anamch
ახლა მოვედი, ჩემმა ალექსანდრემ ერთ საინტერესო ადგილზე წამიყვანა, ჩვენი ქალაქიდან მოშორებით, მთაზე, ტყეში, დაბლა მთელი განათებული არეალი ჩანდა , ლამაზი იყო

ვაგრძელებ , თავი 8-ე, დასაწყისი :
ამათი პრობლემები მოგვცა***8-And I have swept as that ring there - from where there is no return...***( თავი 8-ე, ნაწილი II, თავის დასასრული. პატრიცია არ გამოჩნდა და სათაურის ჩემი ვარიანტი დავწერე )
საათნახევრის შემდეგ პირველი სხდომა დასრულდა და მასპინძელი ინსტიტუტის მესვეურებმა ყველანი დიდ დარბაზში ბუფეტზე მიიწვიეს. ბართან ადგილი ინსტიტუტის დირექტორის გვერდით დავიკავე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცა: იმდენი ვინმე ულოცავდა წარმატებულ გამოსვლას და მიღწევებს, რომ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ხალხის ჯგუფებით გარშემორტყმული გახლდათ. მანამდე კი ბართან უახლოესად მდებარე სითბოს რადიატორებს მხურვალება შეუმჩნევლად მაქსიმუმამდე ავუწიე. ბართან გავჩერდი და მონდომებით ვათვალიერებდი სასმელებს, მავანი დარწმუნდებოდა, რომ ვირჩევდი რა დამელია. ასევე დარწმუნდა ინსტიტუტის დირქტორიც და თავაზიანად შეეცადა დახმარებას:
- ძალიან გემრიელია რიზლინგი!
თქვა და მორბენალი თვალებით შემომცინა.
- გმადლობთ ... მაპატიეთ, ახლა გიცანით, გილოცავთ წარმატებას!
სინაზედ დავიღვარე და ბეჭდებიანი ხელი გავუწოდე. თბილად და სიამოვნებით ჩამომართვა ხელი და მადლობაც გადაიხადა.
- ქალბატონო...
შეამჩნია რა, სამკერდე ბარათი არ მიკეთია, უსახელოდ გააგრძელა :
- ქალბატონო, თქვენ რომელ ჯგუფს ეკუთვნით? მაპატიეთ კადნიერება ...
რიზლინგიანი მაღალფეხა ჭიქა ტუჩებთან მივიტანე, ქვემოდან ამოვხედე , მედიდური ღიმილი დავიყენე :
- შვეიცარიელებს ...
- სასიამოვნოა... მიხარია, რომ თქვენნაირი მშვენება ქალიშვილის შექება დავიმსახურე, ნება
მიბოძეთ...
ჩემი მარცხენა ხელი ხელში აიღო და ნაზად ეამბორა.
- კიდევ ერთხელ შემინდეთ, სახელი და გვარი არ ვიცი თქვენი, რომ მოგმართოთ ...
- კლავდია.. შეგიძლიათ მხოლოდ სახელით მომმართოთ...
ისევ გავიმეორე წინანდელი მოქმედება და ისევ მოსრიალე თვალებით ქვემოდან შევაგებე მზერა.
მაღალლი სკამი გამომიჩოჩა, თავისთვისაც ასევე .
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩამოვჯდეთ ...
სიხარულავსებული ღიმილით აუყვავდა სახე.
- თქვენც მსგავს პროექტებზე მუშაობთ, რასაკვირველია..
საქმიანად მკითხა.
- დიახ, ოღონდ ჩვენი შედეგები უფრო მედიცინის სფეროსთვის არის განკუთვნილი... თქვენი პროექტი , რომელიც მხოლოდ გაკვრით მიმოიხილეთ გასაგები მიზეზების გამო, არ მიწყინოთ, მაგრამ სირთულისა და სიახლეების მხრივ ნამდვილად არ სჯობს ჩვენსას... თუმცა , თქვენს შემთხვევაში გამოყენების სფერო ბევრად პრეტენზიულია, ვიდრე ჩვენი…
განახევრებულ ჭიქაში რიზლინგი ჩამიმატა და გაიცინა:
- მჯერავს, მჯერავს... ყველაფერ სიკეთესა და სილამაზესთან ერთად გულწრფელიც ყოფილხართ...
