Mako Subladze
35-ე თავის წინა ნაწილი:
ამათი პრობლემები მოგვცა***35-Now can't help tears of grief...***( თავი 35, ნაწილი VII)
დილით ალექსმა საუზმე მაგიდაზე დამიდო, ჩაი ჩამომისხა და მაუწყა:
- იქნებ გამონაკლისის სახით მაინც წაიხემსო ცოტა. თუ არა და ჩაი მაინც დალიე. მე უკვე გავდივარ, საღამოს ვეცდები დროზე დავბრუნდე, მაცივარში ნახავ სადილისთვის აუცილებელ პროდუქტს, ასე რომ, გარეთ გასვლა არ დაგჭირდება. დაისვენე და დროც გავა.
ლოყაზე ხელის ზურგით შემეხო, გამიღიმა და ოთახიც დატოვა. მალე ეზოდან მოტოციკლის ხმამაც შემოაღწია...
ის დღეც როგორღაც გავიყვანე - ხან ტელეეკრანის წინ, ხანაც ჟურნალების თვალიერებით. გვიან საღამოს კი იგივე მოტორის ხმამ მაუწყა, რომ ჩემი მასპინძელი უკვე დაბრუნდა. რამდენიმე წუთში კარიც შემოაღო, ჩაფხუტი მაგიდაზე დადო, ტყავის ქურთუკიც სკამზე მიკიდა, განათებული სახით შემომხედა და მომმართა:
- ყველაფერი რიგზეა, პატარავ. აწი შენი გადასაწყვეტია როდის წახვალ ლუქსემბურგში, თუ გინდა ერთი-ორი დღე კიდევ დარჩი... როგორც შენ გადაწყვეტ.
მეც ამოვიღე ხმა:
- დაყოვნებას რა აზრი აქვს, რაც მალე წავალ მით უკეთესი, თუმცა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ზეგ დილით გავიდეთ.
ხელი ხელის გულში ჩამარტყა, როგორც შეთანხმების ნიშანი. ცერა თითის წამოწევით კი მანიშნა, რომ ყველაფერი კარგად არის და სამზარეულოსაკენ გასწია.
იმ საღამოსაც კარგა ხანი ათას რაღაცაზე ვისაუბრეთ და გვიანი ღამეც წამოგვეწია. ლამაზი ღამე მისურვა და დაღლილმა თავის საძინებელს მიაშურა...
მეორე დღეს დილითვე მოტოციკლით გასეირნება შემომთავაზა. წითელი, გრძელი თმის პარიკი მოვირგე თავზე, შავი სათვალე გავიკეთე, ჩემთვის განკუთვნილი შლემიც დავიხურე და მზად ვიყავი მოტოციკლით ტურის ჩასატარებლად. საკმაოდ დიდი „გასეირნება“ გამოგვივიდა, გვიან ნაშუადღევს დავბრუნდით უკან. გვიანი სადილის შემდეგ ჩემი სურვილის გათვალისწინებით ცხელი ღვინო შემოამატა სუფრას. ვსვამდით და ბჭობდით მთისას და ბარისას, ისე - თითქოს დაგვიწყებოდა ვინ ვიყავით, სრულიად ჩვეულებრივ, როგორც ამას ორი კარგი ნაცნობი გააკეთებდა.
მოგვიანებით კიდევ ერთხელ დავწვრილმანდით ჩემს წინ არსებული გეგმის ირგვლივ, კიდევ ერთხელ შევეხეთ უმცირესს დეტალსაც კი. ეს ღამეც თითქმის დაგვათენდა თავს და დილით გარიჟრაჟზე უკვე დავტოვეთ ალექსის კოხტა დროებითი სამფლობელო...
***
საარბრუკენს რომ მივუახლოვდით, ვთხოვე დასახლება ზულცბახ-შნაპახში გადეხვია. კვირა დღე იყო და დარწმუნებული ვიყავი ეკლესიაში წირვა იქნებოდა. ერთხელ საშასთან ერთად ნამყოფი ვიყავი ამ ეკლესიაში და სპონტანურად გადავწყიტე შევსულიყავი. ალექსიც დამეთანხმა, გადაუხვია ავტომაგისტრალს და ეკლესიის მიმდებარე ქუჩაზე ჩამომსვა...
წირვის შემდეგ ხალხი რომ შეთხელდა, შესაწირავების მაგიდათან წიგნების თვალიერებას მოვრჩი, სანთლების გამყიდველი ქალიც სალაროს კეტავდა უკვე, უხმოდ მივუახლოვდი და სამი, თითო ათას მარკიანი კუპიურების შეკვრა მაგიდაზე დავდე. არაფერი მითქვამს, სწრაფად შემოვტრიალდი და კარისკენ გავწიე. ეკლესიის ეზო გავლილი არ მქონდა, რომ სანთლების გამყიდველის ხმა წამომეწია, მოკრძალებით შემეხო მკლავზე და შემატრიალა, ხელში კი ჩემი დატოვებული ფულის შეკვრა ეჭირა:
- უკაცრავად, ქალიშვილო, მგონი ეს დაგრჩათ... იქ , მაგიდაზე...
ირგვლივ მიმოვიხედე და რაღაც არაბუნებრივი ღიმილით ვუპასუხე:
- არა, არ დამრჩენია, ეგ შესაწირავია...
ისევ მწვდა მკლავზე და გაოგნებულმა მომიგო:
- არა, ეს ბევრია... სახელი მაინც მითხარით თქვენი და ქველმოქმედთა წიგნში გაგატარებთ...
