაერში აწია და შუაზე გაგლიჯა. ერთი გველი უფრო სწრაფი აღმოჩნდა. შეასწრო ქვებში. არწივი მიჰყვა, თავს დატრიალებდა, ნისკარტს უკაკუნებდა. თვალს მოეფარენ. მისკენ გავიქეცი. ახლოს რომ მივედი, მიწაზე უგონოდ დაგდებული დავინახე. გულთან ნაკბენი ეტყობოდა. აღარ სუნთქავდა. მეორე არწივი დაეშვა. დაღუპული მეგობარი ჰაერში აწია და გაუჩინარდა. ჭიშკარი გავაღე, გარეთ გავედი, ქუჩას დავუყევი. რამდენიმე ასეული მეტრი გავიარე, როდესაც ჩემს პირდაპირ გზაზე ისევ ის არწივი დაჯდა. მივუახლოვდი. თვალი თვალში გამიყარა, რაღაც დაიყვირა, მომიახლოვდა, ნისკარტი შარვალში ჩამავლო და დამქაჩა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მოტრიალდა, შემომხედა, ისევ მომიახლოვდა, ისევ დამქაჩა და ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მივხვდი, უნდა გავყოლოდი. დავემორჩილე. აფრინდა, წრეებს მარტყამდა და მიმართულებას მაძლევდა...
გაოფლილს გამეღვიძა. გვერდი შევიცვალე. მწყუროდა. ჩხაკუნის ხმა გავიგე, კარს დავაკვირდი - გაიღო და მთვარის შუქზე სამხედროფორმიანი შევნიშნე. მომიახლოვდა, ჭიქა მომაწოდა. ვერ წამოვჯექი. თავქვეშ ხელი ამომიდო - უჩვეულო სითბომ დამიარა. იგივე სითბო მხოლოდ ერთხელ მქონდა ცხოვრებაში განცდილი. არ მჯეროდა. ჩუმად ჩავილაპარაკე: "საიდა". ტუჩებზე თითი მომადო, ჩშშშშ-ო. წყალი დამალევინა. ჩემსკენ დაიხარა. ლოყაზე მეამბორა, თმებზე მომეფერა. ცრემლი გადმოუგორდა. კისერში ჩამივარდა - დამეწვა. სუნთქვა მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ცრემლი მახრჩობდა. მისი სახელი გავიმეორე: - საიდა. - ჩუმად. - შენ ხარ? - ხო. ჩუმად. - აქ რა გინდა? - დედაჩემის სოფელია. აქ სახლი მაქვს. - ფორმა რატომ გაცვია? - ვიბრძვი. - რა თქვი? - ჰო, ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი. სანიტარი ვარ. და ხმა არ ამოიღო. შენ თუ გაქვს ვალდებულება სამშობლო დაიცვა, მე უფრო მეტად ვარ ვალდებული ჩემი აფხაზეთისთვის ვიომო. - საიდა, გოგო ხარ. - ახლა შეამჩნიე? - სოხუმიდან რატომ წახვედი? - შენ რატომ დამტოვე? ხომ გთხოვე? - საიდა, შენ რას იტყოდი იმ კაცზე, რომელმაც ძმაკაცები მიატოვა, სამშობლო მიატოვა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა? - ვიტყოდი, რომ ლაჩარია. - აი, შენ თვითონ გაეცი პასუხი შეკითხვას. - ჩვენს შემთხვევაში კი ვიტყოდი, რომ მამაკაცია, რომელმაც სიყვარული ყველაფერზე მაღლა დააყენა. იცი, ქალისთვის ეს რამდენს ნიშნავს? იცი, შენს გამო რამდენი პრობლემა შემხვდა? იცი რამდენი რამე გამოვიარე, რომ სოხუმში ჩამოვსულიყავი? შენ კიდევ ადექი და იმ ქალაქში დამტოვე, რომელიც იბომბებოდა. - გიო აღარაა. გახსოვს გიო? - საუბრის თემას მიცვლი? - არა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ იმ დღეს გიო და კახა, შენ არ იცნობდი, ჩემი უახლოესი ძმაკაცები დაიღუპნენ. - ვიზიარებ. ცოლ-შვილი ჰყავდათ? - არა. - ყველაზე მეტად ისაა სამწუხარო, რომ ახალგაზრდები უშვილოდ მიდიან ამქვეყნიდან, უკვალოდ იკარგებიან. - ლევანიც დაიღუპა რამდენიმე დღის წინ. - სამი კვირის წინ. აქ ყველამ იცის შენი და ლევანის ამბავი. მაგიტომ ხარ ცოცხალი. მეომრების პატივისცემა დაიმსახურე. - ვინ მეომრების? - ჩერქეზების და ჩეჩნების. თქვენ რომ წამოგეწიათ, ოთხი კაცი გადარჩა იმ ჯგუფიდან. მაგათმა ჩამოგიყვანეს. ლევანის ცხედარიც მაგათმა გადასცეს ქართველებს. - ვინები იყვნენ? სახელები იცი? - რაში გაინტერესებს? - მადლობას მაინც ვეტყვი. - ორი ჩეჩენია და ორი ჩერქეზი. ლევანსაც არ ჰყავდა ცოლ-შვილი? - არა. - აქ როგორ შემოხვედი? - დარაჯებმა გამომიშვეს. დაბლა არიან ცოტა ჩასულები. ვუთხარი, რომ ჭრილობები უნდა გადაგიხვიო. - რა ჭრილობები? - რაღაც ხომ უნდა მეთქვა? კარგი, უნდა წავიდე. - სად მიდიხარ? - ბანაკში. - მტოვებ? - როგორც შენ დამტოვე, ისევე გტოვებ. - კიდევ მოხვალ? - არ ვიცი. ვნახოთ. მეტი არაფერი უთქვამს, ადგა, კარი გაიხურა. უკან აღარც მოუხედავს. კედელს მივეყუდე. პირველად მაშინ გავიფიქრე, შეცდომა ხომ არ დავუშვი, რომ მასთან ერთად არ დავტოვე სოხუმი. არ ვიცი, შეიძლება ჩემმა სისუსტემ იჩინა თავი. წარმოვიდგინე, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი მასთან ერთად. შვილები გვეყოლებოდა, გავზრდიდით, ერთმანეთის სიყვარულშ დავიკარგებოდით. ბიჭები გამახსენდა. მივხვდი, რომ ამ ფიქრებით მათ ხსოვნას პატივს აღარ ვცემდი. თავი კედელს მივარტყი. ჩემი თავის შემრცხვა... ორი დღე სარდაფში ვყავდი გამოკეტილი - მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გავყავდი გარეთ. საიდა არ ჩანდა. ერთ-ერთ დარაჯს ვკითხე, ფრონტზე რა ხდება-თქო, გამიღიმა, პიზდეცი გექნებათ მალე ქართველებსო. სოხუმს მალე ავიღებთო. მაშინ არ ვიცოდი, რომ რამდენიმე დღეში სოხუმის ოპერაცია დაიწყებოდა. ყველასგან მიტოვებული ბიჭები ბოლომდე იდგებოდნენ. მაშინ დაიღუპა მამია. ალიკამ სიტყვა შეასრულა - სახლი არ მიატოვა - ალყაშემორტყმული ბოლომდე იბრძოდა. ტყვიები რომ გაუთავდა, ხელებაწეული გავიდა - ლიმონკა ჩაემალა. 