თვალები აღფრთოვანებით უთრთოდა. ალბათ ხელზე მთხვევის პროცედურა რომ ჩატარებული არ ჰქონოდა, სიამოვნებით გაიმეორებდა. შუბლზე ოფლის წვეთები დაასხდა. ცხვირსახოცით რამდენჯერმე შეიწმინდა, მაგრამ წამებში ისევ ენამებოდა.
- ძალიან სიცხეა აქ, სხვაგან ხომ არ გადავჯდეთ?
როგორც იქნა აღიარა. ეუხერხულებოდა წამდაუწუმ ოფლის წმენდა.
- მე როგორც კი გეახლებით თქვენს მიერ სამართლიანად გემრიელად წოდებულ არომატულ რიზლინგს, მცირე ხნიანი პირადი შეხვედრა მაქვს გეგმაში, სანამ სხდომის მეორე ნაწილი დაიწყება... ასე რომ , არ ღირს რამდენიმე წუთისთვის ადგილის შეცვლა... თქვენ კი ინებეთ... თუ გსურთ გადაბრძანდით...
ეშმაკუნებიანი ღიმილი შევაგებე სიტყვებთან ერთად.
- როგორ გეკადრებათ... თქვენნაირ ქალიშვილთან ერთად ჯოჯოხეთშიც გავძლებ!
თქვა და კოსტიუმი სკამზე გადაკიდა.
მის შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით 45 წლის იყო. მესამე წელია ამ კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური განყოფილების გამგის პოზიციიდან ინსტიტუტის დირექტორად გადაიყვანეს, მეტად ამბიციური და მეცნიერებასთან ერთად კარიერით დაინტერესებული პიროვნება.
ოდნავ შეთხელებულ თმას სახის ლამაზი ნაკვთები არაეფექტურობას უკარგავდა. საშუალო სიმაღლის , საერთო ჯამში , არც თუ ისე უსიმპათიურო მამაკაცი. მის თვალიერებას მოვეშვი და მივუგე:
- გმადლობთ კამპანიისთვის...
ყბაზე ამოიდო ორივე ხელისგული და ისევ ციმციმა გამომეტყველებით უხმოდ მომაჩერდა. ფანჯრისკენ მივანიშნე:
- ისევ მოთოვს ვითომ? თქვენ როგორ ფიქრობთ?
ბეჯითად მიიხედა მარცხნივ , ოდნავ დაწია თავი, როგორც ჩანს ცის დანახვას ლამობდა. ზამთრის მოკლე დღე სიბნელეს უთმობდა ადგილს… ეს დრო საკმარისი იყო ჩემთვის, რომ მისი კოსტიუმის ჯიბიდან გასაღებების შეკვრა ჩემი თხელი პლაშის ჯიბეში გადანაცვლებულიყო. "მადლობა ღმერთს, შარვლის ჯიბეში არ ედო…!", რამდენადაც ’გეგმა ნომერი2’ ასე თუ ისე უფრო მეტ ძალისხმევებთან იყო დაკავშირებული. ამის გაფიქრებისას მოწადინებით ვეცდებოდი სახეზე სისხლის მოწოლა დამეთრგუნა.
- შეიძლება ღამე მოთოვოს... რა რომანტიკულია ღამის თოვლი... თქვენ რას აკეთებთ ამ საღამოს? იქნება ერთად დავკვირვებოდით ღამეულ თოვას ქალაქში...
რიზლინგი მოვსვი, ჩანთა მუხლებზე დავიდე, რამდენიმე წამი გავიყვანე და ვუპასუხე:
- ვვარაუდობ, რომ უკეთესი შემოთავაზება ამ საღამოს გატარებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიმიღია... თუ არაფერი შეიცვლება, კონფერენციის შემდეგ მოგაწვდით ამბავს...
ოდნავ გვერდიდან გადავხედე. ისევ უციმციმებდა თვალები. როგორც იქნა დამანება წავსულიყავი უკვე ნახსენები პირადი შეხვედრის მიზეზით...