სრული სერიოზულობით გავეცი პასუხი:
- არ არის საჭირო, რა საჭიროა სახელი... ნახვამდის...
ხელი გავითავისუფლე და სწრაფი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით დავტოვე ეკლესიის ეზო...
მანქანაშიც ასევე ჰეკტიკურად დავჯექი, ალექსს არაფერი უკითხავს, იცოდა, თუ რაიმე პრობლემა იყო თავად ვეტყოდი და უხმოდ გავაგრძელეთ გზა. წამოსულ ცრემლებს არ ვმალავდი მის წინაშე, ხანდახან გვერდულად მიყურებდა, თუმცა მაინც არაფერი უთქვამს, მხოლოდ ხელით მხარზე შემეხო და ეს იყო მისი რეაქცია ჩემი მოძალებული ემოციების წინაშე...
სამიოდე საათის შემდეგ უკვე ლუქსემბურგშიც შევედით. ქალაქგარეთ ერთ-ერთ კაფესთან გააჩერა და შემომთავაზა ყავაზე შესვლა. უსიტყვოდ დავეთანხმე მეც.
ვსვამდი ყავას და სველ თვალებს შიგა და შიგ რბილი ქაღალდის ხელსახოცით ვიწმენდდი. გამეფებული უსიტყვობა ალექსმა დაარღვია:
- მე მინდა რომ შენ გახარებული იყო, ცოტაც მოითმინე და შენი მიზანიც ასრულდება... რა გაეწყობა, ამაზეც კმაყოფილი უნდა იყო, რომ ეს ვარიანტი მაინც არსებობს შენთვის, თორემ... თორემ ... კარგი, დაწყნარდი, ცოტაც მოითმინე და თავად იქნები მოხარული, როდესაც ყველაფერ ამას უკან მოიტოვებ...
ჩაგუბებულ ცრემლს ვეღარ გავუმკლავდი, ღაპა-ღუპით წამომცვივდა და ჩემგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი წინასწარი გააზრების გარეშე ვსტაცე ალექსს ხელი ხელზე:
- ალექს! გთხოვ... გემუდარები, არ დამტოვო... იყავი ჩემს გვერდით... გემუდარები, გთხოვ...
მეორე ხელით ჩემს ხელს მოეფერა, თვალებში რაღაც სხვანაირი, ნაღვლიანი გამოხედვით ჩამაცქერდა და მიპასუხა:
- დაწყნარდი... მე რომ ეგ შემეძლოს, შენი თქმა არ დამჭირდებოდა, მე თვითონ შემოგთავაზებდი მაგას და ... და... არც დაგტოვებდი... მაგრამ... მაგრამ ეს შეუძლებელია, შენ ვერ იქნები ჩემს გვერდით... შენ ეს არ გაწყობს და შენ ეს არანაირ სიკეთეს არ მოგიტანს... შენ სხვა ცხოვრებისთვის ხარ განკუთვნილი, მე კიდევ სულ სხვა და ჩვენი გზების სამუდამო დამთხვევა გამორიცხულია... დაწყნარდი, ნუ გეშინია, მოახერხებ ყველაფერს... დამშვიდდი... ნუღარ ტირი... შეუძლებელია ეს, ჩემს გვერდით პრობლემების მეტი არაფერი გექნება და მე კიდევ სიტყვა მაქვს მიცემული... სიტყვა, რომ ყოველ ღონეს ვიხმარდი შენი და შენი პატარების კეთილდღეობისათვის...
თითქოს აზრს დავუბრუნდი, ცხადად მივხვდი ჩემი სიტყვების უაზრობა. თითქოს თავად არ ვიცოდი, რასაც ალექსი გულისხმობდა და თითქოს თავად არ ვუწყოდი, რაც მან მითხრა... ჩემს მოპირდაპირე მხარეს მჯდარი ადგა, ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, მხარზე მიმიყრდნო და ისევ იმეორებდა:
- დამშვიდდი, პატარავ... დაწყნარდი... შენ იმსაუხრებ იმას, რაც მიზნად დიასახე შეასრულო და მე კი იქ ადგილი არ მაქვს... დამშვიდდი... მე მუდამ შენთან ვიქნები, ასე, შორიდან, მაგრამ შენთან... დაწყნარდი და გამახარე მეც... ახლა მე გთხოვ ამას, დაწყნარდი...
ვტიროდი მის მხარზე და ვხვდებოდი ჩემს უსუსურობას, ვხვდებოდი, რომ მე დღეიდან უკვე სრულიად მარტოხელა მგელი ვიქნებოდი... საშას შემდეგ მეგონა ვიყავი ეს, მაგრამ ალექსთან შეხვედრამ მიმახვედრა, რომ ჯერ კიდევ არ ვიყავი მარტოდ, მაგრამ აწი - დღეიდან ვიქნებოდი ნამდვილი მარტოხელა მგელი... ვტიროდი და არ მრცხვენოდა იმის, რაც რამდენიმე წუთის წინ ვთქვი... არ მრცხვენოდა, იმიტომ რომ ვიყავი ქალი, დედა და არ იყო აუცილებელი შემრცხვენოდა ჩემი შიშების თუ უძლურების გამო... ახლა მაინც, თორემ ხვალიდან ჩემთვის შიში მიუღებელი გახდებოდა ისევ...
(* გავაგრძელებ)
ეს სურათი
snegurochka-ს მოეწონა და იყოს:
მიმაგრებული სურათი