marta007კაი, მასე ვქნათ

თავი მე-10, სრული ვესრია.
***10-But the sky was covered with a cage over me... And black has again driven raven...*** - მოკლედ, პატარავ, შენთვის ეს მონახაზი საკმარისია... გაეცანი და ფთების შესხმა შენზე
მომინდვია... მთავარია იცი, რა არის მიზანი..
საშამ ფურცელი გადმომაწოდა და თვითონ იქვე - მდინარის პირას ცეცხლის გაჩაღებას შეუდგა. მეთევზე ბაბუის ამპლუაში ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა. ჩემი ბავშვობის დროინდელი მილტფილმის , "აბა, დამაცადე! "-ს ერთ-ერთი სერია გამახსენდა, მეთევზე დათვს ანკესით ხელში რომ თვლემს და სიცილი ვერ შევიკავე, თან მზერა მის მიერ ბალახზე მიგდებულ ანკესსა და სამ ცალ მოფართხალე თევზისკენ გადავიტანე, დიდი ტანჯვის შემდეგ რომ როგორღაც მოიპოვა.
- ნუ ეშმაკობ! იცოდე, თუ კიდევ მასე დამცინებ, დარჩები მშიერი...
ცეცხლის დანთების პროცესის შეუწყვეტლად , ჩემსკენ მოუხედავად ლაპარაკობდა:
- სულ დაკარგე ზრდილობა და ბაბუას დასცინი...
უფრო აშკარად გამეცინა ამაზე, თან მეტრიანი რეზინის ჩექმები რომ ხელს უშლიდა მოხრაში. მალე ანკესით, ვედროთი და ჩემთვის განკუთვნილი შემწვარი ერთი თევზით დატვირთულები აქა-იქ ჯერ კიდევ თოვლით დაფარულ გორაკზე მდგარ მონადირის ქოხს მივუახლოვდით... როგორ მაგონებდა ბუნებაც და საერთოდ ეს ყველაფერი ჩემს მშობლიურ მხარეს : საღამოს ყინვით ატირებული ხეები , ცის დასაწყისში ჩამოკიდებული იგივე მთვარე, იგივე ხმით მოისმოდა ალპების ერთ-ერთ, უახლოეს სოფლიდან ძროხების ბღავილიც კი , ნისლი კი მთების მკერდზე დაფენილიყო...
ცეცხლით აგიზგიზებულ ღუმელზე სპილენძის თუნგით წყალი დაადგა, ხის ძელებით გაკეთებულ , კედელთან მიმაგრებულ გრძელ ტახტზე ორნამენტებიანი დაგრაგნილი ნოხი გადაშალა, შიგნით ჩატანებული ბალიშები მოფერთხა და ნეტარებით მოასვენა სხეული.
- წყალი ადუღდება - ჩაის შენ იკისრებ... შეამოწმე ლამპებში საკმაო რაოდენობის საწვავი თუა, თუ აკლია, კიბის ქვეშ სათავსოში დევს ორი დიდი ქილა და გაავსე... ალბათ კიდევ არის, ვინ დახარჯავდა... რა ვიცი...
სიამოვნებით შევუსრულე დავალებები. ლამპის შუქზე მესამედ ჩავათავე მის მიერ მოცემული გეგმის ჩონჩხის კითხვა , რამდენიმე ჩემი ვარიანტიც მივამატე. ღამის მიერ სიშავის აზარტში შესვლასთან ერთად სიცივემაც იმატა, დავიხურე სქელი ნაბადი და მის ფეხებთან მიწოლილს ძილის ბუნებრივი ნდომა მინაბავდა თვალებს.
დილით, ქოხიდან საკმაოდ მოშორებულ გზაზე, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ავტობუსიც გამოჩნდა და ქალაქმდე ჩავედით. სადგურშივე დავცილდით ერთმანეთს. მანამდე ისევ მომიბრუნდა და მითხრა:
- აბა, შენ იცი ! როგორც შევთანმხდით... საჭიროების შემთხვევაში ჩემი რჩევა გაიხსენე... მთავარი: დროზე მოდი !