"მესამე სართული, ოთახი 303... მესამე... 303..." - ტემპო მოვუმატე ნაბიჯებს... "303" ... კაბინეტის შესასვლელი კარის წინ კიდევ ერთხელ შევამოწმე კორიდორის სიცარიელე და რაც შეიძლება უხმაუროდ გადავატრიალე გასაღები. პატარა ფანრის შუქზე მარტივად მივაღწიე სეიფამდე. სიბრაზისგან ნერწყვი გადამცდა : სეიფის კარი ისეც ღია იყო… ეს რომ მცოდნოდა, იმდენ მოქმედებას დავზოგავდი, ჩვეულებრივი კარის გაღება სხვა მეთოდითაც შეიძლებოდა…როგორც კი საჭირო ფურცლები უკვე ხელში დავიგულე, ფანარი გამოვრთე და ცოტა დავიცადე , სანამ თვალები სრულ სიბნელეს შეეჩვეოდა... კორიდორიდან ქალის კისკისი გაისმა, ფეხის წვერებით კარებამდე მივირბინე და კარის გვერდზე გავიტრუნე... ქალი ისევ კისკისებდა, მალე კაცის ხმაც გავარჩიე, თითქმის ჩურჩულებდა, მაგრამ მაინც. ნახევარი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ მეზობელი კარის გაღება-დახურვის ხმა მომესმა... მივაყურადე... ახლა ყრუდ ისმოდა ქალის კისკისი, კაცის ხმა კი უფრო მინელდა...
შენობის კიბეებზე ფეხით დავეშვი... ქუჩაში გამოსულმა სანაგვის პირველივე ყუთში ჩავუძახე დირექტორის გასაღები. მისი პროგნოზი, რომ ღამე ითოვებს , ადრიანად აცხადებულიყო და ცა დიდი ფანტელებით თეთრ სილამაზეს აფრქვევდა....
იქვე ახლოს, წინასწარ გათვალისწინებულ კაფეში შევედი და ტუალეტისკენ გავეშურე. მიმტანმა გოგონამ , არც თუ ისე კეთილგანწყობით უკან რომ მომყვებოდა, გამაჩერა და სიტყვა უკმეხად მომიგდო:
- უკაცრავად... თუ თქვენ კაფეს სტუმარი არ ხართ, ტუალეტის სარგებლობის უფლება არ გაქვთ !
ახსნა-განმარტებისს დრო არ იყო და ზედმეტობებისგან რომ თავი შემეკავებინა, კულტურის დაცვით მივუგე:
- კარგით... მესმის... მაშინ ერთი ფინჯანი კაპუჩინო ... ბართან... ახლავე დავბრუნდები...
- გადაიხადეთ!
მოზრდილი ჩანთა გავხსენი, მივაგენი საფულეს:
- მარკებს ღებულობთ?
- კი... თუ მარკებია მაშინ სამნახევარი გამოდის...
ამოვიღე 5 მარკა და ხელებში ჩავუსრისე... მომიტევეთ ახლა, ძალიან შეწუხებული ვარ , დიდი ხანია ვითმენ... ბართან დამიდგით...
ისევ ჯმუხი სახით შემომხედა და მომცილდა, მადლობაც არ უთქვამს, მის ენაზე ჩაილაპარაკა:
- აროგანტები... ჩაიცვამენ ესკადას, გაიწუწებიან ჩერუტით ან ზანდერით და ამით თითქოს ყველაფრის უფლება ენიჭებათ!
გერმანელების ცნობილი სლენგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შევისწავლე და მომეწონა, გულში გავიმეორე : ” შენი აზრი ისევე მაღელვებს, როგორც - თუ რამდენი ბრინჯიანი ტომარა გადაპირქვავდა დღეს ჩინეთში...”
ტუალეტის კაბინა ისეთი ვიწრო იყო, მოძრაობას ძლივს ვახერხებდი. არც თუ ისე აჩქარებით მოვიძრე პარიკი, გავიხადე იასამნისფერი პლაში, შავი ქვედაბოლო მუქი ლურჯი ჯინსის შარვლით ჩავანაცვლე, ზედატანი არ გამომიცვლია, არ იყო მაგის საჭიროება, , ცხვრის ბეწვის საყელოიანი ჯინსის ქურთუკი ადგილის სივიწროვის გამო წვალებით მოვირგე ტანზე, ჩანთა დავაცარიელე და უკუღმა მხარეს გამოვატრიალე - ჩემი შავი, ძვირფასი ტყავის ჩანთა ჩვეულებრივ კუბოკრულ ნაჭრის ჩანთად გადაიქცა.