4 მოწინააღმდეგე თან გაიყოლა. არცერთს საფლავი არ ღირსებია... მესამე დღეს, შუადღისით, გარეთ გამიყვანეს. ღელეზე დაბანის უფლება მომცეს. ისევ იმ სახლისკენ წამიყვანეს. ეზოში აღარ იყო იმდენი ჯარისკაცი, როგორც ადრე. ბოსი აივანზე მელოდებოდა. დანახვისთანავე შემომძახა, ხომ არ გადაიფიქრეო. თვალებში შევხედე, გადავაფურთხე. ვიღაცას ხელით ანიშნა, გაიყვანეთო. სიმინდის ყანისკენ წავედით. უკან ორი ჯარისკაცი მომყვებოდა. ერთ ადგილზე ყანა მოსუფთავებული იყო. სისხლის კვალი ეტყობოდა. მივხვდი, დასახვრეტად მივყავდი. შევჩერდი - უკან მომავალმა ჯარისკაცმა მომიარა, წინ დამიდგა. შემომხედა: - რა იყო, შეგეშინდა? - არა. - ხომ იცი რისთვისაც მოგიყვანეთ? - კი, ვხვდები. - სულეიმანის ძმადნაფიცები ვართ. მისი სისხლი ჩვენი ასაღებია. - ჩეჩნები ხართ? - მე ხო. ეს ჩერქეზია. - მაშ, სულეიმანი მოკვდა? - ჰო. - ძალიან კარგი. ჩეჩენი გაჩუმდა, მიწას დახედა, შემდეგ ზეცას. - ქართველო, მენანები სასიკვდილოდ. რაც შენ და შენმა მეგობარმა გააკეთეთ, მხოლოდ ნამდვილ ვაჟკაცებს, ნამდვილ კავკასიელებს შეუძლიათ. ვამაყობ, რომ შეგხვდი და შენი გმირობა ვნახე. - იმით არ ამაყობ, რომ რუსებთან ერთად სხვა კავკასიელ ერს ეომები? - აფხაზებიც კავკასიელები არიან, მუსულმანები. თქვენ დაიწყეთ, თქვენ დაერიეთ. - შენ რა გქვია? - ზაურბეკი. - ჰოდა, ზაურბეკ. აღარ მაინტერესებს არაფერი. გააკეთე რაც გასაკეთებელია. ერთადერთი თხოვნა მექნება. - გისმენ. - მიწას მიმაბარეთ. არ დამტოვოთ ასე. - გპირდები. - მადლობა. შევტრიალდი. სისხლის ლაქისკენ დავიძარი. გონება გათიშული მქონდა. ვერაფერზე ვფიქრობდი. გავჩერდი. მზეს შევხედე. უჩვეულოდ ლამაზი და თბილი იყო. თვალები დავხუჭე, ჯარისკაცებისკენ მივბრუნდი, მამაო ჩვენო წავიკითხე. შევხედე. ნაღვლიანი თვალებით მიყურებდნენ. ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, იარაღები გადატენეს, დამიმიზნეს... დრო იწელებოდა, არ ისროდნენ. მომეჩვენა, თითქოს მთელი საათი ვიდექით. უცბად სიმინდის მტვრევის ხმა გაისმა, პისტოლეტიდანაც გაისროლა ვიღაცამ, დაიყვირა, გაჩერდითო. ნაცნობი ხმა იყო - ქალის. სიმინდებიდან საიდა გამოვიდა. ჯარისკაცებს დაუყვირა, ტყვეა, რატომ ხვრეტთო. ბრძანება გვაქვსო, ბოსის პირადი ბრძანებააო. დაუშვით იარაღებიო, მკვახედ უთხრა. ზაურბეკი დაიბნა, იარაღი ზეცისკენ აატრიალა: - შენ ვინ ხარ? - საიდა, აფხაზი, სანიტარი. - მერე, ამ ქართველის სიცოცხლეს უფრთხილდები აფხაზი? - ჩეჩენო, დაუშვი იარაღი, არ ესროლო. - გამარკვიე, რა საერთო გაქვს ამ ქართველთან? - გაგვიშვი. მთელი ცხოვრება შენი მოვალე ვიქნები. გინდა, მუხლებში ჩაგივარდები? არ დახვრიტო, გაგვიშვი. ორივე წავალთ. - ქალო, შენ ალაჰი ხომ არ გაგიწყრა, რას მთხოვ? - ალაჰი ჩემი ღმერთი არაა! - სისულელეს მთხოვ. რომ არ დავხვრიტო, მე მომკლავენ. - შენც წამოდი, აქაური ვარ. ისეთი გზებით გავალთ მთებისკენ, რომ კაციშვილი ვერასდროს მოგვაგნებს. ოღონდ გემუდარები, არ მოკლა. ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. სიცოცხლე და ღირსება შემინარჩუნა. მისი მოვალე ვარ. - დაიკო, - ზაურბეკი ოდნავ მოლბა, - არ შემიძლია. ვერ გავიქცევი. ჩეჩენი არ გარბის ბრძოლის ველიდან. - ბრძოლის ველი აღმოსავლეთითაა, სოხუმში. იქაა ომი. აქ ტყვეა და უმიზეზოდ უნდა მოკლა. - მტერია. ჩემი ძმადნაფიცი მოკლა. - ომია. მაგანაც დაკარგა 3 ძმა, მაგრამ კაცობა და ვაჟკაცობა არ დაუკარგავს. გემუდარები. შენ, მეორე. ხმას რატომ არ იღებ? რა გქვია? ჩერქეზმა საიდას გახედა, ისმაილი მქვიაო. - ისმაილ, შენ ხომ ჩემი სისხლის ხარ. შენც იცი ჩვენი ადათები და წესები. სიცოცხლით ვარ ვალდებული ამ კაცის წინაშე. გაუშვით. მე ვარ პასუხისმგებელი. გთხოვთ. საიდა მუხლებზე დავარდა. ზაურბეკს ფეხებზე მოეხვია და აქვითინდა. ჯარისკაცები გაოგნებულები უყურებდნენ, ხმას ვერ იღებდნენ. ვეღარ მოვითმინე და საიდას ქართულად დავუძახე: - მორჩი. თავს ნუ დაიმცირებ ჩემს გამო. მოსახდენი უნდა მოხდეს. საიდამ ცრემლიანი თვალებით გამომხედა, შემდეგ ჩეჩენს რაღაც ჩაულაპარაკა, წამოდგა, მომიახლოვდა, სახეზე მომეფერა, თმები გადამიწია, თვალებში ჩამხედა. ოდნავ გაიღიმა. ფეხის წვერებზე აიწია და გატეხილი ქართულით მითხრა: - ლაშა, მალე მამა გახდები. სუნთქვა გამიჩერდა, თავბრუ დამეხვა, მუხლები მომეკვეთა, წავიქეცი. ყველაფერს მოველოდი ამ სიტყვების გარდა. ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი. საიდამ ჩემი თავი მუხლებზე დაიდო, მომეფერა. მომეშვა. შევხედე. თმები ჩამოშლოდა, თვალებში ცრემლები მოუჩანდა, მაგრამ ამავდროულად, უდიდესი სიყვარული დავინახე. ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ხელები გაკრული მქონდა. ძლივს ამოვილუღლუღე: - საიდა, რა თქვი? - მამა იქნები. ფეხმძიმედ ვარ. შენი შვილია. - რატომ ვერ შეგატყვე ვერაფერი. - არ შემოგიხედავს ჩემთვის კარგად. ფორმაც დიდი მაქვს. დავაკვირდი. სახე ოდნავ შესიებოდა, მკერდი გაზრდოდა. მუცელზე დავაკვირდი. ფართო უნიფორმაში ოდნავ ეტყობოდა. ჩემი გათვლებით, მეექვსე თვეში უნდა ყოფილიყო. - ფეხმძიმედ ხარ და ომობ? - არ ვომობ. აქ ვარ, სანიტარი. დაჭრილებს ვუვლი. ლაშა, ხმა არ ამოიღო, გთხოვ. გავაშვებინებ შენ თავს და გავიქცეთ. ხომ წამოხვალ? - საით? - ჯერ მთებში ავიდეთ და მერე გადავწყვიტოთ - ან რუსეთისკენ ან საქართველოსკენ. ხომ წამოხვალ? - კი, საია, წამოვალ. - კარგი, მაშინ ხმა არ ამოიღო. საიდამ წამომაყენა, ტანსაცმელი ჩამომიფერთხა, გამიღიმა - ღიმილით ვუპასუხე. ისევ ჯარისკაცებისკენ დაიძრა. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ თავი დაუქნიეს. ზაურბეკმა ქამრიდან დანა მოიხსნა, ჩემსკენ წამოვიდა, ის იყო ხელები უნდა გაეხსნა, რომ სიმინდებიდან ბოსის და კიდევ ორი რუსის სხეულები გამოვიდნენ. ერთ-ერთი ის იყო, სახეზე რომ მომაშარდა. რა ხდებაო, დაიღრიალა ბოსმა. ზაურბეკი და ისმაილი გაშეშდნენ. ბოსი ჩერქეზთან მივიდა, კვლავ დაუყვირა, ჩემი ბრძანება რატომ არ შეასრულეთო, ან ეს ქალი ვინააო? ისმაილმა თავი დახარა, ზაურბეკმა დანა ხელებში ჩამიდო, ჩამილაპარაკა, შენ თვითონ გაიხსენი, ოღონდ ფრთხილადო და ბოსისკენ დაიძრა. წინ დაუდგა და უპასუხა: - ბოსს. იმიტომ არ დავხვრიტეთ, რომ ეს ქალი მისი მოვალეა. - რა მოვალე? ხომ არ გამოყ...დით? ვინაა საერთოდ? - აფხაზია. ამ ქართველმა სიკვდილს გადაარჩინა. არ შეიძლება ამ ქართველის დახვრეტა? - ვითომ რატომ? - კავკასიურ წესებს ეწინააღმდეგება. - ნუ შემეცით თქვენი კავკასიური წესებით. დროზდოვ, - მიმართა მშარდველს, - შეასრულე ბრძანება, დახვრიტე. ჯარისკაცმა გაღიმებული სახით გადატენა ავტომატი, აწია და დამიმიზნა. უცბად საიდამ დაიკივლა და ლულის პირდაპირ დადგა, ჯერ მე მომკალითო. დროზდოვმა ავტომატის ლულა ჰკრა მკერდში. საიდა წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა - უკანა სვლით ჩემსკენ მოდიოდა, თავისი სხეულით მფარავდა. ბოსმა დაუყვირა, გამოდი, თორემ შენც გესვრი, შენი ჩამპალი სიცოცხლე არაფერი არ ღირსო. დროზდოვს გაუმეორა, ესროლეო. ჯარისკაცი ოდნავ დაბნეული იყო, მაგრამ ავტომატი არ დაუშვია. ბოსმა კვლავ დაიყვირა, ესროლეო. დროზდოვმა სასხლეტს გამოკრა - ტყვია საიდას ფეხებთან მოხვდა მიწას. გოგო ოდნავ უკან გადახტა. ამ დროს ისმაილი მიუახლოვდა დროზდოვს, ავტომატის ლულა ხელი დაადო და დაბლა დააწევინა. ბოსი სიბრაზისგან გაწითლდა, რას ბედავო და ავტომატის კონდახი სახეში მიარტყა - ჩერქეზი გულწასული დაენარცხა მიწაზე. მესამე ჯარისკაცს იარაღი ზაურბეკისკენ ჰქონდა მიშვერილი. ბოსმა კვლავ უბრძანა დროზდოვს, ესროლეო. ჯარისკაცი ყოყმანობდა, ქალი ეფარებაო, უპასუხა. ბოსმა ავტომატი გამოართვა, მოაშორე ეგ ქალიო. დროზდოვი საიდასკენ დაიძრა. დანით თოკის გადაჭრას ვცდილობდი - არ გამომდიოდა. დავუყვირე, ხელი არ ახლო თორემ მოგკლავ-თქო. დროზდოვმა გაიცინა, საიდას მიუახლოვდა და ხელში წაავლო. გოგომ მეორე ხელი მოიქნია და სახეში სილა გააწნა. ჯარისკაცი გაწითლდა, მუშტი მოიღერა და მთელი ძალით დაარტყა. საიდა წაიქცა. დროზდოვმა ესეც არ იკმარა და მუცელში ჩექმიანი ფეხი სთხლიშა. ხელებშეკრული მისკენ გავექანე, თავი მკერდში დავარტყი. წაიქცა, მაშინვე წამოხტა, მიწაზე დამახეთქა და წიხლები თავში დამიშინა. დანა სადღაც დავარდნილიყო. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. საიდამ ოდნავ ამოისუნთქა, ფეხებზე მოეხვია - დროზდოვმა ისევ წიხლი კრა, პისტოლეტი ამოიღო და დაუმიზნა - კიდევ ერთხელ შემეხები და ტვინს გაგასხმევინებო. საიდა გაშეშდა, შემომხედა, გამიღიმა, თვალები დაახამხამა და ფეხზე წამოდგა. დროზდოვის პისტოლეტს შუბლი მიადო, გაუღიმა. ამ დროს ბოსმა დაიღრიალა - რაღას უცდი, მოკალი ორივეო. ჯარისკაცმა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ საიდას, სასხლეტს გამოკრა - არ გავარდა. ბოსმა შეიგინა, მოგვიახლოვდა, ჯიბიდან საკუთარი პისტოლეტი ამოიღო, საიდას თავზე მიადო, შემომხედა, გველურად ჩაიცინა და გაისროლა... საიდას ცხედარი ჩემს პირდაპირ დაეცა, თვალები ღია ჰქონდა, ტუჩებზე კი იგივე ღიმილი, მიყურებდა - ვხედავდი, როგორ ქვრებოდა მის თვალებში სინათლე, გუგები ჯერ გაფართოვდა, შემდეგ დაწვრილდა და ბოლოს საერთოდ დაიკარგა. მოულოდნელად, ავტომატის კაკანის ხმა გაისმა - ზაურბეკს მოუხერხებია და მესამე ჯარისკაცისთვის იარაღი წაურთმევია. იქვე მიახვრიტა. დროზდოვისა და ბოსისკენ მიატრიალა. მოვლენების ასეთ განვითარებას არცერთი ელოდებოდა - საპირისპირო მხარეს გადახტომა სცადეს. ბოსი გაუჩინარდა, ხოლო დროზდოვს ერთი ტყვია ფეხში მოხვდა და ჩემგან რამდენიმე მეტრში წაიქცა. ისმაილი აზრზე მოსულიყო, მაგრამ მიწაზე იჯდა, ადგომა უჭირდა. ზაურბეკი ჩემსკენ მოვარდა, მიწაზე დაგდებული დანით ხელები გამიხსნა, იქვე დააგდო და იმავე მიმართულებით გაუჩინარდა, სადაც ბოსი გაიქცა. გაჭირვებით მივფოფხდი საიდას ცხედართან. გასისხლიანებული თავი მუხლებში ჩავიდე, გადავეფარე და არაბუნებრივი ხმა ამოვუშვი. ვტიროდი, მაგრამ ცრემლი არ მომდიოდა, რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ღრიალი ამომდიოდა. არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ასე. დროზდოვის კვნესამ გამომაფხიზლა. უეცრად, ძალის მოზღვავება ვიგრძენი. წამოვდექი. მიწაზე დაგდებული დანა ავიღე და დროზდოვს მივუახლოვდი. პისტოლეტი რამდენიმე ნაბიჯში ეგდო, ვერ წვდებოდა. ჩემი სხეულის დანახვისთანავე, ატირდა, არ მომკლა, შემიბრალე, ჯარისკაცი ვარ, ბრძანებას ვასრულებო. მუცელზე ამოვატრიალე, თმებში წავავლე, კისერზე დანა მივადე და წყნარად