ყურებიანი მატყლის ქუდი შუბლზე ჩამომიწია და გამშორდა.
***
სამიზნე ფირმის შესასვლელთან საშამ მანქანა გააჩერა და საგუშაგო ჯიხურთან შეძრწუნებული სახით მიირბინა. ღამის დარაჯი უნდობლად გამოჰყურებდა ჯიხურის ფანჯრიდან.
- მეგობარო! გთხოვთ... დამეხმარეთ...
დარაჯმა, როგორც მოხდა, სარკმელი ჩამოსწია და სმენად იქცა:
- დახმარება მჭირდება თქვენი... უმორჩილესად გთხოვთ...
დარაჯი წამოდგა და სარკმელში თავი გამოყო:
- რა ხდება, რა შეგემთხვათ?!
- ჩემს მეუღლეს მოულოდნელად სამშობიარო ტკივილები დაეწყო... მიშველეთ.. მიშველეთ,
გემუდარებით! ექიმი! ... ჯერ არ ველოდებოდით ... არც კი ვიცი საავადმყოფო აქ სად
მდებარეობს... დამეხმარეთ, მიმასწავლეთ გზა მაინც!
ამ დროს მე ტირილით გადმოვედი მანქანიდან, კარებზე მიყრდნობილმა გოდებით ჭინთვის იმიტაცია გავაკეთე, ოდნავ ჩავიმუხლე, ხელი ჩემს გაბერილ მუცელს მოვხვიე და "გონდაკარგული" დავეცი ძირს. თვალებდახუჭული ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მესმოდა საშას მოთქმა და დარაჯის ბლუყუნი, ვხვდებოდი, რომ ორივენი ჩემსკენ მორბოდნენ:
- ექიმი! მიშველეთ!
დარაჯი კიდევ რაღაცას სასოწარკვეთით ყმუოდა . წამების შემდეგ კი მისი ხმა მიწყდა...
- უუუჰ... ადექი!
გავახილე თვალი. ჩემს გვერდით ცხვირზე ხელსახოცდაფარებული დარაჯი ეგდო. გავაღე ჯიპის უკანა სალონის კარი და ანესთეზირებული საცოდავი ღამის გუშაგი დიდი გაჭირვებით შიგ შევტენეთ.
- აბა, ჰე! იჩქარე, ფირმის შენობის კარები ჯიხურიდან წითელი ღილაკით ეღება... მე ორ წუთში დავბრუნდები... ჩქარა გაიხადე !
კაბის ქვეშ შეტენილი გაბერილი რეზინის ბალიში სალონში შევაგდე, შავ ელასტიურ შარვალსა და ზედაბოლოზე გადაცმული კაბა ამოვიძვრე და ისიც იქვე მოვისროლე. ზურგჩანთას ხელი დავალე , პირჯვარი გადავიწერე და ფირმის შენობისკენ გავემართე. დაზეპირებული არქიტექტურული გეგმის შესაბამისად საჭირო განყოფილებისაკენ გავწიე... იმხელა შენობა უკაცრიელობას მოეცვა... სიცივემ ამიტანა, მეგონა სულების სამფლობელოში მოვხვდი. მაინც თამამად ავანთე ფანარი და ზუსტ მიმართულებას დავადექი....
როგორც კი რამდენიმე, ჩემთვის არასაინტერესო დოკუმენტს ღამის რეჟიმზე დაყენებული ფოტოაპარატით სურათები გადავუღე, ისევ მოწიწებით დავაბრუნე მათთვის განკუთვნილ მუყაოს შესანახში. დავალების მეორე პუნქტზე დაგავინაცვლე: ტყვიის კოლოფში რიგებად ჩაწყობილი ჩიპები ასევე რიგის მიხედვით ამოვიღე და ჩემს მიერ მიტანილებით შევცვალე. სულიერის არარსებობა ახლა მოჩვენებების შიშის ნაცვლად სიმშვიდეს მინარჩუნებდა და ჰეკტიკის გარეშე, წყნარად ვმოქმედებდი. მალე ამასაც მოვრჩი და ფაქტიურად ამით ამოვწურე გამიზნული საქმიანობა.