გახდილი ტანსაცმელი პარიკთან ერთად დიდ ჩანთაში ჩავტენე, ჩემი ნადავლი კიდევ ერთხელ შევამოწმე და აქტების შესანახ ცელოფნის დიდ კონვერტში სიფრთხილით გადავიტანე, ისეთი პოზიციით მოვათავსე , რომ დაჭმუჭვნისგან მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო... მუქი პომადა ისედაც დიდი ხანია აღარ მეცხო ტუჩებზე, ამიტომაც არ საჭიროებდა მის მოცილებას ან სხვა ფერით შეცვლას. საკუთარი, ქერა თმა შევისწორე , ხელჩანთა მხარზე მოვიგდე, ზიგ-ზაუერის P230 ტიპის პისტოლეტი ქურთუკის ჯიბეში მოვათავსე - მისი ზომები იძლეოდა ამის საშუალებას. მშვიდად გამოვედი ტუალეტიდან და ამჯერად ჩემი სპორტული ჩაცმულობა კაფეში მყოფთაგან არავის ზედმეტ ყურადღებას თუ გულისწყრომას არ იწვევდა...
დათქმულ სასტუმროში ღამის ბართან გრიზლის, იგივე საშას ველოდებოდი. ისიც გეგმის ზუსტი დაცვით გამოცხადდა. ჩემს გვერდით ბარის სკამზე მოიკალათა და ბარმენს *მარტინი ბიანკო* შეუკვეთა. როგორც ვითომ უცნობმა, თავიდან გამიცნო "შემთხვევით" გვერდით მჯდომი ბანოვანი, სახელად მას ამჯერად მათიასი ერქვა. ბარმენს ჩემთვის Irish Coffee -ს დამზადება დაავალა... მშვენიერი განტვირთვა იყო დღევანდელი მძიმე დღის შემდეგ ბატონი "მათიასის" გაცნობა... ერთი საათის შემდეგ კი ფოიეს ტერასიდან თოვლის ფასცინაციას ერთად ვაკვირდებოდით... საშა თითქმის მომეკრა , ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, გაშვერილი ხელით ფიფქებს იჭერდა და თან მელაპარაკებოდა:
- შენი პასპორტი და ყველა საბუთი უკვე შენს ხელჩანთაში დევს... არ შეგეშალოს, მარცხვნივ დევს შენი ჩანთა... ბილეთიც იქვეა. ხვალ ჩაფრინდები იქ და ჩვეულებრივ, შენს საქმიანობას გააგრძელებ...
სინათლე ჩამისახლდა გულში ამის გაგონებაზე.
- გააგრძელებ... ჩვეულებრივ ცხოვრებას.. .შენივე იდენტიტეტით, შენივე პროფესიულ საქმიანობას...
უფრო მეტად ნათობდა გული, აღფრთოვანებული ინტონაციით მივახალე :
- ანუ ? გასაგებია... ჩვეულებრივ ცხოვრებას... ანუ? ეს იყო ?
ფიფქებიანი სველი ხელი პულოვერით გაიწმინდა და მოჭუტული თვალებიდან ისრები გამიჩხირა თვალებში. მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა მომეკეტა, მყისიერად!
- როცა საჭირო გახდება… სხვა კი როგორც გითხარი... ჩვეულებრივ...
ფართო საწოლზე ნებიერად წამოწოლილი, ემოციებით დახუნძლული კიდევ ერთხელ ვიხილავდი იმ დღევანდელ დღეს. ვგრძნობდი, რომ როგორც ყველა თამაშს, ამასაც რაღაც აზარტი ქონდა...
მეორე დღეს, ნაშუადღევს , საათნახევრიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავის ლუმინატორიდან სრული სიამოვნებით ვტკბებოდი ციურიხის ტბის და მისი შემოგარენის თოვლიანი ლანდშაფტის მომხიბლველობით...
(გავაგრძელებ მე-10 თავს შემდგომში)