ვკითხე: - ბოსის სახელი და გვარი მითხარი. - არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ბოსი ქვია. - ბოსის სახელი და გვარი მითხარი. - ხომ გითხარი, არ ვიცი-თქო. - ბოლო შანსს გაძლევ. ბოსის სახელი და გვარი მითხარი. - ილია ქვია. - გვარი? - კაზაპოვი. - თათარია? - ხო, მგონი. - მადლობა. სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ დანა ყურიდან ყურამდე გამოვუსვი. სხეულმა ხროტინი დაიწყო, აკანკალდა, თითქოს წამოდგომაც სცადა, მაგრამ იქვე ამობრუნდა და ფართხალი გააგრძელა. პისტოლეტი ავიღე, შევამოწმე - ტყვია იყო გაჭედილი, ამოვაგდე და იგივე მიმართულებით დავიძარი, სადაც ბოსი და ზაურბეკი. ხმა გამესმა, დამიცადეო. მოვიხედე, გასისხლიანებულ ისმაილს ორი ავტომატი ეჭირა, გამომიწოდა, წავიდეთო, ჩუმად ჩაილაპარაკა... ნაკვალევმა ტყეში შეგვიყვანა. სადღაც მოშორებით, რამოდენიმეჯერ სროლის ხმა გაისმა. ხმისკენ წავედით, არც ვფრხილობდით - გავრბოდით და გვერდებზე ვიყურებოდით. ნაკვალევი ხევში დაეშვა. სისხლის კვალი შევნიშნეთ, გავყევით. მდინარის პირას ვიღაც ეგდო. მივუახლოვდით, ამოვაბრუნეთ - ზაურბეკი იყო. ეტყობა, ბოსს წამოეწია, მაგრამ რუსმა აჯობა. მდინარის მეორე მხარეს გადავირბინე - კვალი არსად ჩანდა - მდინარეს გაჰყვა. ისმაილმა შემომხედა, თავი უარყოფის ნიშნად გააქნია: - ქართველო, დავკარგეთ. - რას ქვია დავკარგეთ. მდინარეს ჩაუყვა. ზემოთ წყალი ამღვრეული არაა. - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ დაბლა რუსები დგანან. ჩაგვასწრებს. მოდი, მიცვალებულებს მივხედოთ. მერე მოვიფიქროთ რამე. ზაურბეკის ცხედარი ხევიდან ამოვიტანეთ. შედარებით მოსწორებული ადგილი მოვნახეთ, დანებით საფლავი ამოვჩიჩქნეთ, ჩავასვენეთ, ისმაილმა არაბულად რაღაც ლოცვა წაიკითხა, სახეზე ხელები ჩამოისვა... მიწა მივაყარეთ. ჩერქეზმა საფლავს ავტომატი დაადო, ასეთი წესიაო. ჩავიმუხლე, მიწას ხელი გადავუსვი და ჩავილაპაკე: "მადლობა, ზაურბეკ". უკან დაბრუნებულებს ცხედრები ადგილზე აღარ დაგხვდა, ვიღაცას წაუღია. ორი დღე ტყეში გავჩერდით. სანამ არ გავიგებ, საიდას საფლავი სადაა, არსად წამოვალ-თქო. მეზობლებს მშობლების გვერდით, გუდაუთაში დაუკრძალავთ. ჩასვლა ვსინჯე, მაგრამ ყველა ბილიკი გადაკეტილი იყო. დიდი სიამოვნებით მივუშვერდი თავს ტყვიას, მაგრამ ერთი მისია შესასრულებელი მქონდა - ილია კაზაპოვი უნდა მეპოვნა. ისმაილმა საიდანღაც თბილი ტანსაცმელი და საკვები მოიტანა. ჩრდილოეთისკენ დავიძარით. წინ ყაბარდო-ბალყარეთი გველოდა.
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|