ოთახიდან გამოსვლისას ოდნავ შესამჩნევად დაზიანებული კარის სახელური დავლანდე . " შეეჩვიე სისუფთავეს! შეეცადე , მაქსიმალურად შეეცადე შენი იქ ყოფნის კვალი დიდი ხნის განმავლობაში მაინც შეუმჩნეველი დარჩეს! " - საშას ამ სიტყვების გახსენებამ რაღაც ამბიციური, სულელური ამპარტავნება გამიღვივა, რაც სწორედ რომ უადგილო იყო. სახელურის მორყეული ხრახნის მიმაგრებამ სწორედ ის მნიშვნელოვანი წუთნახევარი წამართვა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის...
მოვრჩი რა ხელოსნობას, კმაყოფილი ღიმილით, ფანრის შუქზე შევათვალიერე ჩემი ნახელავი. უცებ კარიდორში ყველა ნეონის ნათურა ტკაცა-ტკუცით ალაპლაპდა... ადრენალინი ტვინში მირტყამდა, ვერც კი ვსაზღვრავდი , რომელი მიმართულება ამერჩია, გეგმის მიხედვით, კორიდორის ორივე ბოლოში ძირს დასაშვები კიბეები იყო. იმდენად მისტვენდა ყურები, რომ იმის დადგენაც მიჭირდა - ზუსტად რომელი მხრიდან ისმოდა ნაბიჯების ხმა. პისტოლეტს უსაფრთხოების ჩამკეტი მოვხსენი , მაგრამ ისევ უკანვე დავაბრუნე , ოღონდ გახსნილ ბუდეში. სისხლი ყინულებად მყარდებოდა ძარღვებში, ისევ პისტოლეტისკენ წავიღე ხელი, მაგრამ ვირტუალურმა აზრმა მოქმედებას დაასწრო და იგივე მეთოდებით, მაგრამ ამჯერად ორჯერ უფრო სწრაფად, გავაღე ახლახანს ისევ ჩემს მიერ მიკეტილი კარი და იმავე ოთახის სიბნელეში გავუჩინარდი.
ფეხის ხმა ახლოვდებოდა... იარაღი ამოვიღე და მოვემზადე იმისთვის, რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი , ვიზამდი თუ არა ... "იცოდე, დაგასწრებენ - წააგებ ! სამუდამოდ წააგებ!" - საშას ეს ნათქვამი ციკლურად ტრიალებდა გონებაში, რომელიც გარკვეულ მხნეობას მმატებდა. ერთი კაცის მძიმე ნაბიჯების ნაცვლად კიდევ ორი ფეხის ხმა გავარჩიე . სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალები უსიამოვნო იმპულსს უგზავნიდა ორგანიზმს. მოულოდნელად ლაპარაკის ხმა მომესმა და ყურად ვიქეცი:
- პატრიკ! როგორც ჩანს სტუმრები გვყავს... ალბათ კომპიუტერებს იპარავენ... შენ მაგ ბოლოდან
დაიწყე ოთახების შემოწმება, მე კი აქედან მოვყვები... ვნახოთ ერთი სად გაგვასწრებენ, თავის
ქალას ავახევ!
- არის! ... მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენი დარაჯი დასეირნობს... შევამოწმე, ჯიხურში არ ჩანს ... ტუალეტში გასვლის მიზეზით რომელიმე ოთახში ზის და კომპიუტერზე ტეტრისს თამაშობს... დარწმუნებული ვარ... ეგ იქნება!
მცირე ხნიანი ხარხარიც მოაყოლა ამას.
- ეგეც რომ იყოს, მაგასაც მივაღებინებ! დაიწყე !
ბრძანება გასცა მეორემ, რომელსაც პატრიკი არ ერქვა.
ერთადერთი, რაც დამრჩენოდა, ფანჯარა იყო. მესამე სართულზე ვიმყოფებოდი, ამ სართულიდან შენობის ძირამდე სწორედ რომ სოლიდური სიმაღლე გამოდიოდა. მივვარდი და გადავიხედე. ჩემი დასკვნები დადასტურდა. ზურგჩანთა წინ მოვიგდე, ფანჯრიდან შემოსული ქუჩის განათების წყალობით უფანროდაც შემეძლო დანახვა. ჩანთაში საშუალო სისქის სინთეთიკის თოკი მეგულებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილებისთვის რამდენად გამოსადეგი იქნებოდა, ეგ არ ვიცოდი. მოპოვებული ჩიპები და ფოტოაპარატი ნაჭრის პატარა ტომარაში განვათავსე და ბუსჰალტერზე წინა მხრიდან მივიმაგრე. ფანჯრის ქვემოთ მდებარე რადიატორზე თოკი მივაბი, ჩემი შეფასებით , სიგრძე ბოლომდე თუ არ მეყოფოდა, იმდენი მაინც იყო, რომ დანკლისი სიმაღლე დაშავების გარეშე ჩავმხტარიყავი .
აქამდე ხელებზე წამოცმული თხელი ხელთათმნები სქელი ტყავის ხელთათმნებით შევცვალე, ზურგჩანთა ავიკიდე და კიდევ ერთხელ გადავიწერე პირჯვარი. გაღებულ ფანჯრის რაფაზე მდგარს ზემოთხსენებული ადრენალინი ისევ მიბუჟებდა ტვინს. სიმაღლის უეცარი შიშით, ძირს დაუხედავად კედლისკენ პირისახით შევტრიალდი და ოდესღაც , ბავშვობაში სახლიდან გაპარულები, უფროსი მეგობრებისგან შესწავლილი "ტექნიკის" გამოყენებით კლდეებზე რომ დავფოთხავდით - აზრებში მოვკრიბე და ბედის ანაბარა დავეშვი დაბლა.
შემდეგი სართულის ფანჯარაში შესვლა კარგი იდეა იყო, მაგრამ ჩამოწეული ჟალუზები ამის განხორციელებას ხელს უშლიდა. ის იყო ვფიქრობდი, რომ მალე გავუსწორდებოდი მეორე სართულს და ამით მესამედი მოლეული მექნება, უკონტროლოდ მძაფრად ჩავხრიალდი ალბათ ერთი მეტრით, მეტი თუ არა... "მიმტყუნა რადიატორმა! თოკმა კი ივარგა ისე , მაგრამ ... აი, სად დაგერხა! "- საკუთარი თავის მიმართ ირონიული, ცალყბა ღიმილი ბასრ სინთეთიკის თოკზე გადახეხილი ხელთათმნიდან გამოჩენილი ხელისგულის წვამ გადამაფიქრებინა. "სულ ცოტა რომ დამცალდეს, იქნებ მეშველოს..." - ეს იყო ბოლო, რისი გააზრებაც მოვასწარი. თითქოს მთელი ძვლები ლითონის ისრებივით ამერჭვნენ თავში, მთელ ჩემს არსებას უსაშინლესი ტკივილი მოედო... პირში ჩამავალი თბილი, მოტკბო, ოდნავ მაინც მარილიანი სითხე საყლაპავში გუბდებოდა... ლამპიონის ყვითელი შუქი თეთრმა მოკაშკაშე ვარსკვლავებმა შეცვალა, რომლებიც ჩემთვის დაუდგენელ დროში შავ თაღად იქცნენ...
(*** მე-10 თავის დასასრული, გავაგრძელებ)